"არ გამიკვირდება, თუ მალე ჩვენი პრეზიდენტი საკუთარ ხოხობს სწორედ შავი ზღვის პირას მოინადირებს ".


"თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო - ხელისუფლებას შეიძლება სანანებლად გაუხდეს, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, არ შეუშვა პოლიტიკურ ველში და ახლა საზოგადოებრივ ველში მოუწევს მასთან დაპირისპირება. ეს კი, რასაკვირველია, სახელისუფლებო პარტიისთვის ნაკლებად პერსპექტიულია - საზოგადოება არ არის ის მანქურთთა ბრბო, რომლის შექმნაზეც ოცნებობს საქართველოს ხელისუფლება და ზოგჯერ არცთუ უშედეგოდ. დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მხოლოდ საქართველოს მასშტაბით ქართული ოცნება - უამრავი მეოცნებე ქართველი იძულებულია საზღვარგარეთ ცხოვრობდეს და 11 დეკემბერი მათი ოცნების დღეცაა, ეს საზოგადოებრივი მოძრაობა თანდათან მომძლავრდება. ივანიშვილი თავისი ბიოგრაფიით ამერიკული ოცნების ქართული ვარიანტია", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილს პუტინის აგენტები უშლიან ნერვებს, პუტინს ობამასი" / "არ გამიკვირდება, თუ მალე ჩვენი პრეზიდენტი საკუთარ ხოხობს მოინადირებს სწორედ შავი ზღვის პირას". 

"რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ლაზიკის აშენების შესახებ განცხადებას, ასეთივე იდეა ჰქონდა ოსტაპ ბენდერს - მოსახლეობას თვალში ნაცარს აყრიდა და ნიუ-ვასიუკის აშენებას ჰპირდებოდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს პრეზიდენტს ბევრად მეტი რესურსი აქვს, ვიდრე პრიმიტიულ თაღლით ბენდერს, მაგრამ როდესაც პირველი პირი ჯერ იდეას წამოაყენებს და მერე სხვები იმტვრევენ თავს მის ხორცშესხმაზე, განურჩევლად იმისა, იდეა ჯანსაღია თუ ავადმყოფური, უკვე საქმის უკუღმა წასვლის წინა პირობაა. გამოცხადდა რაღაც ახალი საპენსიო ასაკის თაობაზე და კერძო სექტორს გადასახადისგან გათავისუფლება შევთავაზეთ. მერე კი აღმოჩნდა, რომ ამის გაკეთება მთლად იოლი არ არის. ასე რომ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც იდეა მხოლოდ სათაურად ხმიანდება, შემდეგ გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა და აცხადებს, რომ სწორედ ეს იყო მათი ოცნება და როგორც იქნა, ასრულდა, მერე კი კვლავ პრიმიტიულ კითხვებამდე მივდივართ ხოლმე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი. 

"რა საბიუჯეტო თანხებით შეიძლება ასეთი რამის აშენება? ვთქვათ, დავიჯერეთ, რომ ნახევარი მილიონი კაცი ლაზიკის ხათრით გაჩნდება საქართველოში. უკაცრავად, რა პროგრამებს შეუმცირდება დაფინანსება ქვეყანაში, სადაც შვიდმილიარდიანი სახელმწიფო ვალია? ისიც გვითხრას ბატონმა ზურაბ ადეიშვილმა, რა ციფრებია მის წარმოდგენაში საპროცესო გარიგებების საწარმოებლად გათვალისწინებული ლაზიკის მშენებლობისას? რამდენი ადამიანი უნდა გამწარდეს და დაპატიმრდეს, ან დაჯარიმდეს კიდევ უკანონოდ, რომ ამოღებული თანხებით აქტუალური იყოს ლაზიკის აშენება? სხვა წყარო ხომ ქვეყანაში არ არსებობს? და ეს ყველაფერი რისთვის? რომ აფხაზეთს მივაბჯინოთ ერთი ქალაქი, რომელიც მათ თვალს მოსჭრის? ამისთვის ბათუმი არ არის საკმარისი? ფოთი კი ქვეყნის სირცხვილი იქნება. აწყენდა ფოთს თუნდაც იმ თანხის ნახევარი, რაც ლაზიკის აშენებისთვის უნდა განიავდეს? თუ რომელიმე ქალაქზე ნაკლებად მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება აქვს? - ვერც სტრატეგიულად, ვერც ეკონომიკურად და ვერც დემოგრაფიულად, სხვათა შორის, ვერც პოლიტიკურად, ამ იდეას ვერ გავიზიარებ", - ამბობს რესპონდენტი.

"რამდენჯერ გავხსენით ეკონომიკური ზონა? მოვტრიალდებოდით და ეს ზონა თავისით იხურებოდა. ასეთი ფანტაზია მისასალმებელია. ნამდვილად ნიჭიერი ადამიანის წარმოსახვაში შეიძლება იდეა დაიბადოს, მაგრამ თან პროცესებსაც უნდა ვაკვირდებოდეთ. როგორც ჩანს, დავით აღმაშენებლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გარკვეული აქვს ჩვენს პრეზიდენტს - მისი ძეგლები გაშმაგებით გადააგორა ქალაქების ცენტრიდან გარეუბნებში. ვაითუ ახლა ვახტანგ გორგასლის მიბაძვის ჯერი დადგა და არ გამიკვირდება, თუ მალე ჩვენი პრეზიდენტი საკუთარ ხოხობს მოინადირებს სწორედ შავი ზღვის პირას", განაგრძობს სოსო ცისკარიშვილი.

"კარგად მახსოვს "მაესტროს" ცხელი დღეებისას თქვენი გამოსვლა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში, სადაც ბრძანეთ, რომ "მაესტრო" გაგონებთ "კავკასიური ცარცის წრის" გმირ პატარა მიშიკოს და თუ ვინ არის მისი ნამდვილი "მამა", სწორედ იმის მიხედვით გაირკვეოდა, თუ ვინ გაუშვებდა პირველად ხელს. პასუხი თქვენს კითხვაზე მალევე გაჩნდა, დავრწმუნდით, რომ მამუკა ღლონტი ყოფილა ნამდვილი `მამა~, რომელმაც `მაესტრო~ შუაზე გაგლეჯისგან იხსნა და ხელი გაუშვა, ანუ `მაესტროს~ შენობიდან წამოვიდა. ამ ამბავში კი არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ აზდაკის, ანუ მოსამართლის როლი ბრწყინვალედ შეასრულეს `მაესტროს~ ჟურნალისტებმა, რომლებმაც მთელ საზოგადოებას დაანახეს, რა მაღალი პროფესიული და მორალური სტანდარტები შეიძლება არსებობდეს ქართულ ჟურნალისტიკაში. ამ ამბავმა სიცხადე შეიტანა სხვა საკითხებშიც. დავრწმუნდით, რომ ტყუილია სააკაშვილისა და კიწმარიშვილის "განქორწინება".

"ჯიოევა უარს ამბობს დაგეგმილ ინაუგურაციაზე - სხვა რა ძალა აქვს ამ გატანჯულ და გაუბედურებულ საზოგადოებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ომი, ძალადობა, ოკუპირებულ ყოფაში არსებობა. რამდენიც უნდა იძახონ, დამოუკიდებელი ვართო, ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ სად და როგორ წყდება მათი ბედი და ვინ აკეთებს სინამდვილეში არჩევანს მათ ნაცვლად. ეს მოვლენები კიდევ ერთი დასტურია რუსეთის ხელისუფლების უნიჭობისა, რომ რუსული პოლიტიკა მარტივ თეზას ეყრდნობა: `ჩბკფ ტცნმ^ ევფ ყტ ყფლჯ~, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "პუტინი მიიჩნევს, რომ მოქალაქეების უმრავლესობას რუსეთში მოვლენების განვითარება არ სურს ისე, როგორც ეს ყირგიზეთსა და უკრაინაში მოხდა. როგორია რეალობა რუსეთში და არის თუ არა საფრთხე მოვლენები მართლაც ყირგიზეთისა თუ ეგვიპტის სცენარით განვითარდეს?" - პასუხობს:

"პუტინი ცდილობს, სააკაშვილს მიჰბაძოს - ვშიშობ, რომ ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ჩვენთვის სულაც არ არის უცხო, რომ პუტინი, მედვედევი და რუსული პროპაგანდა საკუთარ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამაღვივებლად უცხო ძალებს აცხადებენ. ცხადია, სააკაშვილს პუტინის აგენტები უშლიან ხელსა და ნერვებს, პუტინს კი - ობამას აგენტები. მივდივართ ისეთ რეალობამდე, რომ ბოლოს და ბოლოს, რუსი კომუნისტები და ამერიკის მთავრობა შეთანხმდნენ ერთ საკითხზე და აქვთ საერთო აზრი - ორივე თვლის, რომ კრემლმა საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. ზიუგანოვი რომ ობამას თანამოაზრე უფრო იქნებოდა, ვიდრე საკუთარი ხელისუფლებისა, ძნელი წარმოსადგენი იყო. სხვათა შორის, თვითონ ობამასთვისაც".