ფეხბურთელი კახი კალაძე საქართველოს ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:
წარმატებას ვუსურვებ ნაკრებს, უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს. მიყვარხარ საქართველო
"ძვირფასო მეგობრებო, ყველას საუკეთესო სურვილებით მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ, იმ უდიდესი თანადგომისა და მხარდაჭერისათვის, რასაც ჩემდამი გამოხატავთ. უკვე მესამე დღეა, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება გავაკეთე და ამ ხნის მანძილზე მოდიოდა უამრავი შეტყობინება მობილურსა თუ კომპიუტერში, რეკავდნენ ახლობლებიც და უცნობი ადამიანებიც.
ძალიან დიდი სითბო ვიგრძენი ხალხიდან. უბრალოდ რჩებოდა ერთადერთი კითხვა პასუხგაუცემელი: რა მიზეზით დავტოვე ნაკრები. მანამდე კი მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო წერილს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, მთელი წერილი გაჟღენთილია ჩემდამი პირდაპირი თუ ირიბი ბრალდებებით თუ რჩევა-დარიგებებით. უბრალოდ მათ შეეძლოთ ერთი სიტყვით მაინც ეთქვათ მადლობა, ნაკრებში ჩემი ყოფნის 15 წლის მანძილზე ნუთუ 15 წუთი სიხარულისა არ მიმინიჭებია იმ ადამიანებიასათვის, ვინც ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული. თუმცა სპორტსმენი ხომ ხალხისთვის შრომობს და არა ვიწრო ჩინოვნიკური გაგების ადამიანების ერთი ჯგუფისთვის, რომელთაგან ზოგი შეიძლება, ცირკის არენიდან პირდაპირ თბილ სავარძელში ჩასვეს. სხვათაშორის, როცა დღევანდელ საქართველოში პოლიტიკის და ფეხბურთის გამიჯვნაზე, ვითომ სახელმწიფოს მხრიდან არჩაურევლობაზე საუბრობენ, ეს ცოტა კომიკურიც კია. დღეს კი ფედერაციაში დასაქმებული რამდენიმე ადამიანი, მისი ჭკუით მარიგებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი თემურ ქეცბაიასთან მიმართებაში. დამშვიდდით ბატონებო, თქვენ ნუ ღელავთ ჩემი და თემოს ურთიერთობაზე. ამ აბსურდულ წერილზე აქ საუბარს მოვრჩი.
მეგობრებო, ყველა გულშემატკივარს ვთხოვ, რასაც დავწერ განიხილონ მთლიანად და არა კონტექსტში, ამოგლეჯილად. ჭეშმარიტ გულშემატკივარზე მაქვს საუბარი და არა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაშვებული არიან "კალაძემ იტალიასთან თამაში გაყიდას" დონეზე. კითხვაზე, რა მიზეზით დავტოვე ნაკრები? - ჩემი პასუხი გახლავთ, რომ აქ რამდენიმე საკითხმა მოიყარა დროთა განმავლობაში თავი: მე არ მქონდა მორალური უფლება ნაკრებში კიდევ რამდენიმე წელი მეთამაშა, როდესაც ნაკრების წევრი გიორგი დემეტრაძე ყოვლად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებით ციხეში ზის უკვე მეორე წელია და მე მისმა მეგობარმა სამართალი ვერ ვიპოვე, მაპატიეთ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ფეხბურთი, ჩემთვის - ადამიანობა, კაცობა, მეგობრობა ძირითადი ფასეულობებია.
მეორე წელია, დემეს დაპატიმრებიდან ჩემს თავთან მქონდა ბრძოლა, ნამდვილად არ მინდოდა ჩემს საყვარელ ნაკრებს, მისი გულშემატკივრებს გული დაწყდომოდათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი პროტესტი უსამართლობისა სწორად იქნება გაგებული საზოგადოებისაგან, მითუმეტეს, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ფედერაციას ერთი დადებითი სიტყვაც კი არ უთქვამს დემეტრაძესთან მიმართებაში. ყველაფერ ამას დაემატა ანგაჟირებული, ჯიბის რამდენიმე ჟურნალისტის მიერ სერიული თავდასხმა. მარიონეტი ჟურნალისტების ხელით, ზოგიერთი შეეცადა გარედან მოეხდინა ზემოქმედება ნაკრებზე და საუბარი დაიწყეს ჩემს ასაკზე და ბოლოს იმ დონემდე დავიდნენ, რომ 29 წლის ხიზანიშვილიც კი ვეტერანად გამოაცხადეს და ამას არქმევდნენ ვითომ ნაკრების გაახალგაზრდავებას, ანუ საზოგადოებაში მუსირებდა აზრი, რომ კალაძის გულისთვის სხვა თანაგუნდელები იწირებოდნენ.
აბა მარტო კალაძე რომ გაეშვათ, მთლად ლამაზად არ გამოდიოდა. ეს პრობლემაც მოვუხსენი ყველა "კეთილის მსურველ გულშემატკივარს" და წავედი, ვფიქრობ, რომ ამ 1 წლის მანძილზე რაც შესარჩევ ეტაპამდეა დარჩენილი, ნაკრების ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოყალიბდება. ამითაც არ შევუქმენი ნაკრებს პრობლემა, რადგან ოფიციალურ თამაშებამდე მთელი ერთი წელია და ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოტენციალი აჩვენონ მწვრთნელებს. აქვე არ შეიძლება, არ ავღნიშნო, ისიც, რომ უკვე წლებია, რაც ვსვამ კითხვებს და ეს კითხვები რჩება უპასუხოდ. კითხვები იყო დაწყებული გირგვლიანის მკვლელობიდან, დამთავრებული ცნობილი მეცენატის ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით. თუმცა ამ და მრავალ კითხვებზე პასუხი იყო ან სრული დუმილი ან ამ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დამახასიათებელი ცინიზმით სავსე. ზოგიერთი, ნაკრებიდან ჩემი წასვლის შესახებ განცხადების, ადგილს მიწუნებს და ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებისას არ უნდა წავსულიყავი ნაკრებიდან, სად პოლიტიკა და სად ეროვნული ნაკრებიო.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს პოლიტიკური პარტიის დაფუძნება არ იყო, ეს გახლდათ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება. აბა ვისთან თუ არა საზოგადოებასთან არ უნდა მეთქვა ხმამაღლა ამ განცხადების შესახებ. დარბაზში ისხდნენ ადვოკატები, ფილოსოფოსები, ექიმები, ჩემი გულშემატკივრები, რომლებისთვისაც სულერთი არაა ჩემი საფეხბურთო მომავალი. დიახ, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ღიად საჯაროდ, საზოგადოებისათვის მემცნო ამ გადაწყვეტილების შესახებ. უბრალოდ მიზეზებზე საუბრით თავი არავის შევაწყინე. დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ საოცრად განვიცდი ნაკრებიდან წასვლას და ყველა გულშემატკივარს გთხოვთ: ნუ დაძრახავთ სპორტსმენებს, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და შეცდომისაგან არავინაა დაზღვეული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვუსურვებ წარმატებებს, ისეთი როგორიც ქართველ ხალხს ეკადრება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, რომ მთელი წლების მანძილზე მქომაგობდით და გვერდით მედექით, ჩემთვის დაუვიწყარია ის სითბო და სიყვარული, რაც თითოეულმა თქვენგანმა გამოხატა ჩემი ოჯახის ტრაგედიის დროს (ეს სურათიც, იმ ტრაგედიის შემდეგ, პირველ თამაშზეა გადაღებული). მეც ძალიან მიყვარხართ და უზარმაზარ პატივს გცემთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - ნათქვამია კალაძის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.