კონტროლის პალატას წინააარჩევნო ტვირთს აკიდებენ

კონტროლის პალატას წინააარჩევნო ტვირთს აკიდებენ


პოლიტიკური პარტიების ფინანსურად გაკოტრებასთან დაკავშირებულ საქმეში ეკონომიკური ბლოკი ჩაერთო. კონტროლის პალატას პოლიტიკურ ტვირთს აკიდებენ და საარჩევნო პროცესში მთელი თავისი რესურსით ჩართავენ მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად. როგორც ჩანს, ხელისუფლება იმდენად დამფრთხალია, რომ პოლიტიკურ პარტიებს წარმოუდგენელ შეზღუდვებს უწესებს. 

პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული დაფინანსება, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული სახელმწიფო დაფინანსება, შემოწირულობებისა და სხვა კანონით დაშვებული ფორმით მიღებული შემოსავლის ჯამური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა წლის ოფიციალურად გამოქვეყნებულ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს. პარტია ვალდებულია ამ ზღვარს გადაჭარბებით მიღებული თანხები, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხოს. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია.

მაგრამ ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ხელისუფლება აპირებს კონტროლის პალატის მეშვეობით მოიმოქმედოს. ზემოაღნიშნულ კანონპროექტი პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგში კონტროლის პალატის ჩართვას ითვალისწინებს. 

კერძოდ, კონტროლის პალატის უფლებამოსილება იქნება: საფინანსო დეკლარაციის ფორმის შემუშავება, პარტიათა დაფინანსების აუდიტის შესაბამისი სტანდარტის განსაზღვრა, საფინანსო დეკლარაციის სისრულის, სისწორისა და კანონიერების შემოწმება. 

გარდა ამისა, კონტროლის პალატამ პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს, პარტიათა დაფინანსების საკითხებზე დაინტერესებულ პირებს კონსულტაცია გაუწიოს, საჭიროების შემთხვევაში კი პარტიებიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კომერციული ბანკებიდან პარტიის ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვოს. 

მოკლედ, პალატას თითქმის ყველაფერი ევალება, ხოლო რაც დარჩა, იმას მოგვიანებით პროკურატურა მიხედავს. პრინციპში ასეცაა: პარტიათა დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებას კონტროლის პალატა მოახდენს, რომელიც კანონით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიყენებს და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში პროკურატურას მიმართავს. 
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ თავისი საქმიანობის შესრულებისას კონტროლის პალატა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ითანამშრომლებს. აღსანიშნავია, რომ პარტიების ფინანსურ მონიტორინგს აქამდე სწორედ ცესკო ახორციელებდა.

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალეობის შემოწმებას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ “პოლიტიკურ პროცესებში კონტროლის პალატის ჩართვა არ უნდა მოხდეს”.

“პოლიტიკურ პარტიებს ყოველი წლის ბოლოს ფინანსური აუდიტის განხორციელებას კანონი ისედაც ავალდებულებდა. ამ საქმეს კერძო აუდიტორული კომპანიები ასრულებდნენ. ამდენად, რეალურად საკითხის არსებით მატარებელს ამ მექანიზმში ვერ ვხედავ, ანუ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაატარებს აუდიტს - კერძო კომპანია, თუ კონტროლის პალატა. მთავარი ისაა, რომ იმ რეფორმების კვალობაზე, რომელიც კონტროლის პალატაში ხორციელდება, აღნიშნული მასზე ნეგატიურად არ აისახოს. 

დღეისათვის კონტროლის პალატა ანგარიშგასაწევი უწყებაა და მისი აქტები ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან ციტირებადია. ამასთან, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობა საზოგადებისთვის გამჭვირვალე უნდა იყოს, თუმცა ეს ბილიკი ძალიან საფრთხილოა. 

თუ კონტროლის პალატა პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებას და გამჭვირვალეობას გააკონტროლებს, დიდი რისკი არსებობს, რომ ამ ორგანოს ობიექტურობასთან მიმართებაში კითხვები გაჩნდეს და ნეგატიური ფონი შეიქმნას”, - განუცხადა სააგენტო “პირველს” ალაფიშვილმა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონტროლის პალატის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ უნდა მოხდეს.

რაც შეეხება იმას, ხომ არ უკავშირდება კანონში აღნიშნული ცვლილების შეტანა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, ექსპერტი აცხადებს, რომ ამ კითხვას პასუხი კანონპროექტის ინიციატორებმა უნდა გასცენ.