მამუკა ღლონტი:

მამუკა ღლონტი: "გამოჩნდა, რომ კიწმარიშვილის ხელით სააკაშვილი გვებრძვის"


"შპს სტუდია "მაესტროს" 100%-იანი წილი, "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" მოთხოვნით თბილისი საქალაქო სასამართლომ დააყადაღა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილების საფუძველზე "მაესტროს" დამფუძნებლებს ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე 2012 წელს კიწმარიშვილსა და "მაესტროს" შორის დადებული ხელშეკრულება არ ამოიწურება, არ ექნებათ უფლება თავიანთი წილი გაყიდონ, გაასხვისონ ან გააჩუქონ. მამუკა ღლონტის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ კიწმარიშვილის უკან სააკაშვილი დგას. დღეს მაესტროს" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, სასამართლოსგან მოითხოვენ, რომ ეროსი კიწმარიშვილს "მაესტროს" სახელით აეკრძალოს განცხადებების კეთების უფლება და მოქმედებები - თუ სასამართლო ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ყველაფერი ცხადზე ცხადი გახდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სასამართლომ "მაესტროს" 100%-იანი წილი დააყადაღა / მამუკა ღლონტი: გამოჩნდა, რომ კიწმარიშვილის ხელით სააკაშვილი გვებრძვის".

"ვამტკიცებდი და საზოგადოებას არ სჯეროდა, რომ კიწმარიშვილის სახით სააკაშვილი აკეთებს ყველაფერს, რათა "მაესტროს" მუშაობაში ხელი შეეშალოს. უკანონო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, გასაჩივრდება, თუ საჭირო გახდა, ევროპის სასამართლოშიც ვიჩივლებთ. ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილთან და დავა არის ჩვენსა და მას შორის. შესაბამისად, ხელშეკრულებაგაწყვეტილი პიროვნება როდესაც ახერხებს, რომ შეიჭრას 12 თანხმლებ პირთან ერთად ტელევიზიაში და შემდეგ მის სარჩელს აკმაყოფილებს სასამართლო და ამასაც ვიგებთ კიწმარიშვილის განცხადებიდან და ჩვენ არ გვაგებინებს ამას სასამართლო, ეჭვის გამყარება კი არა გადამყარებაა, რომ ამის უკან ხელისუფლება დგას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ღლონტი.

"კიდევ ერთ ფაქტს გეტყვით - კომპანია "რედიქსი", რომლის ოფისიც ნაქირავები ჰქონდა კიწმარიშვილს, სადაც თურმე დავალიანება ჰქონია კიწმარიშვილს და ოფისიც ჩააბარა უკან, დამოკიდებულებას ცვლის -კიწმარიშვილთან დაპირისპირების შემდეგ ჩვენ მივედით კომპანია "რედიქსთან" და ვუთხარით, იმ ფულს, რომელიც კიწმარიშვილს უნდა გადაეხედა, ჩვენ გადაგიხდით წინასწარ და მოგვაქირავეთ ოფისი-თქო. თუმცა მათ უარი განაცხადეს ჩვენს წინადადებაზე და გვითხრეს, რომ ამ ფართს აქირავებდნენ მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილზე. აქვე გეტყვით, რომ "რედიქსის" უკან დგას პაპაშვილი და ბეჟუაშვილი ანუ ეს კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რომ ხელისუფლება "მაესტროს" ეროსი კიწმარიშვილის ხელით ეომება. მას არ გაუსაჩივრებია ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ დამფუძნებლების გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში", - აცხადებს მამუკა ღლონტი და შეკითხვას - "როგორც ცნობილია, 100%-იანი წილის დაყადაღების შედეგად, "მაესტროს" მაუწყებლობას საფრთხე არ ექმნება. ეს დაყადაღება ნიშნავს იმას, რომ ერთი წელი დამფუძნებლები თქვენს წილს ვერც გაყიდით და ვერც გაასხვისებთ", - პასუხობს:

"დიახ, მხოლოდ ამ პრობლემას ქმნის, თუმცა ამას არც ისე არ ვაპირებდით - არც გაყიდვას და არც გაჩუქებას, მაგრამ მაინც გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან უკანონი გადაწყვეტილებაა. არ შეიძლება პირს, რომელსაც ხელშეკრულება გავუწყვიტეთ სასამართლო უკმაყოფილებდეს სარჩელს".

"დავიწყოთ ჯერ იქიდან, რომ ჩვენ არ ჩაგვბარებია სასამართლოს განჩინება. შესაბამისად, ცოტა რთულია იმ დოკუმენტზე საუბარი, რომელიც არ გვინახავს. იმედია, ხვალ ჩაგვბარდება ეს განჩინება და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჯერ ეს ერთი, უკვე დარღვეული აქვს სასამართლოს პროცედურა, რადგან 24 საათში უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება კიწმარიშვილის სარჩელზე და 24 საათის მაგივრად, 4 დღის მერე მიიღო. გაუგებარია, რატომ დაარღვია სასამართლომ ეს კანონი. ჩემი თანამშრომლები 3 დღის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ დაკავშირებოდნენ სასამართლოს წარმომადგენლებს და არავინ პასუხობდა მათ, საერთოდ ყველა გაქრა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას "მაესტროს" ადვოკატი დიმიტრი გაბუნია. 

"მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, როგორც ვიცი, სოსო ღურწკაიაა. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც, არა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ - სასამართლოს ექნება ძალიან დიდი გამოცდა ჩასაბარებელი - ჩვენ შეგვაქვს კონტრსარჩელი და მოვითხოვთ სარჩელის უზრუნველყოფას, რომელიც 24 საათის განმავლობაში უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილისთვის ყოველგვარი განცხადებისა და ქმედების აკრძალვა "მაესტროს" სახელით, რადგან მას ამისი არანაირი იურიდიული უფლება არ აქვს. თუ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, მაშინ შემდგომ უკვე გასაგები იქნება ყველაფერი, როგორ მოქმედებს და ვისი სახელითაც სასამართლო და კიწმარიშვილი", - განმარტავს დიმიტრი გაბუნია. 

"საქალაქო სასამართლოში კი აცხადებენ, რომ საქმე კომერციულ საიდუმლოებას შეეხება და არ არიან უფლებამოსილი, ინფორმაცია ზეპირი ფორმით გასცენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანია "მაესტროს" მეწილეები არიან მაკა ასათიანი, ილია კიკაბიძე, მამუკა ღლონტი, ეკა აკობია და გიორგი ებრალიძე", - დასძენს გამოცემა. 

"თბილისი საქალაქო სასამართლომ შპს სტუდია "მაეტროს" 100-პროცენტიანი წილი "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" მოთხოვნით დააყადაღა. კიწმარიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე "მაესტროს" დამფუძნებლებს უფლება არ ექნებათ, თავიანთი წილი გაყიდონ, გაასხვისონ ან გააჩუქონ. მეწილეები და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მუდმივად ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ "მაესტროს" გაყიდვას არ აპირებდნენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით მამუკა ღლონტი: "მაესტროს" სააკაშვილი ებრძვის" / ბიძინა ივანიშვილი "მაესტროს" ვეღარ იყიდის.

"მოგეხსენებათ, კულუარებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, "მაესტრო" ბიძინა ივანიშვილს ეყიდა. ამის გამო ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს სპეციალური განცხადების გავრცელებაც კი მოუხდა: "გამომდინარე იქიდან, რომ მავანნი ცდილობენ "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ, იძულებული ვართ კიდევ ერთხელ განვმარტოთ: ბიძინა ივანიშვილი მზად არის დაეხმაროს დამოუკიდებელ, თავისუფალ ჟურნალისტიკას და ამით დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცების პროცესს. მისი მიზანია არა რომელიმე კონკრეტული მედიასაშუალების ინტერესების დაცვა, არამედ ზოგადად თავისუფალი ქართული ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ამ მიზნით აწარმოებდა და მომავალშიც გააგრძელებს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებს როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული მედიის წარმომადგენლებთან. ასე რომ, ხმები ბიძინა ივანიშვილის" მიერ "მაესტროს" შესყიდვის სურვილის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, იგი გარკვეულ პირთა ინტერესებს ინტერესებს ემსახურება და პროცესების სხვა ჭრილში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს საზოგადოებისგან მალულად არანაირი მოლაპარაკების წარმოებას, მათ შორის მედიასაშუალების შესყიდვის თაობაზე და თუ გადაწყვეტს შეიძინოს ესა თუ ის მედიაკომპანია, ამის შესახებ საჯაროდ და ღიად განაცხადებს", - აღნიშულია განცხადებაში", - წერს სტატიის ავტორი.