მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდება

მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდება


ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მთელს მსოფლიოში მოქალაქეთა შემოსავალს შორის უთანასწორობა თანდათანობით იზრდება. გლობალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც ასე თუ ისე შეინიშნებოდა გასული ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის ღარიბ ფენაზე არცთუ ისე აისახა. 

აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებულ პერიოდში 22 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება საშუალოდ, 10 პროცენტით გაიზარდა. 

განსხვავების განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აშშ-ში, გერმანიაში, ფინეთში, ისრაელში, ლუქსემბურგსა და ახალ ზელანდიაში. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს განსხვავება განსაკუთრებით მაღალია მექსიკასა და ჩილეში. ამ ორ ქვეყანაში მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ნაწილის შემოსავალი ყველაზე ღარიბისას 25-ჯერ აღემატება. აშშ-ში, თურქეთსა და ისრაელში კი მდიდართა შემოსავალი 14-ჯერ მეტი გახლავთ, ვიდრე ღარიბთა. შემოსავლებში შედარებით მცირე განსხვავებაა დანიაში, ნორვეგიაში, ბელგიასა და ჩეხეთში. 

როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანხელ გურიამ განაცხადა, ეს კვლევა ცხადყოფს, რომ მოსაზრება, თითქოს ეკონომიკური ზრდისაგან მოსახლეობის დაბალი ფენა ავტომატურად ხეირობს, სიმართლეს არ შეეფერება. “ახალგაზრდობა, რომელიც მომავალს ვერ ხედავს, თავის უუფლებობას გრძნობს და უერთდება იმ ადამიანთა პროტესტს, რომლებიც თვლიან, რომ კრიზისის მთელი სიმწვავე მათზე გადადის და მაღალშემოსავლიან ფენას იგი თითქმის არ აწუხებს”, - აღნიშნულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მოხსენებაში. 

სოციალური უთანასწორობის ზრდა სხვადასხვა ობიექტურმა თუ სუბიექტურმა ფაქტორმა განაპირობა. მაგალითად, ერთ-ერთი სრულიად ობიექტური მომენტი გახლდათ იმ ადამიანთა სწრაფი ფინანსური აღმასვლა, რომლებმაც ტექნოლოგიების განვითარებისაგან ხეირი ნახეს. მოგეხსენებათ, წარმოებისა და მომსახურების სფეროში მარალტექნოლოგიური პროცესების დანერგვა 1990-იანი წლების დასაწყისიდან დაჩქარდა. ამან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები მოითხოვა, რომლებსაც კარგად გადაუხადეს. შედეგად, განათლების დაბალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები მათ კარგა გვარიანად ჩამორჩნენ. საერთოდ, კველვის ავტორები თვლიან, რომ შემოსავლებს შორის განსხვავების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალიზაციაა. 

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანალიტიკოსთა აზრით, სოციალური უთანასწორობის შემცირება სამი პირობის დაცვის შემთხვევაში შეიძლება. პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს შრომის ბაზრის რეფორმა, რომ მშრომელებისათვის თანაბარი პირობები შეიქმნას. მეორე აუცილებელი ფაქტორი განათლების სისტემის შეცვლა გახლავთ, რომ ყველა მსურველმა მაღალი კვალიფიკაციის მიღება შეძლოს. მესამე პირობა კი მდიდრებიდან ღარიბებზე შემოსავლის გადანაწილებაა, რაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენის განსხვავებული გადასახადებით დაბეგვრით იქნება შესაძლებელი. 

თუმცა, ანალიტიკოსების აზრით მდიდრებს გადასახადები უბრალოდ კი არ უნდა გაუზარდონ, არამედ გააუმჯობესონ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და მდიდარ ფენას გაუუქმონ საგადახადო შეღავათები. გარდა ამისა, სასურველია საგადასახადო ზეწოლის გადახედვა საკუთრების ყველა ფორმაზე, მათ შორის აქტივების გადაცემაზე. გარდა ამისა, ექსპერტების აზრით, მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობის შემცირებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია განათლების სფეროში ინვესტირება, რადგან სწორედ განათლების ხარისხი განაპირობებს მთელს მსოფლიოში უბრალო მუშის დონეზეც კი ხელფასის ზრდას. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ცხოვრების ხარისხის მიხედვით საუკეთესო ქვეყნად ავსტრალია დაასახელა. ავსტრალიელები მუშაობენ ნაკლებს და გამოიმუშავებენ მეტს, ვიდრე ორგანიზაციის დანარჩენი 33 წევრი ქვეყნის მცხოვრებნი. 

ანალიტიკოსებმა პირველ რიგში აღნიშნეს ქვეყანაში განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის მაღალი დონე.