როგორც ჩანს, წლევანდელი წელი საბანკო სექტორში დაგეგმილი პროგნოზირებული სიახლეების გარეშე ჩაივლის. მიუხედავად მრავალგზის დაანონსებისა, ჯერჯერობით საქართველოში საქმიანობა არც ერთ უცხოურ ბანკს არ დაუწყია. გერმანულმა, აზერბაიჯანულმა და სომხურმა ბანკებმა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღეს.
მართალია, გერმანულმა „კომერცბანკმა” საქართველოში ოფიციალურად წარმომადგენლობა უკვე გახსნა, თუმცა როგორც ჩანს ფილიალის გახსნას ჯერ მაინც არ აპირებს. “რეალურად, წარმომადგენლობა გახსნილად მაშინ ითვლება, როდესაც ბანკის ოფიციალური წარმომადგენელი უკვე იმ ქვეყანაშია, სადაც ბანკი წამომადგენლობას ხსნის. მე კი საქართველოში 1 ოქტომბრიდან ვიმყოფები. თუმცა, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ფილიალის გახსნას არ ვგეგმავთ”, - აცხადებს „კომერცბანკის” წარმომადგენელთი მარკო გრაფი.
“სწორედ ახლა მიმდინარეობს მიმართულების განსაზღვრა ადგილობრივ ბანკებთან ერთად და უახლოეს მომავალში გაირკვევა თუ რა მიმართულებებით ვიმუშევებთ. როცა მითხრეს, რომ საქართველოში უნდა წამოვსულიყავი, როგორც „კომერცბანკის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეტოვებინა აზერბაიჯანში „კომერცბაკის” ოფისი”, - ამბობს მარკო გრაფი, რომელსაც კავკასიაში მუშაობის საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.
იგივე მდგომარეობაა აზერბაიჯანული “ფაშა ბანკის” მიმართულებით, რომლის საქართველოში შემოსვლას უფრო ადრე ელოდნენ.
“ჯერჯერობით ეროვნული ბანკისთვის არ მიგვიმართავს, ამისთვის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები მიმდინარეობს. მათ დასრულებას მომავალი წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის ვვარაუდობთ. ამის შემდეგ კი, დაახლოებით ერთ თვეში ჩვენს შვილობილ ბანკს Pasha Bank Georgia-ს გავხსნით, რის შემდეგაც საოპერაციო საქმიანობას დავიწყებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ბაზარზე მაღალია კონკურენციაა, რაშიც ვხედავთ შესაძლებლობას, გადავიღოთ ქართულ საბანკო სისტემაში არსებული დადებითი გამოცდილება. უპირველეს ყოვლისა, ფართო ინსტიტუციონალური ინვესტირებაა. ჩვენი ფილიალის გახსნით შეიქმნება ეფექტური არხი ამ გამოცდილების გაზიარებისა და მისი ჩვენს ბიზნესში, აზერბაიჯანის ბაზარზე გადატანისთვის.
„ჩვენ გეგმებში მართლაც შედის ერთ-ერთი ქართული ბანკის ყიდვა, მაგრამ მოლაპარაკებების დასრულებამდე მის სახელწოდებას ვერ გავამჟღავნებთ,“ - განაცხადა ბანკის წარმომადგენელმა ელვირა ადამიანმა “კომერსანტ.ჯი”-სთან საუბრისას.
უკვე თვეა საქართველოში სომხური „ამერიაბანკის“ გააქტიურებასაც ელიან, თუმცა, როგორც ჩანს მომავალ წლამდე არც ამ მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები მოსალოდნელი. „ამერიაბანკი” საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის სტრატეგიის ფარგლებში ერთ-ერთი ქართული ბანკის შეძენის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბანკის განვითარების დირექტორის ტიგრან ჯრბაშიანის თქმით, ამას განაპირობებს კლიენტების მაღალი ინტერესი საქართველოს ბაზრისადმი, რის გამოც „ამერიაბანკს“ შეუძლია ქართულ ბაზარზე საკუთარი ნიშა დაიკავოს.
„ქართული ბაზარი ჩვენთვის ნაცნობია, არის სათანადო კონტაქტები, კანონმდებლობა კი სომხური კანონების მსგავსია,“ - აღნიშნა ჯრბაშიანმა.
ბანკი მზად იყო გარიგების შესახებ უკვე სექტემბერში განეცხადებინა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხდა. ამის მიუხედავად „ამერიაბანკი“ დაწყებულ მოლაპარაკებებს აგრძელებს. ჯრბაშიანის განმარტებით, ისევე როგორ ნებისმიერი ბანკი, რომელიც ახალ ბაზარზე შედის, „ამერიაბანკიც“ საკუთარ თავს საქართველოში კორპორაციულ ბანკად ხედავს.
969
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85