„საქართველოს პოლიციას გაუმარჯოს!“ - ასეთი შეძახილის ფონზე გახსნა გასულ შაბათს ვანო მერაბიშვილმა ლანჩხუთის პოლიციის გამჭირვალე შენობა.
ამ შეძახილამდე რამდენიმე საათით ადრე კი ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში ყაჩაღობა მოხდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე დაუყონებლივ აღიძრა, თუმცა, ამ დრომდე პოლიციას ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი პირებიც კი არ ჰყავს.
ჩვენი წყაროს თქმით, სწორედ ეს ინფორმაცია გახდა იმის საფუძველი, რომ მინისტრმა ახალ გახსნილ შენობაში სულ რამდენიმე წუთი დაჰყო და საგანგებოდ გაშლილ სუფრაზეც დიდხანს არ გაჩერებულა. წყარო ამტკიცებს, რომ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, დავით ცირეკიძეს მერაბიშვილმა ამ დანაშაულის გასახსნელად ზუსტად ერთი კვირა მისცა.
გურიის მთავარი პოლიცმეისტერი და მისი გუნდი რამდენად მოახერხებს ამას იმ ფონზე, როცა გასული ერთი თვის განმავლობაში ჩოხატაურში მომხდარი სამი ყაჩაღობა ამ დრომდე გაუხსნელია, რთული სათქმელია. ჯერ იყო და სოფელ შუაფარცხმაში ტრაპაიძეების ოჯახი დააყაჩაღეს და 2000 ლარი გაიტაცეს, შემდეგ სოფელ ჩაისუბანში პენსიების დამტარებელს დაესხნენ თავს და დახმარების თანხა - 5000 ლარი წაართვეს, ხოლო რამდენიმე დღის წინ, სოფელ გოგოლესუბანში სიხარულიძეების ოჯახზე მოხდა ყაჩაღური თავდასხმა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ დრომდე ყველა დანაშაული გაუხსნელია. თუმცა, დროებითი დაკავების იზოლატორი და გამომძიებელთა ოთახები სავსეა რიგითი პირებით - აკავებენ ყველას, ვისაც კი გზაში შეხვდებიან. გურიის რეგიონალური გაზეთის, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რედაქციაში მათ რიგითი მოქალაქეები აკითხავთ და პოლიციის გადამეტებული უფლებამოსილებების ამბებს უყვებიან:
„არ ვიცით ვინ არის ეს ავტომატგადაკიდებული ხალხი, რომლებიც დღედაღამ ჩოხატაურში პოლიციის მანქანებით დარბიან. არც ვინაობას ამხელენ და არც რაიმე ისეთი ნიშანი აქვთ, რომლის საშუალებით შემდგომში მათი ამოცნობა იქნება შესაძლებელი. იჭერენ ყველას, ვისაც კი გზაზე წაელეწებიან. ეგ კიდევ არაფერი, ადამიანებს სახლში უვარდებიან, ახალგაზრდები პოლიციაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიჰყავთ და იქ რამდენიმე საათი აჩერებენ“, - აღნიშნავენ გამოცემასთან საუბარში ჩოხატაურელები.
როგორც ამბობენ, დღე არ გავა ვინმე არ დააკავონ: „რამდენიმე დღის წინ, ღამის ორ საათზე მომივარდნენ სახლში და ჩემი შვილი წაიყვანეს. მთელი ღამე პოლიციაში ჰყავდათ დაკითხვაზე. ეუბნებოდნენ გინდა თუ არა თქვი, ვინ დააყაჩაღა გოგოლესუბანში სიხარულიძეების ოჯახიო“, - ამბობს გაზეთთან საუბარში ერთ-ერთი ჩოხატაურელი.
მსგავს ისტორიებს ჩოხატაურში prsage.tv-საც უყვებიან. ჩვენთან საუბარში ჩოხატაურელები აღნიშნავენ, რომ სახლში ღამის გათევის ეშინიათ: „ღამე მშვიდად დიდი ხანია არ გვიძინია. ყოველ კვირას ახალი ყაჩაღობის ამბავს ვიგებთ, პოლიცია კი ამ საქმეების გახსნას ვერა და ვერ ახერხებს. 6 საათს შემდეგ ქუჩაში არავინ გამოდის, ზოგს ყაჩაღის ეშინია, ზოგსაც პოლიციის. ეს უკანასკნელები ხალხს ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე აკავებენ, პოლიციაში მიჰყავთ და აიძულებენ მათთან ითანამშრომლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ნარკოტიკის ჩადებით და დიდ ხნიანი ციხით ემუქრებიან“, - ამბობენ ჩოხატაურელები.
ჩოხატაურში იმასაც ამბობენ, რომ პოლიცია დაკითხვების დროს ფსიქოლოგიურ და ზოგჯერ ფიზიკურ ზემოქმედებასაც ახდენს დაკავებულებზე და მათგან იმ ადამიანების დასახელებას მოითხოვენ, რომლებსაც შესაძლებელია(?!) ყაჩაღობა ჩაედინათ.
ამ დრომდე მხოლოდ ერთი რამ არის დაზუსტებული: გურიაში მოქმედებს კრიმინალური ჯგუფი, სამი კაცის შემადგენლობით. შეიარაღებული არიან ცეცხლსასროლი იარაღით და გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით - ყველა დაყაჩაღებული იმდენად იყო ნაცემი, რომ მათ მკურნალობის საკმაოდ ხანგრძლივი კურსის გავლა მოუწიათ. და კიდევ ერთი - ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთ ყაჩაღს, სოფელ გოგოლესუბანში განხორციელებული ყაჩაღობის დროს ყვითელი, ე.წ. სამუშაო ხელთათმანი ეკეთა და ამიტომ, პოლიცია მაღაზია-მაღაზია დადის და ცდილობს დაადგინოს, ვინ იყიდა ბოლო პერიოდში ყვითელი ხელთათმანი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაუხსნელი ყაჩაღობების გრძელი სია, ჩოხატაურის პოლიციას ბოლო ერთ წელიწადში დაუგროვდა. ამ ეტაპზე 7 გაუხსნელი ყაჩაღობაა დაფიქსირებული. აღარაფერს ვამბობთ ქურდობებსა და სხვა წვრილმან დანაშუალებებზე.
გართულებული კრიმინოგენული სიტუაციის გამო, გასულ კვირას ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე კრიმინალური ხაზით, რამაზ ჯინჭარაძე გაათავისუფლეს. ამასთან ერთად ჩოხატაურში თბილისიდან სპეციალური ჯგუფიც მიავლინეს, თუმცა შედეგი დღემდე არ ჩანს.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გვარწმუნებს, რომ ყაჩაღობა ისეთი დანაშაულია, რომელიც შესაძლებელია თვეობით არ გაიხსნას, თუმცა კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება მოსახლეობა საფრთხის და შიშის გარეშე იყოს, არ გვპასუხობს და პრესამსახურთან გვამისამართებს. პრესამსახური თავის მხრივ უშუალო უფროსთან, ზურაბ გვენეტაძესთან გადარეკვას გვირჩევს, რომელიც როგორც ყოველთვის მზად არის გვითხრას - გავარკვევ და დაგირეკავთ. თუმცა, გვენეტაძეს დარეკვა მუდამ ავიწყდება და შემდგომში ჩვენს ზარებსაც აღარ პასუხობს.
რაც შეეხება გურიის ხელისუფლებას, რომლისგანაც ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციელების გადამეტებული ქმედებების აღკვეთას და დახმარებას ითხოვენ, მხარეში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ სიტუაციაზე მოკლე კომენტარს აკეთებს:
„ყველა დანაშაული გაიხსნება“ - ამბობს ჩვენთან საუბარში გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი.
თუმცა, როდის მოხდება ეს არავინ ისიც, რადგან საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან და პოლიციელთა არაპროფესიონალიზმთან, რომლის ეფექტურობაზე საქართველოს ხელისუფლება ყველაზე ბევრს საუბრობს.
და კიდევ ერთი - პოლიციას, რომელიც ხან ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლით, ხან უდანაშაულო ადამიანების დაკავებით, მუქარებით არის დაკავებული და დანაშაულებების გახსნაც კი არ შეუძლია - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წელს 60 000 ლარი აქვს ჩასმული, ლანჩხუთში 65 000, ხოლო ოზურგეთში 55 000, რომელიც მათი მოთხოვნის შესაბამისად მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის განსაზღვრულია.
ამ თანხების მიზნობრიობაზე კი მედიას დიდი ხანია არწმუნებს ხელისუფლება და ამაზე საკუთარი განმარტება აქვთ:
„ეს თანხები საჭიროა იმისთვის, რომ დაცულები ვიყოთ. ხომ კარგია როცა სახლში არ გივარდებიან, ავტომანქანას არ გპარავენ, ქუჩაში გასვლის არ გეშინიათ!“ - გვეუბნება ადგილობრივი ხელისუფლება.
კი, ეს ნამდვილად ასეა, მართლაც კარგია უსაფრთხო და მშვიდი გარემო, თუმცა, ეს ის რეალობა არაა რაც გურიაში, განსაკუთრებით კი ჩოხატაურშია. ამ მხარეში დღეს ერთნაირად ეშინიათ ყაჩაღის და პოლიციის, რადგან ერთი თუ რაიმეს წაგართმევს და სასტიკად გცემს, მეორე დაგაკავებს და მასთან თანამშრომლობას გაიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში გაგამგზავრებს.
ერთი სიტყვით, გურიაში ბილეთი ციხემდე სინდისზე, თავმოყვარეობაზე და შიშზე გადის, სადაც ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.