ლაზიკა - ამოუცნობი ქალაქი

ლაზიკა - ამოუცნობი ქალაქი

უძველესი ისტორიკოსები კოლხეთს ლაზიკესთან ( ლაზიკასთან) აიგივებდნენ. „კოლხეთი - მდაბიურად ლაზიკე“, - წერდნენ ბიზანტიელი ავტორები. ლაზებს კი მიაჩნდათ, რომ მათი სამეფო უძველეს კოლხთა სამეფოს გაგრძელებაა. მართალია, ლაზიკას ისტორია ისე ამაღელვებელი და სიმბოლურად დატვირთული არ არის, როგორც თბილისისა, რადგან სიმბოლოების მოყვარულ ჩვენს პრეზიდენტს ვახტანგ გორგასალივით არც ხოხობი გადაჰყრია, არც ფარნავაზივით დასდევნებია ქორბუდა ირემს და გამოქვაბულში გადამალული განძისთვის მიუგნია, მაგრამ ლაზიკას აღმშენებლებს სათქმელი ექნებათ: პირველად, საქართველოს ისტორიაში ქალაქი ჭაობზე გაშენდა...

არავინ იცის, როგორ დაპროექტდება ქალაქი და ექნება თუ არა მას ვარდის ფორმა, როცა შვეულმფრენიდან გადმოვხედავთ, როგორც ეს ბრაზილიის შემთხვევაშია, რომელსაც უკვე უწოდეს ქალაქი, რომელიც თვითმფრინავს ჰგავს. მართლაც, ბრაზილიის დედაქალაქი არქიტექტურულად ისე დაგეგმეს, რომ კვარტლებს შერწყმული ქალაქის მაგისტრალი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან რეაქტიულ სამგზავრო  თვითმფრინავს მოგაგონებთ.

სახელწოდება „ლაზიკას“ დანათვლა ბევრმა თავმდაბლობად ჩაუთვალა ჩვენს ხელისუფალს. სააკაშვილმა „მიშაპოლისის“ დარქმევა არ ინდომა, განსხვავებით პეტრე პირველისგან, რომელმაც მდინარე ნევის სანაპიროზე დაარსებული ქალაქის სახელწოდება თავის სახელს შეუხამა და სანკტ-პეტერბურგი, ანუ წმინდა პეტრეს ქალაქი უწოდა. შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, წმინდა პეტრეს ქალაქად ოდითგანვე ხომ რომი მიიჩნეოდაო, რადგან სწორედ რომში მოღვაწეობდა პეტრე მოციქული, მაგრამ სანკტ-პეტერბურგის დარქმევით პეტრე პირველმა რუსული დერჟავული იდეოლოგია გაამჟღავნა: რუსეთს პრეტენზია ჰქონდა რომის გეოპოლიტიკურ და სულიერ მემკვიდრეობაზე!

ისე, ლაზიკას მსგავსი ტოპონომიკის მქონე მეორე ისტორიული მხარე - ლაზეთის სახით თურქეთმა წაგვართვა: მართალია, მალე თურქებსაც გამოუჩნდნენ მოწინააღმდეგენი, სომხების სახით და სომხებმა ლაზეთის დაქვემდებარების გეგმაც შეიმუშავეს, მაგრამ დროულად მიხვდნენ, რომ ამ გეგმის განხორციელება  შედარებით რთული იყო, რადგან თურქეთთან ისინი არაერთხელ დამარცხებულან.

სხვათაშორის, კოლხეთის დაბლობის ამოშრობის იდეა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2010 წლის 18 ოქტომბერს კახეთში ფერმერებთან შეხვედრისას დააანონსა: „ჩვენ კოლხეთის დაბლობი უნდა დავაშროთ, ამას დაახლოებით 2012 წლისთვის ვვარაუდობთ. იქ არის უამრავი რაოდენობის მიწა, რომელიც საექსპორტოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას“.

მაშინ „მწვანეთა მოძრაობის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე სააკაშვილს საერთაშორისო სკანდალს ჰპირდებოდა და შეახსენებდა, რომ პალიასტომის ტბაზე კომუნისტებმა საშინელი ცოდვა ჩაიდინეს არხის გაყვანით, მაგრამ ტბა იმდენად უნიკალური აღმოჩნდა, რომ ბიომრავალფეროვნება მაინც შეინარჩუნა. გაჩეჩილაძის თქმით, კოლხეთის ჭაობი ყველაზე მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ ის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და პირიქით, ასიათასობით გადამფრენი ფრინველის მოსასვენებელი ადგილი გახლდათ. გაჩეჩილაძე აცხადებდა, რომ  კოლხეთის ჭაობების ამოშრობის იდეა თავში ლავრენტი ბერიას მოუვიდა, როცა  პირველი პირი გახდა. ასეთი ჭაობიანი დაბლობების დაშრობამ კი  არცერთ ქვეყანას არ მოუტანა სიკეთე.

„ის ქვეყნები იძულებულნი გახდნენ ხელახლა დაეჭაობებინათ ტერიტორიები, რადგან გარემოს განვითარებისთვის საჭირო ოპტიმალური თანაფარდობა დაირღვა. ამ ტერიტორიის ხელახლა დაშრობა და მასზე სოლიდური თანხების დახარჯვა ეკოლოგიური კატასტროფის რისკის ფასად, რამდენად მოუტანს შესაბამის მოგებას სახელმწიფოს - საეჭვოა. ამ ჭაობებში 294 უნიკალური სახეობა ბუდობს და, თუ ტურიზმის განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ეს ტურიზმის ნაწილია“, - აცხადებდა გაჩეჩილაძე.

ახალი ქალაქების დაარსებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ, როცა შენი ქალაქები თუ სოფლები ცარიელდება და უკვე აშენებული ქალაქებისთვის ვერ მიგიხედავს, ამ ყველაფრის მიზნობრიობა გაუგებარია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ გამართლება არ აქვს ისეთი ქალაქის მშენებლობას, სადაც არავინ იცხოვრებს, რადგან ხალხი საქართველოდან გარბის. ჩვენს მოსახლეობაში უკვე გაჩნდა შიშიც, ლაზიკაში ვის უპირებენ ჩასახლებას - ბურებს ხომ არა?

Presage.tv ლაზიკას შესახებ სპეციალისტებს ესაუბრა.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ოთხმეზური ანაკლიის მახლობლად ახალი ქალაქის აშენებას უარყოფითად აფასებს და მიიჩნევს, რომ  ისტორიული თვალსაზრისით, ეს საქართველოსთვის არაფერს შეცვლის.

„ჩვენს ხელისუფალს უნდა, რომ დავით აღმაშენებელს შეედაროს, ხშირად ახსენებს კიდეც ამ უძლიერეს ქართველ მეფეს, მაგრამ დავით აღმაშენებლამდე შორს ვართ. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ლაზიკას დაარსება. ზღაპარია იმაზე საუბარი, თითქოს, ქალაქი თურქეთში მცხოვრები ლაზების ინვესტიციით აშენდება. თურქეთში მცხოვრებ ლაზებს თავისი გასჭირვებიათ და თავისი პრობლემები აქვთ, აქ რაღას აღადგენენ?“

გიორგი ოთხმეზურის თქმით, დღევანდელ პირობებში ასეთი ქალაქის მშენებლობა ყოვლად გაუმართლებელია და აჯობებდა, თანხები სხვა ქალაქების განვითარებას მოხმარებოდა.

„ლაზიკა ერთი და ორი მილიონი არ დაჯდება, მრავალი მილიონი დასჭირდება. ამ დროს კი, თითქმის ყველა ქალაქში უამრავი პრობლემაა. მიეხედათ დევნილებისთვის, სხვა საკითხებისთვის, რაც პირველ რიგშია მისახედი ქვეყანაში. უნდა იყოს განსხვავება, პირველი რიგის გასაკეთებელი რა არის და რა უნდა გაკეთდეს მეორე და მესამე რიგში. პრიორიტეტები უნდა იყოს განსაზღვრული და ჩამოწერილი. ყველაფერი იმის მიხედვით არ უნდა კეთდებოდეს, ვის რა მოუნდება, თუნდაც უმაღლესი ხელისუფალი იყოს. რაც სამაჩაბლოში დაიკარგა, იმის კომპენსაცია არ არსებობს. ამ ქალაქის აშენებით სააკაშვილი ნამდვილად ვერ შევა ისტორიაში და ასე მგონია, რომ ეს ქალაქი ვერც აშენდება. თანაც ეკოლოგიური, ბუნებრივი პირობებითაც ჭაობში ქალაქის აშენება გაუმართლებელია“, - მიიჩნევს ისტორიკოსი. 

არქიტექტორ-რესტავრატორ ნესტან თათარაშვილის თქმით, ასეთი ქალაქები აშენდა ყირგიზეთში, ასტანაში. ემირატებში შენდება უზარმაზარი კომპლექსები, ახლა ბაქომ დაიწყო მშენებლობა და ჰეიდარ ალიევის დიდი კომპლექსი იხსნება თვითონ ბაქოში - ქალაქი ქალაქში - უზარმაზარი ქალაქის აშენებას აპირებენ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ფინანსები.

„აგერ, ცირკთან „ჰაიატი“ გვპირდებოდა მშენებლობას, მოჭრეს მთელი მთის ნახევარი, და სამი თუ ოთხი წელია, ასე ვუყურებთ იმ ორმოებს და განადგურებულ ლანდშაფტს. ამიტომ, პირველ რიგში, გასარკვევია, რამდენად არის ამის ფინანსური საფუძველი. რამდენად არის ეს მეცნიერულად გათვლილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული, სამშენებლო, სარესტავრაციო სამუშაოები აბსოლუტურად სპონტანურია. ამიტომ სამუშაოებს უნდა უძღოდეს კვლევები, დასაბუთება.“

ამასთან დაკავშირებით ნესტან თათარაშვილს წარუმატებელი პროექტებიც ახსენდება. იგი ინტერესდება, ამ ხუთ წელიწადში რა მოგება მისცა სიღნაღს ამდენმა ინვესტიციამ?! როგორია ტურიზმის დინამიკა? მართალია, დღეს ტექნოლოგიური პრობლემა არ არსებობს და ქალაქებს წყალშიაც აშენებენ, მაგრამ ფინანსურთან ერთად, მეცნიერულად დასაბუთებული საფუძველი უნდა არსებობდეს, რამდენად წაადგება ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესს.

„ნებისმიერ ქალაქსა და სოფელში უამრავი პირველი რიგის პრობლემა გვაქვს და ასეთ დროს დაგეგმო ქალაქის მშენებლობა, როცა სოფლები გვეშლება, რაც ეროვნული ტრაგედიაა... ტერიტორიები დავიბრუნოთო რომ ვიძახით, რა ტერიტორიაც გვაქვს სამხრეთ საქართველოში, იგივე ქართლის სოფლები, ხევსურეთი რომ დაცლილია, განა ის ადგილები ჩვენს საკუთრებად ჩაითვლება, თუკი დაიცალა? თუ იქ ადამიანი არ იცხოვრებს, როგორ შეიძლება ჩვენს ტერიტორიად განვიხილოთ? იმავე ტურისტული თვალსაზრისით, მართლა ბრილიანტი ადგილები გვაქვს, რომლებიც  მოსახლეობისგან იცლება. ამიტომ, ეს ყველაფერი ცოტა სასაცილო სახეს იღებს, მართლაც დასაცინები ვხდებით. შეხედეთ ამ სასტუმროებს, როგორია მათი ფუნქციონალური დატვირთვა?! მათი ოთხი მეხუთედი ჩაბნელებულია. იმავე დუბაის, იმავე იაპონიას ხელოვნურ კუნძულებზე ქალაქების მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვს. ტექნოლოგიურად დღეს ეს  პრობლემა არაა“, - აცხადებს ნესტან თათარაშვილი.

მისივე თქმით, ნახევარი მილიონი კაცის ლაზიკაში თავმოყრა აბსურდის დონემდე დადის. მით უფრო, როცა დღევანდელი მსოფლიო კრიზისი გამოწვეულია უძრავ ქონებაზე განუკითხავი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით, უამრავი შენობა დაუმთავრებელია, დაზარალებულია სახელმწიფოც და ხალხიც.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალებაა ხალხის ვითომც დასაქმების მიზნით. მაგრამ რა შედეგს მოგვცემს მომავალში და იმ ხალხს ბუმერანგად ხომ არ დაუბრუნდება კოლაფსის სახით? - ამაზე არავინ ფიქრობს. ეს უკვე იწვნია ევროპამ და ამერიკამაც“.

რაც შეეხება თურქეთში მცხოვრები ლაზების ამ საქმეში ჩართვას, თათარაშვილს ეს დამაჯერებლად არ მიაჩნია, რადგან, იმ დროს, როცა ხელშეკრულებებიც კი ირღვევა, არავის მოუცია გარანტია, რომ ლაზები მართლაც მზად არიან, ლაზიკასთვის ფული ჩადონ. ამასთან, არავის უნახავს ბიზნესგეგმაც.

„კარგია, რომ ანაკლიასაც ყურადღება მიექცა და ყულევსაც, მაგრამ ასეთი მეგაპოლისის აშენება, ნახევარმილიონიანი მოსახლეობით, ასეთი თავკომბალები საბჭოთა მეთოდი იყო. ამიტომ გახდა თბილისი ამხელა, რომ ვეღარ ვუვლით. საქართველოს, ისევე, როგორც შოტლანდიას, ნახევარ მილიონიანზე მეტი დედაქალაქი არ სჭირდება. ამ დროს კი თბილისის მოსახლეობა მილიონ ასი ათასს ასცდა და ეს შეუქცევადი პროცესია. არ ვიცი, პარლამენტის გადატანა და გამოხშირვა რას უშველის, რადგან პოლიტიკურ ადმინისტრაციულ ცენტრად მაინც თბილისს ტოვებენ“, - აცხადებს არქიტექტორ-რესტავრატორი.

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე იხსენებს, რომ სიღარიბის დაძლევის მიზნით ქალაქის მშენებლობის პრაქტიკა მართლაც არსებობდა და სხვადასხვა ქვეყანამ ამით გარკვეული სამუშაო ადგილები შექმნა, მაგრამ საქართველოს ბევრად უკეთესი ადგილებიც აქვს, ვიდრე დაჭაობებული ტერიტორიაა.

„ალბათ ხუთი, ათი წლის განმავლობაში ლაზიკის მშენებლობა გარკვეულ სამუშაო ადგილებს შექმნის და შეიძლება, ეს დროებითი სამუშაო ადგილები მისაღებიც იყოს,  მაგრამ ქალაქი ასე არ შენდება. ქალაქს გარკვეული ფუნქციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს.  ჩვენ გვაქვს პრეცენდენტები, როცა დუბაიში აშენდა შენობები, ხალხიც დასაქმდა, მაგრამ ნახევრად ცარიელია ეს შენობები, დღემდე ხალხი არ შესახლებულა. ეს იმიტომ, რომ ბინებზე მოთხოვნა არ იყო და, როდესაც აშენებ ეკონომიკურად გაუმიზნებელ ნაგებობებს, ეს ქმნის ასეთ პრობლემას“.

ამდენად, ანზორ საკანდელიძე არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, ლაზიკაზეც მოთხოვნა არ იყოს. ამიტომ, ჯერ უნდა განისაზღვროს მოთხოვნა და, ხალხს თუ ექნება სურვილი, მიატოვოს თბილისი, ეს შეიძლება მისაღები იყოს.

„დედაქალაქი გადაიტვირთა. მთელი საქართველოს მოსახლეობის აქ თავმოყრა საშიშია, თუნდაც მიწისძვრის შემთხვევაშიც. ნახევარი თბილისი ალბათ გასასახლებელია და გამართლებულიც იქნება, მაგრამ ამას უნდა კარგი მოფიქრება და სპეციალისტების ჩართვა. მე, როგორც მშენებელს, ძალიან მეეჭვება, იქ, სადაც ეს ადგილია შერჩეული, დაჭაობებული ზონა, შეიძლებოდეს ასეთი ქალაქის გაშენება“.

საკანდელიძეს ლოგიკური შეკითხვები უჩნდება, თუ რატომ შეირჩა ასეთი პრობლემური ადგილი? ხომ შეიძლებოდა, გამონახულიყო ტერიტორია საქართველოს უკეთეს კუთხეებში და არა კლიმატის თვალსაზრისითაც პრობლემურ ადგილას, სადაც მუდამ კოღოები იყო და ამ ადგილს არ ეტანებოდნენ დასასახლებლად.

„მანქანით თუ გამივლია მაგ ადგილებში და არ გავჩერებულვარ. თუ ქალაქი უნდა აშენდეს, აუცილებლად ეკოლოგიურად უნდა შემოწმდეს. ვინაიდან ახლა რადონის (რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი) ეკოლოგიური შემოწმება მსოფლიოში უპირველესია, რადგან ამ ქიმიური ელემენტით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზეა. ამიტომ ახლა არა მარტო სიმტკიცეზე ამოწმებენ იმ ნიადაგს და გრუნტს, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, არამედ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზეც, ხომ არ ამოდის იქიდან რადონი. ჩვენ ასეთნაირად არ ვამოწმებდით, მაგრამ ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ იმის შეგრძნება და ინფორმაცია, რომ გარკვეულ ადგილებს დაწყევლილ ადგილებად მოიხსენიებდნენ და იქ დასახლებას არ აშენებდნენ“, - აცხადებს ანზორ საკანდელიძე.

მისი თქმით, საბჭოთა დროს კოლხეთის დაბლობზე დააშრეს ჭაობების ნაწილი, ამისთვის სპეციალური ტრესტიც შეიქმნა, მაგრამ ეს პრობლემა მთლიანობაში არ მოხსნილა. ამდენად, სამშენებლო სამუშაოები ამ მხრივაც ძალიან გართულდება და გაძვირდება, რადგან ლაზიკას მშენებლობისას ფუძე-საძირკვლების სამუშაოები შრომატევადი იქნება.

„იაფ მშენებლობას მანდ არ უნდა ველოდოთ. საუკუნეების განმავლობაში წყალზე აშენებულ ქალაქ ვენეციას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა და ლაზიკაზე რა მოგახსენოთ, რა დატვირთვა აქვს?! არც ის ვიცი, რა მოსაზრებით გადაწყვიტეს ახალი ქალაქის დაარსება. პირველად ეს ფიქრი ჩნდება, რომ არჩევნები ახლოვდება და ამით  ხმების მიზიდვა უნდათ, მაგრამ მამლის ყივილით სოფელი არ შენდება. წამოძახილი კარგია, მაგრამ ამას რა მოჰყვება კონკრეტულად, არ ვიცი“.

გარდა ამისა, ანზორ საკანდელიძეს აინტერესებს, როგორ უნდა დასაქმდეს ის ხალხი, ვინც ახალ ქალაქში იცხოვრებს? რას მოიფიქრებენ ადგილებზე მათ დასამაგრებლად?

„შეიძლება, შეიქმნას თავისუფალი ვაჭრობის ზონა. საბჭოთა დროს ქალაქი თუ  შენდებოდა, ამას წინ უძღოდა დიდი წარმოების აშენება და მის გარშემო ყალიბდებოდა, მაგალითად, რუსთავი. ასევე, დიდი წარმოების ობიექტების მშენებლობამ პატარ-პატარა რაიონები და სოფლები გაამსხვილა და დაბებად, რაიონებად და ქალაქებად აქცია“.                 

ლაზიკასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავი შეიკავა არქიტექტორმა ზურაბ ნემსაძემ და მხოლოდ მოკლე პასუხით შემოიფარგალა: „ვერაფერს გეტყვით, ეტყობა, ჩამოვრჩი ცხოვრებას და ჩემი ცოდნა მაგას ვერ ფარავს. ჩემი ცოდნის მიღმა არის ეს გადაწყვეტილება და ვერაფერს მოგახსენებთ“.