"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში უმუშევრობის დაძლევაზე თავმომწონედ საუბრობენ, რეალური მდგომარეობა მთავრობის ილუზიებისგან რადიკალურად განსხვავდება. ქვეყანაში დასაქმების სტრუქტურა კვლავ არამდგრადია და კონკრეტული პროექტების პერსპექტიულობა ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებას ეჭვქეშ აყენებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რეალობისგან ბევრად შორს დგას ქვეყნის პირველი პირის ამბიციური განაცხადი 4 წელიწადში უმუშევრობის 4%-იან კლებასთან დაკავშირებით, რაც, სამთავრობო გათვლით, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში დასაქმების ხარჯზე მოხდება...", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო / "ზოგადად უმუშევრობის დონე სოფლად 7 პროცენტია, ქალაქად - 30 პროცენტი".
"საქსტატის" ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის ივლის-სექტემბერში ბიზნეს-სექტორში სულ დასაქმებული იყო 360 100 ადამიანი, რაც 5 100-ით (2%-ით) ნაკლებია 2010 წლის ივლის-სექტემბრის მონაცემებთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ივლის-სექტემბერში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 62,1% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,7% - საშუალო ბიზნესზე, 23,1% - მცირეზე. 2011 წლის მესამე კვარტალში ბიზნესის მიერ გაწეულმა მთლიანმა დანახარჯმა პერსონალზე 747,3 ლარი შეადგინა, საიდანაც 75,2% მსხვილმა ბიზნესმა გაიღო, 10,8% - საშუალომ, 14% მცირე ბიზნესმა. "როცა ქვეყანაში შრომის ბირჟა არ არის, მონაცემები ყოველთვის არაზუსტია. საქმე ისაა, რომ დასაქმებულად ითვლება სოფლად თვითდასაქმებულთა კონტინგენტიც. საქართველოს სახელმწიფო სექტორში დაახლოებით 45%-ია დასაქმებული. სანამ კერძო სექტორში არანაკლებ 65-70 პროცენტი არ დასაქმდება, წარმატებაზე ვერ ვისაუბრებთ. რაც უნდა იმედისმომცემი განცხადებები კეთდებოდეს, პოზიტიური მოლოდინი არ არის", - აცხადებს ექსპერტი სტატისტიკის საკითხებში სოსო არჩვაძე. თუმცა, მისივე აზრით, დასაქმების 2-პროცენტიანი პლუს-მინუსი რეალურ მდგომარეობას ვერ ცვლის და სტატისტიკურ ცთომილებასაც შეიძლება მივაკუთვნოთ", - აღნიშნავს გამოცემა.
"ზოგადად, უმუშევრობის დონე სოფლად 7 პროცენტია, ქალაქად - 30 პროცენტი. ეს მაშინ, როცა ხალხი სოფლიდან ქალაქში გამორბის. სხვა საკითხია, საარსებო ულუფის მისაღებად რამდენად არის სოფლად დასაქმება საკმარისი. სტატისტიკის სამსახური უმუშევრობის მაჩვენებელს საქმიანობის მიხედვით არ აქვეყნებს, რაც კონკრეტული ციფრების დაზუსტებას ართულებს. საქსტატის საქმიანობა ტრანსპარენტული რომ იყოს, მარჩიელობა არ მოგვიწევდა", - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო არჩვაძე.
"პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც აცხადებენ, რომ შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი. მაგალითად, ქალაქის მერი შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაში 4000 კაცის დასაქმებაზე საუბრობს. სინამდვილეში დაახლოებით 3000 კაცი რკინიგზიდან სხვადასხვა მოტივით გათავისუფლებული ხალხია - აქედან გამომდინარე, ახალი სამუშაო ადგილები კი არ შეიქმნა, სამუშაო ადგილის ჰორიზონტალური გაცვლა მოხდა - ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა. სხვა სფეროებს თუ თვალს მივადევნებთ, მშენებლობის სექტორში დიდი გამოცოცხლება არ იგრძნობა. სახარბიელო მდგომარეობა არც სოფლის მეურნეობაშია. ხშირად სამუშაო ადგილების ჩანაცვლების მექანიზმი მოქმედებს. დასაქმების მონაცემების განსაზღვრა ჭირს იმდენად, რამდენადაც სტატისტიკურ მონაცემებზე ხელი არ მიგვიწვდება - ხელისუფლების მხრიდან თითქოს არის ხელშეწყობა, მაგრამ ეს რეალური არ არის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ალექსანდრია.
"ოფიციალურად გაზრდილია რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, მაგრამ რამდენია აქედან აქტიური, ღია არც ეს ინფორმაციაა. ის მონაცემები, რასაც სტატისტიკის სამსახური გვაწვდის, არასაკმარისია და რეალურ ინფორმაციაზე არც ამ უწყებას მიუწვდება ხელი. ასეთ ფონზე დასაქმების ზუსტი მაჩვენებლის დადგენა, რა თქმა უნდა, ჭირს. მით უმეტეს, რომ არ გვაქვს შრომის ბირჟა, რომელიც დასაქმებულთა რეალურ რაოდენობას დააფიქსირებდა", - დასძენს გოჩა ალექსანდრია.
778
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85