რატომ არ გაჭრა მერაბიშვილმა ლენტი გუბერნატორთან ერთად

რატომ არ გაჭრა მერაბიშვილმა ლენტი გუბერნატორთან ერთად


როგორც იქნა, ლანჩხუთის პოლიციის ახალი შენობა ოფიციალურად გაიხსნა. ასრულდა "აჯანყებული გურულის" "ვარაუდი" _ "ასე წაართვეს ლანჩხუთლებს სავიზიტო ბარათი და ჩემს ადგილზე სულ მალე იქნება ვანოს "პარადი"! 

არაერთი ინფორმაცია გავრცელდა შენობის გახსნის გადადების მოტივად, რომელთა შესახებაც უკვე ვწერდით. ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ახალგარემონტებული კედლების ნაწილი დაზიანდა, ასევე, არ იმუშავა გათბობის სისტემამ. თუმცა, ადგილზე მისულებმა ვნახეთ, რომ ეს ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სამაგიეროდ, ორიოდ კვირის წინ, ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სახურავიდან წყლის ჩამოსვლის შესახებ, მთლად საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს _ ახალი შენობის შესასვლელში გახსნის დღესაც მოჟონავდა წყალი.

შს მინისტრსა და შენობის გახსნას, პირველი ინფორმაციით, 12 საათისთვის ელოდნენ. ვარაუდი არ გამართლდა და ორკესტრის "ვარჯიშის" ფონზე პოლიციელთა "მოწყობა-გადაწყობა" ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ფორმიანი პირი, რომელიც აშკარად ცერემონიალის ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო, ადგილობრივ სამართალდამცველებს შენიშვნებს აძლევდა ახლომახლო მანქანების დაყენების დაუშველობისა და სხვა საკითხებზე. პარალელურად, სამთავრობო ტელევიზიების წარმომადგენლებმა ერთ-ერთი ადგილობრივი მაღალჩინოსანი ვენე კეჭახმაძე "გამოიჭირეს" და კომენტარებს კომენტარებზე აკეთებინებდნენ. რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი წინასწარ დაწერილ და დაზეპირებულ, პრესრელიზებად დარიგებულ ტექსტს იმეორებდა ყველა არხისა თუ ჟურნალისტისთვის.

ძალიან ნერვიულობდა პოლიციის უფროსი გივი გიგიაძე. უფრო ზუსტად, იგი დაუზარელად ცდილობდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას და ამას არ აკეთებდა უფროსის პოზიციიდან _ იგი დავალებების ქვეშევრდომებისთვის მიცემას ამჯობინებდა, საკითხი თავად მოეგვარებინა.

მალევე შს სამინისტროს პრეს-შეფი ზურაბ გვენეტაძე გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მინისტრიც მალე უნდა მოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი, პარლამენტარი გოკა გაბაშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები გამგეობის შენობაში უფროსკლასელებთან შეხვედრას მართავდნენ. როგორც გვითხრეს, მოსწავლეთა შეკითხვებს თავად შს მინისტრი პასუხობდა.

ამასობაში წამოწვიმა, ორკესტრის წევრებმა და სამართალდამცველებმა პოლიციის შენობის ქვემოთ შეაფარეს თავი. ჩვენც ვისარგებლეთ შემთხვევით და პოლიციის სამმართველოს მთავარი შესასვლელი, კანცელარია და სამორიგეო დავათვალიერეთ _ უნდა აღნიშნოს, რომ ლანჩხუთელ სამართალდამცველებს მუშაობა აშკარად კომფორტულ გარემოში მოუწევთ.

დაახლოებით 14 საათისთვის, უმცროსკლასელი მოსწავლეებიც მოიყვანეს, ორკესტრი და პოლიცია კიდევ ერთხელ მოეწყო, მაგრამ ისევ გაწვიმდა, მინისტრიც არ ჩანდა და შენობას ამჯერად უკვე ბავშვებიანად შეაფარეს თავი.

ზუსტად, 14.59 საათზე, მორიგი "განგაში" გამოცხადდა, მანამდე ბავშვები ზემოთ აიყვანეს და ისინიც შენობაში დაელოდნენ სტუმარს. იქვე ვიღაცამ დაიძახა, მინისტრიც მოვიდაო და მართლაც გამოჩნდა ვანო მერაბიშვილი. მან იქვე შემორჩენილი სამიოდ ბავშვი გვერდით ამოიყენა, სწრაფად აირბინა კიბეები და "წითელი ლენტი" არა გუბერნატორთან ან რომელიმე პოლიციის მაღალჩინოსანთან ერთად, არამედ ბავშვების "დახმარებით" გაჭრა. ამის პატივი კი იმ გოგო-ბიჭებს ხვდათ წილად, რომლებიც კარგად სწავლობენ _ შს მინისტრმა თავად გამოუცხადა, ვისაც კარგი ნიშნები გყავთ, წინ ისინი გადმოდითო. ლენტის გაჭრის შემდეგ, მინისტრი ბავშვებთან ერთად შენობაში შევიდა, მესამე სართულზე სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და მოსწავლეებთან ერთად რამდენჯერმე "საქართველოს პოლიციას გაუმარ-ჯოს!" _ სკანდირება მოახდინა. იქვე ერთ-ერთ ოთახში შევიდა, შამპანური თავად გახსნა და პოლიციელებს ახალი შენობის გახსნა მიულოცა. ამ დროს ფოტოების გადაღების საშუალება მინისტრის პრეს-შეფმა უკანონოდ არ მოგვცა, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სხვა შემთხვევაში ზურაბ გვენეტაძე ჟურნალისტებს არა თუ ხელს გვიშლიდა, სრული თავისუფლება მოგვცა და დახმარებასაც გვიწევდა.

მინისტრმა მალევე ჩაირბინა კიბეები, იზოლატორისკენ ერთი კი გაიხედა, მაგრამ იქით აღარ წასულა და ყველას რომ გვეგონა, ადგილობრივ ჟურნალისტებს თუ არა, სამთავრობო არხებს მაინც მისცემდა კომენტარს, სწრაფად გასწია ავტომობილისკენ, საჭეს თავად მიუჯდა, უკან გოკა გაბაშვილი ჩაისვა და დატოვა მიმდებარე ტერიტორია.

რამდენიმე ადამიანს მისთვის წერილის გადაცემა უნდოდა, თუმცა, მინისტრმა იმდენად სწრაფად დაგვტოვა, სავარაუდოდ, ამის გაკეთება ვერავინ მოასწრო.

ჩვენი ინფორმაციით, პოლიციის შენობის გახსნასთან დაკავშირებით საზეიმო ბანკეტი რესტორან "ბაბუნაში" გაიმართა. შს მინისტრი სუფრაზე უფროსკლასელ მოსწავლეებთან იყო _ შეხვედრაზე მყოფი ყველა მოსწავლე რესტორან "ბაბუნაში" დაპატიჟეს და ისინი მაღალჩინოსნების გვერდით აღმოჩნდნენ. მერაბიშვილი ბანკეტზე სულ რაღაც ნახევარი საათით შეჩერებულა და თანხმლებ პირებთან ერთად "ბაბუნა" მალევე დაუტოვებია.