პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, „დასკოჩეს“ და სცემეს

პატიმარი ნიკოლოზ მირზაშვილი მორგში ჩაიყვანეს, „დასკოჩეს“ და სცემეს

მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N 18 სამკურნალო დაწესებულებაში ავადმყოფი პატიმრის წამების მორიგ ფაქტზე ადვოკატი მამუკა ნოზაძე გვესაუბრა. მისი განმარტებით, წამების ტრადიციადქცეული მეთოდები - პატიმრის მორგში ჩაყვანა, ცემა და „დასკოჩვა“ ამჯერად იმ მიზნით გამოიყენეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მსჯავრდებულმა ევროპული სასამართლოდან უკან გამოიტანოს საჩივარი.

მამუკა ნოზაძე: 37 წლის ნიკოლოზ მირზაშვილი, რომელიც უმძიმესი ავადმყოფია (სიმსივნითა და ტუბერკულოზითაა დაავადებული), ამჟამად იმყოფება მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N 18 სამკურნალო დაწესებულებაში. ადმინისტრაცია ამ ადამიანზე პერმანენტულ ზეწოლას ახორციელებს.

რატომ ახორციელებენ ზეწოლას ამ ადამიანზე?

- ნიკოლოზ მირზაშვილს ევროპული სასამართლოდან საჩივრის გამოტანას სთხოვენ. მისი ერთი საქმის განხილვა, ანუ კომუნიკაცია 2008 წელს დასრულდა (ეს შეეხება სასჯელის გადავადებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას) და ახლა გადაწყვეტილებას ველოდებით, მაგრამ დროებითი ღონისძიების სახით ევროპულმა სასამართლომ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას მიუთითა, რომ ეს პიროვნება ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულებაში, ადეკვატური მკურნალობის ჩატარების მიზნით. ასე მოხვდა ის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.

ევროპულ სასამართლოში კიდევ არის ცალ-ცალკე რეგისტრირებული ორი საჩივარი. ერთი ეხება მირზაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას და მეორე - პირადი და ოჯახური ურთიერთობის შეზღუდვას.

საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ ამ ზეწოლის შესაწყვეტად მათ არანაირი ზომები არ გაატარეს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში  კონკრეტული დამნაშავე პირების მითითებით არაერთი საჩივარი მაქვს შეტანილი.

ანუ პატიმარი კონკრეტულ პირებს ასახელებს?

- რა თქმა უნდა, ასახელებს, ისევე, როგორც არაერთი სხვა პატიმარი, მაგრამ გამოძიება, არც ერთ საქმეზე არ დაწყებულა. უფრო მეტსაც გეტყვით - როდესაც ნოემბერში საქართველოს მთავარ პროკურატურას მივმართე, მირზაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტზე, პატიმარს წაართვეს ლეიბი, „პლედი“ და იატაკზე იწვა, ტანზე ტუალეტის ქაღალდშემოხვეული, რომ ფილტვი უარესად არ დაზიანებოდა.

ამ ფაქტის ირგვლივ სახალხო დამცველს წერილობით ვაცნობე. პატიმრის გადმოცემით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი, გურამ ნიკოლაიშვილი, თანმხლებ პირთან ერთად შევიდა ნიკოლოზ მირზაშვილთან, ახსნა-განმარტება ჩამოართვა და იქიდან გამოსვლის შემდეგ ადმინისტრაციას დეტალურად გააცნო პატიმრის პრეტენზიები. ამის შემდეგ ადმინისტრაციამ ზეწოლის ფორმები გააძლიერა.

სახალხო დამცველის წარმომადგენელს კანონი ხომ არ ავალდებულებს პატიმრის პრეტენზიების ადმინისტრაციისთვის გაცნობას?

- პატიმართან სახალხო დამცველის რწმუნებულის საუბარი კონფიდენციალურია და სახალხო დამცველის რწმუნებულს კონფიდენციალურობის პრინციპი არ უნდა დაერღვია.

აცნობეთ ამ ფაქტის შესახებ სახალხო დამცველს?

- პატიმარს 8 დეკემბერს შევხვდი და ახლა თქვენ გატყობინებთ ამ ინფორმაციას. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს ვაცნობებ, ნოემბერში დაწერილ ახსნა-განმარტებასაც გამოვითხოვ და ორშაბათს მთავარ პროკურატურას დამატებით მივმართავ. წამების ფაქტი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, მოხდა 12 ნოემბერს და მე ამის შესახებ 8 დეკემბერს შევიტყვე. საერთოდ, პატიმრებს თვეში სამჯერ აქვთ დარეკვის უფლება, მაგრამ ჩემს ტელეფონზე ვერც ერთი პატიმარი ვერ რეკავს, იმის გამო, რომ იქიდან ჩემს ტელეფონზე ზარის განხორციელება შეუძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს შემთხვევით არ ხდება. მამაო იყო შესული და მისი მეშვეობით გავიგე, რომ ნიკოლოზ მირზაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა.

12 ნოემბერს ნიკოლოზ მირზაშვილმა მტრედებს პური დაუყარა. ამ მოტივით საკანში შეუვარდნენ, სცემეს, ხელ-ფეხი „სკოჩით“ შეუკრეს და მორგში ჩაიყვანეს. მისი ცემა იქაც გააგრძელეს, შემდეგ დააგდეს იქ, სადაც მიცვალებულებს ასევენებენ ხოლმე (ექსპერტიზის ჩატარების მიზნით) და ასეთ მდგომარეობაში იყო ხუთი საათი.

შეგახსენებთ, რომ ეს ხდება ისეთ ადამიანთან მიმართებაში, ვინც სიმსივნითა და ტუბერკულოზითაა დაავადებული. პატიმარი ამ მეთოდებით აწამეს რეჟიმის განყოფილების უფროსის, ალექსანდრე თოლორდავას ხელმძღვანელობით.

სხვადასხვა პატიმრებისა და ადვოკატების მხრიდან მთავარ პროკურატურაში ალექსანდრე თოლორდავას მიმართ არაერთი პრეტენზიაა დაფიქსირებული, ისევე, როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, მაგრამ ამ პიროვნების დანაშაულებრივ ქმედებას და აღვირახსნილობას ბოლო არ მოეღო, რადგან მას უშუალოდ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა და მისი პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე მფარველობენ.

ამ უკანასკნელის კადრებითაა (ვაჟა ცხვედიანი, გიორგი ავსაჯანიშვილი, ალექსანდრე თოლორდავა) დაკომპლექტებული მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია.

სოციალური სამსახურის უფროსი, ზურაბ ბულბულაშვილი, რომლის უშუალო მოვალეობაა პატიმრების თანადგომა და მათი უფლებების დაცვა, უშუალოდ მონაწილეობს დანაშაულებრივ ქმედებებში - პატიმრების ცემა-წამებას უყურებს და ხმის ამოღების ნაცვლად დანაშაულებრივ ქმედებას ხელს უწყობს.

მირზაშვილის წამების ფაქტსაც უყურებდა სოციალური სამსახურის უფროსი?

- ნიკოლოზ მირზაშვილმა განმიცხადა, რომ ზურაბ ბულბულაშვილი პატიმრის მიმართ ჩადენილ არაადამიანურ, დანაშაულებრივ ქმედებას უყურებდა. ნიკოლოზ მირზაშვილს ცემის დროს თავში გამეტებით ურტყამდნენ  და ამის შედეგად ტვინის შერყევა ჰქონდა. მან მითხრა, რომ მოკვლით ემუქრებიან. თავი მიტოვებულად, რომ არ იგრძნოს, იძულებული ვარ სხვა საქმე გვერდზე გადავდო და პატიმარი ყოველ კვირას მოვინახულო, რადგან ეს ადამიანი ძალიან შეშინებულია.

მთავარ პროკურატურას არ მოვასვენებ - ყოველ კვირას მივმართავ. ნოემბერში შეტანილ საჩივარს, ნიკოლოზ მირზაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, მოჰყვა არაადეკვატური რეაქცია - იმის მაგივრად რომ დაწყებულიყო გამოძიება და ნიკოლოზ მირზაშვილი, ადვოკატის თანდასწრებით დაეკითხათ, ჩემი განცხადება განსახილველად გადაუგზავნეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გენერალურ ინსპექციას, რომელსაც გამოძიების უფლება არა აქვს.

მე ვითხოვ უშუალოდ გამოძიების დაწყებას. სასჯელარსარულების დეპარტამენტთან არსებულ საგამოძიებო ორგანოს უნდა დაეწყო გამოძიება და არა გენინსპექციას. პატიმართან მივიდა ვინმე ადამია, გენინსპექციიდან და ნიკოლოზ მირზაშვილს განუცხადა - „ჩვენ ვართ ერთი სისტემა, აზრი არა აქვს, გაჩერდიო“.

კიდევ რა ზომებს შეგიძლიათ მიმართოთ, იმისთვის, რომ პატიმრის წამება შეწყდეს?

- მოგახსენებთ. ადამიანი საქართველოში, რომ ვერ პოულობს სამართალს, ამიტომ მიმართავს ევროპულ სასამართლოს, სადაც უსაშველოდ გრძელდება სასამართლო განხილვები და გადაწყვეტილება დროულად არ გამოაქვთ. პროკურატურაში შეტანილ საჩივარს თან დავურთავ იმ საჩივრის ასლს, რომელსაც ორშაბათს შევიტან, სახალხო დამცველისგან პატიმრის ახსნა-განმარტებას გამოვითხოვ, ამ ყველაფერს ევროპულ სასამართლოს გადავუგზავნი და მკაცრად მოვითხოვ რეაგირების მოხდენას, რადგან ეს ადამიანი სიცოცხლეს შეიძლება გამოასალმონ.

ახლა ვსარგებლობ შემთხვევით და თქვენი საშუალებით მივმართავ  დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რათა დაინტერესდნენ ამ კონკრეტული შემთხვევით. ასევე მივმართავ საინფორმაციო სააგენტოების, გაზეთების კორესპონდენტებს, რედაქტორებს, ყველა ადამიანს, ვისაც დახმარება ხელეწიფება, იქნება ეს ჟურნალისტი, თუ უფლებადამცველი - გთხოვთ, გაავრცელოთ ინფორმაცია, წამების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და ამის შესახებ აცნობოთ იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავენ.

ასევე ვთხოვ მედია-კავშირ „ობიექტივს“, რომ გამოიყენოს თავისი კავშირები ევროსტრუქტურებში და ნიკოლოზ მირზაშვილის წამების ფაქტზე მათ ინფორმაცია მიაწოდოს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტები წარვადგინო.