მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ახსნა-განმარტება სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა და ასევე, მოითხოვა უზრუნველყონ მსჯავრდებულისთვის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. ამის შესახებ „ობიექტივს“ ინფორმაცია სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა კახაბერ მუმლაძემ გვითხრა, მსჯავრდებულმა კახაბერ ბარათაშვილმა 5 დეკემბერს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დაუდასტურა მისი ცემა-წამებისა და გაუპატიურების მცდელობის ფაქტი.
„5 დეკემბერს მსჯავრდებულს მისი მეუღლე შეხვდა, რომლის თქმითაც კახაბერ ბარათაშვილს ცემა-წამების კვალი - სილურჯეები ისევ ეტყობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას“, - ამბობს ადვოკატი კახაბერ მუმლაძე, რომელმაც პატიმრის ცემა-წამების ფაქტის გამო 29 ნოემბერს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა. სწორედ ამის საფუძველზე, 1-ელ დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ბარათაშვილს შეხვდნენ.
„კახაბერ ბარათაშვილმა განმარტა, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც მან კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა. მან კვლავ მიმართა კონტროლიორს, იმავე თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ბარათაშვილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილის გამო იძულებული გახდა საკნის კარზე დაებრახუნებინა, რა დროსაც მასთან საკანში დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შევიდა, რომლებმაც იგი ძირს დააგდეს და სცემეს.
მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით, კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად, მიხოხდა კარებთან და დაიწყო თავის მირტყმა. მასთან კვლავ შევიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, ხელბორკილები დაადეს და მორგში ცემით ჩაიყვანეს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში იგი ბეტონის იატაკზე დააგდეს და სცემეს.
კახაბერ ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე, მორგის იატაკზე ხელებზე ბორკილდადებული, მუცლით იწვა. შემდეგ იგი ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში გადაიყვანეს, სადაც თანასაკნელებმა ტანსაცმელი მისცეს. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.