"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ხელისუფლება სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მორიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს. მთავარი, რასაც "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონპროექტის ახალი პუნქტი ითვალისწინებს, აღმასრულებლის ფუნქციების გაზრდა და მესაკუთრეთა ქონების სრაფად და იაფად გაყიდვის სისტემაა, რაც საპარლამენტო უმცირესობისა და ექსპერტთა შეშფოთებას იწვევს. ისინი ახალ კანონპროექტს არა მარტო მძიმე, ამორალურ საქციელადაც აფასებენ. ცვლილებების პროექტი პარლამენტში გუშინ შევიდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ასეთი კანონმდებლობის მიღება არა მარტო მძიმე, ამორალური საქციელია" / სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით კანონში მორიგი ცვლილებები შედის".
"კანონპროექტში განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებებით აღმასრულებლის მიერ მოვალისთვის შეტყობინების გაგზავნის ვადა შემცირდება. ასევე საგადასახადო საქმეების აღსრულებისას, მოვალეს ნებაყოფლობით შესრულების ვადა აღარ მიეცემა, გადასახადის გადამხდელის ქონებას კი განმეორებით სააღსრულებო წარმოების დაწყებისას ყადაღა აღარ დაედება. ამას გარდა, უქმდება კრედიტორის მიერ აუქციონზე გასატანი ქონების განსაზღვრის ვალდებულება, აღმასრულებელი თავად განსაზღვრავს, რომელი ქონება და როგორი თანმიმდევრობით გაიტანოს აუქციონზე. ექსპერტი ავთო სილაგაძე კანონმდებლობის ამ პუნქტს სააღსრულებო საქმეთა წარმოების უკიდურეს გამკაცრებად მიიჩნევს. მისი განცხადებით, ახალი ინიციატივა მესაკუთრეთა ქონების სწრაფად და იაფად გაყიდვის იძულებისკენაა მიმართული, რაც ამ ადამიანების მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ბევრ ადამიანს აქვს ქონება გირაოში ჩადებული, ამდენად, პროცესი ყველა მათგანს შეეხება. ისედაც მძიმე სიტუაცია იყო და მდგომარეობას უფრო დაამძიმებს. ასეთი კანონპროექტის მიღება არც ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება სასარგებლო. ფაქტობრივად, ეს არის აღმასრულებლის ფუნქციების გაზრდა. ხელოვნურად ცდილობენ, პროცესი კიდევ უფრო გაამკაცრონ. მოვალეები თანხას განსაზღვრულ ვადებშიც ვერ იხდიდნენ. შედეგი იქნება ის, რომ უამრავი ადამიანი დარჩება ბინისა და თანხის გარეშე. პერსპექტივაში კი გირავნობის სისტემა თავისთავად შენელდება - ეს, თავის მხრივ, საკრედიტო მომსახურებაზე მოთხოვნასაც შეამცირებს. კიდევ უფრო სწრაფად და დაბალ ფასში ხდება რეალიზაცია, ყველაზე სავალალო ისაა, რომ ადამიანების მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდება", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სილაგაძე.
"ექსპერტის შენიშვნას განსაკუთრებით კანონპროექტის ის ვარიანტი იწვევს, რის შესაბამისადაც იგეგმება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრა. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირველი აუქციონის საწყისი ფასი ღირებულების 50% იქნება, ხოლო განმეორებითის - ნული. თუ სარეალიზაციო ქონების ღირებულება 5000 ლარს არ აღემატება, მხოლოდ ნულოვანი აუქციონი გაიმართება. სილაგაძე მიიჩნევს, რომ ამით ფაქტობრივად იფარება მევალის თანხა, მესაკუთრეს კი არ ეძლევა საშუალება, რომ მცირე თანხა მაინც დარჩეს. სილაგაძის თქმით, ნულოვანი აუქციონი თავისთავად მიმართულია იმისკენ, რომ მესაკუთრეს საკუთარი ქონებიდან არც ერთი თეთრი აღარ დარჩეს. ადრე კანონი უფლებას აძლევდა თავად გაეყიდა, ახლა იძულებით გაუყიდიან და ღია ცის ქვეშ დატოვებენ. თავისთავად, აუქციონების რაოდენობაც შემცირდება", - დასძენს გამოცემა.
"ერთი თვის განმავლობაში აღსრულების შესახებ კანონპროექტის სამი პაკეტი შემოვიდა, რაც ზედიზედ მიმართულია მდგომარეობის დამძიმებისკენ. ეს არის დარტყმა ბანკებისა და იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კრედიტის გამცემი იყვნენ. აქამდე არ შეიძლებოდა სოციალურად დაუცველთა ქონების ხელყოფა და დღეიდან ესეც დაუშვეს. პროცესს კიდევ უფრო ამძიმებს ის პუნქტი, რომელიც ნულოვან აუქციონს ითვალისწინებს - ეს არ არის შემთხვევითი ინიციატივა, ცხადია, კეთდება რაღაცისთვის. თავის მხრივ, კიდევ საკრედიტო ინსტიტუტებსაც აყენებს ზიანს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი კანონპროექტის მიღება არა მარტო მძიმე, ამორალური საქციელია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი.
914
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85