ტელეკომპანია „გურიას“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე გახდა

ტელეკომპანია „გურიას“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე გახდა

ტელეკომპანია “გურიას“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე, მარინა ვასილიევა გახდა. ეს ამბავი უზენაესი სასამართლოდან მიღებული, 2011 წლის 5 დეკემბრის რიცხვით დათარიღებული გადაწყვეტილებით გახდა ცნობილი, რომელიც ვასილიევას მოწინააღმდეგე მხარის, მერაბ და ხათუნა სიორიძეების წარმომადგენლებს 9 დეკემბერს ჩაბარდა. ამ სიახლის ირგვლივ “ობიექტივს“ ადვოკატმა თედო კობახიძემ აცნობა, რომელიც სიორიძის დაცვის საქმეში 2011 წლის 2 დეკემბრიდან ჩაერთო.  

კობახიძის განმარტებით, 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რადგან ხათუნა სიორიძეს არ ჰქონდა ჩაბარებული შეტყობინება იმის შესახებ, რომ საქმე იხილებოდა - „5 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც 8 დეკემბერს ჩაგვბარდა, 9 დეკემბერს გავასაჩივრეთ. უზენაესმა სასამართლომ ჩვენი საჩვარი წარმოებაში იმავე დღეს მიიღო“.

პლუს ამას, კობახიძის თქმით, 10 დეკემბერს მათ ჩაბარდათ უზენაესი სასამართლოს მიერ 9 დეკემბრით დათარიღებული განჩინება, იმის შესახებ, რომ მარინა ვასილევას უფლებამონაცვლედ (მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე) საქმეში ჩაება მალხაზ საბაძე.

თედო კობახიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია “გურიას“ გარშემო 1993 წელს დაწყებული დავა აქტიურ ფაზაში 2010 წელს გადავიდა. ადვოკატის განმარტებით ყველაფერი შემდეგნაირად დაიწყო:

მერაბ სიორიძემ, ტელეკომპანია “გურიას“ დამფუძნებელმა, 1991 წელს მარინა ვასილიევასთან ხელშეკრულება დადო, ერთობლივი საქმიანობის შესახებ. დავა კი, რომლის შესახებაც ადვოკატის მონათხრობზე დაყრდნობით გიამბობთ, მისივე განმარტებით არის ორ ფიზიკურ პირს შორის არსებული სამოქალაქო დავა, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ეხება მხოლოდ ფიზიკურ პირებს შორის დავას - თანხის ანაზღაურებას და ამ თანხის სანაცვლოდ ტელეკომპანიის წილის გადაცემას.

“იმის ფონზე, რაც ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა, მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვივარაუდო, რომ უზენაეს სასამართლოში დოკუმენტების გაყალბების უკან იკვეთება ხელისუფლების ინტერესი, რომელიც მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ცდილობს რეგიონებში არ დაუშვას დამოუკიდებელი ტელეკომპანიების არსებობა, რომელიც შესაძლოა იყოს განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანების საკუთრებაში. ამ ვარაუდის საფუძველს მაძლევს ბოლო დროს ტელეკომპანია “თრიალეთისა“ და “მაესტროს“ გარშემო განვითარებული მოვლენებიც“, - ამბობს თედო კობახიძე.

ადვოკატის განმარტებით, 1991 წელს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მარინა ვასილიევამ ტელეკომპანიის განვითარებისთვის 10 მილიონი რუსული რუბლი ჩადო და გახდა ტელეკომპანიის 50%-იანი მეწილე. 2003 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე ვასილიევამ პროკურატურას მიმართა - სიორიძემ ჩემს მიერ ჩარიცხული თანხა თაღლითური გზით მიითვისა და ამით ზიანი მომაყენაო. ვასილიევამ სასამართლოში სარჩელიც შეიტანა და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება - მერაბ სიორიძისთვის 308 756 აშშ დოლარის დაკისრება და ხათუნა და მერაბ სიორიძეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა, მაგრამ საქმის განხილვა შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე. საქმე იმაშია, რომ ამ დავის პარალელურად, მერაბ სიორიძემ ტელეკომპანიაში არსებული თავისი 100%-იანი წილი მის შვილს, ხათუნა სიორიძეს აჩუქა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მარინა ვასილიევას სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სიორიძეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. 2006 წლის 24 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, მერაბ სიორიძის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატი თედო კობახიძე ამბობს, რომ ზემოხსენებულ პერიოდში მერაბ სიორიძე საქართველოში არ იყო და მან არც იცოდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესის შესახებ - “საქმეში დევს  სასამართლოდან გაგზავნილი შეტყობინება, პროცესის დანიშვნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს მ. სიორიძე, მაგრამ რეალურად ეს არ არის მერაბ სიორიძის ხელმოწერა, რადგან მან საქართველო 2006 წლის 2 ივლისს დატოვა და 2008 წლამდე საქართველოში არ ყოფილა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება მოხდა - მარინა ვასილიევამ ტელეკომპანია “გურიას“ ასპროცენტიანი წილი აუქციონზე შეიძინა.

მოგვიანებით მერაბ სიორიძემ, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით გაასაჩივრა 2006 წელს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რისი მეშვეობითაც ტელეკომპანია “გურია“ აღმოჩნდა ვასილიევას ხელში.

2010 წლის 11 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2006 წელს გამოტანილი გადაწყვეტილება გააუქმა და თავის მხრივ, მერაბ სიორიძის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რის საპასუხოდაც მარინა ვასილევამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში 2010 წლის 17 მაისს მიიღო და როგორც თედო კობახიძე ამბობს, 18 თვე თაროზე შემოდებული ჰქონდა, “მაშინ, როდესაც სასამართლოს საქმის განსახილველად 6-თვიანი ვადა აქვს და მაქსიმუმ 2010 წლის 18 ნოემბერს საქმის განხილვა უნდა დასრულებულიყო“.

2011 წლის 30 ნოემბერს უზენაესი სასამართლოდან ვასილევას მოწინააღმდეგე მხარეს სატელეფონო შეტყობინებით აცნობეს, რომ მარინა ვასილევას საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღეს და რომ საქმეს მხარეთა დასწრების გარეშე განიხილავდნენ.

1 დეკემბერს სიორიძეების წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოს წერილობით აცნობა, რომ მოწინააღმდეგე მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რათა დავა მორიგებით დასრულებილიყო. თედო კობახიძე ამბობს, რომ გამომდინარე აქედან, კანონის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს არ ჰქონდა უფლება საქმე მხარეთა დასწრების გარეშე განეხილა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ასე მოხდა.

“2 დეკემბერს უზენაესი სასამართლოდან სატელეფონო შეტყობინებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 28 ნოემბრის რიცხვით მიიღეს გადაწყვეტილება, რითაც ვასილევას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 11 თებერვალს, მერაბ სიორიძის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა“, - ამბობს თედო კობახიძე, რომელმაც არაერთი განცხადების ასლი წარმოადგინა, რომლებითაც იგი უზენაესი სასამართლოსგან ითხოვდა საქმის მასალების გაცნობას და ელექტრონული მასალის, ანუ იმ სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერის მოწოდებას, რომელიც მისივე განმარტებით, კანონის თანახმად საქმეში უნდა ყოფილიყო.

საინტერესო ისაა, რომ 2 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო “პირველის“ ჟურნალისტმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარეკა, სადაც მას განუცხადეს, რომ საქმე უზენაესი სასამართლოდან გასული არ იყო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვატყუებდნენ, როცა გვეუბნებოდნენ, რომ გადაწყვეტილება 28 ნოემბერს გამოიტანეს და საქმე ხელახლა განსახილველად ქუთაისის სააპელაციოში დააბრუნეს...“, - ამბობს თედო კობახიძე.

როგორც ამ მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, უზენაესი სასამართლოს 5 დეკემბრით დათარიღებული, მარინა ვასილევას სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სიორიძეების მხარეს 8 დეკემბერს ჩაბარდა, რომელიც ახლა გასაჩივრებულია.

ტელეკომპანია „გურიაზე“ მასალის მზადების პროცესში ვცადეთ მარინა ვასილიევას წარმომადგენელთან, ნანა აფხაიძესთან მობილური ტელეფონით დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ - ყოველ ჯერზე ბავშვი გვპასუხობდა და ტელეფონს გვითიშავდა. თუ მარინა ვასილიევა, ან მისი წარმომადგენელი მოისურვებს ჩვენთან დაკავშირებას, მზად ვართ ინტერვიუ ჩავწეროთ და მათი პოზიცია მკითხველს ამ ფორმით მივაწოდოთ.