"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ეს არის საპროექტო წინადადების ერთ-ერთი ვარიანტი. ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ განსაზღვრული ნაწილი "საქართველოს მოდერნიზაციის გზამკვლევისა" - ეს გახლავთ დოკუმენტი, რომელიც უნდა იყოს საჯარო სარგებლობისთვის გამოყენებული, საზოგადოებისა და დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ეს წარმოადგენს ორიგინალურ კომპლექსურ ნაშრომს ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესის განვითარების ხელშესაწყობად. ამ დოკუმენტში შეფასებული იქნება დღევანდელი რეალობა, ასევე დასახული იქნება გზები, რომელიც აუცილებელია გასავლელად დემოკრატიული გარდაქმნების კუთხით. მე მქონდა ბატონ ბიძინასთან შეხვედრა და სხვა საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ ასეთი ნაშრომის შექმნის პერსპექტივაზე. მისი განხილვა კი ვერ მოხდებოდა იმიტომ, რომ ეს დოკუმენტი ჯერ არ არსებობს, შესაქმნელია", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: "პუტინს შიდა პრობლემებს საქართველოსთან ომი ვერ მოუგვარებს".
"დღეს რუსეთში ადეკვატური რეალობაა იმ ველურ დემოკრატიასთან მიმართებაში, რასაც ამკვიდრებს პუტინი და მისი ცნობიერების მქონე სხვა ხელმძღვანელები. განსაზღვრული იმედის მომცემია მხოლოდ ის რეაქცია, რომელიც ბოლოს და ბოლოს მკაფიოდ გაისმა დასავლელი ლიდერების მხრიდან იმ ტრაგიკული ვითარების გამო, რაც რუსეთშია თავისუფალი აზრის, თავისუფალი მედიისა და ზოგადად დემოკრატიული პროცესების მიმართ. ჩიკაგოს სამიტის წინ ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტში, რომელშიც პარტნიორ ქვეყნად მაკედონიასთან, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან ერთად საქართველო მოხსენიებული რომც არ ყოფილიყო, არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ ნატო-სთან საქართველოს აკავშირებს პარტნიორული ურთიერთობები. ჩემთვის მიმზიდველია ის ფაქტი, რომ რომ ასეთმა ჩამონათვალმა გააღიზიანა და დააკარგვინა წოსაწორობა რუსეთის ხელისუფალთ და კიდევ უფრო აშკარად წარმოაჩინეს საკუთარი იმპერიალისტური მიდრეკილებები სამეზობლოსთან დაკავშირებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"ლავროვის ვერანაირი ფრაზა გულს ვეღარ მოგვიკლავს და აღარც დასავლეთია ისეთი მიამიტი, როგორც შეიძლებოდა სამი წლის წინ ყოფილიყო. არ გამოვრიცხავ, რომ შინაგანი არეულობა რუსეთმა გამოიყენოს საკუთარი უსუსურობის გადასაფარავად, რასაც ჰქვია ანტისარაკეტო სისტემების დამონტაჟება, მიმართული ევროპისა და სხვა მეზობელი ქვეყნებისკენ. ამისთვის მას არც შნო აქვს, არც უნარი და რაც მთავარია, არც ფინანსური შესაძლებლობა. სწორედ ანალოგიურმა ვარსკვლავური ომის საფრთხემ, რომელიც რეიგანის პროგრამა იყო, დაშალა საბჭოთა კავშირი. სავსებით აშკარა იყო, რომ ასეთი ტიპის ქვეყანა ვერ შეძლებდა რამე სახის კონკურენციას. ახლა პუტინისა და მედვედევის ხმამაღალი განცხადებები, რომ რაღაცას არ დაუშვებენ და სამაგიერო ნაბიჯებს გადადგამენ, არის მხოლოდ გულის ძახილი და არანაირ გათვლასა და რუსეთის პოტენციალს არ შეესაბამება. ყველაზე ნაკლები, რაც მოუგვარებთ რამე ტიპის პრობლემას ქვეყანაში, ეს გახლავთ საკუთარი საზღვრის გარეთ ხელის ფათური, რაშიც, იმედი მაქვს, თავადაც დარწმუნდებიან", - დასძენს სოსო ცისკარიშვილი..
"ბატონ ლავროვს ყველგან ნატო ელანდება: ცხინვალშიც, სოხუმშიც და ა.შ. ამიტომ აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე და დაკვირვება გვმართებს, რომ არანაირ პროვოკაციაზე არავის ავყვეთ - რანაირად, ამაზე მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მაგრამ გავიმეორებ, რომ არსებულ ჩიხურ სიტუაციაში კონფლიქტების განახლების რისკიც დიდია", - აცხადებს პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მორიგი საფრთხე რუსეთიდან? / ზურაბ აბაშიძე: "არსებულ ჩიხურ სიტუაციაში კონფლიქტების განახლების რისკი დიდია".
"რაც შეეხება რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებს - ვნახოთ, დღევანდელი მოვლენები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთის მომავლისთვის - როგორც იცით, 10 დეკემბერს დიდი საპროტესტო გამოსვლებია მოსალოდნელი, ძალიან არაორდინალური ვითარებაა. ჩემი აზრით, ხელისუფლება მაინც შეძლებს საპროტესტო მუხტის ლოკალიზებას, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის საზოგადოებაში ამ საპარლამენტო არჩევნებმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოაჩინა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
829
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85