სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ რეპრესიები დაიწყო. მეგრელები გურამ მისაბიშვილს ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დევნაში ადანაშაულებენ და მის გადაყენებას მოითხოვენ. რამდენიმე დღის წინ სენაკის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი რევაზ ხულორდავა დააკავეს. როგორც ეჭვმიტანილის ახლობლები და თანაგუნდელები აცხადებენ, ხელისუფლების მიერ შეთითხნილი ბრალდების არავის სჯერა და ხულორდავას დატუსაღების რეალური მიზეზი, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების დაწყება გახდა.
რეგიონში არსებულ ტერორზე და სენაკის ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების დეტალებზე გვესაუბრება მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ინგა ქარდავა:
- რევაზ ხულორდავა გახლავთ არაჩვეულებრივი ადამიანი, ის აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სენაკელ მაღალჩინოსნებს კორუფციაში ამხელდა; საკრებულოში მუდამ აპროტესტებდა ხელისუფლების მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებებს. მისი ხმაურიანი გამოსვლები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს აღიზიანებდათ – შესაბამისად მათთვის და რეგიონის მთავრობის მაღალჩინოსნებისთვის მიუღებელი ფიგურა გახლდათ.
პოლიციელებმა დაკავების მიზეზად რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტი დაასახელეს, რომელშიც ხულორდავა საერთოდ არ მონაწილეობდა. ნორმალურად დღესაც გაუგებარია რას აბრალებენ ამ კაცს, ხელისუფლებამ შეთითხნა უსუსური ბრალდება და ციხეში გამოკეტა უდანაშაულო ადამიანი.
ქალაქში რევაზ ხულორდავას დაკავებამ დიდი აჟიოტაჟი გამოწვია, მოსახლეობა მომხდარში სამეგრელოს გუბერნატორს გურამ მისაბიშვილს ადანაშაულებს – გავრცელებული ინფორმაციით მისაბიშვილს და ხულორდავას დაპირისპირება ჰქონდათ. სააკაშვილის რწმუნებული ამავდროულად სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატით სარგებლობს და რაიონისთვის კარგ არასდროს არაფერი გაუკეთებია – შესაბამისად, ჩვენ, ოპოზიციონერები მას ყოველთვის ვაკრიტიკებდით. დაკავებული, ამავდროულად ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდა – აი რა ვერ აპატიეს მას მიშამ და ვენომ. დაკავებულის ოჯახის წევრებზე დღესაც მიმდინარეობს ზეწოლა.
როგორ აფასებს საზოგადოება სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორის დანიშვნის შემდეგ დაწყებულ რეპრესიებს?
–რასაკვირველია უარყოფითად. მისაბიშვილი გადავიდა ოპოზიციონერების დატერორებაზე. ყველა აცნობიერრებს, რომ ის არის ცენტრალური ხელისუფლების ბინძური დავალებების უბადლო შემსრულებელი. მთელს სამეგრელოში და განსაკუთრებით მის მშობლიურ ქალაქ სენაკში, იციან რა ნაძირალაცაა გურამ მისაბიშვილი და დღემდე როგორ მოაღწია. როდესაც მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ ოპოზიციაში იყო, მისაბიშვილი და მისი მომხრეები კვერცხებს ესვროდნენ და ავიწროვებდნენ.
კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც აკაკი ხორავას სახელობის თეატრის წინ, ოპოზიციონერი მიხეილ სააკაშვილი აქციას მართავდა და თითს გამგეობისკენ იშვერდა, იმჟამინდელ გამგებელზე გურამ მისაბიშვილზე მიუთითებდა და სენაკელებს ჰპირდებოდა სამეგრელოს მისგან აუცილებლად გავათავისუფლებო. ადგილობრივ მოსახლეობას უკვირს, რატომ დანიშნა საქართველოს ძალით პრეზიდენტმა მისაბიშვილი გუბერნატორად. მიშამ და როლანდ ახალაიამ ყველაზე კარგად იციან, რა კაციც არის ის, მაგრამ სჭირდებათ, ადვილად სამართავი ადამიანია.
მართლა ისე აყვავდა სენაკი როგორც მიშავიზიები გაიძახიან თუ დანარჩენი საქართველოს მსგავსად იქაც სიღატაკე სუფევს?
– ხალხს შია, სწყურია, სცივა. ცოტა ხნის წინ ახალი, უაზრო შადრევანი გახსნეს. მშენებლობაში 250 000 ლარი დაიხარჯა. იმ ფონზე,როდესაც სოციალურად დაუცველი ოჯახებით გაივსო მთელი სამეგრელო, უზარმაზარ თანხებს ხარჯავენ შადრევანებში და ძეგლებში. ნუთუ არ შეიძლება ეს ფული გაჭირვებულ ხალხს მისცენ?! რაიონის გამგებელი თენგიზ ადამია იმდენად უზრდელი და უსაქმური ჩინოვნიკია, რომ ადგილობრივები ვერ იტანენ. თბილ კაბინეტში ზის და სენაკლების პრობლემები საერთოდ არ აინტერესებს.
დახმარების სათხოვნად მისულ გლეხებს მისაღებიდან წიხლისკვრით ქუჩაში ყრის. ადამია 2360 ლარიან პრემიებს ისე ინიშნავს, როგორც გაუხარდება. მინდა მივმართო მთავრობას და ვკითხო: – რისთვის აძლევთ ამ ადამიანს პრემიებს? – ნუთუ გამგეობაში საყვარლების მიღებაში? – ერთხელ მეც შევესწარი, საკუთარ კაბინეტში უცნობ ქალებთან იყო ჩაკეტილი – ეს ხდებოდა მოქალაქეთა მიღების საათებში. სოციალური დახმარებები გაუუქმეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ძალიან უჭირთ და დაუნიშნეს „ნაციონალური მოძრაობის” შეძლებულ მხარდამჭერებს – აი ასე ცხოვრობს სამეგრელო და სენაკი. ხალხი შველას ითხოვს!!!
ფაქტია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში სამეგრელო ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა. როგორ აფასებენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას მეგრელები და დაუჭერენ თუ არა მხარს „ქართულ ოცნებას“?
–გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილი გამოჩნდა. ადგილობრივებს იმედი გაუჩნდათ, რომ ბოლოსდაბოლოს ქვეყანას ეშველება. საზოგადოება ყველგან და ყოველთვის ივანიშვილზე საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ტელევიზიები არასწორ ცნობებს გადმოცემენ, ხალხში საღი აზრი მაინც არსებობს. მეგრელები ამბობენ, რომ ბიძინა ქვეყნის სათავეში ფინანსური ინტერესების დასაკმაყოფილებლად არ მოდის და საქართველოს სიყვარული ამოძრავებს. პენსიონერებსაც კი სჯერათ, რომ ეს კაცი პატრიოტია.
როგორც კი რეალური პოლიტიკოსი გამოჩნდა, ხალხში ნიჰილიზმი გაქრა და ყველა მხარს უჭერს ბატონ ბიძინას. სამეგრელო მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და მზად არის მისი მთავრობაში მოსვლის საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.
909
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85