აფხაზეთში თურქულ ბიზნესს უკვე ღიად ავიწროვებენ. ჯერ იყო და პრობლემები „ტყვარჩელ-ნახშირის“ საწარმოს შეუქმნეს, შემდეგ კი ბაშარანის თურქული კოლეჯიც დახურეს. მანამდე კი თურქ ბიზნესმენებს „რესპუბლიკიდან“ ხე-ტყის გატანა აუკრძალეს.
ამ ფაქტს ქართველი ექსპერტები ჩვეულ მოვლენას უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ თურქული ბიზნესისთვის გზების მოჭრა, პირველ რიგში, მხოლოდ და მხოლოდ რუსების ინტერესებში შედის. გარდა ამისა, თურქული კომპანიები აფხაზეთიდან უკვე ვეღარ ახერხებენ ხე-ტყისა და ჯართის ექსპორტსაც, ამასთან, შემცირდა სოხუმში თურქული გემების შემოსვლაც.
აფხაზეთში ბაშარანის თურქული კოლეჯი ორიოდე კვირის წინათ დახურეს. კოლეჯის დახურვის მთავარ მიზეზად ფინანსურ კრიზისი დაასახელეს. ბაშარან კოლეჯი 1994 წლის 17 ოქტომბერს, თურქულ სავაჭრო-საგანმანათლებლო ასოციაცია „ჩორუმსა“ და სოხუმის რეჟიმის განათლების სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე დაარსდა. მას კი მთლიანად თურქული მხარე აფინანსებდა.
კოლეჯის ფინანსური კრიზისის გამო დახურვას არარეალურს უწოდებს „ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი ლევან კიკნაძე და ამასრეგიონში რუსეთის გაძლიერებას უკავშირებს.
„წლების წინ ამ კოლეჯს უფრო მეტი ფინანსური კრიზისი ჰქონდა, მაგრამ სასაწავლებელი არ დახურულა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოლეჯის ფუნქციონირებას საერთო არაფერი ჰქონდა აფხაზეთის ბიუჯეტთან და ის მთლიანად თურქეთიდან ფინანსდებოდა. მეტიც, წარმატებულ სტუდენტებს თურქეთის უნივერსიტეტებში უფასოდაც უშვებდნენ სასწავლებლად და ამაში ფულს არ ზოგავდნენ. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მისი დახურვაც რუსების ინტერესის გამო მოხდა“, - განაცხადა კიკნაძემ.
ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას „ტყვარჩელ-ნახშირის“ საწარმო, რომელიც თურქული საწარმოს „ტამსაშის“ ბაზაზეა დაფუძნებული და რომლის ხელმძღვანელიც თურქეთის მოქალაქე, მუჰაჯირების შთამომვალი ტაიფუნ არძინბაა. საბადომ კი მუშაობა შესაძლოა, მხოლოდ იმის გამო შეწყვიტოს, რომ საწარმოს გამწმენდი ნაგებობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, „ტყვარჩელ-ნახშირის“ წინააღმდეგ ადგილობრივებმა სწორედ ამ მიზეზით გაილაშქრეს, რის შემდეგაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟებისთვის საწარმოს ხელმძღვანელობას ვადა წლის ბოლომდე მისცა.
მარიონეტული რეჟიმის ეკოლოგიისა და ბუნებით სარგებლობის კომიტეტმა საწარმოს მუშაობა რამდენიმე თვის წინათ შეაჩერა. როგორც „ექსპერტთა კლუბში“ აცხადებენ:
„აქამდე ოკუპირებულ რეგიონში არასოდეს ჰქონია ადგილი საწარმოს ნებაყოფლობით დახურვას, პირიქით, აფხაზები ხარობდნენ ომით დანგრეულ და გაჩანაგებულ მხარეში ბიზნესის სულ მცირე განვითარებითაც კი. ამ დროს მულოდნელად ჩერდება ფირმის საქმიანობა, რომლისგანაც 90%-ითივსებოდა ტყვარჩელის რაიონის ბიუჯეტი“.
საწარმოს გარშემო აჟიოტაჟი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, როდესაც გარშემო სოფლების მოსახლეობამმდინარე ღალიძგის ახლოს პიკეტიმოაწყო და რკინიგზაზე, ოჩამჩირის მიმართულებით ნახშირით სავსე 13 ვაგონი არ გაატარეს. აქციის მონაწილეებმა ნახშირმომპოვებელ კომპანიას მოსთხოვეს მდინარის დაბინძურების პროცესი შეწყვეტა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდეს მომხდარზე რეაგირება. აქციის მონაწილეები ჩიოდნენ, რომ ღალიძგის წყალი, რომელშიც იყრება მაღაროებიდან წარმოების ნარჩენები, გამოუსადეგარია საბანაოდ და მას ცხოველებიც კი აღარ სვამენ.
მოგვიანებით, დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, ფაქტობრივად, ულტიმატუმი წაუყენა ნახშირის მომპოვებელ ფირმას.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს გამწმენდი ნაგებობების პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ რაღაც სქემა, რომელიც გარკვეულწილად ამცირებდა მდინარეში დაბინძურების გამომწვევი მასის მოხვედრას, მაინც მუშაობდა. ფირმა დავავალდებულეთ მაისის ბოლომდე წარმოადგინოს პროექტი კონკრეტული საინჟინრო გადაწყვეტილებებით, ჩამოშლილი ცარიელი ქანების ჩათვლით. თუ ამ წლის ბოლომდე ორგანიზაცია არ მოაგვარებს ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენ ცალმხრივად, ყოველგვარი სასამართლო გარჩევების გარეშე გავწყვეტთ მასთან ხელშეკრულებას“, - დაიმუქრა მაშინ ოზგანი.
„ტყვარჩელ-ნახშირის“ წარმოების ხელმძღვანელი ტაიფუნ არძინბა არამარტო კონტრაბანდული ნახშირით მოვაჭრე თურქი ბიზნესმენია, არამედ მოჰაჯირთა შთამომავალიცაა. ის პირველად ჩამოვიდა თავისი წინაპრების სამშობლოში 1992 წელს, 20 წლის ასაკში და იარაღით ხელში გამოიარა მთელი ომი, ორჯერ იყო დაჭრილი. აფხაზური საზოგადოებისათვის ეს სერიოზული საბუთია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია აფხაზ ხელისუფალთა მტკიცე გადაწყვეტილებისათვის. და კვლავ იბადება კითხვა: სოხუმში ასე რატომ ისწრაფიან საწარმოს დახურვას, რომელსაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული რეგიონისათვის?“, - აცხადებენ „ექსპერტთა კლუბში“
ოჩამჩირის შემდეგ ტყვარჩელი თურქების დამკვიდრების მეორე ეპიცენტრია აფხაზეთში. „ოჩამჩირეში, სადაც წლების განმავლობაში თურქეთის აქტიურობა შეიმჩნეოდა, მოსკოვმა, სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებით თავისი საწადელი აისრულა და ამჯერად ტყვარჩელის ჯერიც დადგა.
„შარშან იქ გამოჩნდა რუსეთის სასაზღვრო საგუშაგო და საფუძველი ჩაეყარა რუსული სამხედრო დასახლების გაჩენას. ახლა იქ თურქულ ბიზნესს ავიწროებენ“, - ამბობენ ექსპერტები.
„ახლა შეიძლება თამამად ითქვას, რომ აფხაზეთში თურქებს რაიმე სერიოზული ბიზნესი აღარ აქვთ და ტყვარჩელის საწარმოსაც დახურვა ემუქრება. ეს ყველაფერი კი, ცხადია, რომ რუსების ინტერესებში შედის და დაკავშირებულია მათ იქ დამკვიდრებასთან“, - აცხადებს ლევან კიკნაძე.