კრიზისმა კარიბის აუზამდე მიაღწია

კრიზისმა კარიბის აუზამდე მიაღწია


მიუხედავად იმისა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში მთლიანობაში მდგრადი ეკონომიკური სიტუაციაა, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა რეგიონს მაინც ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამგვარი გახლავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და პროგნოზი.

კერძოდ, ფონდის ინფორმაციით, მიმდინარე, 2011 წლის შედეგების მიხედვით, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ეკონომიკების ზრდა 4,5 პროცენტი, მომავალ, 2012 წელს კი მხოლოდ 4 პროცენტი იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს რამდენიმე პუნქტით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე ადრინდელი პროგნოზები. 

ამ პროგნოზის გაკეთებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსებმა მოვლენათა განვითარების საბაზო სცენარი აიღეს, რომლის მიხედვითაც, გლობალური ლიკვიდურობის მოცულობა და ნედლეულზე ფასები დაახლოებით ამჟამინდელ ნიშნულზე იქნება. საქმე ისაა, რომ ბაზრებზე არსებული გაურკვევლი მდგომარეობა, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებს უქმნის პრობლემას. ეს იმიტომ, რომ არასტაბილური მდგომარეობისას ინვესტორები თავს იკავებენ ისეთ ქვეყნებში კაპიტალდაბანდებისაგან, რომელთა ეკონომიკები მცირე დივერსიფიცირებისა და შიდა ფაქტორებზე დამოკიდებულების გამო გარკვეულწილად რისკიანად ითვლება. 

ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების ეკონომიკებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს აშშ-ს ეკონომიკის მდგომარეობა. საქმე იმაშია, რომ ეს ქვეყნები ძალიან დიდი დოზითაა დამოკიდებული თავიანთი პროდუქციის ამერიკულ ბაზარზე ექსპორტზე, რადგან სწორედ შტატებია მათი მთავარი და უდიდესი სავაჭრო პარტნიორი. გარდა ამისა, ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნები ზოგადად არიან ექსპორტზე ორიენტირებულები და ნავთობსა და გაზზე, სპილენძსა და სხვა ლითონებზე, სოფლის მეურნეობის და სხვა საქონელზე ფასების ცვლილება მათ შემოსავალსა და მდგომარეობაზე უმალ აისახება. 

ფინანსურ ბაზრებზე სიტუაციის გაანალიზების შემდეგ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეგიონისათვის საკმაოდ სერიოზული რისკები არსებობს. კერძოდ, ევროპის ეკონომიკური კრიზისის გაჭიანურება მთლიანობაში აუარესებს ინვესტორთა ნდობას საკრედიტო ბაზრის მიმართ, რაც ერთობ ცუდ ეფექტს ახდენს განვითარებად ქვეყნებზე. 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფო ვალები აქვს. მართალია, ჯერ მდგომარეობა ახლოსაც არ არის ევროპის სიტუაციასტან, მაგრამ არაერთი მძიმე მაგალითით დაშინებული ექსპერტები მაინც ფრთხილ შეფასებებს აკეთებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საკმაოდ სახიფათოა ამ ვალების გაზრდა, მაგრამ არანაკლებ საშიშია ვალების სწრაფად დაფარვა, რადგან ამან შეიძლება ეკონომიკის გადაწვა გამოიწვიოს. მით უმეტეს, ისეთ ქვეყნებში, სადაც შიდა მოთხოვნილების მაჩვენებელი მაღალი არ არის. ანალიტიკოსთა აზრით, ერთადერთი სწორი გამოსავალი ვალის დოზირებულად, თანდათანობით შემცირებაა. 

ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებისათვის განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იქნება, თუ უახლოეს მომავალში აშშ-ს ეკონომიკა რეცესიაში აღმოჩნდება, ან მსოფლიო ბაზარზე ნედლეულზე ფასები კლებას დაიწყებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რეგიონის ქვეყნები ძალიანაა დამოკიდებული როგორც აშშ-ში ექსპორტზე, ასევე ნედლეულის კარგ ფასად გასაღებაზე. ეს კი იმგვარი მდგომარეობაა, რაც არ შეიძლება გამოსწორებით მოვლენად ჩაითვალოს, რადგან ამას მთლიანი ეკონომიკური მოდელის შეცვლა დასჭირდება, რაც რამდენიმე ათწლეულის საქმეა. ამოდენა დრო კი დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში მსოფლიოში არათუ ლათინური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებს, არამედ არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს.