12 დეკემბერს, 4 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელის განხილვა. ბიზნესმენი საქართველოს პრეზიდენტს უჩივის და 11 ოქტომბერს მიღებული ბრძანებულების გაუქმებას ითხოვს. ცოლ- ქმრის ინტერესს ოთხი ადვოკატი იცავს: ეკა ბესელია, შალვა თადუმაზე, ზაქარია ქუცნაშვილი და ალექსანდრე ბარამიძე. ივანიშვილს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა სასწრაფო წესით, მას შემდეგ გაუუქმა, როცა პოლიტიკურ არენაზე ცნობილი მეცენატი გამოჩნდა. მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია.
მოსამართლე შოთა გეწაძემ საქმის განხილვაში
მონაწილეობის უფლება სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელსაც მისცა და ისინი საქმეში მესამე პირად ჩაერთვნენ.
სასამართლო პროცესზე ვიდეო და აუდიო ჩაწერის განხორციელება ითხოვეს ივანიშვილის ადვოკატებმა, იმ მოტივით, რომ საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია.
„საქმე მნიშვნელოვანია, გვინდა ვიდეო ჩაწერა მოხდეს, რომ საზოგადოებამ სრულად მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და ამით სასამართლოს პოლიტიზირებაც გამოირიცხოს“, – აღნიშნა ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.
ბუნებრივია, შუამდგომლობას პრეზიდენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა. განაცხადა, რომ ეს ფაქტი მიზნად ისახავს სახელმწიფო დავის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანას. მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა მოსამართლე შოთა გეწაძის აცილების საკითხი ორჯერ დააყენეს. ისინი მოსამართლის ობიექტურობას ეჭქვეშ აყენებენ და თვლიან, რომ იგი სამართლიან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ამის საფუძველს მათ მოსამართლის მიერ გამოტანილი განჩინებები აძლევთ.
წინა სხდომაზე ადვოკატებმა
არაერთი შუამდგომლობა
დააყენეს, მაგრამ შოთა გეწაძემ მხოლოდ ნაწილობრივ
დააკმაყოფილა. „თქვენი პოზიციებიდან
უკვე აშკარად ჩანს, რომ შინაგანი რწმენა უკვე ფორმულირებული გაქვთ, არადა, ამ რწმენის ჩამოყალიბებას თავისი დრო აქვს... აშკარად მიკერძოებული
ბრძანდებით და ვითხოვთ თქვენს აცილებას“, – განაცხადეს ადვოკატებმა,
მაგრამ მოსამართლემ
ეს შუამდგომლობები
არ დააკმაყოფილა.
საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ხვედელიძე 90-იან წლებში ოჯახური მდგომარეობის და საქმიანობის გამო, რუსეთის ფედერაციაში წავიდა. 1993 წელს, მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და რუსეთის მოქალაქე გახდა. რუსული კანონმდებლობა მას აძლევს უფლებას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე გახდეს. 2004 წლის 18 თებერვალს, რუსეთის მოქალაქე ეკატერინე ხვედელიძემ საფრანგეთის მოქალაქეობაც მიიღო და მულტი მოქალაქე გახდა. ამის შემდეგ, მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. ანალოგიურად, მისი მეუღლე, ბიძინა ივანიშვილი 1993 წლიდან აღარ იყო საქართველოს მოქალაქე და მას მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჰქონდა.
2004 წლის 22 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი და ინიციატივა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი მეუღლისა და შვილებისათვის საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭებინა. დაცვის მხარეს აქვს დოკუმენტები, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ, როცა მიხეილ სააკაშვილმა ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისი წესით მიანიჭა, ის უკვე იყო ორი ქვეყნის – რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქე. ადვოკატების მტკიცებით, ამის შემდეგაც ხვედელიძეს დამატებით, კიდევ რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა რომ მიეღო, ამის უფლებაც ჰქონდა რუსული კანონმდებლობით.
მოპასუხე მხარე კი ეკატერინე ხვედელიძეს
ცრუ ინფორმაციის
მიწოდებაში ადანაშაულებს
და აცხადებს, რომ თავის დროზე, მან დამალა საფრანგეთის
მოქალაქეობა. ამას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ხვედელიძის
ადვოკატები. მათი მტკიცებით, მას არანაირი ინფორმაციის
მიწოდება არ ევალებოდა. ისინი 2004 წლის პრეზიდენტის ბრძანებულებას იშველიებენ.
მიხეილ სააკაშვილმა
მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს,
იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაავალა კონკრეტული ღონისძიებები
განეხორციელებინა ბიძინა ივანიშვილის და ეკატერინე ხვედელიძის
შესახებ ინფორმაციების
მოსაპოვებლად. სწორედ ამ უწყებების მიერ მიწოდებული ინფორმაციების შემდეგ მიანიჭეს მათ საქართველოს მოქალაქეობა.
ადვოკატები დღემდე ითხოვენ იმ მასალებს, რაც 2004 წელს პრეზიდენტს მიაწოდეს, მაგრამ უშედეგოდ, იმის მიუხედავად, რომ ეს საჯარო ინფორმაციაა, ასეთი მასალები ამ უწყებებიდან ვერ მიიღეს.
უდავოა, მოქალაქეობის
შეწყვეტა ივანიშვილის
განცხადებას უკავშირდება,
ეს პრეზიდენტის
წარმომადგენლებმაც დაადასტურეს
პროცესზე და განაცხადეს, სწორედ ამის შემდეგ მოვიკვლიეთ მასალებიო. უამრავი არგუმენტი აქვთ მოსარჩელეებს. ივანიშვილის ადვოკატებმა
2005 წლის 5 თებერვალს ეკატერინე ხვედელიძის
სახელზე გაცემული ვიზაც წარმოადგინეს. ჩანს, რომ საფრანგეთის მოქალაქე ხვედელიძემ საქართველოს
საელჩოს ვიზის გაცემის თხოვნით მიმართა და ვიზაც უპრობლემოდ მიიღო. უფრო მეტიც, ის ჩვეულებრივ, ჩამოფრინდა
ფრანგული პასპორტით საქართველოში და საზღვარიც უპრობლემოდ
გადაკვეთა. მის პასპორტზე შესაბამისი
შტამპიც არის.
„2011 წლამდე ისინი მულტი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ 11 ოქტომბერს მოქალაქეობა ორივეს შეუწყვიტეს. ბიძინა ივანიშვილს ედავებიან, რომ ის მერე გახდა საფრანგეთის მოქალაქე და ამიტომ გაუუქმეს საქართველოს
მოქალაქეობა, ეს არ არის მართებული, რადგან ის პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქე იყო და უფლება ჰქონდა დამატებით კიდევ მიეღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
ხვედელიძის შემთხვევაში
არგუმენტიც კი არ არსებობს, რადგან ის უკვე იყო ორი ქვეყნის მოქალაქე“.
ადვოკატებს ისიც აინტერესებდათ ივანიშვილის განცხადებას ასეთი ოპერატიული რეაგირება რატომ მოჰყვა და ელემენტარულად ამის შესახებ მხარეს რატომ არ აცნობეს. პრეზიდენტის წარმომადგენლის მტკიცებით, აუცილებელი არ იყო მეორე მხარის ინფორმირება, რადგან დარღვევა უდავოდ სახეზე იყო. სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა დასძინა, ჩვენ ასე ოპერატიულად ვმუშაობთ სხვა საქმეებზეც და ერთ და ორ დღეში გამოგვაქვს მსგავსი გადაწყვეტილებებიო. ივანიშვილის ადვოკატები დღემდე ეჭქვეშ აყენებენ ეკატერინე ხვედელიძის საფრანგეთის მოქალაქეობაზე მოპოვებულ ინფორმაციას. რეესტრის წარმომადგენლის განცხადებით, მათი თანამშრომელი საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენელს ტელეფონით ესაუბრა და მან დაუდასტურა ფაქტი. თუმცა, ადვოკატებმა დღემდე ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე, კონკრეტულად რომელი თანამდებობის პირისგან მიიღეს ეს ინფორმაცია და რა მასალაზე დაყრდნობით. ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია, იმითაც დაინტერესდა, როცა პრეზიდენტმა მოქალაქეობის გაუქმებას ხელი მოაწერა, მას აცნობეს თუ არა, რომ, როცა ეკატერინე ხვედელიძეს მიანიჭა მოქალაქეობა, ის ორი ქვეყნის მოქალაქე იყო.
„რეესტრის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებში
კონკრეტული ციფრები არ არის მითითებული და შესაბამისად, მას ეს არ ეცოდინებოდა“, – წამოსცდა პრეზიდენტის
წარმომადგენელს. მაგრამ მეორე წუთში პოზიცია შეცვალა და განაცხადა, ალბათ ეცოდინებოდაო.
ადვოკატებს აბსურდულად
მიაჩნიათ სახელმწიფოს
მტკიცება იმაზე, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ხვედელიძის
საფრანგეთის მოქალაქეობაზე.
„ეს არის უკანონო, პოლიტიკური დევნა. 7 ოქტომბრის პოლიტიკური განცხადება გახდა ამ დევნის საფუძველი. უსაფუძვლოდ შეუწყდათ მათ მოქალაქეობა და მოვითხოვთ ბრძანებულების ბათილად ცნობას. საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობას პრეზიდენტი იმ პირებს ანიჭებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით ქვეყნის წინაშე. ამ წესით უცხოეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქეს მიანიჭა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მათ რა დამსახურებისთვის, ამას ვერ გეტყვით: პანფილოვს, არკადიევს, ფადი ასლის, შვეიცარიელ ბრუნო ვიდენს, ტატიანა ავერბრუხს და კიდევ რამდენიმე პირს. ვინმეს მათ მიმართ მსგავსი შეკითხვა გაუჩნდება? უფრო მეტიც, ტატიანა ავერბრუხს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭეს და ის მსახურობს ისრაელის შეიარაღებულ ძალებში. მითხარით, ვინმეს მოუვა აზრად, რომ ამის გამო მას მოქალაქეობა ჩამოართვას? ჩვენ ვაცხადებთ, ეს არის უპრეცედენტო საქმე. პრეზიდენტმა ამით თავის უფლებამოსილებას გადაამეტა.
არალეგიტიმური მიზანი იყო, რომ ძლიერი მეტოქე გზიდან ჩამოეცილებინა, რადგან იცოდა, ასეთ შემთხვევაში ის ვერ დააფუძნებდა პარტიას და ვერ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. საქართველოს ისტორიაში ერთდადერთი გამონაკლისი საქმეა, როცა საგამონაკლისო წესით მინიჭებულ პირებს მოქალაქეობა ჩამოართვეს“, – აცხადებს ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი.
მათი მტკიცებით, 2011 წლის 29 ივლისს აქვს აღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ივანიშვილს. ის საარჩევნო სიაშიც იყო და მისი მოქალაქეობა აქამდე საეჭვო არ გამხდარა.
„პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და კანონი. ყველა პროცედურის დარღვევით ჩამოართვა მათ მოქალაქეობა და ვითხოვთ ამის გაუქმებას“, – განაცხადეს ადვოკატებმა
და საერთაშორისო
სამართლის შესაბამისი
მუხლები და პრეცედენტული გადაწყვეტილებებიც მოიშველიეს.პრეზიდენტის წარმომადგენლის
მტკიცებით კი, ყველაფერი კანონის ნორმების სრული დაცვით მოხდა და ბრძანებულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
„პრეზიდენტს ევალება მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის გადაწყვეტაც. განცხადებები და წარდგინებები მიაწოდა სამოქალაქო რეესტრმა და ამ დასკვნების საფუძველზე გაუუქმდათ მათ მოქალაქეობა. ივანიშვილმა მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა მას შემდეგ, რაც ის საქართველოს მოქალაქე გახდა და ამას კანონმდებლობა კრძალავს. ხვედელიძის დოკუმენტებში კი ადრე არ იყო მის საფრანგეთის მოქალაქეობაზე მასალა“, – განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა. ადვოკატები დაინტერესდნენ გაერკვიათ, პრეზიდენტს რომ სცოდნოდა ხვედელიძე ორი ქვეყნის მოქალაქე იყო, მას საქართველოს მოქალაქეობას მაინც მიანიჭებდა თუ არა?
„თავის მხრივ რაოდენობაში არ არის შეზღუდვა. თუ მოქალაქეობრივი სტატუსი დადგენილია,
ყველა ქვეყანაში უნდა მოხდეს ამ პირის შესწავლა და მერე ხდება მინიჭება. ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა“, – განმარტა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
20 დეკემბერს სასამართლო სხდომა მხარეთა კითხვა-პასუხით განახლდება. ჯერჯერობით, მოსარჩელე მხარის უპირატესობა პროცესზე აშკარად ჩანს. ვნახოთ, რა რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო.