ცვლილებები საარჩევნო კოდექსის პროექტში

ცვლილებები საარჩევნო კოდექსის პროექტში


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების კვალდაკვალ ხელისუფლება ამზადებს საარჩევნო კოდექსის პროექტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც, მისი აზრით, ყველა პრინციპულ საკითხს მოიცავს. განხილვის პროცესში ჩართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აუცილებლად მიიჩნევენ დისკუსიის გაგრძელებას მთელ რიგ საკითხებზე, თუმცა დრო ძალიან ცოტა რჩება.

საარჩევნო კოდექსის პროექტში შესატანი ცვლილებები ევროსაბჭოს ვენეციის კომისიას რამდენიმე დღეში უნდა გადაეგზავნოს და, შესაბამისად, მზადება დაჩქარებულ ტემპებში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ცნობილი ხდება შინაარსი რამდენიმე ცვლილებისა, რომელიც, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, ”საარჩევნო კოდექსის პროექტის ინიციატორებმა” მოამზადეს და ვენეციის კომისიის მიერ 1 დეკემბერს გამოქვეყნებულ პირველად დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებს ეყრდნობა. აქვე ვთქვათ, რომ, 1 დეკემბერს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, საარჩევნო კოდექსის პროექტს, საერთო ჯამში, ”ბევრი დადებითი თვისება აქვს“, თუმცა, ვენეციის კომისიის შთაბეჭდილებით, პროექტის ”მთელი რიგი” მუხლები ”შეშფოთებას” იწვევს თუ ”შეკითხვებს ბადებს“. ხსენებული ”მთელი რიგი” პრობლემური საკითხებიდან პავლე კუბლაშვილი მაგალითისთვის მხოლოდ ორ მიმართულებას ასახელებს:

”პრინციპული შენიშვნები, მაგალითად, რაც ჰქონდა ვენეციის კომისიას, ეს იყო დამოუკიდებელი კანდიდატების ინსტიტუტის შემოღება და ეს იყო პატიმრებისთვის ხმის მიცემის უფლების გარანტიების შექმნა.”

დასახელებული საკითხები გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის პროექტის ახალ ცვლილებებში. შედეგად, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წამოყენების შესაძლებლობა ექნება 5-კაციან საინიციატივო ჯგუფს, ხოლო პატიმართა იმ ნაწილს, რომელსაც თავისუფლების აღკვეთა 5-წლამდე ვადით აქვს შეფარდებული, არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცემა. თუმცა პატიმრების ხმის უფლებასთან დაკავშირებული ცვლილებისადმი ორგვარი მიდგომა არსებობს და ამ საკითხზე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას ამახვილებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროგრამების კოორდინატორი ლელა ტალიურიც:

”ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და საერთაშორისო სტანდარტები, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს ქვეყანაში არსებული რეალობა, სადაც, შესაბამისად, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საკმაოდ საფრთხილოა საპატიმრო დაწესებულებებში პატიმრების მონაწილეობა არჩევნებში და მათი ხმების დაცვა.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებსაც საარჩევნო კოდექსის პროექტში შესატანი ახალი ცვლილებები 8 დეკემბერს პირადად გააცნო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. ლელა ტალიური მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის - საიას, ”სამართლიანი არჩევნებისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” - რეკომენდაციების საფუძველზე კვლავაც დაბრუნებულია დებულებები, რომლებიც, ამჟამად მოქმედისგან განსხვავებით, ამოღებული იყო ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტიდან. ერთ-ერთ ასეთ საკითხს, მაგალითად, წარმოადგენს ფოტო და ვიდეოგადაღებების დაშვება საარჩევნო უბნებზე.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საყურადღებოდ მიიჩნევს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით მომზადდა და რომელიც პარლამენტის წევრობის კანდიდატისთვის არჩევნებამდე საქართველოში ცხოვრების ვადის 5 წლამდე შემცირებას გულისხმობს. ეს ვადა მანამდე პროექტში 10 წლით განისაზღვრებოდა.

თუმცა ლელა ტალიური მაინც მიიჩნევს, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არ მოიცავს მთელ რიგ პრინციპულ საკითხებს, რომლებიც აუცილებელია საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად და რაზეც განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ვენეციის კომისიაც.

დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობას ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარიაც. მისი განმარტებით, ამ ეტაპისთვის პროექტში შესატანი ცვლილებები გვერდს უვლის მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრაც აუცილებელია კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

”ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტები, ვფიქრობთ, შეეხებოდა საარჩევნო სისტემის პრობლემებს და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვას და პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღების აკრძალვას. თუმცა არ მიგვიღია ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებებით ხდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ლომჯარია.

ის, კოლეგებთან ერთად, აპირებს მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკომიტეტო განხილვებში, რაც პარლამენტში მომავალ კვირაში იგეგმება. თუმცა სამუშაოდ დრო ცოტა რჩება - ვენეციის კომისიამ, ახალი ცვლილებების გათვალისწინებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება პლენარულ სხდომაზე დაახლოებით ერთ კვირაში უნდა მიიღოს.