აფხაზეთი, საქართველოს ერთ-ერთი სეპარატისტული რესპუბლიკა, რომლის გამოც 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს ომი ჰქონდათ, რუსეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მიერაა კოლონიზებული. ადგილობრივები ცოტა არ იყოს შეშინებულნი არიან.
წელს, ზაფხულის დასაწყისში, ერთ მზიან დღეს, ახლად აღდგენილი საკურორტო ნაგებობის ბაღში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს, დასასვნებლად ჩამოსული რუსეთის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცრების ჯგუფმა არყის ჭიქები ასწია. სადღეგრძელო ასეთი იყო: გაუმარჯოს მათ მომავალ ზაფხულებს სეპარატისტულ რესპუბლიკაში, აფხაზეთში, რომელიც ოდესღაც სტალინის ელიტის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო და რომელიც დღეს, მიუხედავად საქართველოსგან თავისი ნომინალური დამოუკიდებლობისა, რუსეთის უახლეს კოლონიად იქცა. იმ ომის შემდეგ, რომელიც 2008 წელს მოხდა და რომელშიც ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოსგან გამოყოფაში ეხმარებოდა, რუსეთმა აქაურობა საკუთარ სახლად აქცია.
წვეულების მასპინძელი, ალექსანდრე ციშბა – ზღვისპირა ქალაქის, გაგრის პრივატიზაციისა და ინვესტიციების დეპარტამენტის ხემძღვანელი, კმაყოფილი ჩანდა. საქართველოს მიერ დაწესებული 15-წლიანი ბლოკადის შემდეგ, ინვესტიციები აფხაზეთში თითქმის არ არსებობდა, კურორტები დაცარიელებული იყო, ხოლო ეკონომიკა – სტაგნაციაში, გარდა იმ მწირი ბიზნესებისა, რომელსაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) აკონტროლებდა. ახლა, როდესაც რესპუბლიკაში 3,000 რუსი სამხედრო დგას, ციშბას ძველი მეგობრები FSB-დან მთელს სეპარატისტულ რესპუბლიკაში უძრავი ქონების საუკეთესო ობიექტებს ყიდულობენ. ”იმისთვის, რომ აფხაზეთში საკუთრება შეიძინონ, FSB-ს ოფიცრები ჩვენთან ძველ და განსაკუთრებულ ურთიერთობებს იყენებენ” – განმარტავს ის ღიმილით.
რუსეთის სპეცსამსახურების ”განსაკუთრებული ურთიერთობები” აფხაზეთთან 1991 წლამდე, ანუ რეგიონის საქართველოდან გამოყოფამდე კარგა ხნით ადრე, ჯერ კიდევ საბჭოთა KGB-ს ეპოქაში დაიწყო. სტალინის მმართველობის დროიდან, ყოველ მეორე აფხაზურ ოჯახს ყავდა KGB-ს ოფიცერი, საიდუმლო აგენტი, ან ინფორმატორი თავის სანათესაოში. ყოფილმა აგენტებმა NEWSWEEK-ს უთხრეს, რომ მოსკოვმა კავკასიის ერთი ციდა რესპუბლიკას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში სპეციალური, ავტონომიური სტატუსი იმიტომ მიანიჭა, რომ KGB-ს სოხუმის პალმებით დაფარაულ ზღვისპირა ბულვარებში სასიამოვნო შტაბ-ბინები ჰქონოდა.
ადგილობრივები ტრაბახობენ, რომ „აფხაზეთი ერთ სულ მოსახლეზე საიდუმლო აგენტების რაოდენობით მსოფლიო რეკორდებს ხსნის” – ამბობს ლავრიკ მიქვაბია, აფხაზეთის სასაზღვრო დაცვის პოლკოვნიკი. ხოლო ვლადიმერ რუბანოვი, გენერალ-ლეიტენანტი და ძველი KGB-ს ანალიტიკური სამსახურის უფროსი NEWSWEEK-ს უყვება: ”KGB-ს აფხაზეთში ყოველთვის განსაკუთრებული ძალაუფლება ჰქონდა. როდესაც აქ დასასვნებლად ჩამოვდიოდი და ჩემს მეგობართან, აფხაზური KGB-ს მაღალჩინოსანთან ლუდის დასალევად მივდიოდი, ჩვენ არასდროს გვჭირდებოდა ლუდის ან კიბორჩხალას ულუფისათვის საფასურის გადახდა. ჩვენ უბრალოდ KGB-ს მოწმობებს ვაჩვენებდით”.
ტრადიციებს კავკასიაში პატივს სცემენ. ამიტომ არავის გაკვირვებია, როდესაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, FSB-მ, KGB-ს მემკვიდრე სააგენტომ, სანატორიუმი მაიაკი – KGB-ს აგენტების სარეაბილიტაციო ცენტრი ჩაიბარა. არც ის გაკვირვებიათ, რომ ფედერალური დაცვის სამსახურის ოფიცრებს, რომლებიც პრეზიდენტისა და სხვა უმაღლესი რანგის ჩინოვნიკების უსაფრთხოებას იცავენ, აქ ხრუშჩოვის აგარაკზე, ბიჭვინთის სანაპირო ზოლის 10 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ, ზედმიწევნით დაცულ, უზარმაზარ დასასვენებელ ტერიტორიაზე, საზაფხულოდ აქ თავისი ცოლ-შვილი ჩამოჰყავდათ. დღეს კი FSB-ს ყოფილი და მოქმედი ოფიცრები აქ იმისთვის ჩამოდიან, რომ მიწის პრესტიჟულ მონაკვეთებში აღმართული ფეშენებელური სასტუმროები, სანატორიუმები და აგარაკები იჯარით აიღონ და პრივატიზირება გაუკეთონ მათ.
იმ ორ წელიწადში, რაც რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან ”გასათავისუფლებლად” ომში ჩაერთო, ამ პროვინციების რუსიფიკაცია დაჩქარდა. აფხაზეთის თითქმის ყველა საუკეთესო არქიტექტურული ძეგლი რუსი ინვესტორების ხელში აღმოჩნდა: პრინც ოლდენბურგის მე-19 საუკუნის სასახლე, ოლგას კოშკი, კიდევ ერთი მშვენიერი ძეგლი, რომელიც მთიდან გადმოყურებს ქალაქს და მავრიტანულ სტილშია ნაგები; გაგრის უძველესი ღირშესანიშნაობა, მეოთხე-მუხეთე საუკუნით დათარიღებული სპარსული ციხე-სიმაგრე ატაბა. ზღვის სანაპიროზე გამოჩნდა უძრავი ქონების ფეშენებელური ობიექტები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა სასტუმრო Dolfin-ი, რომელიც გასულ იანვარს გაიხსნა და ბიჭვინთის ტურისტული ინდუსტრია, ომისშემდგომი კომატოზური ხრწნის მდგომარეობიდან გამოაღვიძა. ციშბა, გაგრის პრივატიზაციის გურუ ამაყად იკვეხნის, რომ ქალაქი ” FSB-ს საუკეთესო კურორტია”.
სასტუმრო Dolfin-ის მენეჯერი, ალექსანდრე ჩუკბარი ამ აზრს ეთანხმება, მაგრამ ფრთხილად ამატებს, რომ ახალი მფლობელები ”ის ხალხი არაა, ვისთანაც ადვილად მიხვალ უბრალოდ დაელაპარაკები”. საბჭოთა პერიოდში KGB სახელმწიფოში სახელმწიფო იყო. ახლა, როდესაც ქვეყანას აკონტროლებს ვლადიმერ პუტინი, KGB-ს ყოფილი ოფიცერი და მისი გარემოცვა, რომელიც ყოფილი ჯაშუშებისგან შედგება, FSB-ს ხელი თითქმის ყველა დიდ რუსულ ბიზნესში ურევია. KGB-ს ყოფილ ოფიცრებს, რომლებიც ბიზნესმენებად იქცნენ, აფხაზეთში, მათ ძველ საძოვარზე ძალიან თბილად ხვდებიან და მათაც აქ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები ჩამოაქვთ. როსნეფტი, რუსული სახელმწიფო ნავთობკომპანია, რომელიც რუსეთის უშიშროების ისტებლიშმენტთან თავისი კავშირებითაა ცნობილი, წელს აფხაზეთში ჩამოვიდა და სოხუმში ოფისი გახსნა. როსნეფტმა აქ, შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც პერსპექტივაში ნავთობით მდიდარ რეგიონად მოიაზრება, საძიებო-გეოლოგიური სამუშაოები დაიწყო და ამ პროგრამისთვის $32 მილიონი გამოყო.
ჯაშუშებს რუსეთის ელიტის სხვა ჯგუფებიც მოყვნენ. მოსკოვის მერს, იური ლუჟკოვს დრო არ დაუკარგავს და ეგრევე იგდო ხელთ მიწის მასიური ნაკვეთი $70 მილიონიანი საკურორტო კომპლექსისათვის, რომელიც გაგრასთან მდებარეობს და რომელსაც ადგილობრივები ”მოსკოვის პროექტს” უწოდებენ. ლუჟკოვი სოხუმში გიგანტურ ოფისსაც აშენებს, მოსკოვის ცენტრს. ამ ოფისში განახორციელებენ მოსკოვიდან შემოსული ინვესტიციების კოორდინირებას.
რუსეთის თავდაცვის, სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა დაიბრუნეს სახელმწიფო აგარაკები სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში და აქ ისინი თავის თანამშრომლებს დაასვენებენ. ალექსანდრე ტკაჩოვმა, რუსეთის სამხრეთ რეგიონის, კრასნოდარის გუბერნატორმა ორი გასული ზაფხული სტალინის საიდუმლო პოლიციის შეფისთვის აშენებულ აგარაკზე გაატარა; მან ის ადგილობრივი მთავრობისგან იქირავა, რომელსაც მისი განახლების შესაძლებლობა არა აქვს. სერეგეი კირიენკო, რუსეთის ბირთვული სააგენტოს ხელმძღვანელი, ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, აფხაზეთში ღვინის ქარხანას ფლობს.
მაგრამ ყველაზე დიდი ინვესტორი პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინია, რომელიც აფხაზეთს გასულ ზაფხულს, ომის პირველ წლისთავზე ეწვია და პირობა დადო, რომ აფხაზეთის თავდაცვის განსამტკიცებლად სახელმწიფო დახმარების სახით, $500 მილიონს გამოყოფს. მან ასევე პირობა დადო, რომ მილიონებს გაიღებს უზარმაზარი პროექტისათვის, ქალაქ ბიჭვინთის რეკონსტრუქციისათვის, რომელიც თავისი უზარმაზარი, ძველი ფიჭვებითაა განთქმული და რომელიც ერთნაირად უყვარდათ მეფეებს, საბჭოელებს და დღესაც უყვართ ახალ რუსულ ელიტებს. რუსული მთავრობა აქ იმის აშენებას გეგმავს, რასაც ასტამურ ქეცბამ, რეგიონული ადმინისტრაციის თავმა „პუტინის ქალაქი“ უწოდა – მდიდრული, ფეშენებელური საკურორტო კომპლექსი პორტით იახტებისთვის, გამაჯანსაღებელი კლუბებით და კერძო პლაჟებით. როგორც მოსალოდნელია ის 2014 წლისთვის იქნება მზად, ზამთრის ოლიმპიადისთვის, რომელიც მეზობელ ქალაქ სოჭში ამ დროს უნდა ჩატარდეს.
ამავე დროს აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა NEWSWEEK-ს განუცხადა, რომ მან უკვე მიიღო 300 მილიონი რუბლი 9 შეთავაზებული მილიარდიდან და მან პუტინთან მიაღწია შეთანხმებას, რომელიც ნებას რთავს რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში კერძო საკუთრებას ფლობდნენ. ის იკვეხნიდა, რომ სოხუმის აეროპორტი, რომელიც მომავალ თვეს გაიხსნება, უკეთესია ვიდრე სოჭისა და რომ მალე რუსული S-300, ანტი-საზენიტო დანადგარები სეპარატისტულ რეგიონში განთავსდება.
მაგრამ ყველა ადგილობრივს როდი ახარებს რუსული ფულის შემოდინება, მათ თავის ახლად მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე შეტევის ეშინიათ. თამარა ლაკრბა, გაგრისა და ბიჭვინთის მთავარი არქიტექტორი ამბობს, რომ „გაოგნდა“, როდესაც პუტინის ქალაქისათვის გამიზნული პროექტები ნახა. მისი აზრით, ისინი მაღალსართულიანი და უშნოა. „მე გავცნობიერე, რომ რუსული უშიშროების სამსახურებმა დამოუკიდებლობა ერთი რამის გამო მოგვცეს – მათ უნდათ, რომ შეეძლოთ იმის გადაწყვეტა, თუ რას იყიდიან და რას ააშენებენ ჩვენს ქალაქებში“ – ამბობს ლაკრბა.
ბევრი ახალგაზრდა აფხაზიც შეშფოთებულია იმით, რომ რუსული ელიტა მათ ამაყ, პატარა ქვეყანს ეპატრონება. „არა მგონია რუსებს ესმოდეთ, რომ ჩვენ განსხვავებულნი ვართ. ჩვენ აღარ გვინდა ისევ KGB-ს სახელმწიფოდ ვიქცეთ. ჩვენ არასდროს დავუბრუნებთ ჩვენს მიწას საქართველოს, მაგრამ თუ დამოუკიდებელნი ვართ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთისგანაც დამოუკიდებელნი უნდა ვიყოთ“ – ამბობს ახრა სმირი, ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტი სოხუმიდან. ის და სხვა აღშფოთებული ახალგაზრდა აქტივისტები NEWSWEEK-ს უზიარებდნენ თავის იმედგაცრუებას იმით, თუ როგორ დაანგრიეს რუსულმა ტანკებმა გზები გალის რეგიონში და როგორ გახდა მათი საერთაშორისო სატელეფონო კოდი +7, იგივე, რაც რუსეთს აქვს.
აფხაზეთის პატარა ჯარი ასევე გრძნობს FSB-ს გაუსაძლის ზეწოლას. FSB-მ აიღო თავის თავზე საქართველოსთან გამავალი საზღვრების კონტროლი. დარჩა მხოლოდ ორი ისეთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი (ათეულზე მეტიდან), რომლებსაც აფხაზები აკონტროლებენ, ხოლო დაახლოებით 120 აფხაზი ოფიცერი უმუშევარი დარჩა. 60 საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან და 60 მებაჟედ გადაიყვანეს.
„ჩვენ ყველანი ომის ვეტერანები ვართ“ – გვითხრა აფხაზეთის სასაზღვრო ჯარის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ლავრიკ მიქვაბიამ. „ჩვენ ჩვენი თავისუფლებისთვის სისხლი დავღვარეთ. FSB-ს მესაზღვრე ოფიცრებს უნდა ახსოვდეთ ეს, როდესაც ისე გვეპყრობიან, თითქოს მათი კოლონია ვიყოთ“.
მაგრამ იმისთვის, რომ აფხაზებმა თავის ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან დადებულ პაქტს გადახედონ, ალბათ, გვიანია. აფხაზეთის საზღვრებს საქართველოსთან მთლიანად რუსული მესაზღვრეების დივიზია აკონტროლებს, რომელიც FSB-სადმია ანგარიშვალდებული. კაშკაშა ნარინჯისფერი საბარგო მანქანები, ორთავიანი არწივით, რუსული ფედერალური სამშენებლო კომპანიის ლოგოთი, ზღვისპირა გზებზე მიღოღავენ, და იმ შვიდსართულიანი ნაგებობებისთვის მიაქვთ ქვიშა და ღორღი, რომელსაც FSB თავის მესაზღვრეებსა და მათ ოჯახებს გალში, საქართველოსთან გამავალ საზღვარზე მდებარე რეგიონალურ ცენტრში უშენებს.
როდესაც ამდენი რუსული ფული შეედინება აფხაზეთში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოთხოვნა რუსეთის სამხედროების რეგიონიდან გამოსვლის შესახებ, ცოტა არ იყოს ამაოდ ჟღერს. რა პრობლემაა, რომ იმ საზავო შეთანხმების პირობებით, რომელმაც დაასრულა ომი, მოსკოვმა ჯარების გაყვანა პირობა დადო. „რუსეთი მხოლოდ ახლა შემოდის“ – უთხრა NEWSWEEK-ს პრეზიდენტმა ბაღაფშმა. დასავლეთმა უნდა „დაივიწყოს ილუზიები იმის თაობაზე, რომ ისინი, ვინც მათი თქმით რუსი ოკუპანტები არიან, აქაურობას მალე დატოვებენ“.