ნახევარმილიონიანი ქალაქიდან 30-ადგილიან საავადმყოფომდე

ნახევარმილიონიანი ქალაქიდან 30-ადგილიან საავადმყოფომდე

 
პრეზიდენტი სააკაშვილი ქალაქების აშენებიდან პირდაპირ საავადმყოფოების გახსნაზე გადავიდა. აბა, ნახევარმილიონიანი ქალაქის ამშენებელს 30-ადგილიანი საავადმყოფოს გახსნა როგორ ეკადრება, მაგრამ ჯერჯერობით სხვა არაფერია გასაპიარებელი და ტყუილად ხომ არ მოცდება კაცი?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კასპში მოსახლეობას შეხვდა და ამის მიზეზი რაიონში საავადმყოფოს გახსნა იყო. სააკაშვილმა კლინიკა ხაშურშიც გახსნა და მოსახლეობა თავისებური დაპირებებით იქაც გააბრუა. მას გვერდს უმშვენებდა ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე, რომელიც ხალხისთვის დაპირებების მიცემაში პრეზიდენტს არ ჩამორჩება.

სააკაშვილი კასპის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას სამედიცინო დაზღვევისა და პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე ესაუბრა.

რაც შეეხება საავადმყოფოებს. ხაშურის ჰოსპიტალში (30-ადგილიანი კლინიკისთვის ჰოსპიტალის სტატუსის მინიჭება, სასაცილოც კია) 175 ადამიანია დასაქმებული. 31-საწოლიანი საავადმყოფო გათვლილია ხაშურის მუნიციპალიტეტის 62 500 მოსახლეზე და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით.

კიდევ უფრო პატარა და კოკროჭინაა კასპის 20-საწოლიანი საავადმყოფო. კლინიკაში არის ლაბორატორია, სამშობიარო და ინფექციური პალატები.

კასპისა და ხაშურის რაიონები საკმაოდ დიდია და მოსახლეობაც ბევრი ცხოვრობს. საინტერესოა, ორ რაიონს რამდენად ეყოფა საერთო ჯამში 50-საწოლიანი საავადმყოფო? ეს აზრი მოსახლეობასთან ერთად, ოპოზიციასაც გაუჩნდა.
“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლის ვიქტორ დოლიძის თქმით, რაიონს, სადაც 65 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, 31-ადგილიანი საავადმყოფო ვერ დააკმყოფილებს. მისი აზრით, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების ხელისუფლებისეული პროგრამა თავიდანვე არასწორი იყო. პროექტის შექმნისას მთავარი გათვლა ხელისუფლების პიარზე გაკეთდა და არა ჯანდაცვის სისტემის რეალურად გაუმჯობესებაზე.

“ეს პროექტი არის აბსოლუტურად არაადეკვატური არსებული სიტუაციისა და მდგომარეობის. ამას პოლიტიკასაც ვერ დავარქმევ, გარდა პიარისა. მათ არ იციან რას აკეთებენ. 

საავადმყოფოების რაოდენობაზე რომ აკეთებენ აქცენტს, ეს არ არის ჯანდაცვის სისტემის სისტემური მოწყობის გზა. საქართველოს 146 საავადმყოფო სულ არ სჭირდება. უნდა იყოს რამდენიმე ათეული, რომელიც გეოგრაფიულადაც სწორად უნდა გადანაწილდეს. რაც მთავარია, უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. 
სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არა თუ არ არსებობს ჯანდაცვის სიტემა, ის ნანგრევებიც კი დაინგრა, რომელიც შემორჩენილი იყო”, - განაცხადა დოლიძემ და დასძინა, რომ “თავისუფალი დემოკრატები” პარტნიორებთან, ბიძინა ივანიშვილთან და რესპუბლიკლებთან ერთად სოციალური უსაფრთხოების კონცეფციაზე მუშაობენ, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

დოლიძის თქმით, ამ კონცეფციის მთავარი მიზანი იქნება მოსახლეობის სოციალურად დაცვა და არა საკუთარი თავის პიარი, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს.