„ევროპამ ლუკაშენკო მოსკოვთან მარტოდ არ უნდა დატოვოს“

„ევროპამ ლუკაშენკო მოსკოვთან მარტოდ არ უნდა დატოვოს“

[გეგა ბერიძე]
პრეზიდენტ ლუკაშენკოს ურჩევენ არ აღიაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან. მაგრამ თუ ევროპამ მინსკი მარტო დატოვა მოსკოვთან, მაშინ ლუკაშენკო შესაძლოა იძულებული გახდეს დათმობაზე წასასვლელად. თბილისი ძველი წყენების გახსენებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ მინსკი საქართველოს შემადგენელ რეგიონებს „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ არ აღიარებს.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის შეფასებით, „ალექსანდრე ლუკაშენკოს ურჩევნია არ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან“.

„ადრე თუ გვიან თუ რაღაც არ მოხდება საერთაშორისო ურთიერთობებში, ლუკაშენკოს რუსეთი მაინც დააჩოქებს. მართალია ახლა ლუკაშენკო პრინციპულ პოზიციაზე დგას, მაგრამ ევროკავშირზეა ბევრი რამ დამოკიდებული. თუ მათ იგივე შეცდომა გაიმეორეს, რაც თურქეთთან მიმართებაში დაუშვეს, რის შემდეგაც ანკარა „ევროპის დახმარებით“ რუსეთისკენ შემობრუნდა, თუ ასე გაგრძელდა, მინსკის შემთხვევაშიც იგივე გამეორდება“, – აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას სოსო ცინცაძე.

მისივე შეფასებით, ევროკავშირი თუ ბელორუსს მიიღებს, დახმარებას აღმოუჩენს, მაშინ რასაკვირველია ლუკაშენკოს ზურგი ძლიერი ექნება.

„ლუკაშენკოს ურჩევია არ აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ევროპასთან, მაგრამ ევროპამ იგი გამოუვალ მდგომარეობაში არ უნდა ჩააყენოს, რომ ის იძულებული გახდეს ხელგაშვერილი მივიდეს ისევ რუსეთთან. ამიტომ ევროპაზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაგრამ სამწუხაროდ ევროპამ ბოლო ორ ათწლეულში ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, ეს იყო თურქეთთან მიმართებაში, კოსოვოს მაგალითი და რუსეთთან ზომაზე მეტი კეთილგანწყობა“, – აცხადებს ცინცაძე.

მისივე თქმით, მარტო ლუკაშენკო რუსეთს ვერ გაუმკლავდება, მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსია საქართველოზე დიდია, მაგრამ რუსეთზე ძალიან პატარაა თავისი რესურსებით, მოსახლეობით და ეკონომიკური პოტენციალით.

„თუ ევროპამ მინსკი მარტო დატოვა მოსკოვთან, მაშინ ლუკაშენკო იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს, ჩვენ ბოდიშს მოგვიხდის და იტყვის, რომ მას ევროპამ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. მე ვშიშობ, რომ ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა ლუკაშენკოს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ დადებული პირობა შეახსენა. მისი თქმით, რუსეთის საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით არის დაინტერესებული, თუმცა ეს არ არის თვითმიზანი.

მედვედევი ამასთან აცხადებს, რომ ლუკაშენკომ სოხუმისა და ცხინვალის აღიარების პირობა კოლეგების თანდასწრებით დადო. „დაინტერესებულნი ვართ, რომ ისინი აღიარონ, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის. ასეთი ამოცანა არ ყოფილა და არც ახლა დგას. რაც შეეხება მინსკს, ლუკაშენკო ადრე აცხადებდა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებოლობას აუცილებლად აღიარებდა. მან ამ დაპირების შესახებ დსთ-ს რიგი ქვეყნების პრეზიდენტების თანდასწრებით განაცხადა“, – აღნიშნავს მედვედევი. მისივე მტკიცებით, ლუკაშენკო ამ ნაბიჯის გადადგმას მაქსიმალურად სწრაფად აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა საქართველოსთან ომის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. კრემლი დღემდე ამაოდ ელოდება ბელორუსისგან დე ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას.

ლუკაშენკოს მსგავსი დაპირების შესახებ 3 აგვისტომდე, ანუ მედვედევის განცხადებამდე, არც ბელორუსიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის თავმჯდომარეს სმენოდა რაიმე. ალექსანდრ ზიმოვსკისთვის ძნელია დადასტურება ან უარყოფა იმისა, მართლაც დადო თუ არა ლუკაშენკომ ასეთი პირობა, თუმცა ზიმოვსკისთვის ცხადია ერთი ჭეშმარიტება, რომ „პოლიტიკოსები დაპირებებს მოსაზრებების მიხედვით იძლევიან, ხოლო გარემოებების მიხედვით ასრულებენ.“

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ბელორუსიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის თავმჯდომარე არც იმას გამორიცხავს, რომ ლუკაშენკოს ასეთი რამ გარკვეულ წინაპირობასთან კონტექსტში განეცხადებინა, მაგალითად, ეთქვა, რომ ბელორუსია აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მას შემდეგ, რაც.... მაგრამ, აი, რის შემდეგ, ახლა ძნელია ამის მარჩიელობა, რადგან ეს „რაღაც“ არც მედვედევს დაუკონკრეტებია...

თავად ზიმოვსკი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების მთავარ წინაპირობას კოსოვოს საკითხს უკავშირებს:

„მე ვფიქრობ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი რთულად უკავშირდება სხვა საკითხების მთელ რიგს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული – შეიცვლის თუ არა პოზიციას რუსეთი კოსოვოსთან მიმართებით. თუკი რუსეთს არ სურს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება, მას უფლება არ აქვს მოითხოვოს ვინმესგან ან მიანიშნო ვინმეს, რომ კიდევ სხვა რამის აღიარებაა საჭირო...“

ალექსანდრ ზიმოვსკი ბელორუსიის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის თავმჯდომარეა და ბევრისთვის მისი სიტყვები მინსკის ოფიციალური პოზიციის გახმოვანებას ნიშნავს. თუკი კრემლის მხრიდან კოსოვოს აღიარების კატეგორიულ წინააღმდეგობასაც გავითვალისწინებთ, ხომ არ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მინსკმა საქართველოს ტერიტორიების აღიარების საკითხი კიდევ კარგა ხნით გადადო გვერდზე?!

შედეგის თვალსაზრისით, შესაძლოა, ეს სწორედ ასე იყოს, თუმცა პროცესში მინსკი საქართველოს ტერიტორიების საკითხით კვლავაც აქტიურად ივაჭრებს – ასე ფიქრობენ ანალიტიკოსები. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე თვლის, რომ აღიარების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, მაგრამ ამ კუთხით ყველაზე სარისკო პერიოდმა უკვე ჩაიარა.

„ყველაზე დიდი საფრთხე იყო 2008 წელს, როდესაც ევროპა, ასე ვთქვათ, არ იყო ჩამოყალიბებული თავის ახალ მიდგომებში რუსეთთან მიმართებით. უფრო მეტიც, არსებობდა პანიკისა და შიშის სინდრომი... როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციაში ხდებოდა ცვლილებები...

აი, ეს იყო ჩვენთვის ყველაზე რთული პერიოდი. არ მგონია, რომ ამჟამად აღიარების რეალური საფრთხე იდგეს, რადგანაც საკმაოდ მტკიცე პოზიცია აქვს ევროკავშირს, ევროსაბჭოს და ყველა იმ სახელმწიფოს, რომელსაც საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვს დღეისათვის ბელორუსიაზე. ასევე განხორციელების სტადიაშია ყველა ის პროექტი, რომელიც გულისხმობს ბელორუსიის კიდევ უფრო აქტიურ ჩართვას ევროპული ინტეგრაციის პროცესში, მაგალითად, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა...“ , – უთხრა თენგიზ ფხალაძემ რადიო თავისუფლებას.

ფხალაძე, ბევრი სხვა ანალიტიკოსის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მინსკი დასავლეთის მომხიბვლელ ეკონომიკურ შეთავაზებებს ასე იოლად ვერ დათმობს. პარალელურად, ბევრი სწორედ დასავლეთის ხელს ხედავს თბილისისა და მინსკის ურთიერთობის ბოლოდროინდელი დათბობის უკან. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი მეტად გააღიზიანა მიხეილ სააკაშვილის მიერ ალექსანდრ ლუკაშენკოს ყირიმში მონახულებამ, ხოლო შემდეგ, 15 ივლისს, ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გასულმა ინტერვიუმ საქართველოს პრეზიდენტთან.

ინტერვიუში, რომელიც სწორედ ჩვენ მიერ ნახსენები ალექსანდრ ზიმოვსკის მართული ტელევიზიის ეთერით გავიდა, მიხეილ სააკაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ ბელორუსია სიბრძნეს გამოიჩენს საქართველოს ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტისას. აქვე ვთქვათ, რომ ზიმოვსკის უკვირს რატომ უნდა გამოეწვია სააკაშვილის ეთერში გამოჩენას „ტრაგიკული ნოტები“ მავანთა ხმაში, ანდა რატომ უნდა გამოეწვია ვიღაც-ვიღაცების „მომაკვდინებელი წყენა“? „სააკაშვილი ისეთივე პრეზიდენტია, როგორიც ყველა სხვა“, - ამბობს ზიმოვსკი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

– არადა, ფაქტია, რომ კრემლი აშკარად გაღიზიანდა და, ბევრის დაკვირვებით, ამის შემდეგ კიდევ უფრო გაააქტიურა ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი. სხვა საკითხია, რომ ასეთი ომის არსებობას უარყოფს რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. პარალელურად, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ლაპარაკობდნენ ლუკაშენკოს მხრიდან გამოხატულ უმადურობაზე და აქცენტს აკეთებდნენ მხარდაჭერაზე, რომელიც კრემლმა ლუკაშენკოს პრეზიდენტად არჩევის დროს გამოიჩინა. ჟირინოვსკიმ, მაგალითად, ლუკაშენკოს საქციელს „შავი უმადურობა“ უწოდა.

პარალელურად, რუსეთის მედიაში აქტიურად ამოტივტივდა ლუკაშენკოს მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც ის აბსოლუტურად ამართლებს რუსეთის ქმედებებს აგვისტოს ომის დროს. აი, ერთ-ერთი მათგანი:

„ეს იყო მშვიდი, ჩუმი რეაქცია, რომელმაც რეგიონში მშვიდობა დაამყარა. ვფიქრობ, რომ მშვიდობა ამჯერად ძალიან დიდი ხნით დამყარდა... ეს გაკეთდა ძალიან აკურატულად და ლამაზად, სულ რამდენიმე დღეში.“

ეს განცხადება ლუკაშენკომ 2008 წლის 20 აგვისტოს, სოჭში ყოფნის დროს გააკეთა და იქვე შეხვდა ის საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტებს ბაღაფშსა და კოკოითის. მსგავსი შინაარსის განცხადებები მათთან შეხვედრაზეც გაისმა. მაგრამ ფაქტია, რომ მოსკოვის მცდელობების მიუხედავად, თბილისი ძველი წყენების გახსენებას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ მინსკი საქართველოს შემადგენელ რეგიონებს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ აღიარებს, – აცხადებს რადიო თავისუფლების ქართული სამსახური.