ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებით დაწყებული, საკანონმდებლო ბერკეტებით დასრულებული, ივანიშვილის წინააღმდეგ ყველა რეპრესიული მექანიზმი ჩართულია. ივანიშვილის ბოლოს მოსაღებად ქვეყანაში ახალი კანონებიც კი იქმნება. ხელისუფელაბამ ბიძინა ივანიშვილის ბანკ „ქართუს“ ხელსოვნურად გაკოტრების პროცესი უკვე დაიწყო.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში სასწრაფოდ შევიდა ცვლილებები რომლის მიხედვით, „მოვალის საგადასახადო გირავნობით-იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება როდესაც აღსრულდება, საკუთრების გადასვლის შედეგად (მათ შორის სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადასვლის შედეგად) უქმდება ყველა სანივთო უფლება, რომელიც რეგისტრირებულია იმ ვალდებულების წარმოშობის შემდეგ, რომლის საფუძველზეც ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება“, - ჩვეულებრივი მოკვდავისათვის ამ გაუგებარი კანონპროექტის დედააზრი რომ მეტად მზაკვრული იყო თავიდანვე ჩანდა. სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს კანონი სამ თვეში დააქცევდა საბანკო სისტემას, უპირველესად კი „ქართუ ბანკს“.
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის მიღების აუცილებლობას კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესების დაცვით ხსნიდა. ამბობდნენ, კანონპროექტის მიზანია, თუ პირი დაყადაღებულ ქონებას შეიძენს, მას ეს ქონება ვალდებულებებისგან თავისუფალი გადაეცეს და არ დაზარალდესო.
თუმცა, „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი თავიდანვე ვარაუდობდა, რომ ეს კანონი მხოლოდ „ქართუ ბანკისთვის“ იყო შექმნილი და ამ კანონს „ქართუ ბანკის“ კლიენტების მეშვეობით აამოქმედებენ.
ნოდარ ჯავახიშვილი ამბობდა: „ვთქვათ, რომელიმე კლიენტისთვის სესხად მაქვს მიცემული 2 მილიონი. მას სესხის უზრუნველსაყოფად 3 მილიონის ქონება აქვს ჩადებული. მოგეხსენებათ „ქართუ ბანკი“ სამომხმარებლო სესხებს არ იძლევა, მხოლოდ მსხვილ ბიზნესს აქვს აღებული. შევა საგადასახადო ამ ბიზნესმენების ორგანიზაციაში, აღმოაჩენს რაღაც დარღვევას და დაარიცხავს ჯარიმას, ვთქვათ, 500 000-ს. ამ კანონის გამო, ბიზნესმენს აწყობს, არ გადაიხადოს ჯარიმა და მისი ქონება აუქციონზე გაყიდოს სახელმწიფომ. ამ კანონის თანახმად, აუქციონზე ამონაგებ თანხას ფინანსთა სამინისტრო წაიღებს, ბანკის ვალი კი ვალად დარჩება, რადგან ჩვენს ბანკში ჩადებულ ქონებას სახელმწიფო გაყიდის. შესაბამისად, ახალი მყიდველი თავისუფალი იქნება ყოველგვარი ვალდებულებისაგან".
ასეთი სქემა რაში აძლევს ხელს ქონების პატრონს, ის ხომ ქონებას დაკარგავს?
- პირიქით, ეს იქნება ძალზე მაცდუნებელი წინადადება იმ პირებისთვის, ვისაც სესხები აქვთ აღებული ბანკში. სქემა კი ასეთი იქნება: გაუყიდიან ქონებას აუქციონზე, მას მობილიზებული ეყოლება ეგრეთ წოდებული „პადსტავნოი“ პირი და თვითონვე შეისყიდის აუქციონზე გატანილ თავის ქონებას, რეალური ღირებულების 25, მაქსიმუმ 50%-ად. ქონების მფლობელი არაფერს დაკარგავს, პირიქით, მოიგებს. ქონებას იმის ნახევარ ფასად დაიბრუნებს, რაც სესხის სახით ბანკში აქვს გადასახდელი...“
„ქართუ ბანკიდან“ სოლიდური სესხები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებსაც აქვთ აღებული. მაგალითად, ერეკლე კოდუას დედას, ლაურა ღაჭავას 15 მილიონზე მეტი აქვს გატანილი. სოლიდური სესხები ჰქონიათ ხელისუფლებასთან დაახლოებულ სხვა პირებსაც.
ჯავახიშვილი თავიდანვე წინასწარმეტყველებდა, რომ „ქართუს“ ამ სქემის ამუშავების შემთხვევაში, პრაქტიკულად არც ერთი სესხის დაფარვის პერსპექტივა არ ექნებოდა. სესხის დაფარვის გარდა, სხვა პრობლემაც იქმნებოდა – ეროვნული ბანკის ნორმატივებიდან გამომდინარე, არაუზრუნველყოფილი სესხის წარმოქმნა ავტომატურად მოითხოვს არაუზრუნველყოფილი სესხის ოდენობის თანხის დარეზერვებას ბანკის რესურსებიდან. გარდა იმისა, რომ „ქართუ ბანკი“ ამ პროექტით კარგავს მრავალმილიონიანი სესხების ამოღების საშუალებას, ერთი იმდენი იქით უნდა დადოს, რომ არ დაირღვეს ეროვნული ბანკის ნორმატივები და ბანკი არ დაიხუროს.
ჯავახიშვილის საფუძვლიანი ეჭვრები ძალიან სწრაფად იქცა რეალობად. ერთი კვირის წინ „ქართუს“ განკულაკების სპეცოპერაცია დაიწყო.
ოთხ ბიზნეს-ჯგუფს, რომელშიც 14 იურიდიული და ფიზიკური პირი შედის საგადასახადოს მოთხოვნით 100 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღეს, რითაც არაუზრუნველყოფილი დატოვეს „ბანკი ქართუს“ 70 მილიონი ლარის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია.
იმ კომპანიების ქონებებზე, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო (ძველი რიცხვით „ბანკი ქართუს“ პირველადი იპოთეკის რეგისტრაციამდე) აღმოეჩინა საგადასახადო დავალიანება, ასეთი კომპანიების ქონებები დაჩქარებული წესით განვადებით გასხვისდა ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც აღმოუჩინეს, ან უკვე გააჩნდათ ღირებული საგდასახადო დავალიანება.
ნოდარ ჯავახიშვილი: – ფაქტია, რომ ეს იყო ფიქტიური, თაღლითური გარიგებები. საქმე ისაა, რომ ნასყიდობის ფასიც არ არის ამ გარიგებებში გადახდილი. ამ ხელშეკრულებების საფუძველზე ქონების ფასი მყიდველის მიერ გადახდილი უნდა იქნეს მომავალში, ერთ წლის შემდეგ, ან განვადებით. ბუნებრივია, ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თაღლითურია და ისინი მხოლოდ „ბანკი ქართუს“ განსაკუთრებით დიდი ფინანსური ზარალის მიყენების მიზნით დაიდო. ფაქტია ისიც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნეს-ჯგუფში შემავალ კომპანიებს შორის. (ანუ ერთი და იგივე ბიზნესჯგუფმა ერთი საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავისუფალი კომპანიის ქონება მიჰყიდა მეორე საგადასახადო ვალდებულებთ დატვირთულ კომპანიას). ჩვენთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ გასულ კვირას ბანკის უმსხვილესი მსესხებელის ბიზნეს ჯგუფის აქციონერმა მიაღწია საინტერესო შეთანხმებას. ეს აქციონერი ამ უკვე დაყადაღებულ და სახელმწიფოს სასარგებლოდ საჯარო აუქციონზე გასატან ქონებას 2012 წლის მარტიდან ერთ-ერთ პირზე აქირავებს. ბუნებრივია აქ საეჭვოც არაფერია, ფაქტია ხსენებულ აქციონერს პირობა აქვს მიღბული „ჩამორთმეული“ ქონების უპირობოდ დაბრუნებისა.
ვინ არიან ის აქციონერები და მსესხებლები, ვინც ამ თაღლითურ გარიგებაში იღებენ მონაწილეობას?
– ამის თქმის უფლება არ მაქვს. ეს კონფედენციალური ინფორმაციაა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართუში“ არ დააკონკრეტეს ვინ დგას ხელისუფლებასთან გარიგებულთა რიგებში, ჩვენ წარმოდგენილი სიის შესწავლის საფუძველზე ბევრი რამ გავარკვიეთ. აღმოჩნდა, რომ იმ ობიექტთა სიაში აუქციონზე საგადასახადო ვალდებულებებში ამოღების საბაბით, გადის კოდუების ოჯახის და ვანო მერაბიშვილის ქონებები. იმის დაჯერება, რომ კოდუებს ან ვანო მერაბიშვილს დღევანდელ საქართველოში სადაგასახადო ვალდებულებების გამო ქონებას აუქციონზე უყიდიან, თვით ყველაზე მიამიტ ადამიანსაც გაუჭირდება.
გთავაზობთ ამ ქონების ჩამონათვალს.
სესხის უზრუნველყოფის ობიექტები:
სამკერვალო ფაბრიკა – „ლაურა ღაჭავა»,
პირიმზის შენობა, კომერციული ფართი, (სააქციო საზოგადოება პირიმზე)
საოფისე ფართი ჭავჭავაძის 60 (სააქციო საზოგადოება ეკრანი)
ქავთარაძის ქუჩა ნომერ 16-ში მდებარე საავადმყოფო, (სააქციო საზოგადოება სამკურნალო ობიექტი)
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ორი საოფისე შენობა,
მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ორი საოფისე შენობა.
ზემოჩამოთვლილი უძრავი ქონება კოდუებს „ბანკ ქართუში“ ჰქონდათ დაგირავებული რამდენიმე მილიონიანი სესხის სანაცვლოდ. ბოლო ერთ კვირაში მოხდა ამ ფართების გადაყიდვა, ასე ვთქვათ, განვადებით და ის საგადასახადო ვალდებულების მქონე „შპს 1+ 1“ და კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფს მიეყიდა. ეჭვს არ ბადებს ის ფაქტი, რომ ეს ქონება კოდუების ოჯახს ეკუთვნის. ლაურა ღაჭავა ერეკლე კოდუას დედაა.
ასევე თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე მოხდა ბანკის გირაოშ ქვეშ მყოფი 7 ობიექტის გადაყიდვა საგადასახადო ვალდებულების მქონე ობიექტებზე: ბათუმის ზეთის ქარხანა და სოფელ გონიოში არსებული მიწა შენობა – ნაგებობით, რომელიც შპს ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსს“ ეკუთვნის,
ახალციხეში მდებარე შენობა, რომელიც შპს „ვია-ესტ-ვიტას“ ეკუთვნის, მუხიანის მიმდებარედ მდებარე მიწის ნაკვეთი, შპს „ხოხობის“ კუთვნილება, ახალციხეში, სოფელ სხვედისში მდებარე საკონსერვო ქარხანა, მიწის ნაკვეთი, თბილისი დიღმის სასწავლო ცენტრი, ერისთავის ქუჩა N2–ში მდებარე მშენებარე სავაჭრო ცენტრი, ეს სამი ობიექტი შპს. „ქაუქუას სირიალ კომპანის“ საკუთრებაში იყო. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ამ ობიექტების უკან შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი დგას. ეს ობიექტები ასევე ბოლო ერთი კვირის მანძილზე სასწრაფო წესით გადაიყიდა იმ კომპანიებზე, რომელთაც აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები გააჩნდათ.
მაგალითად, ბათუმის ზეთის ქარხანა გაიყიდა საგადასახადო ვალდებულებების მქონე შპს „ბათოილზე“, სოფელ გონიოში არსებული მიწა შენობა-ნაგებობით გადაიყიდა შპს ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსზე, ახალციხეში მდებარე საკონსერვო ქარხანა – შპს „მესხეთი თრეიდინგზე“, შპს „გრემფილდ ჯორჯიას“ მიერ სესხის უზრუნველოყოფა – სახლები და კომერციული ფართები გადაიყიდა შპს „მალი ჯგუფზე (ავტოსადგომები და კომერციული ფართები).
აუქციონზე გადის ასევე შპს „ლოგოს“ ქონება (საცხოვრებელი ფართები), რომელიც ჩვენი ინფორმაციით ბიზნესმენთა ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტს გიორგი ისაკაძეს ეკუთვნის.
Presage.tv დაუკავშირდა ლაურა ღაჭავას:
ქალბატონო ლაურა „ქართუში“ თქვენ რამდენიმე მილიონიანი სესხი გაქვთ, თქვენი საბანკო გარანტია(უძრავი ქონება) კი ცოტა ხნის წინ გაიყიდა კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფზე, რაც არ გაყიდულა – აუქციონზე გადის და იქნებ აგვიხსნათ რას ნიშნავს ეს ყოველივე?
– არ ვიცი იცით, რა იყიდება?
როგორ თქვენი ქონება საგადასახდო ვადებულებების გამო აუქციონზე იყიდება და არ იცით?
– არ იყიდება ჯერ. „ქართუ ჯგუფმა“ სხვანაირად იცოდა და დღეს მოლაპარაკება მქონდა და ზეგისთვის გავერკვევი სიტუაციაში. გავერკვიო უნდა და საერთოდ ახლა სტუმრები მყავს იტალიელები. არ ვიცი ჯერ, სიტუაციაში უნდა გავერკვე.
ვიდრე ქალბატონი ლაურა „სიტუაციაში გაერკვევა“ ჩვენ სიტუაციის გარკვევა ისევ ნოდარ ჯავახიშვილთან ვცადეთ.
„რაღაში უნდა გაერკვას, ნუ მომკალით სიცილით, ან რა მოლაპარაკებაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ქონების უზრუნვესაყოფად აღარაფერია დარჩენილი“, – ასეთი იყო ნოდარ ჯავახიშვილის პასუხი.