ემა ტუხიაშვილი, "კვირის პალიტრა"
ფილარმონიის წინ შეკრებილი ხალხი ამაოდ ელოდა, რომ შენობაზე მიმაგრებულ გიგანტურ მონიტორზე "ქართული ოცნების" პრეზენტაციის ტრანსლაცია დაიწყებოდა…
11 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს მხოლოდ მოსაწვევებით უშვებდნენ, მაგრამ პრეზენტაციაზე დასწრების მსურველი გაცილებით მეტი მივიდა იმ იმედით, რომ დარბაზში მიმდინარე მოვლენებს საკონცერტო დაბაზის ფასადზე დამონტაჟებულ მონიტორზე მიადევნებდნენ თვალს. უცნაურია, მაგრამ მაშინ, როდესაც ფილარმონიაში "ქართული ოცნების" პრეზენტაცია მიმდინარეობდა, მონიტორზე ხან სარეკლამო რგოლები გადიოდა, ხანაც გამორთული იყო. საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდასაჭერად მისული მოსახლეობა, ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილი დარჩა. გაუკვირდათ, რომ ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორებს ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი გამორჩენოდათ.
ფილარმონიის ფასადზე დამონტაჟებული მონიტორი სარეკლამო კომპანია "აუთდორჯის" ეკუთვნის, ამიტომ, როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, რომელიც სხვათა შორის ამავე კომპანიის წარმომადგენელია და არა ივანიშვილის გუნდის წევრი, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მათთან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მისულან. სარეკლამო კომპანიამ ივანიშვილის მატერიალური შესაძლებლობები გაითვალისწინა და მონიტორის მისაქირავებლად რიგითი მომხმარებლისგან განსხვავებული ფასი - 1 საათი 10.000 ლარი დაუფასა. კომპანია "აუთდორჯის" კეზერაშვილის ცოლისძმა, დიმიტრი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს და შესაბამისად საზოგადოებაში ეს კომპანია ყოფილი თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ ბიზნესად მოიაზრება. "აუთდორჯის" რეკლამის განთავსების უფლება არა მხოლოდ ქალაქის სხვადასხვა ადგილას განთავსებულ მონიტორებზე აქვს, არამედ მეტროსადგურებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. მოკლედ, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს საკითხი კეზერაშვილისა და მისი თანაგუნდელების გარეშე არ გადაწყდებოდა და დაეკითხნენ კიდეც, მიექირავებინათ თუ არა მონიტორი ივანიშვილის ღონისძიების გასაპიარებლად. "ზემოდან" განკარგულება მოსულა: საათნახევრიანი ღონისძიების ტრანსლირებისთვის 4 მილიონი ლარი მოსთხოვეთო.
როგორც სანდო წყარომ გვითხრა, ეს კოლოსალური თანხა იმ იმედით დასახელდა, რომ "ქართული ოცნების" ორგანიზატორები უარს იტყოდნენ მილიონების გადახდაზე მომსახურებისთვის, რომელიც ბევრად იაფი ღირს და კომპანიას თუ მის უკან მდგომ პირებს უარის თქმის ახალი მიზეზის მოფიქრებაც არ დასჭირდებოდათ. თუმცა, როგორც წყარო გვარწმუნებს, მოხდა ის, რასაც თავად ამ "მომსახურების ტარიფის" ავტორებიც, ალბათ, არ ელოდნენ, - ივანიშვილის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს, ფილარმონიის ფასადზე დამონტაჟებული მონიტორი 4 მილიონ ლარად დაექირავებინათ. სანდო წყაროს თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ დიდად დააბნია თურმე სარეკლამო კომპანია და მასთან დაახლოებული პირებიც და მიუხედავად იმისა, რომ 4 მილიონი დიდი ცდუნება იყო, იძულებული შეიქნენ დამორჩილებოდნენ "ზემოდან" მეორედ მოსულ რეგულაციებს, - მონიტორი არავითარ შემთხვევაში არ მიაქირაოთო.
ირაკლი სესიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი:
- არ ვიცი, თუ საქართველოში ბიზნესი ასე კეთდება. მაგრამ გაგიგიათ, ალბათ, ვინ დგას ამ კომპანიის უკან. ისეთი თანხა მოგვთხოვეს, რომელსაც მდიდარი ადამიანიც არ გადაიხდის მორალური შეხედულებებიდან გამომდინარე. ამხელა ფულის გადახდას ღონისძიების მონიტორზე ტრანსლირებისთვის ჯობს, ეს ფული გაჭირვებულებს დაურიგო. თუ არ ვცდები, 4 მილიონი ლარი მოითხოვეს საათ-ნახევარში, რაც ფაქტობრივად უარს ნიშნავდა. არ უნდათ, დაფიქსირდეს, რომ ხელს უშლიან "ქართული ოცნების" პრეზენტირებას და საამისოდ სხვადასხვა გზას მიმართავენ. ვინც 11 დეკემბერს ფილარმონიასთან მოვიდა, ნახავდა, რომ უმეტესად გამორთული იყო მონიტორი. ბიზნესმენი, რომელიც დაინტერესებულია, რომ ეკრანი გააქირაოს, ასე არ უნდა იქცეოდეს.
- ჩემი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ორგანიზატორები მზად იყვნენ 4 მილიონიც გადაეხადათ, მაგრამ შემდეგ სარეკლამო კომპანიამ უარი თქვა მომსახურებაზე?
- რომ დავთანხმებულიყავით, მერწმუნეთ, გავიდოდა ეკრანზე პრეზენტაციის კადრები. გვინდოდა, საზოგადოებას თვალყური ედევნებინა დარბაზში მიმდინარე მოვლენებისთვის, მაგრამ როდესაც ასტრონომიულ თანხას ასახელებს კომპანია, რომლის უკან რეალური მიზანია, არ მოგცენ ტრანსლირების საშუალება, მოლაპარაკებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ჩვენ კომპანია "აუთდორჯისაც" დავუკავშირდით, სატელეფონო ზარზე კომპანიის ოფისმენეჯერმა თათია ხელაძემ გვიპასუხა. ჩვენს სატელეფონო საუბარს სიტყვასიტყვით გთავაზობთ:
- მართალია, რომ "კომპანია "აუთდორჯიმ" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან იმისთვის, რომ 11 დეკემბერს ფილარმონიაში გამართული ღონისძიება შენობის ფასადზე დამონტაჟებულ მონიტორზე გადაცემულიყო, 4 მილიონი ლარი მოითხოვა?
- ვახ, რა მდიდრები ვყოფილვართ! არა, ასეთ ინფორმაციას მე ნამდვილად არ ვფლობ.
- მიმდინარეობდა თუ არა მოლაპარაკება "აუთდორჯისთან" ამ საკითხთზე?
- ახლა რაღაცას აგიხსნით. მე ვპასუხობ ტელეფონს და არავინ წარმომადგენელი "ქართული ოცნებიდან" არ შემხვედრია.
- შეიძლებოდა, რომ ეს თქვენი გვერდის ავლით მომხდარიყო?
- მონიტორებთან დაკავშირებით, რითაც შემიძლია დაგეხმაროთ, ის არის, რომ იმ ადამიანს დაგაკავშიროთ, ვისაც ეს უშუალოდ ეხება. ერთი წუთი თუ დამელოდებით... (ტელეფონით ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საუბარს აგრძელებს.) ახლა ასეთი რამ უნდა გადმოგცეთ: არაფერ მსგავს ინფორმაციას არ ვპასუხობთ და ვინც ეგ გითხრათ, იმას მოსთხოვეთ პასუხიო. ეს თქვა იმან, ვისაც უშუალოდ ეხება მონიტორები. მე არ შემიძლია ამ ადამიანის ტელეფონი მოგცეთ.
- ვინაობა მაინც მითხარით, ვინ არის, ვისაც მონიტორების გაქირავების საქმე ეხება?
- იცით, როგორ არის ჩვენთან, მინიტორები სხვას ეხება, ბილბორდები - სხვას... მაგრამ, ახლა როგორც ვხვდები, ამის უფლებაც არა მაქვს, რომ ეს გითხრათ. ასე რომ, ამ კითხვის ვერც პირველ და ვერც მეორე ნაწილზე ვერ გიპასუხებთ.
798
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85