მსხვილი კომპანიები სურსათის მცირე მაღაზიებს ადვილად ჩაძირავენ
"კოდა", "კუმისი XXI", "იოლი", "ნუგეში" - ეს იმ კომპანიების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებული ე.წ. "მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტში" გაიმარჯვეს - ზოგ შემთხვევაში კომპანიის, ზოგში კი ფიზიკური პირების სახელით - და ქალაქის სხვადასხვა, ყველაზე ხალხმრავალ, ვაჭრობისთვის ხელსაყრელ ადგილზე, ჯიხურების ჩადგმის უფლება ხუთი წლის ვადით მოიპოვეს. სამწუხაროდ, ადგილები, რომელთა სარგებლობის უფლება კომპანიებმა ინტერნეტაუქციონით მიიღეს და მაღალი ფასიც გადაიხადეს, რიგ შემთხვევებში იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც მანამდე პრესის გავრცელების ჯიხურები იდგა. ასე რომ, იქ, სადაც ცოტა ხნის წინ ჟურნალ-გაზეთები, წიგნები და სხვა ნაბეჭდი პროდუქცია იყიდებოდა, ქათამი, კვერცხი და სხვა სურსათი გაიყიდება.
ბეჭდური მედიის, პრესის გავრცელების სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერიის ამ ნაბიჯს პროტესტი მოჰყვა. გამოსვლებითა და წერილობით სცადეს ქალაქის ხელისუფლებისთვის აეხსნათ, რომ პრესა არის საზოგადოებრივი და დემოკრატიისთვის აუცილებელი პროდუქტი და მისი რეალიზაცია ვერ იქნება ისეთი რენტაბელური და მომგებიანი ბიზნესი, როგორიც, მაგალითად, კვების პროდუქტებით ვაჭრობა ან სწრაფი კვების ობიექტია. შესაბამისად, მისი ჩაყენება თანაბარ საკონკურსო პირობებში სხვა ბიზნესებთან არასწორია. მაგრამ, როგორც ჩანს, მერიას არაფრის გაგება არ სურს, რაზეც მათი ბოლოდროინდელი განცხადებებიც მეტყველებს.
"სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოპოვების აუქციონში მონაწილეობის საშუალება ყველა კომპანიას აქვს, მოგების შემთხვევაში კი, მას უფლება ეძლევა, გაყიდოს ის საქონელი, რომელიც სურს, მათ შორის ჟურნალ-გაზეთები. ყველა კომპანია იქნება თანაბარ პირობებში, რადგან დაუშვებელია რომელიმეს მიეცეს პრივილეგირებული უფლებები. ამით ჩვენ დავარღვევთ თავისუფალი და ჯანსაღი კონკურენციის პრინციპებს.
არის კონკრეტული ფაქტები, როცა აუქციონებზე ჯიხური რამდენიმე ათასად გაიყიდა, მაგრამ 270 ჯიხურზე აუქციონი არ ჩატარებულა, რადგან დაინტერესება არ ყოფილა. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, ამ კონკრეტულ ადგილებზე წელიწადში მხოლოდ 1000 ლარად შეიძინოს კომპანიამ ჯიხურის განთავსების ლიცენზია. 1000 ლარი კი ის თანხაა, რომლის გადახდის საშუალებაც აბსოლუტურად ყველა ეკონომიკურ სუბიექტს აქვს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის პრესსამსახური ეშმაკობს: ადგილები, სადაც აუქციონები არ გამართულა, რადგან მათი იჯარით აღების ინტერესი არავის გამოუვლენია, ქალაქის პერიფერიებში, მიუვალ და ეკონომიკური საქმიანობისთვის არახელსაყრელ ტერიტორიებზეა, სადაც ეკონომიკურ სუბიექტს 1000 ლარის გადახდა არ უღირს. ის ადგილები კი, რომელიც მერიამ პრესის გამავრცელებლებს წაართვა და ქათმისა და კვერცხის მწარმოებლებს "გადაულოცა", ცენტრალურ ქუჩებზე მდებარეობს და ცალკეული ჯიხურების შემთხვევაში იჯარა რამდენიმე ათეულ ათასსაც აღწევს. მხოლოდ პრესის რეალიზაციით ასეთი მაღალი საიჯარო მოსაკრებლის გადახდა არარეალურია, შესაბამისად, ყველა ბიზნესისთვის თანაბარი სატენდერო პირობების გამოცხადება უსამართლოა. კვების პროდუქტების მსხვილ მწარმოებელს კი, რომელსაც საკუთარი სარეალიზაციო ქსელი არ აქვს ან ერთეულ ობიექტებს ფლობს, შესაძლოა ბაზარზე პოზიციის გასამყარებლად ასეთი თანხების გადახდა უღირდეს კიდეც. ამდენად, აბსურდულია განცხადება ბიზნესსუბიექტების თანაბარ პირობებში ჩაყენების შესახებ. პროექტმა, ფაქტობრივად, მცირე მეწარმეობას მიაყენა დარტყმა, პრაქტიკულად ის მსხვილ ბიზნესთან გაათანაბრეს.
"ეკოპალიტრის" გამოკითხვით, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, მაგალითად ვაგზლის მოედანზე მდებარე შაურმის ჯიხური, დღის განმავლობაში საშუალოდ 250 ლარს ვაჭრობს და შემოსავლების მიხედვით იქ ყველაზე მაღალი საიჯარო თანხა, რომლის გადახდაც თვეში შეუძლია, 1500 ლარია (ე.ი. წელიწადში 18.000 ლარი). ცნობილია, რომ სწრაფი კვება მეტად რენტაბელური ბიზნესია და სულ ცოტა, 100%-იან მოგების მარჟაზე მუშაობს.
რაც შეეხება პერიფერიას, სადაც მერია ჯიხურების ჩადგმის უფლებას 1000 ლარადაც ვერ ყიდის, აქ, მაგალითად, კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების სარეალიზაციო ჯიხური, დღეში საშუალოდ 50 ლარს ვაჭრობს და მისი ყოველთვიური მოგება 1000 ლარზე ბევრად ნაკლებია, რადგან კონკურენციას მცირე თუ დიდი სუპერმარკეტები უწევენ. ზოგადად თბილისში 1000 ჯიხურის ბაზარი არც არსებობს, რადგან ყოველ ნაბიჯზე მცირე თუ საშუალო მაღაზია, ან მარკეტია. ჯიხურები მოგებაზე რომ ამუშაო, მაღაზიები, როგორც კონკურენტები, უნდა ჩამოიცილო. კვების პროდუქტების მწარმოებელი ამას იოლად შეძლებს, თუ საკუთარი სარელიზაციო ქსელი ექნება, სადაც თავის წარმოებულ პროდუქციას იაფად გაყიდის, მაღაზიას კი იოლად ჩაძირავს - მისთვის სტრატეგიულ პროდუქციას ძვირად მიაწვდის. მომხმარებელიც სწორედ იქ მივა, სადაც უფრო იაფია. ასეთ პირობებში მაღაზია რეალიზაციის გარეშე იჯარის გადახდასაც ვერ შეძლებს და მოკლე დროში გაკოტრდება. შესაბამისად, პრესის სარეალიზაციო ჯიხურების შემდეგ მცირე, უბნის მაღაზიების ჯერი დადგება. ასე რომ, პროექტი სწორედ მსხვილი კომპანიების მიერ ბაზრის მონოპოლიზებას უწყობს ხელს და კიდევ უმუშევრობის გაზრდას. მერიამ წინასწარვე იცის, რომ 1000 ჯიხურიდან მესამედს თუ გაყიდის, სადაც საშუალოდ 1-1,5 ადამიანი თუ დასაქმდება - ერთი გამყიდველი და რამდენიმე ჯიხურზე ერთიც დისტრიბუტორი, რომელიც ქსელს მოემსახურება. სამაგიეროდ, ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანი დარჩება უმუშევარი. პრესის გავრცელების თანამშრომლების გარდა, თითო გაკოტრებული სუპერმარკეტი, სულ მცირე, ოთხ უმუშევარ ადამიანს უდრის. ასე რომ, უფრო სამართლიანი იქნება თუ მერიის მიერ ინიცირებულ პროექტს "1000 ჯიხური უმუშევრობის ხელშეწყობისთვის" ერქმევა.
დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა გულისხმობდა, რომ პროექტი უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის, რომლებიც ძირითადად თავად საქმიანობენ და დიდი ბრუნვა არ აქვთ. როცა მსხვილი კომპანია ყიდულობს ჯიხურებს, თანაც რამდენიმეს, ეს აღარ უკავშირდება მცირე ბიზნესის განვითარებას ან მის ხელშეწყობას. ასე რომ ყოფილიყო, მერიას სატენდერო პირობებში დამატებითი კრიტერიუმი უნდა ჩაედო და ეთქვა, რომ მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს მონაწილეობის უფლება. მაგრამ როგორც ჩანს, მერიას ბაზრის მსხვილ მოთამაშეებთან ურჩევნია ურთიერთობა.
იმთავითვე ცნობილი იყო, რომ აუქციონის შედეგად იჯარის საწყისი ღირებულება გაიზრდებოდა, მაგრამ საწყისი 1000 ლარის პირობებში ვაჭრობა ათეულ ათასებს გასცდა. მცირე მეწარმეს ვაჭრობაში რომ მიეღო მონაწილეობა, გამოეთიშებოდა, რადგან არც ერთ მცირე მეწარმეს არ აქვს საშუალება, ჯიხურის იჯარაში წელიწადში 10 და 20 ათასი გადაიხადოს. საინტერესოა, რატომ იხდიან მსხვილი კომპანიები ამხელა თანხას ასეთი მცირე მოცულობის ჯიხურებში? კვერცხისა და ქათმის მწარმოებელმა კომპანიამ განა რა უნდა გაყიდოს ჯიხურებში, სადაც ამხელა იჯარის გადახდა მოუწევს. ანუ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, როგორ ხდება ამ ბაზრის გამსხვილება და წვრილი მეწარმეების, ცალკეული კომპანიების განდევნა, რასაც ოლიგოპოლიური ბაზრისკენ მივყავართ - ეს საკითხის ერთი ასპექტია.
მეორე - ქალაქის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მედიაბიზნესი, კონკრეტულად პრესა, არ არის კლასიკური ბიზნესი და არ შეიძლება მისი გაიგივება ისეთ ბიზნესთან, რომელიც რეალურად მოგებას ტოვებს და ძირითადი მამოძრავებელი ასეთი ბიზნესისთვის სწორედ მოგებაა. პრესისთვის მთავარი მამოძრავებელი და მოტივატორი არის საზოგადოების ინფორმირება და დამატებით შემოსავლების მიღება. სწორედ ამიტომ ეს ბიზნესი, როგორც წესი შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობს. თავის დროზე, სწორედ ამ მოტივით საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომ მედია არ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და მას გააჩნია სოციალური, საინფორმაციო დატვირთვა, ამიტომ უნდა დაიბეგროს შეღავათიანი რეჟიმით. გამოდის, უწინ ამას სახელმწიფო ითვალისწინებდა, შემდეგ კი მედია აღქმულ იქნა ჩვეულებრივ ბიზნესად... თუმცა მაინც მგონია, რომ მერიის ამ განცხადების მიღმა სულ სხვა განზრახვა იმალება".
გია ხუხაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი): "პრესის გათანაბრება სახინკლესა და საშაურმესთან უკიდურესი ცინიზმია ხელისუფლების მხრიდან. როდესაც მერიის "კომისრები" საუბრობენ, რომ ეკონომიკურ სუბიექტებს თანაბარ პირობებში განიხილავენ, ეს იმდენად აბსურდულია, რომ ან უბრალოდ არ ესმით რას ამბობენ და სჩადიან, ან ამას აკეთებენ სავსებით შეგნებულად. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაში "მეოთხე ხელისუფლების" პრობლემებზე, იმ სეგმენტზე, რომელიც აბალანსებს ხელისუფლებას და სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ქართული საზოგადოებისთვის, შაურმისგან განსხვავებით. მაგრამ მერიას სურს დაგვარწმუნოს, რომ გაზეთი შაურმაა.
თუ საკომპენსაციოდ გაზეთის გასაყიდ ფასს გაზრდი, მას მომხმარებელი ვერ გადაიხდის. ეს მშვენივრად იციან მერიის წარმომადგენლებმა და სავსებით შეგნებულად მიდიან ამ ნაბიჯზე. თუ თავად არ იციან, კეთილი ენებათ, დაეძახათ ჩვენთვის, დავუთვლიდით, რა პრობლემები აქვთ პრესას, ავუხსნიდით, რატომ არ შეიძლება მისი გათანაბრება სახინკლესთან. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პრესა ბევრად უფრო მომგებიანია, ის სოლიდური შეღავათებით სარგებლობს. XXI საუკუნეში თავისუფალი სიტყვის ფასი ძალიან მაღალია საზოგადოებისთვის. თავისუფალი მედია ქვეყანაში საზოგადოების დაცვის ყველაზე ძლიერი მექანიზმია, შესაბამისად ის საჭიროებს წახალისებას, განსაზღვრულ პროტექციონისტულ პოლიტიკას ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. რაც ახლა ხდება, კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ჩვენ უფრო ავტორიტარულ რეჟიმში ვცხოვრობთ, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოში და ეს წნეხიც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ძლიერდება".
კომენტარი თემაზე
მერაბ ჩანჩალაშვილი (პრესის გავრცელების სამსახურის "პლანეტა ფორტეს" ხელმძღვანელი): "ყველაზე კარგ ადგილას მდებარე პრესის სარეალიზაციო ჯიხური დღეში დაახლოებით 200 ლარს ვაჭრობს. აქედან ჩვენი შემოსავალი საშუალოდ 20%-ია, ამას უნდა გამოვაკლოთ გამყიდველის ხელფასი და სხვა ხარჯები: გაზეთების დამხარისხებლების, მძღოლების, ტრანსპორტირების. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ პრესის ერთი ჯიხურიდან დღეში საშუალოდ 5-7 ლარი თუ დარჩება სუფთა მოგება. სანამ წლების წინ მერია პირველად შეუტევდა პრესის ჯიხურებს, ქალაქში 80 ჯიხური მქონდა. შემდეგ რაოდენობა 40-მდე შემიმცირეს, მაგრამ მოგების შემცირების ფონზე, ხარჯი ისევ ის დამრჩა, რაც 80 ჯიხურის შემთხვევაში. ახლა მერიამ "პლანეტა ფორტეს" კიდევ ათი ჯიხურის აიღო, თანაც ყველაზე კარგ ადგილებში. ათი ჯიხურიც რომ დარჩეს, თუ ისინი ქალაქის სხვადასხვა კუთხეში მდებარეობს, ხარჯი მაინც იგივე დარჩება, რადგან ჟურნალ-გაზეთებს დამხარისხებელიც სჭირდება, გამყიდველიცა და მძღოლ-ექსპედიტორიც. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძლივს ვინახავდი თავს და სიმართლე გითხრათ, უკეთესის იმედით დროის მოგებაზე ვფიქრობდი, რათა როგორმე ეს ვითარება გადამეგორებინა.
ასეთ პირობებში ლაპარაკი იმაზე, რომ პრესამ თანაბარი კონკურენცია გაუწიოს ბიზნესის სხვა სახეობებს, სრულიად არარეალურია. მით უფრო, რომ ზოგი ჩვენი ჯიხურის ადგილის იჯარა ვაჭრობის შედეგად ისეთ ფასზე ავიდა, გულწრფელად მიკვირს, განა რა ბიზნესი უნდა იყოს, რომ თვეში 3-4 ათასი ლარი მხოლოდ მიწის იჯარა გადაიხადოს. შესაძლოა მსხვილმა კომპანიებმა, რომელთაც სხვა სავაჭრო ობიექტებიც აქვთ, ეს ჯიხურები დოტაციაზე აიყვანონ, რადგან მხოლოდ ჯიხური ასეთ ხარჯებს ვერ დაფარავს.
გამორიცხულია, პრესასთან ერთად ჯიხურში სხვა, უფრო მომგებიანი პროდუქციაც გაიყიდოს. ჯერ ერთი, როცა კვების პროდუქტებს ხელს ჰკიდებ, ის ხელები სუფთა უნდა გქონდეს. სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის თვალსაზრისით არასწორია, რომ გაზეთი სურსათთან ერთად გაიყიდოს. საინტერესოა, თუ შესაძლებელი ყოფილა პრესასთან ერთად სხვა პროდუქციის გაყიდვა, აქამდე რატომ ვყიდდით მხოლოდ პრესას? ვიცოდით, რომ მართალია, ეს ბიზნესი ნაკლებად მომგებიანია, მაგრამ ანგარიშს ვუწევდით, რომ პრესის სარეალიზაციო ობიექტი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრივილეგირებული იყო და განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობდა. ყველა დროში, ყველა სახელმწიფო წყობის დროს, საბჭოთა პერიოდშიც კი, ყველა საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა ჯერ დასრულებულიც არ იყო, რომ იქ პირველ რიგში პრესის ჯიხური იდგმებოდა. პარიზში ვიყავი და ელისეს მინდვრებზე ყოველ 50 მეტრში, ქუჩის ორივე მხარეს პრესის ჯიხურები დგას, სადაც პრესის გარდა მხოლოდ მსუბუქი საკანცელარიო ნივთები, ტურისტული რუკები და მცირე სუვენირები იყიდება.
როცა მერია გვეუბნება, რომ პრესასთან ერთად სხვა პროდუქციაც გავყიდოთ, ჟურნალ-გაზეთებთან ერთად სხვა პროდუქციის გასაყიდად 6 კვადრატული მეტრი ფართობი გეყოფა? იძულებული იქნები, მხოლოდ 10-15 გაზეთი დადო დახლზე და დარჩენილი ადგილი სხვა საქონელს დაუთმო.
მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ჩემი ჯიხურების იჯარის მოსაპოვებლად მონაწილეობა მეც დავაპირე, მაგრამ მალევე დავანებე თავი, რადგან კონკურენტებმა არარეალურად მაღალი თანხების დასახელება დაიწყეს. დოლიძის ქუჩაზე, იქ სადაც მანამდე ჩვენი ჯიხური იდგა, კომპანია "კოდამ" იჯარის უფლება წელიწადში 30 ათას ლარად მოიპოვა. მერიამ ათი ისეთი ჯიხური აიღო, რომელიც მთლიანად ჩემი ორგანიზაციის ბრუნვისა და მოგების 50%-ს შეადგენდა. პერიფერიებში რამდენიმე ჯიხური დოტაციური მაქვს, დღეში 30-40 ლარზე მეტს ვერ ვაჭრობენ, მაგრამ იმის გამო, რომ ქსელი მქონდა, მაინც მიღირდა".