- ბატონო გიორგი, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" დაფუძნდა. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები "ქართული ოცნების" დაფუძნებაზე და იმ პოლიტიკურ მიზნებზე, რომელთა დეკლარირებაც მოხდა?
- მოძრაობის დაფუძნება საინტერესო იყო საზოგადოების გაერთიანების თვალსაზრისით. ჩემი აზრით, საქმე გვაქვს საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებულ პროცესთან. ეს ყველა გამოსვლაში, ორგანიზების ფორმაში და გაცხადებულ მიზნებშიც კარგად ჩანდა. რომ შევაჯამოთ მოძრაობის დაფუძნების პრეზენტაცია, ეს არის საზოგადოების მომავალი არჩევნებისთვის გაერთიანების მცდელობა. მოძრაობა შეეცდება ხელისუფლება ჯერ მარგინალური აღმოჩნდეს, ხოლო შემდეგ ოპოზიციაში გადავიდეს. მოძრაობის პრეზენტაციაზე აშკარა იყო იმის ქვეტექსტიც, რომ საზოგადოება თავისი განსხვავებულობის მიუხედავად, "ქართული ოცნებას" გულშემატკივრობს და ხელისუფლება საზოგადოებასთან მიმართებაში მარგინალიზებულია და თავისივე ხალხთან ოპოზიციაშია.
- რას შეიძლება ნიშნავდეს პოლიტიკურ პროცესებში არაპოლიტიკოსების გამოჩენა?
მოძრაობის პრეზენტაციაზე გამომსვლელთა შორის არ იყო არც ერთი პოლიტიკოსი. ტრიბუნიდან სიტყვა წარმოთქვეს პოეტმა რატი ამაღლობელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, სამართალმცოდნე მანანა კობახიძემ, ფეხბურთელმა კახი კალაძემ, მწერალმა გურამ ოდიშარიამ...
- პრეზენტაციას პოლიტიკური სახეები ესწრებოდნენ "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" სახით, მაგრამ ჩემი აზრით, სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენა, ხაზგასმა იყო იმისა, რომ მოძრაობას მხარდამჭერები ყველა სფეროს ადამინებს მოიცავს და ის საკმაოდ ფართოა. ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს არა ერთ პოლიტიკურ ძალას, არამედ საზოგადოებრივ ძალას. პოლიტიკოსები ყოველთვის კონკრეტული საკითხებზე აფიქსირებენ თავის პოზიციას და უფრო კონკრეტულნი არიან პოლიტიკურ შეხედულებებში. ამ თვალსაზრისით, გამომსვლელების მიერ სხვადასხვა და ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, თუნდაც იმ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და საუბარი, პირადად ჩემთვის საინტერესო იყო.
სატელევიზიო არხები შეეცადნენ მოძრაობის პრეზენტაცია წარმოეჩინათ, როგორც რეტროგრადთა შეკრება. მაგრამ იქ რომ ყოფილიყავით, თავადაც დარწმუნდებოდით, რომ პრეზენტაციაზე ქართული საზოგადოების საკმაოდ დიდი სპექტრი იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ ხალხი რაიონებიდან, ასევე ახალგაზრდობა, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ჩემი აზრით, იქ შეკრებილი საზოგადოება პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, ერთიანმა ღირებულებითმა ორიენტაციამ გააერთიანა.
- ცალკე საუბრის თემაა ივანიშვილის სიტყვა. შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესმენის გამოსვლა, გარკვეულ წილად, მისივე პოლიტიკური მანიფესტიც იყო. როგორ შეაფასებდით არა ბიზნესმენ ივანიშვილის, არამედ პოლიტიკოს ივანიშვილის გამოსვლას?
- ივანიშვილის სიტყვა ცოტა უფრო მეტად იყო პოლიტიკოსის სიტყვა, ვიდრე ზოგადი ღირებულებითი სიტყვა. მასში იყო კონკრეტულ ქმედებებთან მიმართებაში ხელისუფლების კრიტიკაც, იყო შეფასებითი ნაწილიც, სადაც ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ზოგიერთი რეფორმის დადებით ეფექტს. მან ისაუბრა გარკვეულ პოლიტიკაზე სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ მისი სიტყვა, უფრო პოლიტიკურ ხედვებზე იყო ორიენტირებული.
ივანიშვილის სიტყვაში აქცენტი გამახვილებული იყო საკმაოდ სერიოზულ საკითხებზე. მან თავისი აზრი გამოთქვა პოლიტიკურ პროცესებზე. ხაზგასმით ისაუბრა არჩევნებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თავის გამოსვლაში სწორედ ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლაზე საუბრობს. იგი ამ გზავნილის ბევრჯერ განმეორებით ამკვიდრებს აზრს, რომ ხელისუფლებას არ სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და არ არის გამორიცხული, რომ მან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალოს არჩევნები. ივანიშვილის მიზანია, მივიდეს არჩევნებამდე და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვოს. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა ფორმით შეიძლება ჩაშალოს, ანაც რა მანიპულაციებით გააყალბებს ხელისუფლება არჩევნებს. ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ ორ თვეში მკვეთრად დააფიქსირა, რომ მისი გზა არის არჩევნების გზა. ამავე ფონზე, მისთვის თუნდაც მოქალაქეობის ჩამორთმევა სწორედ ამ კონტექსტში განიხილება.
მეორე სერიოზული თემა, რაზეც ბიზნესმენმა ისაუბრა იყო, რომ მისი გზა არ არის ვინმეს დამარცხების გზა. რომ მისი გზა, საქართველოს გამარჯვების გზაა. ეს არ გახლავთ მხოლოდ მხატვრულობის თვალსაზრით კარგი გამონათქვამი, ან ფრთიანი ფრაზა. მან ხაზი გაუსვა, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებში ბევრი ღირსეული ადამიანი მუშაობს. პატრულის საქმიანობაზე, თუნდაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოთქმული აზრი იმის მაგალითი იყო, რომ ეს ადამიანები არა რეჟიმს, არამედ სახელმწიფოს ემსახურებიან და რომ მომავალ საქართველოში მათი ადგილი ნამდვილად იქნება. ივანიშვილის ცდილობს, იყოს საზოგადოების ჯანსაღი ძალების გამაერთიანებელი და არა დამქსავსავი. რაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პრაქტიკულად პირველად ხდება.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ივანიშვილის მიერ დასავლეთზე ორიენტირებულობის კიდევ ერთხელ დაფიქსირება. მან ამით უპასუხა კიდევაც იმ ორთვიან ისტერიას, რომელიც ატეხილია სახელისუფლებო ტელევიზიებში. მან ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროპაში რეალურ ინტეგრაციაზე და არა პიარ-პროცესებზე, რომელიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ამ თვალსაზრისით საკმაოდ ნათლად იყო გამოთქმული პოზიცია. ივანიშვილმა ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ უპასუხისმგებლო ნაბიჯებზე, რომელიც გადადგა საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო მიმართულებით. ბიზნესმენმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ამგვარი ნაბიჯების გამო ხელისუფლებას დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით რესურსი აქვს დაკარგული. ივანიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ხელისუფლება საზოგადოებას უნდა ემსახურებოდეს და ხელისუფლების საქმიანობა კონტროლს ექვემდებარებოდეს. ყურადღება გამახვილდა იმ ღირებულებებზე, რომელიც ჩვენთან რატომღაც მივიწყებულია. საუბარია პროცესებში საზოგადოების ჩართულობაზე, იმაზე, რომ ექსპერტები უნდა მონაწილეობდნენ საკითხების შემუშავებაში. რეფორმები გასატარებელია, რეფორმები უნდა გაგრძელდეს არა როგორც შოკი და ადამიანებზე თავდასხმა, არამედ საზოგადოებას საფუძვლიანად უნდა განემარტოს რეფორმების არსი. ივანიშვილმა თავის გამოსვლაში უარყო მითი იმის თაობაზე, თითქოს ქართული საზოგადოება მზად არ არის დემოკრატიისა და რეფორმებისათვის. მისი აზრით, უბრალოდ საჭიროა, საზოგადოებისათვის ყველაფრის კარგად ახსნა. სწორედ ამ დადებით კონტექსტში ახსენა მან პოლიციის რეფორმა და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები.
- მოძრაობის დაფუძნებამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" ყველაზე დიდი გაერთიანება იქნებოდა. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია ამ თემაზე გაკეთებული პროგნოზები და რამდენად ანგარისგასაწევ ძალად შეიძლება ჩამოყალიბდეს მოძრაობა "ქართული ოცნება"?
- რეალურად, საქმე იმაშია, რომ "ქართულ ოცნებას", როგორც პოლიტიკურ ფენომენს, დაკავებული აქვს ის ნიშა, რასაც დღეს ხელისუფლების ალტერნატივა ჰქვია. "ქართული ოცნება" გახლავთ არა მხოლოდ ოპოზიციური მოძრაობა, აშკარაა, რომ იგი ხელისუფლების მარგინალიზაციის რეჟიმში გადაიყვანას ცდილობს. ჩვენ თუ დავაკვირდებით, თუ რას საუბრობს ხალხი ხელისუფლებაზე, დავინახავთ, რომ რეალურად საქმე გვაქვს ხელისუფლების მარგინალიზაციასთან. ბოლო ორი თვის პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ რეალურად, პოლიტიკურ სივრცეში "ქართული ოცნების" გარდა, ხელისუფლების სხვა ალტერნატივა არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ კი არა, რომ "ქართული ოცნება" ასეთი უნიკალურია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ისეთ ავტორიტარულ სისტემაში ვცხოვრობთ, სადაც შეუძლებელია 3, 4, ანაც ხუთი ევროპული გრავიტაციის ცენტრი არსებობდეს და ჩვენი საზოგადოება ფენებზე და ამა თუ იმ პოლიტიკებზე გაიყოს.
რეალურად, დღეს ასეთი სიტუაციაა - ან იყოს ქვეყანაში ავტორიტარული ხელისუფლება, ან ჩვენ ვიყოთ ამ სახელმწიფოს დამონებული მოქალაქეები, რომელსაც ექნება კონტროლირებადი მედია, ბიზნესი და სახელმწიფო. ვიდრე რეჟიმის შესუსტების დრო არ დადგება, სხვა პოლუსების არსებობა ფიზიკის დონეზე, ანუ ფიზიკურადაც შეუძლებელია.
რეალობა ასეთია, მოქალაქე ან ხელისუფლებას ემხრობა, ან "ქართულ ოცნებას". შესაძლოა, მოქალაქეს საერთოდ არ აინტერესებდეს პოლიტიკა. პოლიტიკიდან ასეთ დონეზე განდგომილ მოქალაქეთა რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე დიდი უნდა იყოს. ისეთ პროსტრაციაში, რომელშიც ვიმყოფებით, ხელისუფლების ტაქტიკა იქნება - განდგომილები ასეთ ვითარებაში დატოვოს, ხოლო ივანიშვილის გუნდის ტაქტიკა იქნება - ვინც გაუცხოებულია, თავის წრეში შემოიყვანოს.
- მოძრაობა "ქართული ოცნების" პრეზენტაცია ბერა ივანიშვილის კლიპით დასრულდა, რომელშიც თავისუფლების აღკვეთის პირობითი კედელი იმსხვრევა. თქვენი აზრით, შეძლებს ეს მოძრაობა გაცხადებული ოცნებების განსახორციელებლად დაძლიოს ის წინააღმდეგობები, რომელთა შექმნა ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მანქანითა და მექანიზმებით შეუძლია?
- ამის თქმა ძალიან ძნელია. პირველი პროგრამა, რომელიც, შესაძლოა, ჰქონოდა პოლიტიკაში მოსულ ივანიშვილს, შეექმნა ხელისუფლების ალტერნატივის განცდა, აბსოლუტურად ეფექტურად შესრულებულია. ახლა ამ ალტერნატივას სჭირდება გარკვეული ფორმის მიცემა. რამდენად მოხერხდება ეს, დამოკიდებულია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულ პოლიტიკურ სუბიექტებზე და საზოგადოებაზე. ყოველ შემთხვევაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გაჩნდა მუხტი იმისა, რომ ჩვენ აღარ ვცხოვრობთ აბსურდის ვირტუალურ ქვეყანაში. სოციოლოგი არ გახლავართ, მაგრამ ჩემს ირგვლივ არსებული წრე საზოგადოების ცვლილებებისთვის მზადყოფნას ავლენს. რამდენად მოხერხდება ეს პოლიტტექნოლოგიის საქმეა და მე იმედი მაქვს, რომ ეს მოხერხდება.
- დიახ, ხალხის სიმრავლის გამო შენობაში შესვლა ვერ მოვახერხე. ერთმანეთთან ნაცნობი ადამიანები ერთად ყოფნასა და საუბარს ცდილობდნენ. ხალხთან ყოფნისას საზოგადოების ემოცია უფრო კარგად აღიქმება. გარეთ მშვიდი და საქმიანი განწყობა იყო. საერთოდ, მოძრაობის პრეზენტაცია ხაზგასმულად მშვიდ ვითარებაში გაიმართა. ეს აშკარად დისონანსურია ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოლიტიკურის რეჟიმის ფონზე, რომლის პირობებშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს. რატომღაც ხელისუფლებამ დაამკვიდრა ისეთი სტერეოტიპი, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ბევრად უფრო მეტად შოუმენი, ვიდრე გარკვეული აზრის მატარებელი. ხელისუფლება კარგა ხანია ცდილობს დაამკვიდროს აზრი, რომ პოლიტიკოსი უფრო მომღერალი და მსახიობია, ვიდრე მოაზროვნე, უფრო მადონაა, ვიდრე ტალეირანი.
ფილარმონის წინ, მოედანზე არსებული სიმშვიდე თავად განგაწყობდა სიღრმისეულ განსჯაზე, ვიდრე გალა კონცერტის ნახვაზე, რაც ჩემი აზრით, ჩვენს 20-წლიან პოლიტიკურ რეალობასა და კულტურაში ახალია. როგორც იქნა, გამოჩდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე მშვიდად და დინჯად საუბრობენ.