სოფლის მეურნეობა საქართველოში – პრიორიტეტი თუ ზედმეტი ტვირთი?

სოფლის მეურნეობა საქართველოში – პრიორიტეტი თუ ზედმეტი ტვირთი?


სასტუმრო „ვერე პალასში“ საექსპერტო ორგანიზაციამ „კავკასიის თანამშრომლობა“ – მორიგი სემინარი ჩაატარა თემაზე: „სოფლის მეურნეობა საქართველოში – პრიორიტეტი თუ ზედმეტი ტვირთი?“. 

რუსულ-ქართული საექსპერტო ორგანიზაციის მიზანს რუსეთ-საქართველოს შორის სამეცნიერო და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენა და ქართველ კოლეგებთან ერთად საექსპერტო დიალოგი წარმოადგენს. 

სემინარში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორები სასოფლო-სამეურნეო წარმოების განხრით: პაატა კოღუაშვილი (პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრი), დემურ ბახტაძე (პროფესორი, სურსათის ექსპერტიზისა და უვნებლობის სპეციალისტი), ავთანდილ ოქროცვარიძე (პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), რევაზ გოგოხია (პროფესორი, თსუ ჟურნალ „ეკონომიკა და ბიზნესის“ მთავარი რედაქტორი), გიორგი დოღონაძე (თსუ პროფესორი), გიორგი ზიბზიბაძე (აგრარული ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი), ანზორ მესხიშვილი (პროფესორი, უძრავი (მიწის) ქონების ექსპერტი), თეიმურაზ კანდელაკი (პროფესორი, აგრარული უნივერსიტეტი, სატყეო მეურნეობის სპეციალისტი), ბადრი რამიშვილი (პროფესორი, სასურსათო ბიზნესის და სტრატეგიული მენეჯმენტის დარგის სპეციალისტი), ზურაბ რევიშვილი (პროფესორი, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი). სემინარს ასევე ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები – „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა, „თავისუფალი დემოკრატების“ ექსპერტი რევაზ გიგილაშვილი და „ეროვნული ფორუმის“ ექსპერტი თემურ მაისურაძე. სემინარს უძვებოდნენ „კავკასიური თანამშრომლობის“ ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელები გულბაათ რცხილაძე და ნანა დევდარიანი. სემინარს სტუმრობდნენ პრესის ჟურნალისტები, აგრეთვე ეკონომისტი, თსუ–ს პროფესორი ბ-ნი ნოდარ ხადური.

მოგეხსენებათ, რა მძიმე მდგომარეობაა დღეს სოფლის მეურნეობაში, რაც სტატისტიკის საშუალებითაც იოლად მტკიცდება. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტების აზრის გათვალისწინება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება. სხდომის წამყვანმა გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა კიდეც, რომ გამართულ სემინარებზე მეტწილად ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა ისმის, რაც წინასწარი განზრახვით არ ხდება.

სემინარის მონაწილეებს შორის აქტიური დისკუსია გაიმართა სხვადასხვა საკითხზე. განსაკუთრებით დიდი დავა მოჰყვა სატყეო მეურნეობის პრობლემატიკის განხილვას. ექსპერტების აზრით, უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ამჟამინდელი პრაქტიკა მანკიერია და დამღუპველი ქვეყნისათვის.

სემინარზე აღინიშნა მეტად მნიშვნელოვანი მომენტი: საქართველო პრინციპში არ არის მძლავრი საექსპორტო პოტენციალის მქონე აგრარული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ცნობილი 52 ნიადაგის ტიპიდან საქართველოში მოცემულია 47 მათგანი. ეს ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა საქართველოსთანა მცირე ტერიტორიის ქვეყნისათვის. ნიადაგების ამგვარი მრავალფეროვნება კი ნიშნავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მრავალფეროვნებას, მაგრამ ამავდროულად მათი რაოდენობის მოკრძალებულობას. საქართველოს ბევრი სასოფლო კულტურა ეყოფა შიდა მოხმარებისათვის, ეს ღვთის მიერ არის ბოძებული – აღინიშნა სემინარზე, მაგრამ დიდი ამბიციები საერთაშორისო ბაზრების თვალსაზრისით საქართველოს თავისი ბუნებრივი პოტენციალიდან გამომდინარე, ვერ ექნება.

გარდა ზემოთ აღნიშნული საკითხებისა, გამოიყო საქართველოში სარწყავი სისტემის გაჩანაგების სავალალო ფაქტი. დიდი ყურადღება დაეთმო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა საკუთარი პარტიების პოზიცია გამოხატეს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ყველა მათგანმა აღნიშნა, რომ მთავრობა არ უსმენს სპეციალისტებს და არ ითვალისწინებს კომპეტენტურ აზრს. სოფლის მეურნეობას კი საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, განვითარებული იქნება თუ განვითარებადი, სახელმწიფოს მხარდაჭერას საჭიროებს.

ზურაბ რევიშვილი (პროფესორი, პ.გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი): მთავრობას არ აინტერესებს აგრარული სფერო. ამაზე მეტყველებს ინვესტიციების სიმცირე. თითქოს პრიორიტეტადაა მიჩნეული, მაგრამ რეალურად პრობლემა რეალურად გააზრებული არაა. იმდენი პრობლემა დაგროვდა ამ სფეროში, გამოსავლის ძებნა ცოტა რთულია. პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ, რა ვარიანტს ვფიქრობთ სოფლის მეურნეობის მოდელად. იმიტომ გავამახვილე ყურადღება ირლანდიის მოდელზე, რომ უფრო მისაღები იქნება, ჩემი აზრით, ქართული სოფლის მეურნეობისათვის. რა თქმა უნდა ნაწილობრივ, თორემ სრულად გადმოტანა არ შეიძლება. სპეციფიკა ისტორიის, ეთნოგრაფიული, ეთნოფსიქოლოგიური და ა.შ. გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. ხელისუფლება ბოლო დროს ცდილობს ნოვატორული იდეები დანერგოს ამ სფეროში, მაგრამ თუნდაც ახალი ჯიშის შემოტანა, წინასწარ დაკვირვებებს და შესწავლას საჭიროებს. როცა ვამბობდი, რომ უნდა შექმნილიყო საბჭო, რომელიც სოფლის მეურნეობის პროგრამაზე იმუშავებდა და ხელისუფლებას კონსულტაციებს გაუწევდა, სწორედ იმას ვგულსიხმობდი, რომ თუნდაც ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რასაც ამ ბოლო დროს ხელისუფლება სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით იღებს, აღარ იქნებოდა.


ნოდარ ხადური (თსუს პროფესორი): სოფლის მეურნეობაში რომ კატასტროფული მდგომარეობაა, ეს ახალი ამბავი არაა. პოლიტიკა არაა შემუშავებული. ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი იდეების პოპულარიზაცია ეწარმოებინა, ჯობდა, ის ინსტიტუტები აეღორძინებინა სოფლის მეურნეობაში, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ გლეხს ჰქონდეს გასაღების ბაზარი. თუნდაც ხარისხობრივი თვალსაზრისით, ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს, რომ უხარისხო პროდუქცია არ შემოვიტანოთ საქართველოში, როგორც ეს აქვს გაკეთებული ევროკავშირს, რომელსაც საქართველოსთვის ფაქტობრივად დაკეტილი აქვს ბაზარი. ამ შემთხვევაში გლეხი დაინტერესებული იქნება, პროდუქცია მოიყვანოს.

კახა კუკავა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი: სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტზე 2005 წლის შემდეგ 14.8%-დან 7.3%-მდე შემცირდა. გასაღების ბაზრის არარსებობის პირობებში კლების ტენდენცია გრძელდება, რაც სოფლის მეურნეობის დარგის სრულ მოშლას განაპირობებს. ეს ყოველივე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც ეკონომიკური, ასევე დემოგრაფიული თვალსაზრისით და ქართული სოფლის გაქრობის რეალურ საშიშრობას ქმნის. ქართული ღვინის ექსპორტი 2005 წელს იყო 41.7 მილიონი ლიტრი, ხოლო დღეს 12.3 მილიონს შეადგენს. ხელისუფლება თავიდან წინააღმდეგი იყო რუსულ ბაზარზე ქართული კომპანიების დაბრუნების, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ პოლიტიკა უნდა შეეცვალათ. საუბარია სპირტიანი სასმელების და სასმელი წყლის დაბრუნებაზე. ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც, ძირითადად, ქაღალდებს უკავშირდება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება, 2012 წლის იანვრის ბოლოდან კი, ალბათ, ჩვენი პროდუქცია გასაყიდად რუსეთის ბაზარზე გავა. თუმცა მარტო ეს სოფლის მეურნეობას ვერ ააღორძინებს. სერიოზული სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. პირველ რიგში კი, დაფინანსება უდნა გაიზარდოს ამ სფეროში.