ნიკო ნიკოლაძე და ნოე ჟორდანია ევროპული ფასეულობების შესახებ

ნიკო ნიკოლაძე და ნოე ჟორდანია ევროპული ფასეულობების შესახებ


ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური და კულტურული კონტაქტების დამყარებას ქართველები ოდითგანვე ცდილობდნენ. საყოველთაოდაა ცნობილი ფარსმან 11 “ქველის” ვიზიტი რომში, გიორგი მთაწმინდელის მცდელობანი წასულიყო “სპანიად” (ესპანეთში), ქართველ მეფეთა და მხედართმთავართა ეპისტოლეები ევროპელი მონარქებისადმი, ირბახისა და სულხან-საბას ვიზიტები ევროპის ქვეყნებში და რომის პაპთან, ვოლტერიანელობა საქართველოში (ლ. ასათიანი), ერეკლე 11 ის შვილიშვილთა მცდელობა ევროპული მართვა-გამგეობის შემოღებისა საქართველოში, ევროპული განათლებისადმი საყოველთაო სწრაფვა და ინტერესი.

 მართალია მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, მაგრამ ევროპული ცივილიზაციის ტალღები რუსეთის გავლით ჩვენთან მაინც აღწევდა.

კონსტანტინე გამსახურდია ქართველობის კულტურულ მისიად სავსებით სწორად მიიჩნევდა დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზს და მათ დამყნობას ეროვნულ ნიადაგზე სათანადო გადამუშავების და გაანალიზების შემდეგ. მართლაცდა, ჩვენში არის როგორც ევროპული ფასეულობანი, ასევე საკმაოდ ვართ დავალებულნი აღმოსავლეთიდანაც, წმინდა სახით კი არც ევროპელები ვართ და არც აზიელები.

 ილია ჭავჭავაძე ნატრულობდა ევროპაში მიმდინარე “ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა” გაეგონა საქართველოში და მათებურად მოეწყო ქვეყანა.

 ჩვენ ქვემოთ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ ნიკო ნიკოლაძის და ნოე ჟორდანიას შეხედულებებს საქართველოს ევროპეიზაციასთან დაკავშირებით.

 დიდი ქართველი მოაზროვნე ნიკო ნიკოლაძე ჩვენ შეგვიძლია თანაბრად დავაყენოთ მისი ეპოქის უდიდესი ევროპელი მოაზროვნეებისა და გრანდების გვერდით.

 მან ევროპაში მრავალი წელი დაჰყო, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია განიარაღების საკითხებზე, იცნობდა ევროპის ელიტას – კულტურისა და ბიზნესის მოღვაწეებს, ნერგავდა ევროპის ტექნიკური და სამეცნიერო სფეროების მიღწევებს საქართველოში, პატივს სცემდა ევროპულ ცივილიზაციას, მაგრამ არასოდეს ავიწყდებოდა თავისი ბედკრული ქვეყანა, ყველგან მის სამსახურში იდგა და მისი სიყვარულით სულდგმულობდა: “მე დამივლია ევროპა, - წერდა იგი, და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა”(1,94)

 ნიკო ნიკოლაძე პირველი იყო ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელმაც მანამდე ჩვენთვის უცხო ევროპული პრაგმატულობა და რეალიზმი, არამეტაფიზიკური აზროვნება დანერგა ქვეყანაში.

  დღესაც უაღრესად აქტუალურია ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ერმა სამომავლოდ: “როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში” - წერდა იგი. (1,104)

ნიკო ნიკოლაძე კარგად ხედავდა, რომ ევროპის მოწინავე ერები განვითარების ეროვნულ მოდელს ჰქმნიდნენ, ამასთან ითვალისწინებდნენ უცხოურ დადებით გამოცდილებასაც.
ნიკოლაძე ასევე სწორად მიიჩნევდა, რომ შეუძლებელი იყო უცხოელს, თუნდაც გენიოსს, ქართული სპეციფიკის არმცოდნეს, ქვეყნისათვის ზუსტად მისადაგებული განვითარების რეცეპტი მოეძებნა – ეს საქმე მას ქართველთა გასაკეთებლად მიაჩნდა და ხაზგასმით აღნიშნავდა კიდეც: “ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”(1,270)

 ნიკო ნიკოლაძე ევროპული ტრადიციით ქვეყნის შინაგანი საქმეების პირველ რიგში მოგვარებას მთავარ პრიორიტეტად სახავდა და წერდა: “მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს” _ აღნიშნავდა ის.(1,181)

 ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება”(1,300) და რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის. თავის ცნობილ ნაშრომში “კოშუთი და დეაკი” მან ერთმანეთს შეადარა ეს ორი ცნობილი უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე და მათი ტაქტიკა უნგრეთის ეროვნული სუვერენიტეტისათვის რთულ და ძნელ ბრძოლაში. კოშუთი აჯანყების გზით, იარაღითა და სისხლისღვრით ცდილობდა სამშობლოს განთავისუფლებას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ამ მიზნიდან დაშორება. უფრო რეალური და წარმატებული გამოდგა დეაკის საპირისპირო, პრაგმატული ტაქტიკა – რეფორმების გზით მშვიდობიანი ბრძოლის გზა, რამაც უნგრეთს ნაბიჯ-ნაბიჯ ეროვნული სუვერენიტეტი მოაპოვებინა. მხარს უჭერდა რა დეაკის ტაქტიკას, ნიკო ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის (დამოუკიდებლობის - ვ.შ.) გადასაწყვეტად”. (1,297).

 ნიკოლაძის აზრით საქართველოში ევროპისგან განსხვავებით ადგილი ჰქონდა ქვეყნის ბედისადმი ადამიანთა გულგრილობას, თაობათა მეტისმეტ დაპირისპირებას და მემკვიდრეობითობის ნაკლებად დაცულობას: “ევროპული წესის თვისება – წერდა იგი, ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს”.(1,273)

 აანალიზებდა რა ჩვენი ქვეყნის რთულ და მძიმე ისტორიულ წარსულს და თანამედროვეობას, ნიკოლაძე ამადაც თვლიდა, რომ “უცხოელების შემოსევის გარდა ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ და მდგომარეობამ დაასუსტა, დააუძლურა”. ქართული მენტალიტეტის, ტრადიციების და ცხოვრების წესის უკუგდება უცხოურის უკრიტიკოდ და უნიადაგოდ მიღების ხარჯზე, ეროვნულ ქურაში გაუტარებლად ნიკო ნიკოლაძეს მიუღებლად მიაჩნდა და გულისტკივილით წერდა: “რასაც პეტრე პირველმა– გენიოსმა – რუსეთი ძალით ვერ შეაჩვია, ჩვენში ერმოლოვმა – დიდმა და ჭკუიანმა ვერ მოახერხა, – ის რუსებს ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით და ოსტატობით შეაპარა, შეაპარა ბრმა, მაიმუნური, გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნელების ზნისა და ცხოვრებისა”.(1,142)

 ნიკოლაძის აზრით ძალდატანებით სამოთხეში ვინმეს შეყვანა არ შეიძლება. იგი სავსებით სწორად თვლიდა, რომ ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წეს-წყობილება ეროვნული ტრადიციების, ფსიქიკის, ზნე-ხასიათის, გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვისად უნდა მოეწყოს და რომ ძალდატანებითი რუსიფიკაცია (გინდაც ევროპეიზაცია) შედეგს არ მოიტანდა: “ყველა ხალხს საკუთარი განსაკუთრებული ხასიათი და ზნე აქვს, რომ რუსს ვერავინ გაანემეცებს, ქართველს ვერა კაცი გაარუსებს. შესაძლებელია ქართველს ჩოხის მაგიერ ზიპუნი ჩააცვა, ბოხოხის მაგიერ – შაპკა დაახურო, ქალამნის მაგიერ – წაღა მისცე, მაგრამ ხასიათი და ზნე, სისხლი და ბუნება კი მაინც ქართველის დარჩება.და როცა ამ ბუნებას ძალას დაატან, როცა მოინდომებ, რომ რუსმა ფრანცუზსავით იხტუნოს, ან ნემეცსავით იშრომოს ან ქართველი რუსსავით გეყმოს, მაშინ ხიფათს შეეყრები, საქმეს წაიხდენ, ქვეყანას ავნებ”_ მიუთითებდა იგი.(1.142-143)

 ქვეყნის ევროპეიზაცია ნიკოლაძის აზრით შეუძლებელი იყო, თუ ხალხის შრომას მიზანდასახული ხასიათი არ მიეცემოდა, რაც მის სწორად ორგანიზაციას გულისხმობდა: “დიდი უბედურებაა ხალხისთვის –წერდა იგი, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად, უგზო – უკვლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისაკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რაგინდ გონიერი იყოს, მარტოსულად ვერ მოერეოდა, და ვერც ათასი ან ათი ათასი გენიოსი, ცალ-ცალკე მშრომელი, ვერ გაარიგებდა”.(1,176-177)

 ქვეყნის ევროპეიზაციისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე ნიკოლაძე მკაცრად აკრიტიკებდა ქართველებში ფესვგამჯდარ აზიურ ინერტულობას და ცრუ ილუზიებს, სხვის მოიმედეობას და იოლი გამდიდრების განწყობილებას: “ ჩვენს საზოგადოებაში, მიუთითებდა ის, ყველა დარწმუნებულია, რომ შველა ჩვენ ერთ მშვენიერს დილას ჩამოგვიფრინდება, ისე, რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დაგვჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის.”(1,98)

 იგი აქცენტს აკეთებდა უმთავრესად საკუთარი ძალებით, შრომით და რესურსებით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არ ხდება: “ ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას. კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლისღვრით შეუძენია. ნაპოვნი და ნაწყალობევი კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო” – წერდა იგი.(1,99)

  შესაბამისად, ამოცანა, ნიკოლაძის თქმით, მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპული წესისამებრ “ ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ... მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, – მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენ ხალხს და დამხმარებელიც”(1,183), ხოლო თუ ჩვენ კვლავ სხვის იმედზე და დახმარებაზე დავამყარებთ მომავალს, ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, მაშინ კაპიტალიზმის ულმობელი კანონების საფუძველზე ჩვენი მომავალი პერსპექტივა ძალზე არასახარბიელო იქნება, მიაჩნდა ნიკო ნიკოლაძეს და წერდა კიდეც მოურიდებლად: “ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ან ინდო ჩინეთივით ძარცვას დაუწყებენ (იგულისხმება დამოუკიდებლობის შემთხვევაში)”.(1,304)

 ძალზე საინტერესოა ნიკო ნიკოლაძის შეხედულებანი პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. იგი თვლიდა, რომ “პოლიტიკა ახალ მოდური შლიაპკა კი არაა, რომლის ცვლა ჩვენს ქეიფზე კიდია, ისეთივე ტრადიციული, უცვლელი, მამაპაპური განძია, როგორც ენა, ეროვნება, სარწმუნოება”(1.305) ნიკოლაძე აქ ერთმანეთს ადარებს ევროპულ პარტიებსა და პოლიტიკოსებს ჩვენსას. იგი მიუთითებს, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში “ყველა პოლიტიკური პარტიის კადრი და შტაბი სხვადასხვა სპეციალისტების საჩინო მოღვაწეებისაგან არის შემდგარი. პარტიებს იქ მეტად რთული სასიცოცხლო საქმეები მორიგათ უდგათ წინ, რომლის მართვა ერთობ მარჯვე ღონისა და ცოდნის მოხმარებას თხოულობს, ამიტომაც მეთაურებს გავლენის შერჩენა როდიღა შეუძლიათ მარტო ფრაზების რახა-რუხით, ან მიუწვდომელ სიმაღლისაკენ ფრთების ფართხალით”.(1,296) აანალიზებდა რა ქართულ რეალობას, ნიკოლაძე მიუთითებდა, რომ “საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მომზადებული ადამიანები, რომლებიც ამ საქმიანობისთვის საჭირო ცოდნითა და ნიჭით იყვნენ აღჭურვილნი, ჩვენში ძლიერ ცოტაა; სამაგიეროდ, უფრო დიდი რაოდენობით გვყვანან სავსებით მოუმზადებელნი პირნი, რომლებსაც ბრწყინვალე საზოგადოებრივი მდგომარეობის უზომო მადა აქვთ, მაგრამ სრულებითაც არ გააჩნდათ არც მშვიდი ანგარიშიანობა, არც გამძლეობა, არც უნარი, რომ საკუთარი ძალ-ღონით და მეტ-ნაკლებად რიგიანი უწყინარი საშუალებებით მიაღწიონ თავიანთ მიზანს... კიდევ უფრო ნაკლებად გვყვანან ფანატიკოსები, რომლებიც იკისრებდნენ საზოგადოებრივ მოღვაწეთა რკინის ბორკილების ტარებას. რაკი სხვა ტიპის მოღვაწენი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ ბურთი და მოედანი რჩება ხოლმე სათნო აზიზ-მაზიზებს ერთ მხრივ, და არაკეთილსინდისიერ ინტრიგებისა და მოანგარეებს”.(1.290)

 შესაბამისად ეს განაპირობებდა ხოლმე იმას, რომ ასეთი “პოლიტიკოსები” “ეროვნული საქმეების და იდეალების” საბაბით სასაკლაოზე წაიყვანდნენ ხოლმე ხალხს. ამიტომაც მიუთითებს ნიკოლაძე, რომ “მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. “ამბოხება დავიწყოთო” – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას – ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს?”(1,293-294)

  ასეთი ლიდერების და მოღვაწეების” ჩამოყალიბებაში ნეგატიურ როლს ჩვენი საზოგადოებაც ასრულებდა მისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებებით, როგორიცაა უდარდელობა, მლიქვნელობა, სერვილიზმი, პანეგირიკი (ანუ “ყიზილბაშობა, როგორც ამ თვისებებს უწოდებდა ილია).

 “გასაგებია ისეთი საზოგადოების მავნებლობა, – აღნიშნავდა ნიკოლაძე, – სადაც თქვენს აზრებს ბრმად იმეორებენ და სადაც კრიტიკული დამოკიდებულების ნაცვლად ხოტბას გასხამენ. ასეთ ვითარებაში ადამიანის გონებას ეუფლება ძილი და იგი სულ უფრო ნაკლებს და ნაკლებს მუშაობს საკუთარ თავზე”. ევროპისაგან განსხვავებით, საქართველოში “ სადაც ყველაფერი მარტო ერთ კაცზე ტრიალებს, – წერდა ნიკოლაძე, და არა დაწესებულებაზე, ის კაციც ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ და სხვა არავინო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასო. ქვეყნის, იდეალის ხსენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. დესპოტის სამსახური და ქვეყნის ან იდეალის სამსახური დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან”.(1.223)

 საინტერესოა ნიკო ნიკოლაძის მოსაზრებანი განვითარების რევოლიციური და ევოლუციური გზების შესახებ. ნიკოლაძე რევოლუციის მომხრეც იყო და ევოლუციისაც, ოღონდ გააჩნდა ქვეყანას, ხალხს და ვითარებას: “რევოლუციაც– ქინაქინის არ იყოს, _ წერდა ის, – ზოგან რგებს, ზოგჯერ ვნებს. საფრანგეთში გამოდგა, ოსმალეთში არა; არ გამოდგა იმიტომ, რომ ხალხი დაუმზადებელი ყოფილა ცვლილებებისათვის, მორიგ საქმეებზე ერთი აზრი, ერთი რწმენა მას არ ჰქონია”.(1,291) 
რა შემთხვევაში მოაქვს რევოლუციას დადებითი შედეგი? ნიკოლაძის აზრით “ფიქრი იმაზე, რომ რევოლუცია შეიძლება უწოდო მხოლოდ ნგრევას და არა შეცვლას არსებული პოლიტიკური ორგანიზაციისას, ნიშნავს უდიდეს შეცდომას. ნგრევა ახლის შექმნის გარეშე, არ არის რევოლუცია. ანარქიას ყოველთვის მივყავართ რეგრესიამდე და არა პროგრესამდე. ერთი რეჟიმის შეცვლა მეორეთი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სათანადოდ მომზადებული იქნება პროგრამა და გეგმა, აგრეთვე კადრები ახალი ხელისუფლებისათვის”. (პირადი არქივი, საბუთი 15-18, გვ.7-8)

  ნიკო ნიკოლაძე მაინც ევოლუციური განვითარების გზას ანიჭებდა უფრო უპირატესობას. რევოლუციის და სისხლისღვრის გარეშე ერის სწრაფი აღორძინების მაგალითად მას იაპონია მიაჩნდა და ქართულ საზოგადოებას გაუანალიზა კიდეც მისი წარმატების მიზეზები.

  ნედლეულითა და სხვა სახის რესურსებით სიმწირის მიუხედავად იაპონიის ასე გაძლიერება, ნიკოლაძის გონივრული მოსაზრებით, ევროპულად შრომის ჭკვიანურმა ორგანიზაციამ და საშემსრულებლო დისციპლინამაც განაპირობა, რაც მას ასევე სანიმუშოდ მიაჩნდა და იაპონიის მსგავსად საქართველოს დაწინაურებაზე ოცნებობდა. ამასთან დაკავშირებით იგი ხაზს უსვამდა, რომ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა როდი ჰქონდა ქვეყნის სიდიდეს და მოსახლეობის მრავალრიცხოვნებას, არამედ სამეცნიერო – ტექნიკური პროგრესის, ახალი ტექნოლოგიების სწრაფ დანერგვას: “ძალა და ძლევა რიცხვსა და სივრცეს კი არა, ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესს და დისციპლინას”(1,272) – წერდა იგი და მართლაც, დღეს უზარმაზარი და ნედლეულით უმდიდრეს რუსეთზე გაცილებით წინ არიან პატარა ევროპული ქვეყნები – ისრაელი, ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია და სხვ. რომლებმაც განავითარეს საწარმოო ძალები, ტექნიკა, განათლება და დისციპლინა.

  ამასთან ნიკო ნიკოლაძე, როგორც რეალისტი, აფრთხილებდა ქართველ საზოგადოებას, რომ განვითარებული ქვეყნების უცბად დაწევა ჩამორჩენილთათვის, მონდომების მიუხედავად, ასე იოლი არ იქნებოდა და საკმაოდ დრო დასჭირდა: “რა გზაც ხუთს, ექვს ან ოც ხალხს ოთხი ნაბიჯით გაუვლია, მას ვერც ერთი ხალხი ერთი გადახტომით ვერ გაივლის – გვასწავლიდა იგი”.(1,141)

 საქართველოს აღორძინების უმთავრეს პირობად ნიკოლაძე მის ეკონომიკურ განვითარებას მიიჩნევდა და ამის მისაღწევად კი აუცილებლად მიაჩნდა ევროპული სწავლა, თავჩაუხრელი შრომა, პასუხისმგებლობა და თვითგანვითარება, შინაგანი თანხმობა, ამასთან იგი თვლიდა, რომ “სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხი მეწველი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება... ქვეყანაზე არც ძალა არსებობს ისეთი, რომ მხოლოდ სასარგებლო იყოს, ან მარტო მავნებელი– მისი სიცუდე და სიკარგე ხმარებაზე ჰკიდია. მცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც კი მკურნალობს, და უტვინო ბავშვი რძის საჭამადშიც დაიხრჩობა”.(1,140)
 
ნიკო ნიკოლაძე თავის სამშობლოს ემსახურებოდა არა მხოლოდ ნიჭიერად დაწერილი ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილებით, არამედ დაუღალავი და მრავალმხრივი ნამდვილად ევროპული სტილის პრაქტიკულ-სამეურნეო საქმიანობით. მისთვის ცხოვრების უმთავრესი აზრი იყო ქართული საქმის კეთება და ამიტომაც უწოდა მას არჩილ ჯორჯაძემ “ულმობელი საქმის კაცი”. 50 წლის განმავლობაში საქართველოში არ გაკეთებულა რამე მნიშვნელოვანი საქმე, რომელშიც მას აქტიური მონაწილეობა არ მიეღოს და არ ემეთაუროს.

 ნიკო ნიკოლაძემ ფოთის ქალაქის თავად ყოფნის პერიოდში დააარსა ევროპული ტიპის ბანკი. ქართულ სინამდვილეში პირველმა მან დაბეჭდა ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები და მთელი შემოსავალი ფოთის კეთილმოწყობას, პორტის ელექტროფიკაციასა და მექანიზაციას მოახმარა, რაც უპრეცედენტო ნოვატორული ნაბიჯი იყო მაშინ საქართველოში. ნიკო ნიკოლაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-21 წლებში გერმანელ დიპლომატებთან საუბარში წამოაყენა იდეა ევროპის შორეულ აღმოსავლეთთან ვაჭრობის ფოთის პორტზე გატარების თაობაზე (ბერლინი-ფოთი-პეკინი), რაც ფაქტიურად დღეს უკვე ხორცს ისხამს ევრაზიული დერეფნისა და აბრეშუმის გზის სახელწოდებით.

 ნიკო ნიკოლაძე ქვეყნის აღორძინების საქმეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აქტიურ, შემოქმედებით მიდგომას, პრობლემების სწორად დანახვას. იგი გულისტკივილით მიუთითებდა, რომ “რაც ჩვენი მომავლისთვის საჭიროა, იმას როდი ვიკარებთ, მაგიერათ მავნებელს კი გულში ვიხუტებთ”.(1,176) მისი აზრით უმნიშვნელოვანესი ეროვნული საქმეების გადაწყვეტისას აუცილებელია სერიოზული სიფრთხილის გამოჩენა, კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს ყველაფერი, რა გვინდა, რა შეგვიძლია და მერე გამოვთქვათ ის ხმამაღლა: “აწონილ– დაწონილი უნდა გვქონდეს თავისი და მოპირდაპირის გარემოება, – წერდა ის, – რომ სირცხვილში არ ჩავარდე და რაც გაბადია, ისიც არ დაკარგო”.(1,192)

 საინტერესო თვალსაზრისი ჰქონდა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესზე ნოე ჟორდანიას. თავის ნაშრომებში “მოამბე” “ივერია” და “ეროვნობა” (1895), ასევე “გაზ. “ივერია” და ეროვნობა” (1897), “ევროპა და კაცობრიობა” (1943) და სხვებში ნოე ჟორდანიამ ჩამოაყალიბა საქართველოს ევროპეიზაციის თავისი კონცეპცია.

 1895 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში “მესამოცე წლების მოღვაწენი და დღევანდელი ცხოვრება” ნოე ჟორდანია წერდა: “ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც ერთი ევროპული ხანა – ფეოდალური, უკვე გავიარეთ, ევროპა ვერას დაგვაკლებს. ის ჩვენი მტერი არ არის, პირიქით, ის არის სისხლი სისხლთაგანი ჩვენი და ხორცი-ხორცთაგანი ჩვენი. ჩვენ ჩვენითვე ვევროპიელდებით და მაშასადამე, მის გვერდით, მასთან შეკავშირებით უნდა ვიცხოვროთ. ქართველობამ თვითონვე უნდა განავითაროს ძალა, აღიძრას ენერგია, გაანაყოფიეროს შრომა. თვითმოქმედება, თვითმოძრაობა, თვითაზროვნება – აი, რა უნდა ეწეროს მის დროშაზე. ყველა ის, რაც ამ გზაზე გვაბრკოლებს, ძიძაობას გვიწევს, ასპარეზს გვივიწროებს, გვაძინებს, გვაზარმაცებს – აი ეს, ჩვენი პირდაპირი მტერია, მომავლის ორმოს ამომთხრელია”(2,196) (ანალოგიურად მსჯელობდა ილია ჭავჭავაძე, როცა მიუთითებდა, რომ “ხალხი თვითმოქმედებით არის მხოლოდ ძლიერი და ნაყოფიერი სულით თუ ხორცით. რაც მალე დავიჯერებთ ამ ჭეშმარიტებას, რაც მალე შევითვისებთ, მით მალე გამოვიხსნით თავს ამ გაჭირვებიდან, რომელშიც სასოწარკვეთილებით დღეს ვიმყოფებით.. გვეყო, ბატონებო, ჩვენის აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება.. სხვა გზა არ არის, ჩვენის ცხოვრების შარაგზა ჩვენვე უნდა გავიკაფოთ, ბედი და უბედობა ხელთ უნდა ვიგდოთ” – ესაა ევროპული მიდგომის და აზროვნების ნიმუში).

 ნოე ჟორდანიას კარგად ესმოდა, რომ გაევროპელება მოწოდებით და თეორიის დონეზე როდი ხდება, ამიტომაც მიუთითებდა, რომ “ვერც ერთი ხალხი ვერ ევროპიელდება გონებით, პოლიტიკურათ, თუ ის ვერ ევროპიელდება ცხოვრებით, ეკონომიურათ”.(3.114)

 ნოე ჟორდანიასათვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას ქართველი ხალხის “გაევროპელება” შესაძლებლად მიაჩნდა მხოლოდ ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე და ქართული ცხოვრების წესზე დაყრდნობით და არა ყოველივე ევროპულის ბრმად და ხელოვნურად გადმოღების გზით: “გაევროპელება, – წერდა იგი, წარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე. სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ევროპა, ქართველობა და ევროპიელობა – აი, რა წერია ახალ დროშაზე”(3.114)

 ნოე ჟორდანია კარგად აცნობიერებდა იმასაც, რომ “ქართველი ხალხი მარტო პოლიტიკით ვერ დაკმაყოფილდებოდა... ამასთანავე საჭირო იყო სხვა რამეც, უმთავრესად კულტურა. ქართველობა აღიზარდა სპარსულ-ოსმალურ-რუსული კულტურის გავლენის ქვეშ, თუმცა ამასთანავე თავის ორიგინალურ ტრადიციებსაც მამაცურად იცავდა, მაგრამ მას არ ჰქონდა წარმოდგენა ევროპის კულტურაზე, საითკენაც გვინდოდა მისი მიდენა”(4,29-30)
 ევროპაში სწავლის, მერე კი იძულებით ემიგრაციაში ყოფნის დროს ჟორდანია კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ “ევროპის გზა მსოფლიო გზაა, ახლა ისტორიას სხვა გზა არ გამოუგონია და თავისთავად მისახვედრია ჩვენი მასზე შედგომა. ეს დაგვიანება ჩვენთვის შეიძლება დიდად სასარგებლო გამოდგეს, თუ მას სწორი შეხედულებით მიუდგებით და მის მაგალითს გამოვიყენებთ.”(5,15) მართალია ევროპულ გზაზე დადგომას ნოე ჟორდანია აუცილებლად თვლიდა, მაგრამ ამასთანავე დიალექტიკურად უდგებოდა ამ საკითხს –კარგად უნდა დავკვირებულიყავით, თუ რა მიგვეღო ევროპიდან და რა – არა: “რაკი ჩავდექით ევროპის ფერხულში, ვიცით რას ვაკეთებთ, საითკენ მივემართებით, მაგალითი გადაშლილია. ჩვენი მოვალეობაა, წმინდა მოვალეობაა მხოლოდ ერთი: ვიყოთ თვალხილული, გავარჩიოთ ავი და კარგი, მივიღოთ მისაღები და უარვყოთ უარსაყოფი.
 უეჭველად მისაღებია ევროპის შრომის საშუალებანი, მისი ტექნიკა, მისი მეცნიერება, მისი ნივთიერი და სულიერი კულტურა. არაა მისაღები მთელი ამ განძის ცალმხრივი, ეგოისტური ხელმძღვანელობა, მისი კერძო ინტერესების იარაღად გადაქცევა, ერთი ჯგუფის ხელში დატოვება და მის გასამდიდრებლად და ხალხის გასაძარცვად გამოყენება... ჩვენ გვინდა ვიყოთ ევროპიელი, მაგრამ არა ერთი-მეორის მტერი და მჩაგვრელი, არა დაბრმავებული და უტიფარი” (5,16).

 ამ თვალსაზრისით განიხილავს ქალთა ე.წ ემანსიპაციის გენდერულ პრობლემას ნოე ჟორდანია. მას არ მოსწონს ის, რაც ამ მიმართებით ევროპაში და მსოფლიოში ხდებოდა (და რაც ხდება). იგი წერს, რომ “ქალის პატივი მომდინარეობს შვილის პატივისგან, ე.ი იქ, სადაც შვილს და კარგი შვილის ყოლას დიდათ აფასებენ, მას ნატრულობენ, მას შეტრფიან - იქ ქალი პატივშია, იქ მისი ავტორიტეტი დიდია. ასეთი ქვეყანა იყო უეჭველათ საქართველო. იქ, სადაც შვილი ეყოლება თუ არა, ფასს არ აძლევენ, იქ ქალსაც ფასი არა აქვს. ახლა ლამაზ ქალს ეძებენ არა ლამაზი შვილისთვის, არამედ სიამოვნებსითვის, მოდგმის გავრცელების საკითხი სავსებით შეიცვალა დღეს. პატარა ერისთვის მაინც ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთი გაევროპელება ქართველ ერს დიდ სასიშროებას უქადის”(6,92)

 ნოე ჟორდანია კარგად ხედავდა იმასაც, რომ გლობალიზაციის პროცესები სერიოზულ საფრთხეებს უქმნიან პატარა ერებს, ქართული ცხოვრების წესს და არსებობასაც კი. იგი აფთხილებდა შთამომავლობას, რომ დიდი ერების ასე დაუფიქრებლად მიბაძვა და “ამჩატება” კარგს არაფერს მოუტანდა საქართველოს: “განათლებულ” ერებში,– წერდა იგი,– თანდათან იკარგება ბუნებრიობა და ფეხს იკიდებს ხელოვნური კომბინაციები. გამაოგნებელი, არაბუნებრივი შეხედულებები, მოდები და ფანტასტიური გეგმები. მთელი ქალთა სქესი არამშრომელებისა დღეს ირევა ვიწრო ტანადობის შენარჩუნებაზე, არ ჭამს, თავს ძალით იმჭლევებს, ექიმებიც კი ეხმარებიან ამ საქმეში; სრულიად არავინ ფიქრობს მის შედეგებზე, როგორც მათთვის, ისე მათი შვილებისთვის. წამოყენებულია პირველ რიგში პირადი “მე”, მის სიამოვნება და დროსტარება. ყველა სხვა მხარე ცხოვრებისა უკანაა დაყენებული, ამათ შორის მოვალეობა ოჯახის, შთამომავლობის მიმართ. საზოგადოთ, ყველა უფლებას ეძებს, მოვალეობას უკუაგდებს. მოვალეობა გამოცხადებულია უბედურებათ, უფლება– ბედნიერებათ. ჩვენ პატრიარქ ქართველ ერს არ მართებს აყვეს ავში ამ ხალხებს, რომელნიც დიდი ხანი არ არის, რაც ისტორიის ასპარეზზე გამოვიდნენ და მიქროლავენ ცის ქვეშ, საითკენ – თვითონ არ იციან”(6.149)

 თავის მოგონებებში დავით სარაჯიშვილზე ნოე ჟორდანიამ მოგვცა “ევროპელი ქართველის” სანიმუშო ტიპი: “ ის იყო პირველი ქართველი მრეწველი ევროპული ტიპისა. ერთხელ მან მითხრა: “ძნელია ჩვენში ეკონომიურად წინ წაწევა, როგორც კი ერთი ცოტაოდენ ქონებას შეიძენს, ასი მშიერი უკან დასდევს და სანამ არ გახრავენ, თავს არ დაანებებენო. ასეთ პირობებში მართლაც დიდი პრაქტიკული ნიჭია საჭირო, რომ შემოსეულ ხროვას გაუძლო და შეძლება გონიერად მოიხმარო”. დავითი რომ წმინდა ქართველი მრეწველი ყოფილიყო, კაი ხანია ქართველურად დაამთავრებდა – მისი შეძლებისგან არაფერი დარჩებოდა. მხოლოდ ევროპელ კაცს შეეძლო ყველა მადლიერი ჰყოლოდა და თანაც შეძლება არ გაეფლანგა. შეაერთეთ ქართული გულკეთილობა და პურ-მარილი ევროპულ საქმიანობასთან და მიიღებთ დავით სარაჯიშვილს. ამ პიროვნებაში სამაგალითოდ შეზავდა საქები ქართველობა და საქები ევროპიელობა. და მე მგონია ქართველის გაევროპელება სწორედ ამ გზით უნდა მოხდეს, როცა თითოეული ჩვენგანი ისწავლის ევროპიულ მუშაობას, ევროპიულ საქმიანობას და თან ნაციონალურ ხასიათს არ დავკარგავთ – ჩვენი გაევროპელება ფაქტი იქნება. დავით სარაჯიშვილი ქართველი ევროპიელი იყო” (8,345).