ჟურნალისტური გამოძიება - ვისი საშუალებით შექმნა ხელისუფლებამ მონოპოლია ჯიხურებზე

ჟურნალისტური გამოძიება - ვისი საშუალებით შექმნა ხელისუფლებამ მონოპოლია ჯიხურებზე


"რა ხდება თბილისში პრესის ჯიხურებთან დაკავშირებით, როგორ მოიპოვეს ახალი ჯიხურების მფლობელმა კომპანიებმა ლიცენზია, ამის შესახებ სტუდია "მონიტორის" მიერ განხორციელებულ გამოძიებაშია მოთხრობილი. მაშინ, როცა ბევრმა გარემოვაჭრემ სცადა ჯიხურების დადგმის უფლების მოპოვება, ამ თხოვნით ქალაქის ხელმძღვანელობას მიმართა, თუმცა უშედეგოდ. სამაგიეროდ, უპრობლემოდ მიიღეს ნებართვა იმ კომპანიებმა, რომელთა დამფუძნებლებიც ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან - ის, რაც აკრძალულია ყველასთვის, ნებარდართულია ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიების დამფუძნებლებისთვის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით როგორ იქმნებოდა მონოპოლია ჯიხურებზე.

"2004 წლიდან თბილისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო ჯიხურების ალაგმვა, ამის პარალელურად მომრავლდა ახალი ჯიხურები. ჩვენ შევისწავლეთ ეს საქმე და ვნახეთ, რომ ბოლო პრიოდში გაცემული იყო 735 ნებართვა, აქედან უმრავლესობა მოიპოვა რვა კომპანიამ, რომელიც თავისი დამფუძნებლებით პირდაპირ კავშირშია ხელისუფლებასთან. რვა კომპანიიდან ოთხის დამფუძნებლები თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის ახლობლები არიან. ერთ-ერთის დამფუძნებელია კულტურის მინისტრის ძმა გიორგი რურუა, ასევე ერთ-ერთ გამარჯვებულ კომპანიას ფლობს პარლამენტარ არჩილ გეგენავას ძმა ანდრო გეგენავა. კიდევ ერთის მფლობელები საკრებულოს ნაციონალი დეპუტატები არიან. ერთს - "მაგი სტილი მედიას" კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორი გიორგი გეგეშიძე და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი გიორგი მგელაძე.

"ის კომპანიები, რომლებსაც დედაქალაქის მასშტაბით ჯიხურების ქსელი მონოპოლიზებული აქვთ, ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირში არიან. ეს ფირმები არასამართლიანი წესით იღებდნენ ჯიხურის განთავსების უფლებას, თუ რიგით მოქალაქეს არ შეეძლო მეტროს ამოსასვლელთან, სანაპიროზე ან ძველ თბილისში დაედგა ჯიხური, რადგან ამას ქალაქის მერის ბრძანება კრძალავდა, ეს ბრძანება არ ვრცელდებოდა სხვა კომპანიებზე, მაგალითად "უაიდ დისტრიბუშენზე". მერიაში ჯიხურების თაობაზე შევიდა 1515 მოთხოვნა და დაახლოებით 800 ადამიანს უთხრეს უარი რაღაც მიზეზების გამო. ჩვენ ფილმში გვყავს ექვსი რესპონდენტი, რომლებისც დოკუმენტურად ადასტურებენ, რომ ყველა საბუთი აქვთ წესრიგში, მიმართეს თბილისი მერიას, რომ მიეღოთ რამდენიმე ჯიხურის დადგმის ნებართვა, თუნცა მათ უარი მიიღეს. იურისტები, რომლებიც ამ ფაქტებს სწავლობდნენ, ამბობენ, რომ მათთვის უარის თქმა უკანონო იყო - ამ ადამიანებს მიზეზად უთხრეს, რომ კარგი მაკეტი არ ჰქონდათ, ხან რაღაც დოკუმენტაცია არ ჰქონდათ წესრიგში და რომ "წარმოდგენილი მაკეტი არ შეესაბამებოდა კონკრეტული უბნის არქიტექტურას" და ა.შ.", - დასძენს სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი.

"არადა, "ნუგეშის" ჯიხურებს ჰქონდა ერთი და იგივე მაკეტი და მერიაში წარადგინეს ერთგვერდიანი წერილი, რითაც უპრობლემოდ მიიღეს 80 ჯიხურის დადგმის ნებართვა. შესაბამისად, რიგით ადამიანებისა და ხელისუფლების მიერ წახალისებული კომპანიების მიმართ მიდგომა იყო სხვადასხვაგვარი", - აცხადებს გიორგი მგელაძე და შეკითხვას - "ეს კეთდება ბიზნესის მონოპოლიზაციის კუთხით თუ კიდევ სხვა მიზნებიც არის, მაგალითად, პრესის შევიწროება?" - პასუხობს:

"დღეს გვაქვს რეალობა, რომ ჯიხურები მონოპოლიზებულია. მონოპოლიები აისახება პრესის გავრცელებაზეც. მაგალიტად, თუ 2009 წლამდე თბილისში იყო "პლანეტა ფორტეს", "მაცნესა" და "კვირის პალიტრის" პრესის გამავრცელებელი ჯიხურები, დღეს უკვე თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქუჩებზე ამ ჯიხურებს თითქმის ვეღარ ნახავთ. უმრავლეს ადგილებში ეს ჯიხურები "უაიდ დისტრიბუშენის" გუმბათიანმა ჯიხურებმა ჩაანაცვლეს. ცენტრიდან ეს კომპანიები გააძევეს სხვა კომპანიების ინტერესების ხარჯზე. მე არ გამიჭირდება იმის თქმა, რომ ამ კომპანიებს მერია ლობირებს და სასათბურე პირობებს უქმნის".