მაკა ხარაზიშვილი, “რეზონანსი“
"1000 ჯიხურის" პროექტით მერიამ განსაკუთრებით მსხვილი ბიზნესი წაახალისა. ფარსი და ბლეფი აღმოჩნდა თბილისის მერის გიგი უგულავას დაპირება, რომ მცირე მეწარმეები თითო ჯიხურის განთავსების უფლებაში 1000 ლარს გადაიხდიდნენ. აუქციონზე ჯიხურის განთავსების ფასმა 41 ათას ლარსაც კი მიაღწია. სპეციალისტების განცხადებით, უკვე ნათელია, რომ უგულავას პროექტი მცირე ბიზნესის ჩაძირვასა და მონოპოლისტების წახალისებას ისახავდა მიზნად. აუქციონში გამარჯვებულები არიან კვების პროდუქტების ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეები - "კოდა", "იოლი", "ნუგეში", "კუმისი ".
რაც უნდა გასაკვირი იყოს, თბილისში "ყველაზე გამჭვირვალე" ელექტრონულ აუქციონებზე ჯიხურების განთავსების ღირებულებამ 41 ათას ლარს მიაღწია. ამ ფასში მეწარმე არათუ ჯიხურს, არამედ მაღაზიასაც ადვილად გახსნის და საჭირო პროდუქტითაც შეავსებს. ნათელია, რომ 3-4 კვ/მ-იან ჯიხურებში 36-41 ათას ლარს არავინ გადაყრის, რომ არ არსებობდეს სხვა "დიადი" მიზნები. ისიც ნათელია, რომ მცირე მეწარმეს ამ ღირებულების გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია.
"ელვას" წარმომადგენლის რამაზ თეთრუაშვილის თქმით, აუქციონზე ჯიხურის განთავსების უფლება 41 ათას ლარადაც კი გაიყიდა. "კუმისი "-ის თანამფლობელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა სააგენტო "ჯიბისი"-სთან საუბარში განაცხადა, რომ ჯიხურის განთავსების ერთწლიანი უფლება ყველაზე იაფად გლდანში მოიპოვეს - 1050 ლარად. მისი თქმით, მაღალი კონკურენციის გამო 17 000 ლარად შეიძინა ჯიხურის დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსების უფლება. "კუმისი ყყ|" ფრინველის ხორცსა და კვერცხს აწარმოებს.
რაც შეეხება კოდას, ეს კომპანია 2002 წელს დაარსდა მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქციის ბაზაზე ქართული კაპიტალით. დღეისათვის "კოდა-ს" ადგილობრივი კვების პროდუქტების ბაზრის 50-60% უკავია.
"იოლი ჯგუფი" საქართველოს ყველაზე მსხვილი ჰოლდინგური კომპანიების ხუთეულში შედის. სხვათა შორის, ამ ჯგუფის საკუთრებაა "ჟოკეი ჯგუფი", რომელსაც თავის დროზე ეკონომიკის სამინისტრომ "თბილისის იპოდრომი" გადასცა.
თბილისის საკრებულოს წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, "იოლს" ცნობილი ნაციონალი გია უდესიანი აკონტროლებს. "იოლს" ერთ დროს მართლა ბიზნესმენები მართავდნენ, მაგრამ ახლა იგი ნაციონალური მოძრაობის ცნობილი აქტივისტის, რომელმაც თავი საზოგადოებას ხალხის ცემა-ტყეპით გააცნო, გია უდესიანის ხელშია", - ამბობს თინა ხიდაშელი.
"ნუგეში" კი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატისა და ცნობილი ბიზნესმენის არჩილ გეგენავას აქტივებში ირიცხება. თინა ხიდაშელის განცხადებით, აუქციონის მიმდინარეობისას უცებ გამოჩნდებოდა "ნუგეში", რომელიც მოულოდნელად ასწევდა ფასს და შემდეგ ქრებოდა.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჯიხურების ონლაინაუქციონზე ფასის აწევა ხელოვნურად ხდებოდა და შემთხვევათა 99%-ში სწორედ "ნუგეში" (რომლის ჯიხურებიც გიგი უგულავას სახელს უკავშირდება) თამაშობდა ამ ფასით", - განაცხადა ხიდაშელმა. მისი თქმით, "ონლაინაუქციონი" მიმდინარეობს ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. "ხელისუფლების ამოცანა განისაზღვრა ნათლად - ამ ბაზარზე შემთხვევითი მოთამაშეები არ უნდა დარჩნენ და ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს", - აღნიშნა ხიდაშელმა.
არადა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ აღნიშნული პროექტის განხორციელება ცოტა ხნის წინათ დაიწყო. გიგი უგულავა "გულში მჯიღის ცემით" თბილისელებს უხსნიდა, რაოდენ მნიშვნელოვანია დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის თვალსაზრისით მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.
მერმა ისიც, აღნიშნა, რომ აუქციონი გამჭვირვალედ გაიმართება და გამარჯვებულ "მცირე მეწარმეებს" აღარ მოუწევთ სავაჭრო ობიექტის დიზაინის შეთანხმებაზე დროისა და თანხის დახარჯვა. ვინაიდან ახალი ჯიხურები 1000 ადგილას უნდა ჩაიდგას, მერიამ ამ პროექტს "1000 ჯიხური" უწოდა.
"მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშესაწყობად, ასევე იმ ამოცანის შესასრულებლად რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ სატკივარს წარმოადგენს ჩვენი ქალაქისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის, ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. იდეა, რომელიც ჩვენ დღეს გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას, არის ძალიან მარტივი და არანაირად ორიგინალური არ არის. თუმცა, განსხვავებით წინა წლებისაგან, ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიზუალურად სისტემატიზირებულია, დახვეწილია და შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით ორიათასამდე ადამიანმა იპოვოს სამსახური და დაიწყოს თავისი პატარა ბიზნესი", - აღნიშნა უგულავამ.
თინა ხიდაშელის კი განცხადებით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს პროექტი მცირე ბიზნესმენებისთვის არ იყო განკუთვნილი. როდესაც მერიამ ჯიხურის განთავსების უფლების მოპოვება აუქციონზე გამოიტანა, თანაც საწყისი ფასი 1000 ლარი დაადო, ბუნებრივია, ეს ფასი გაიზრდებოდა. მცირე მეწარმეებს კი უფრო მეტის გადახდის შესაძლებლობა არ ექნებოდათ.
"თბილისის მერმა კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა. როდესაც აუქციონზე ჯიხურის განთავსების უფლება 36 ათას ლარად იყიდება, ამას ემატება ჯიხურის ღირებულება 8 ათასი ევრო, სხვადასხვა სახის გადასახადები, ბუნებრივია, მცირე მეწარმეს ამ თანხის გაღების საშუალება არ აქვს. მერიის მიზანი იყო ამ სფეროების სრული მონოპოლიზაცია და ჯანსაღი ბიზნესის მოკვლა. თბილისში ჯიხურები აქვთ კეზერაშვილს ("ვაიდისტრიბუშენი"), რურუას (სწრაფი კვების ჯიხურები "2 წუთი"), გეგენავას და ა.შ.", - ამბობს ხიდაშელი.
"ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ზვიად შვანგირაძის განცხადებით, თუ მერიას მცირე ბიზნესის ხელშეწყობა სურდა, უნდა ეთქვა, რომ აუქციონში მონაწილეობას მიიღებდნენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებსაც მაქსიმუმ 100-ათასიანი ბრუნვა აქვთ.
"იოლთან, "კოდასთან", "ნუგეშთან" კონკურენციას რომელი მცირე ბიზნესი გაუძლებს? ამას ემატება ისიც, რომ ამ კომპანიებს ჩინოვნიკები ლობირებენ. დღეს ყველაფერი მათ ხელშია. გიგი უგულავას განცხადება არის 2011 წლის ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადება. თბილისის მერმა მწარედ მოატყუა მოსახლეობა, როდესაც განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა მცირე ბიზნესის განვითარება და უმუშევრობის დაძლევა იყო. სინამდვილეში, მონოპოლისტების სათარეშო არეალი კიდევ უფრო გააფართოვა", - ამბობს ზვიად შვანგირაძე.
მცირე და საშუალო ბიზნესი, განვითარების ნაცვლად, სულ უკან-უკან მიდის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად დაკლებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მთლიანი ბრუნვა, ასევე შემცირებულია საშუალო საწარმოების რიცხვი, ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი. მოკლედ, საშუალო ბიზნესი პატარავდება, ხოლო მცირე ბიზნესი - ქრება. საქართველოს მთავრობას ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები მონოპოლიების შეზღუდვას, ჯანსაღი კონკურენციის შექმნასა და ამის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ურჩევენ.
ხელისუფლება ოფიციალურად აღიარებს, რომ დასაქმების პრობლემა მცირე ბიზნესის განვითარების გარეშე ვერ გადაწყდება, ფარდის მიღმა კი იმ ბიზნესების მონოპოლიზაციას უწყობს ხელს, რომელსაც თვითონვე აკონტროლებს.
1261
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85