უწყინარი თამაშივითაა, ქალაქობანასავით:
ჭორ-ვილა, ვილა-ბერიკა, ვილენ მარდალეიშვილი. ვილენი ცნობილი ჟურნალისტია, განათლებული, სიტყვამოსწრებული, უღალატო.
ვილა-ბორგეზე, ვილა-პარკი, ვილა-პარაკოთ.
რაზე?
რაზ-დანზე, რაზ-დვაზე, რაზ-ვალზე, ვალ-ეტზე, ეტი-მოლოგიაზე.
ეტიმოლოგია მეცნიერების დარგია, რომელიც სწავლობს სიტყვის წარმომავლობას, მის შემადგენლობასა და თავდაპირველ მნიშვნელობას.
მაგალითად, სიტყვა ბოცო. ბოცო ჰქვია დეპუტატ წიკლაურს; ბოცო-მკალი – დიდ კალიას, გვიხსნის ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც ეტიმოლოგიას ეფუძნება.
ბოცომკალი ყანას ანადგურებს, მავნებელი მწერია, ბოცო წიკლაური კი აზროვნების ჯეჯილის პარაზიტი გახლავთ.
თავზე თუ დაისვამ, პარლამენტში აღოღდებაო, თქვა ზარატუსტრამ. ბოცოც ხომ დაგვპირდა, როგორც ყვარყვარე თუთაბერი პიესის დასკვნით რეპლიკაში: „მე კიდევ ავცოცდები!“
ხალხი ამბობს: მწიხლავს წინ დაუდექ, მკბენარს – უკანო. ამ შემთხვევაში ორივე პოზიცია სახიფათოა ბოცომკალის მრავალფუნქციურობის გამო.
შორს დაიჭირეთ თავი!
იქამდე მაინც, სანამ გაარკვევენ, რამდენდეპუტატიანი პარლამენტი გვეყოლება.
მანამდე სიტყვაბღლარძუნით გავერთოთ, რასაც არ გვაკლებს მიხეილ სააკაშვილი და, რაც მართლა საშიშია, მიუხედავად იმისა, რომ ესეც ქალაქობანას თამაშია.
ამა წლის 4 დეკემბერს დიდი ბექიშ-თაშითა და ტაშ-ფანდურით კელაპტრად აენთო ტელეეთერში, ახალი მითებით გადაფარა „ძველი მითები“ და ქალაქი ზუგდიდი სამეგრელოს მთავარ ცენტრად გამოგვიცხადა.
სხვა ქალაქები, ეტყობა, არამთავარი ცენტრებია.
ბრძანა: „იყავნ ქალაქნი“ და აღმოცენდა ქალაქი ლაზიკა, როგორც „თავზეხელაღებული“ გეგმის ახალი პოლისი, მთლად მეგა არა, მაგრამ, სადაც „მინიმუმ, ნახევარი მილიონი მცხოვრები იქნება“.
მაქსიმუმი კი ფანტაზიის სიმდიდრის პირდაპირპროპორციულია: „ეს იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე“.
დავიცენტრეთ და ეგაა!
ეტყობა, ეს კაცი უკვე გადამხტარა თავის ზღვარს და ამიტომ იძახის „ჰოპლას“, და ამატებს: „ჩვენ ნახტომი გვჭირდება (უწინ ფრთები გვინდოდა. – ავტ.). ამისთვის საჭიროა ახალი მშენებლობები და თანაც კარგად დაგეგმილი იმ ადგილას, რომელსაც ყველაზე მეტად შეესაბამება.“
„ნახტომი“ მაო ძედუნის „დიდი ნახტომის“ თეორიის ანასხლეტია, რომელიც დიდი კრახით დამთავრდა. იმასთან, სააკაშვილის ნახტომი რა მოსატანია, მაგრამ საქართველოს გასანადგურებლად საკმარისი იქნება, ან – თვითონ მიშასი, რომელიც ცდილობს, უფსკრულს ორი ნაბიჯით გადაახტეს.
სააკაშვილის განცხადება, რომ იმ ბრწინვალე მომავალში „ზუგდიდში ცხოვრება ძალიან კომფორტული და საამაყო იქნება“, იმდენად ჰგავს იოსებ სტალინის ნათქვამს – «Жить стало лучше. Жить стало веселее», რომ ბანალური პლაგიატი თუ არა, რემინისცენციამდე მაინც ქაჩავს.
ექაჩება, ეჩქარება, ბაძავს.
ვეპოტინებით.
ეტყობა, გვიწია თამარ ჩერგოლეიშვილის წყევლამ, რომლითაც ლაშა ტუღუშს სამგზის შეუტია პირველი არხის ეთერში: მანამდე არაფერი გეშველებათ, სანამ მამათმავლებისა და ლესბოსელების ავადმყოფებად მოხსენიებას არ შეეშვებითო.
არ გვეშველება მანამდე, სანამ სააკაშვილის ასეთი მარგალიტებით გაგვიხალისებენ მაღალრეიტინგულ ცხოვრებას: „აფხაზეთში იყო ყველაზე განვითარებული მოსახლეობა“.
ეტიმოლოგია ამ წინადადებას ვერ შიფრავს,
ამიტომ ვიყოთ, ვიხალისოთ და ვი-სიტყვა-ბღლარ-ძუნოთ.
ბენჟამენ იგარკა
P.S.
ეტყობა, სააკაშვილმა უკვე აიშენა თავისი „ოქროს სარაია“ და, ყვარყვარესგან განსხვავებით, ახლა ჩვენი „ოქროს სარაიის“ საფუძვლის გათხრას შეუდგა. პირდაპირ ჩევენგურში შევყავართ, გამარჯვებული კომუნიზმის ქალაქში, სადაც „ცაზე მთვარეა, მის ქვეშეთში კი უზარმაზარი მშრომელი რაიონი მთლიანად კომუნიზმშია, ისე, როგორც თევზი ტბაში“(ანდრეი პლატონოვი, „ჩევენგური“).
1102
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85