ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნილად გამოაცხადა

ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები გახსნილად გამოაცხადა


12 დეკემბერს ევროკავშირმა გახსნილად გამოაცხადა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საქართველოსა და მოლდავეთთან. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დასრულება მაქსიმუმ წელიწადნახევარში გახდება შესაძლებელი და ამის შემდეგ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს ახალ და მეტად მნიშვნელოვან ეკონომიკურ პერსპექტივებს გაუხსნის. ხელისუფლების განცხადებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი ”ფრთხილად, მოზომილად და, ამავდროულად, სწრაფად” უნდა წარიმართოს.

ევროკავშირის ბაზარი, რომელიც 500 მილიონ მომხმარებელს ითვლის, საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და ამ ბაზრის კარი საქართველოსა და მოლდავეთისთვის გაიხსნება მაშინ, როცა ხელი მოეწერება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმებას. მანამდე კი უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები და 12 დეკემბერს ბრიუსელში სწორედ ეს პროცესი გამოცხადდა გახსნილად.

როგორც პრემიერ-მინისტრის მთავარმა მრჩეველმა თამარ კოვზირიძემ რადიო თავისუფლებას შეატყობინა ბრიუსელიდან, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ორშაბათს გამართულ ცერემონიაზე გამოაცხადეს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე ჰუხტმა და ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - პოლონეთის - პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ მოლდავეთისა და საქართველოს დელეგაციები პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით.

ადრეც არაერთხელ ითქვა და თამარ კოვზირიძის კომენტარიდანაც კარგად ჩანს, თუ რამდენად დიდია თბილისის იმედები სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით:

”ამ შეთანხმების შედეგად გაიზრდება საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობები; საქართველოში წარმოებული პროდუქცია უფრო მარტივად შევა ევროკავშირის ბაზარზე და ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას და ასე შემდეგ.”

იმისათვის, რომ საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ უფრო მრავალფეროვანი და ფართო ადგილი დაიმკვიდროს ევროპულ ბაზარზე, საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოება ევალება. სწორედ ამას ისახავდა მიზნად ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად აუცილებელი წინაპირობების გრძელი ნუსხა, რომლის დაკმაყოფილებასაც საქართველო დაახლოებით 3 წლის წინ შეუდგა. შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილია ევროკავშირი, თუმცა ცხადია, რომ ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესი არათუ მხოლოდ მოლაპარაკებების დროს, არამედ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც გაგრძელდება.

რამდენად სჯერათ თავად მეწარმეებს ევროკავშირთან ”თავისუფალი ვაჭრობის” პერსპექტივების?

მართალია, კონკრეტული პროგნოზების გაკეთება უჭირს, მაგრამ, როგორც, მაგალითად, ”თბილღვინოს” პრეზიდენტი გაგა მარგველაშვილი ამბობს ჩვენთან საუბრისას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ქართული ღვინის ”კონკურენტუნარიანობას ნამდვილად აამაღლებს”. ”თბილღვინოში”, რომლის პროდუქციაც ამჟამად 27 ქვეყანაში გადის და აქედან 10 ქვეყანა ევროკავშირის წევრია, ვარაუდობენ, რომ ”თავისუფალი ვაჭრობის” შეთანხმების გაფორმების შემდეგ, შესაძლოა, უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდეს ევროკავშირის სულ უფრო მეტი ქვეყნის ბაზრის ათვისებისა და გაყიდვების ზრდის ტენდენცია.

თუმცა არსებობს უფრო პესიმისტური პროგნოზებიც, რომელთა მიხედვითაც, საქართველო ვერ იხეირებს ევროკავშირთან ”თავისუფალი ვაჭრობის” რეჟიმით, რადგანაც საქართველო ნაკლებად აწარმოებს ევროპის ბაზრისთვის საინტერესო პროდუქციას. თუმცა ამგვარ პესიმისტურ პროგნოზებს ხელისუფლება ინვესტორებთან დაკავშირებული ოპტიმიზმით უპასუხებს. მაგალითად, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხიბლი საქართველოში ბევრ უცხოელ ინვესტორს მოიზიდავს და სწორედ ისინი აწარმოებენ ევროკავშირში გასატან პროდუქციას.

ასეთ პერსპექტივას ხედავს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძეც, რომლის თქმითაც, მართალია, მოგებას ისევ ინვესტორი წაიღებს, მაგრამ ეს პროცესი ნამდვილად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებსა და გადასახადების სახით ფული შევა სახელმწიფო ბიუჯეტშიც. რაც შეეხება ადგილობრივი ინვესტიციებით წარმოებულ პროდუქციას, ევროკავშირთან ”თავისუფალი ვაჭრობის” შეთანხმება დაეხმარება ისეთ საწარმოებს, რომლებსაც აქვთ რესურსი დააკმაყოფილონ არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ იმუშაონ ექსპორტზეც.

თუმცა ექსპერტი აქვე გამოთქვამს იმედს, რომ მოლაპარაკებების პროცესში გათვალისწინებული იქნება ის ფაქტი, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და მას არ უნდა მოეთხოვებოდეს ის, რაც, ვთქვათ, გერმანიას მოეთხოვება. ამასთან, მისი აზრით, გასათვალისწინებელია ის ხარვეზები, რაც, მაგალითად, თურქეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში ვლინდება:

”რაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, წლიდან წლამდე თურქეთიდან შემოტანილი პროდუქცია სულ უფრო აღემატება თურქეთში ჩვენგან გატანილ პროდუქციას, სულ უფრო იზრდება უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ მთლიანად თავისუფალი არ არის ვაჭრობა და კვლავაც იბეგრება საქართველოდან შესატანი საქონლის მთელი რიგი სახეობები. გარდა ამისა, თურქეთი საკმაოდ მკაცრად აკონტროლებს ჩვენ მიერ შეტანილი საქონლის ხარისხს, ხოლო იქიდან შემოსული საქონელი პრაქტიკულად არანაირ კონტროლს არ გადის. თუ მსგავსი პირობები ევროკავშირთან შეთანხმებაშიც იქნება, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ გაუწევს ქართული ბიზნესი კონკურენციას ძლიერ ევროპულ კომპანიებს.”

თავისთავად იმ ფაქტში, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას ითხოვს, ნოდარ ჭიჭინაძე პრობლემას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება მხოლოდ წაადგება საქართველოს ეკონომიკას. ის არ იზიარებს ლიბერალური ეკონომიკის მტკიცე მხარდამჭერთა პოზიციას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული რეგულაციები განიხილება მარწუხებად ეკონომიკის განვითარებისთვის.

ასეთი პოზიცია აქვთ, მაგალითად, ”ახალი ეკონომიკური სკოლის” წარმომადგენლებს და, ამასთან, მათ ეეჭვებათ ისიც, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დაიცვას საქართველოს ინტერესები და შეინარჩუნოს იმ რეფორმათა წარმატებები, რისი მიღწევაც შესაძლებელი გახდა რამდენიმე წლის წინ, ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ბაზრის უზრუნველყოფის მიმართულებებით.

თუმცა, როგორც ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე განუმარტავს რადიო თავისუფლებას, იმისათვის, რომ ინვესტორები დაინტერესდნენ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორედ ლიბერალური მიდგომების მაქსიმალურად შესანარჩუნებლად და, ასე ვთქვათ, ოქროს შუალედის დასაცავად:

”ჩვენი ამოცანაა, რომ ლიბერალური მიდგომები ეკონომიკაში მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და ჰარმონიულად შევუთავსოთ იმ რეგულაციებს, რომლებსაც ითხოვს ევროკავშირი თავის ბაზარზე დასაშვებად ნებისმიერი სახელმწიფოსგან. ასევე გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს ეტაპობრივად და ნაბიჯ-ნაბიჯ.”

გიორგი ბარამიძის თქმით, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუმცა მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს ამოცანაა, ყველაფერი ”ძალიან ფრთხილად, მოზომილად და, ამავე დროს, სწრაფად” წარიმართოს. ვიცე-პრემიერი ვარაუდობს, რომ მაქსიმუმ წელიწადნახევარში საქართველო მზად იქნება ხელი მოაწეროს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.