ნანა ფიცხელაური, "ქართული სიტყვა"
“კარგად მახსოვს, ეროსი კიწმარიშვილი ერთი თვის წინ სწორედ ბიძინა ივანიშვილზე ყიდდა თავის “რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” 1 ლარად. მთელ ამ ამბავში ჩემთვის ნათელი ისაა, რომ ეროსის რაღაც ფორმით უნდოდა, ივანიშვილთან კომერციული კავშირი დაემყარებინა - მისთვის ან ტელევიზია მიეყიდა, ან მმართველი კომპანია. მოკლედ, ყოფილიყო ამ საფინანსო გარიგებაში. ეს იყო მისი ამოცანა და რა მიიღო ეროსიმ? რა და, - საკუთარი სახელის დისკრედიტაცია, ხელში ვერ ჩაიგდო ტელევიზია და პარტია დაეშალა... მოკლედ, მაგარ შარში გაეხვა ეროსი”, - ამბობს “ქართულ სიტყვასთან” საუბარისას კავკასიის საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე.
.
- ბატონო მამუკა, იმაში, რაც “მაესტროს” გარშემო ხდება, მავანნი მამუკა ღლონტს ადანაშაულებენ, რატომ მოიყვანე პარტნიორად ცნობილი ავანტიურისტიო...
- სამი წლის წინ “მაესტრო” ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ საერთოდ არ ჰქონდა განვითარების საშუალება. სულაც არაა მამუკა ღლონტი ჩემი ახლობელი და შეიძლება, მისი ბევრი რამ არც მომწონს, მაგრამ მან დახმარება უამრავ ორგანიზაციას სთხოვა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ ჰქონდა და ვინც შესთავაზა დახმარება, იმისგან მიიღო, თანაც, ერთის მხრივ, ეროსი კიწმარიშვილი არაა გამოუცდელი, პირიქით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო მენეჯერია, ანუ მამუკასთან მივიდა საუკეთესო მენეჯერი და პლუს ადამიანი, რომელმაც თქვა, თანხებს მოვიზიდავო. ამიტომაც გაიხადა პარტნიორად.
- დღეს ბევრს ლაპარაკობენ, რომ კიწმარიშვილის ქმედება ხელისუფლებისგან იყო ინსპირირებული. თქვენც ასე ფიქრობთ?
- არა. მგონია, რომ ყველაფერი ეროსიმ მოიფიქრა და ხელისუფლების ერთი ნაწილი, ალბათ, საქმის კურსში ჩააყენა. მათაც, ალბათ, იფიქრეს, რატომაც არა, თუ ეს ამბავი გამოვა, მინიმუმ, გამოიწვევს დაძაბულობას ოპოზიციურ ძალებს შორის და, მაქსიმუმ, ამას შეიძლება, ტელევიზიის დახურვა მოჰყვესო. თუ მოვლენები ისე განვითარდებოდა, რომ ესენი ხელჩართულ ჩხუბში გადავიდოდნენ, ხელისუფლებას აბსოლუტურად თავისუფლად შეეძლო, “მაესტროს” ლიცენზია შეეჩერებინა და ეთქვა, მტყუან-მართალისასამართლომ უნდა გაარკვიოსო. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ეროსის არ ენდობოდა, რადგან მან კარგად იცოდა, რომ მის მიზანი - ტელევიზიის გაჩერება და ეროსის მიზანი - ტელევიზიის მუშაობის გაგრძელება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამიტომ იყო ხელისუფლების მხარდაჭერა ნომინალური. სწორედ ამან განაპირობა კიწმმარიშვილის მარცხი. ხელისუფლებამ კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ეროსის ბოლომდე არ ენდო. ეროსის კი უნდოდა, რომ ერთდროულად რამდენიმე კურდღელი მოეკლა - დამფუძნებლებისთვისაც მოეგო და ხელისუფლებისთვისაც.
- კიწმარიშვილი თავის საქციელს პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ხსნის და ამბობს, ცნობილი მეცენატი და მამუკა ღლონტი კულუარულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ჩემს “გადაგდებას” აპირებდნენ და ივანიშვილმა ხელისუფლებაზე კი არ მიიტანა იერიში, სამიზნედ მე ამირჩიაო...
- გავრცელდა “მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მაკა ასათიანის განცხადება, სადაც წერს, რომ ეროსიმ გადარიცხული ფულიდან 500 ათასი დოლარი მოიპარა. კარგად მახსოვს, რომ ერთი თვის წინ, კიწმარიშვილი სწორედ ბიძინა ივანიშვილზე ყიდდა თავის “რუსთავის მედიის მართვის” კომპანიას 1 ლარად. მთელ ამ ამბავში, ჩემთვის ისაა ნათელია, რომ ეროსის რაღაც ფორმით უნდოდა, ივანიშვილთან კომერციული კავშირი დაემყარებინა - მისთვის ან ტელევიზია მიეყიდა, ან მმართველი კომპანია. მოკლედ, ყოფილიყო ამ საფინანსო გარიგებაში. ეს იყო მისი ამოცანა და რა მიიღო ეროსიმ? რა და, - საკუთარი სახელის დისკრედიტაცია, ხელში ვერ ჩაიგდო ტელევიზია და პარტიაც დაეშალა... ეროსი ძალიან კარგად თამაშობს თავის როლს პიარის თვალსაზრისით, თორემ ტექნიკურად წაგებულია და თუ დაუმტკიცდა, რომ 500 ათასი მართლა მოიპარა, მისი საქმე ძალიან ცუდად დამთავრდება.
- მანამდე უნდა ვივარაუდოთ, რომ ორი “მაესტრო” იარსებებს?
- ვერ იარსებებს იმიტომ, რომ ეროსიმ ტექნიკურად თუ ვერ მიიღო სიხშირე, ეთერში ვერ გავა. მარეგულირებლის განცხადება მოწმობს, რომ ჯერჯერობით არავინ აპირებს ღლონტისეული “მაესტროსთვის” სიხშირის ჩამორთმევას. თავისუფალი სიხშირის მიღებას კი, დრო სჭირდება - ორი-სამი თვე. ამასობაში, ყველას დაავიწყდა სახლის პატრონი, სადაც “მაესტროა” განთავსებული. ის ერთ მშვენიერ დღეს, იტყვის, წადით ორივენი აქედანო და დამთავრდება ყველაფერი, ეროსის დარჩება აპარატურა და სამონტაჟო. ასე რომ, ეროსი სერიოზულ შარში გაეხვა. მისგან ასეთ გაუაზრებელ ნაბიჯს არ ველოდი და, ვფიქრობ, ეს სასოწარკვეთილი ადამიანის დემარშია, რომელიც არ მიუშვეს ფულით სავსე უჯრასთან. მას ხომ უანგაროდ უყვარს ფული.
- ბატონო მამუკა, ღლონტმა თქვა, თავიდან ავიცილე პროვოკაცია, რომ მოსალოდნელი იყო ჟურნალისტის მოკვლაო და მიანიშნა, წარსულშიც იყო მსგავსი პრეცედენტიო. ეჭვგარეშეა, გიორგი სანაია იგულისხმა, რომელიც “რუსთავი 2”-ის სახე იყო და, როგორც ამბობენ, პოლიტიკურმა წრეებმა გაწირეს, ხალხი ქუჩაში რომ გამოსულიყო და რევოლუციური მოძრაობა აეგორებულიყო...
- ვერ ვიტყვი, რომ ეს ვერსია რეალობასთან ახლოსაა. მამუკა, მიუხედავად იმისა, რომ ლოგიკურად ლაპარაკობს, ხშირად ემოციურია. არ გამოვრიცხავ, რომ ადამიანმა, რომელმაც სერიოზული სტრესი გადაიტანა, ბევრი ისეთი რამ თქვა, შეიძლება, ლოგიკაში ჯდება, მაგრამ სიმართლეს არ შეიცავს. ამ ხელისუფლებას ასეთი ღონისძიებების ჩატარება ნამდვილად ეხერხება, მაგრამ არ აწყობდა, რომ მისი სახელი დარქმეოდა კერძო ტელევიზიის დახურვას იმიტომ, რომ “იმედში” შევარდნის შემდეგ, საკმაოდ სერიოზული საყვედურები მიიღო დასავლეთისგან და ამას პრეზიდენტის გადადგომაც მოჰყვა... რაც შეეხება ვიღაც ჟურანლისტის მკვლელობას, არავითარი მონაცემები ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. შეიძლება, ასე მომხდარიყო, ან - არ მომხდარიყო.
- მაინც, რატომ არასდროს არ ახსენებს ეროსი კიწმარიშვილი ხელისუფლებას სანაიას მკვლელობის ობიექტურ გამოძიებას?
- ამაზე, მართალი გითხრათ, არ მიფიქრია და არ მინდა, რომის პაპზე მეტი კათოლიკე გამოვჩნდე.
- ბატონო მამუკა, რა ამის პასუხია და, როგორ აფასებთ ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩევნების შედეგების გაუქმების შემდგომ შექმნილ სიტუაციას, რომელსაც კოკოითმა “ნარინჯისფერი რევოლუცია” უწოდა?
- ის, რომ კოკოითი არჩევნებს ჩაშლიდა, ჯერ კიდევ პირველი ტურის მერე ვივარაუდე. ეს განპირობებული იმ მდგომარეობით იყო, რომელიც თვითონ კოკოითის გარშემოა შექმნილი. გარედან მაყურებლისთვის, რუსეთმა ის შეცდომა გაიმეორა, რაც 2004 წელს აფხაზეთში დაუშვა, როდესაც დაუპირისპირდა აფხაზ საზოგადოებას, მაგრამ მაშინ იყო ორი მთავარი სუბიექტი - კრემლის ნება და აფხაზური საზოგადოება. დღეს კი, ცხინვალში სხვანაირი მდგომარეობაა - ერთის მხრივ, არის მოსკოვი, მეორეს მხრივ, - ოსური საზოგადოება და მესამე მხრივ, - კოკოითი. კოკოითი, ამ შემთხვევაში, თავის თამაშს თამაშობს ძალიან სერიოზულად, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. მისი ხვალინდელი დღე სასწორზეა შემოგდებული, როგორც ქონებრივი მდგომარეობით, ისე - უსაფრთხოების თვალსაზრისით. მოსკოვმა კოკოითს არ მისცა მყარი გარანტიები. აქედან გამომდინარე, არჩევნების ჩაშლა “საჩუქარი” იყო არა ოსური საზოგადოებისთვის, არამედ - მოსკოვისთვის. კოკოითმა მოსკოვს აჩვენა თავისი ძალა და მიაღწია მიზანს - ჩასალა არჩევნები, გაიხანგრძლივა მარტამდე ყოფნა ხელისუფლებაში და, პლუს, მოსკოვთან სავაჭროდ ძალიან კარგი პლაცდარმი შეიქმნა. მეორე საკითხია, რომ კოკოითმა ვერ გათვალა თავისი საზოგადოების აქტიურობა და აგრესია. ეს მისი ერთადერთი შეცდომაა და ჯერჯერობით მისი გეგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
- ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ არ გამორიცხავთ კოკოითის მიერ სამოქალაქო დაპირისპირების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადატანას, ანუ უნდა ველოდოთ სერიოზულ პროვოკაციებსა და სისხლის ღვრას?
- რაც შეეხება პროვოკაციებს, ასეთი ტიპის ადამიანი ყველანაირ პროვოკაციაზე წავა იმიტომ, რომ კუთხეშია მიმწყვდეული - მოსკოვი აწვება ზემოდან, რომ სიტუაცია კონტროლზე აიყვანოს, რაც არ გამოდის და, აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ სისხლი უნდა დაიღვაროს. ალა ჯიოევას მომხრეები დაახლოებით 17 ათასია, პლიუს, მათი ოჯახის წევრები, ანუ სულ 22 ათასი ადამიანი. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა 35 ათასია. წარმოიდგინეთ, ეს რამხელა მასაა. მართალია, ყველა ქუჩაში არ დგას, მაგრამ სახლებში თითოს სამ-სამი ავტომატი აქვს შენახული. ისიც უნდა გითხრათ, რომ ჯიოევას მხარდამჭერებს მთავარსარდალიც საკმაოდ სერიოზული ჰყავთ, ეს არის ანატოლი ბარანკევიჩი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდა. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ამ ხალხში, რომელიც ქუჩაში დგას, შერეულია ე.წ. აპალჩენცები, რომლებიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ და რომლებიც რუსებმა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებიდან გაყარეს. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სტრუქტურაში სულ 200 კაცია დარჩენილი, დანარჩენი ქუჩაშია და კოცონებთან დგას.
მათ ერთი სერიოზული ბრძანება სჭირდებათ და თუ დაინახეს, საქმეს სხვა პირი არ უჩანს, იარაღს გამოიტანენ. ცხინვალში ძალიან რთულია ურთიერთდაპირისპირება, ვინაიდან ყველა ერთმანეთის ნათესავია და ერთმანეთს იცნობს, მაგრამ ეს დაპირისპირება შეიძლება, მაინც მოხდეს. “ომონის” თანამშრომლებს შორის, ყოველი მეათე ალა ჯიოევას ყოფილი მოწაფეა. ამიტომაცაა სპეციალურად ჯავაში ჩამოყვანილი ჩრდილო-ოსური “ომონი”. იქაური რუსის ჯარი ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზადაა, ჩაერიოს სიტუაციაში. მოკლედ, რთული მდგომარეობაა და არ გამოვრიცხავ, თუ ერთმანეთს დაეჯახა ოსური ქალაქის მაცხოვრებლები, კოკოითის ბედი გადაწყვეტილია - აღარაფერი უშველის. ამიტომ, შეეცდება, რაღაც პროვოკაცია მოაწყოს, რომ აქცენტი გადმოიტანოს ქართულ მხარეზე. კოკოითმა პირველივე დღეს დაიწყო ლაპარაკი, რომ ეს ქართული მხარის მიერ ინსპირირებულია, რომ მიტინგები, რომლებიც დაიწყო ცხინვალში, პირდაპირი ეთერით გადის საქართველოს ტელევიზიებში. დღეს კი ამბობს, ქართული მხარეა ჩარეული და მას ეხმარებიან ამერიკელები - ქართული მხარე ცოტა ხანში მიმართავს აშშ-ს, რათა ამ სიტუაციაში ჩაერიოს, ამაზე ლაპარაკობენ უკვე დუმის დეპუტატებიც, მაგალითად, ბაღდასაროვი და ცდილობენ, მოსახლეობის ყურადღება გაამახვილონ იმაზე, რომ ამ მოვლენებში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობენ. ახლა დარჩა პროვოკაცია. კოკოითი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს და ამისთვის ამზადებს სიტუაციას. ჯიოევამ რომ გადასარევად იცის ქართული ენა, ამასაც კი იმისთვის იყენებს კოკოითი, რომ “ჩვენიანად” მონათლოს.
- ჩვენ როგორ შეგვიძლია პროვოკაციის თავიდან აცილება, რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ, კოკოითის მახეში რომ არ გაებას?
- ქართულმა მხარემ აუცილებლად უნდა მიმართოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ასეთი რამ ხდება, ან შეიძლება მოხდეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ოსურმა საზოგადოებამ უკვე მიმართა დასავლეთს, დაგვეხმარეო და კარგიც ქნა. სხვათა შორის, ამან გააღიზიანა რუსები. ჩვენც უნდა მივმართოთ არა აშშ-ს მთავრობას, არამედ - საერთაშორისო ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისაც ეს ამბავი შეუძლია აიტაცოს.
- რას იტყვით რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე, რომლის მიმართ აღშფოთებას ვერ მალავენ დასავლური გამოცემები და აფასებენ, როგორც “გაუგონარ თავხედობას”, “ტოტალურ ფალსიფიკაციას” და “საშინელებას”?
- ის, რაც ახლა ხდება, პრაქტიკულად, “ედინაია რასიას” მარცხია. ყველამ, ბავშვმაც კი იცის, რომ ჩატარდა ფალსიფიცირებული არჩევნები და ეს უფრო ანტაგონიზმს იწვევს. პუტინმა ჩააგდო ორივე არჩევნები - თავისიც და სამხრეთ ოსეთისაც. იგი ცუდ მდგომარეობაშია და რუსეთსა თუ სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესების წინააღმდეგ დასავლეთს მართებს კონსოლიდირებული ქმედება. ჩვენ, პირველ რიგში, ოსეთი გვაინტერესებს - იქ არ უნდა დაიღვაროს სისხლი, თორემ აუცილებლად ჩაგვრთავენ ამ პროცესებში. თუ ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა და ჯიოევა მოვიდა ხელისუფლებაში, შეგვიძლია, დასავლელი მეგობრების მეშვეობით, ის ყინული გავადნოთ, რომელიც 2008 წლის მერე ჩვენსა და მათ შორის. ოსები მიხვდნენ, რომ რუსეთმა, როცა დასჭირდა, ისინი ორ კაპიკად გაყიდა და გადააგდო. სხვათა შორის, ამ სიტუაციის შემხედვარე აფხაზებიც შეშფოთებულები არიან, ანუ მომგებიან მდგომარეობაში ვართ. აფხაზეთის ცესკო-ს თავმჯდომარე აცხადებს, ის, რაც ხდება სამხრეთ ოსეთში, ჩვენთვის მიუღებელიაო. როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ რუსეთი არაა მათი ნამდვილი პატრონი, გამომყენებელია და მათ თავიდან მაშინ მოიშორებს, როცა უნდა.
- პუტინის მომავალზე რას იტყვით, დაუშვებს რუსი ხალხი მის მესამედ გაპრეზიდენტებას?
- დღეს ჯერ ნაადრევია შედეგებზე ლაპარაკი. სიტუაცია რომ დაღვინდება, მერე შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ. ერთის მსრივ, პუტინი არაა კრეატიული პიროვნება - არ შეუძლია ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანოს. მას შეუძლია ქვეყნის მართვა ძალისმიერი მეთოდებით. მოკლედ, არის ჯოხი ორი ბოლოთი - ან უნდა შექმნა ისეთი ძალოვანი ვერტიკალი, რომელიც თავისუფალი იქნება კორუფციისაგან და იფიქროს მოდერნიზაციაზე, ან ამ ფორმით ქვეყნის მართვა არ შეიძლება და ეს ქვეყანა დაინგრევა.
761
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85