გლეხების მოთაფლვა 30-ლარიანი ვაუჩერით დაიწყო

გლეხების მოთაფლვა 30-ლარიანი ვაუჩერით დაიწყო


სოფლის მეურნეობაში მივლენილი “ახალი ცოცხი”, ახალი ვაუჩერების დარიგებას იწყებს. წინა საარჩევნო წლებში დარიგებულმა დიზელმა და სასუქმა საქართველოს სოფლის მეურნეობა ლამის ააყვავა და ახლა საბოლოოდ ასაღორძინებლად 30-ლარიანი ვაუჩერიღა იყო საჭირო. ამიტომაც ზაზა გოროზიამაც არ დააყოვნა, საარჩევნოდ გადადებული 24 მილიონი ვადაზე ადრე გამოამზეურა და სოფლის მეურნეობა “წელში გამართა”. 

ერთი სიტყვით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30-ლარიანი ვაუჩერების გაცემას იწყებს. როგორც მინისტრმა გოროზიამ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით 3400 სოფელში 800 000-მდე ვაუჩერი გაიცემა, რომლის მოქმედების ვადა 2011 წლის 20 დეკემბრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდეა განსაზღვრული.

ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელი იქნება მიწის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის (მოხვნა ან სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის), ან სასუქის შესაძენად (სასუქის ვაუჩერით შეძენა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც პროგრამისთვის დარეგისტრირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროში).

2012 წლის 1-ლი ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოუყენებელი ვაუჩერის განაღდება ლიბერთი ბანკის ფილიალებში იქნება შესაძლებელი. მექანიზატორებს და სასუქით მოვაჭრეებს ვაუჩერის განაღდება მიღებისთანავე შეეძლებათ.

“სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად განკუთვნილი 30-ლარიანი ვაუჩერით მიღებული შეღავათი ამ სექტორში დასაქმეული ადამიანებისთვის მცირედი დახმარება იქნება”, - განაცხადა გოროზიამ.

სპეციალისტებს მთავრობის მორიგი ინიციატივა აბსოლუტურად უსარგებლოდ მიაჩნიათ. ექსპერტი სოფლის მეურნეობის საკითხებში პაატა კოღუაშვილი 30-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას 24 მილიონი ლარის წყალში გადაყრად აფასებს.

“არაერთხელ მითქვამს და ეხლაც ვაფიქსირებ, რომ ერთჯერადი, კამპანიური ხასიათის ღონისძიებები შედეგს არ მოგვცემს, მით უმეტეს, სოფლის მეურნეობაში. წინა წლებშიც იყო 20 ლიტრი დიზელის და 20 კგ სასუქის დარიგების კამპანიები, მაგრამ არც ის იყო ეფექტური, რადგან ზოგი იმ სასუქს და დიზელს ყიდდა. შედეგად სოფლის მეურნეობის სფეროში არანაირი წინსვლა ასეთი სახის კამპანიებით არ მიგვიღია. 
ანალოგიური ეფექტი ექნება 30-ლარიანი ვაუჩერის დარიგებას. ვფიქრობ, ამ კამპანიისთვის გამოყოფილი თანხა, ჯამში - 24 მლნ ლარი წყალში გადაყრილი ფულია თუნდაც იმიტომ, რომ 30 ლარი გლეხს რომელიმე ერთი სასოფლო-სამეურნეო ღონისძიების განსახორციელებლადაც არ ეყოფა. მაგალითად, 50 კგ სასუქის ღირებულება შარშან ოფიციალურად 36 ლარი იყო, თუმცა რეალურად სასუქის შეძენა მხოლდო 40-45 ლარად იყო შესაძლებელი. 

ამასთან, პირველ ჯერზე 1 ჰა მიწის გამოსაკვებად 150 კგ სასუქია საჭირო, მეორე ჯერზე კი - 250 კგ. დასავლეთ საქართველოში სასუქის გარდა, ფოსფორი და კალიუმიცაა საჭირო, რაც, ბუნებრივია, დამატებით ხარჯებთანაა დამოკიდებული. ამდენად, ეს 30 ლარი ძალიან მიზერული დახმარებაა და შედეგი ვერ მოიტანს”, - განაცხადა ექსპერტმა და იქვე დასძინა, რომ უკეთესი იქნებოდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ 24 მლნ ლარით აგრო-საკრედიტო სისტემის ფორმირებაზე ეზრუნა.

“იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ძირეული ცვლილებები განხორციელდეს, უმჯობესი იქნება, ვაუჩერების დარიგების სანაცვლოდ სახელმწიფო სათავეში აგრო-საკრედიტო სისტემის ფორმირებას ჩაუდგეს და ეს თანხა ბანკში ჩაიდოს, გლეხები კი მას შემდეგ გარკვეულ კაპიტალს მიამატებდნენ. შედეგად ეს ბანკი სხვა კომერციულ ბანკებთან კონკურენციაში შევიდოდა, რაც სოფლის მეურნეობის სფეროში კრედიტების ხელმისაწვდომობას გაზრდიდა”, - აღნიშნა სააგენტო “პირველთან” საურისას კოღუაშვილმა.

ექსპერტი ეჭვობს, რომ მთავრობა განსაკუთრებით “გულუხვი” პოლიტიკურ ასპარეზზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ გახდა, თუცმა გარკვეული შენიშვნები თავად ივანიშვილის მიმართაც აქვს.

“აღნიშნული ღონისძიებები ტარდება იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე ქველმოქმედებით ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ამით ხელისუფლებას უნდა, ხალხს დაანახოს, თითქოს ისიც გულმოწყალე და ქველმოქმედია. მე არც ვიცოდი, რომ წლების წინ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გადასცა სახელმწიფოს 400-მდე ტრაქტორი, მაგრამ ისიც უფრო წინდახედულად უნდა მოქცეულიყო და გარკვეული მონიტორინგი გაეწია, სად მიდიოდა ქველმოქმედების სახელით გაცემული თანხები”, - აღნიშნა პაატა კოღუაშვილმა.