დილის 11 საათიდან რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, მოქალაქეები პარკში ჩაწყობილი ცარიელი ქილებით ჩნდებიან. ისინი უფასო სასდილოს ბენეფიციარები არიან.
ასეთი სასადილო რუსთავს ოთხი აქვს. დღეში ერთჯერად კვებას იღებენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების წევრები, ობლები, I და II ჯგუფის ინვალიდები და დაბადებიდან ინვალიდები. მათი რაოდენობა 1500 სცილდება.
უფასო სასადილოს ტალონს კიდევ ასობით რუსთაველი ითხოვს და ელის.
„რუსთავში ყველაფერი ზედმეტად ჩქარა და კარგად მიდის. რამდენიმე წლის წინ ეს იყო მკვდარი ქალაქი, სადაც არ იყო სამსახურები” – ასეთი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა, რუსთავის იუსტიციის სახლის გახსნაზე.
“ზედმეტად ჩქარა“ - ასეთი ტემპით რუსთავში, დღეში ერთხელ, სადილის მისაღებად მსურველთა რიცხვი იზრდება. 2007 წელს ასეთ დახმარებას 1 000 ადამიანი იღებდა, დღეს მათი რიცხი 500-ით არის გაზარდილი. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყველა მსურველის განცხადება რომ დააკმაყოფილოს, ალბათ ერთი ამდენი კიდევ დაემატება.
“მევალება თვალყური ვადევნო მეგობრობის ¹41 მდებარე სასადილოს მუშოაბას. მზარეულით და თანამშრომლებით კმაყოფილი ვარ. თუმცა, ბენეფიციარებთან ხშირად გვაქვს პრობლემები. არის შემთხვევები, როდესაც აქვთ ერთი ტალონი, ოჯახში რამდენიმე სული არიან და რაც ეკუთვნით იმაზე მეტის წაღებას ითხოვენ. მოაქვთ ქილები და გავსებას გვთხოვენ.
რაც შეეხება პურს... ჩვენს მიმართ პრეტენზია ვერავის ექნება. მენიუს ის ფირმა ადგენს, რომელმაც მერიის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. სწორედ მათი მენიუს თანახმად შესაბამისად იღბენ ნახევარ-პურს და ფუნთუშას ბენეფიციარები სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. დანარჩენ დღეებში სადილთან ერთად ერთ პურს ატანენ” - გვითხრა, რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის თანამშრომელმა, ფაცი ბახტაძემ.
ის, რომ ბენეფიციარებს დღეში ერთჯერადი კვება არ ყოფნით, სასადილოს მზარეულმა მანანა ბუწაშვილმაც იცის: “ერთი ადამიანი დადის, რომელსაც 5 ოჯახის წევრი ყავს და ერთი ტალონი აქვს. მესმის, რომ არ ყოფნით ერთი ადამინისთვის განკუთვნილი სადილი, მაგრამ მე რისი გაკეთბა შემიძლია?!”
სასადილოში მყოფი ბენეფიციარები ამბობენ, რომ მენიუთი კმაყოფილები არიან, თუმცა სასადილოდან გამოსულები პრობლემებზე იწყებენ საუბარს.
რუსთაველის ქუჩაზე და მეგობრობის გამზირზე მდებარე ორივე სასადილოს მომხმარებლები პურის საკითხზე ჩივიან. ამბობენ, რომ ნახევარი პური არ ყოფნით და თუ ნახევარი ფუნთუშის გამო არ აძლევენ პურს სრულად, ურჩევნიათ მენიუდან ფუნთუშა საერთოდ ამოიღონ.
უფასო სასადილო “სათნოების” ერთ-ერთი ბენეფიციარი პირად საუბარში შემდეგს გვეუბნება: “არ ვიცი სხვა სასადილოებში რა და როგორ ხდება, მაგრამ ჩვენთან, როცა ხორციანი სადილის დრო გვაქვს, სადილზე ხორცი არის ნეკა თითის სისქის ნაჭერი. დღეში 200გ, ანუ ნახევარ პურზე ნაკლები, რასაც გვაძლევენ არ არის საკმარისი. მგონი გესმით, რამდენად ძნელია, როცა სახლში საჭმელი არ გაქვს და სხვას უდგახარ კართან“. იმდენი მაინც მაჭამე, შიმშილით რომ არ მოვკვდე.
მათი უმრავლესობა, ვინც აქ ყოველდღე დადის სირცხვილით თავდახრილია. მესმის - არ ევალება მერიას ჩვენი რჩენა, მაგრამ იმ ერთხელ მაინც, როცა გვაჭმევს, ჩვენც ადამიანად ჩაგვთვალოს და ავადმყოფებივით “დიეტას” ნუ დაგვინიშნავს”.
როგორც წესი, თვითმმართველობაში ასეთ საკითხებს რუსთავის მწირი ბიუჯეტით ხსნიან. რატომღაც სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის რუსთავის მერიას ფული არ ენანებათ, ავტპარკის განახლებისთვის, კაბინეტების მოწყობისთვის და თვითმმართველობის სამსახურებში თანამშრომლების რიცხვის უსასრულოდ ზრდისთვის. ფულს არ ზოგავენ მივლინებებში, თუმცა ამ მივლინებებიდან ფეისბუქში მათ პირად გვერდებზე გაჩენილი ახალი ფოტოების გარდა არაფერი რჩება.