პრეზიდენტით აღფრთოვანებული დაბნეული უმრავლესობა

პრეზიდენტით აღფრთოვანებული დაბნეული უმრავლესობა

საქართველოს პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ცხრა კვადრატულ კილომეტრში ნახევარმილიონიანი ქალაქი უნდა აშენდეს და ლენტის გასაჭრელად ათი წლის ვადა დაასახელა.

ძნელი სათქმელია, სააკაშვილი ათი წელი თუ მოიცდის, რომ ეს ლენტი გაჭრას, მაგრამ ამაზე უფრო საინტერესო ის არის, ამ იდეის განხორციელება რამდენად რეალური შეიძლება იყოს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წლის 1 იანვრისთვის ქვეყნის მთლიანი მოსახლეობა 4 469.2 ათასი კაცს შეადგენს. აქედან დედაქალაქში 1162.4 ათასი კაცი ცხოვრობს. ასევე არის რამდენიმე დიდი ქალაქი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა ასეა გადანაწილებული: ქ. რუსთავი- 121 ათასი ადამიანი, ქ. ქუთაისი - 195 ათასი, ქ. ბათუმი - 125 ათასი, ქ.ფოთი - 48 ათასი.

საერთო ჯამში, ქალაქად მაცხოვრებელთა რაოდენობა მთელი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტია და ქვეყნის შიდა მიგრაცია სოფლიდან ქალაქში ყოველწლიურად იზრდება.

ამ ფონზე კი საქართველოს პრეზიდენტი მიზერულ ვადაში და მიზერულ ფართობზე საკმაოდ დიდი ქალაქის აშენებას გეგმავს.

„გადავწყვიტეთ, ანაკლიასა და ყულევს შორის დავაფუძნოთ დიდი ქალაქი, რომელსაც დავარქმევთ ლაზიკას... ეს იქნება სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შემდეგ. ეს იქნება მთავარი სავაჭრო, ეკონომიკური ცენტრი დასავლეთ საქართველოში და საქართველოსთვის მთავარი ცენტრი შავ ზღვაზე“, - განაცხადა სააკაშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ „ჩვენ რამდენიმე ათას ადამიანს დავასაქმებთ ახალი ქალაქის მშენებლობაზე“.

მისივე თქმით, ახალი ქალაქის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოცხადდება ასევე კონკურსი არქიტექტორებისთვის.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ჯგუფთან აზიასა და ევროპაში, რათა მათ ჩადონ ფული ამ ახალი ქალაქის მშენებლობაში. მინდა მოვუწოდო ყველა ქართველს, იფიქროს ამაზე სერიოზულად. მინდა მოვუწოდო საქართველოდან წასულ ხალხს, აფხაზეთიდან წასულ დევნილ ხალხს, დაბრუნდნენ და ჩვენთან ერთად ააშენონ ახალი ქალაქი. ჩვენ წინ გვაქვს დიდი მშენებლობები და ჩვენ წინ გვაქვს ძალიან თავზეხელაღებული გეგმები“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შესაძლოა, ამ ბოლო ფრაზის თქმისას პრეზიდენტი არ ცდებოდეს, რადგან ჭკვიან ხალხს სასაცილოდაც არ ჰყოფნით ეს იდეა, რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. თუნდაც ის, თუ რა სახსრებით უნდა აშენდეს, ეკონომიკის განვითარებისთვის რა გაკეთდება და ასევე ეს ნახევარი მილიონი ადამიანი აქ საიდან უნდა მოიყვანონ.

ახალ კი ვნახოთ სააკაშვილის ამ გეგმას მისივე უმრავლესობა როგორ აფასებს. ამიტომაც presage.tv საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე ლიდერს ესაუბრა, რომლებიც იძულებულნი არიან, ამ იდეით აღფრთოვანებულები იყვნენ.

აკაკი მინაშვილი: მე მგონი, პრეზიდენტმა ყველაფერი ცხადად განაცხადა, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც იქნება ახალი აღმშენებლობა. ამიტომ ეს საკვირველი არ არის და ნებისმიერი ის დაპირება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დადო კონკრეტულად ამ მიმართულებით, რომელიც აღმშენებლობას ეხება, ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტურად და ძალიან წარმატებით ხორციელდება.

აქ, მე მგონი, გასაკვირი არაფერი არ არის. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით იმიტომ, რომ ნებისმიერი ასეთი მშენებლობა, იქნება ეს რომელიმე ქალაქის ქუჩები, მაგალითად, თბილისი, ქუთაისი, თელავი თუ ა.შ. ერთი მხრივ, არის ტურისტების მოზიდვის ძალიან კარგი საშუალება და ტურიზმი არის ქართული ეკონომიკის ერთი მნიშვნელოვანი სექტორი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ტურისტებს შემოაქვთ შემოსავალი, რომელიც შემდეგ საქართველოს მოქალაქეებზე ნაწილდება.

მეორე მხრივ კი, ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვისაც, რადგან ეს არის გზავნილი ყველასთვის მთელ მსოფლიოში, რომ საქართველოში არის განვითარების ძალიან სწრაფი ეტაპი და სტაბილურობის ძალიან მაღალი ხარისხი. ეს არის ყველაზე სანდო არგუმენტი და მოტივაცია ინვესტორისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოვიდეს და დააბანდოს ინვესტიცია იმიტომ, რომ ის ხედავს აღმშენებლობას.

ამ გადაწყვეტილების შესახებ იცოდით თუ ტელევიზიით შეიტყვეთ?

– ეს მუშავდებოდა იმ სფეროს ადამიანებთან, ვინც ამ სფეროში ჩართულები არიან.

როგორც წარმოგიდგენიათ ამ ქალაქის არსებობა, ვინ უნდა იცხოვროს, რა უნდა გააკეთოს?

– ეკონომიკის პრინციპი არის ის, რომ მოსახლეობა ნებისმიერ ახალ დასახლებაში მიდის ავტომატურად. რატომ? იმიტომ, რომ ასეთ ადგილებში დასაქმების ძალიან კარგი საშუალებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ტურისტია და შესაბამისად მოსახლეობა მიდის იქ. ეს არის ბუნებრივი კანონი, სადაც არის დასაქმების შანსები, მოსახლეობა გადადის იქ. მით უფრო იმ რეგიონეში არის მოსახლეობის ძალიან დიდი დენადობა.

არავინ არ უარყოფს, რომ არის დასაქმების პრობლემა და ეს ქალაქიც იქნება დაუსაქმებლობის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება და მე მგონი, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზულია და ამ წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ასეთი ტიპის პროექტებს იწყებს, ახორციელებს დაამთავრებს ძალიან სწრაფად.

ზურაბ მელიქიშვილი: ეს პროექტი არის ძალზე მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ თავად რეგიონს, განსაკუთრებით სამეგრელოს, რომელსაც მას შემდეგ, რაც აფხაზეთი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეკონომიკის მიმართულებით ძალზე რთული პერიოდი დაუდგა და აქ ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის იმის გამოყენება, რომ გვერდით არსებობს ზღვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. დანარჩენს ყველფერს კი უკვე დრო გვიჩვენებს.

მხოლოდ ქალაქის აშენებამ როგორ უნდა გააუმჯობესოს რეგიონის მდგომარეობა, აქამდე იმიტომ ვერ გაუმჯობესდა, რომ სამეგრელოს ქალაქები ეკლდა?

– აქ არ არის საუბარი მხოლოდ ქალაქზე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ შეიქმნას ქალაქი, რომელიც ეკონომიკური კუთხით იქნება ერთგვარი ცენტრი, რომლის პოტენციალი რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული.

ამის გაკეთება უკვე არსებულ ქალაქებში არ შეიძლებოდა?

– აქ ახალი პოტენციალი გაჩნდება.

როგორ?

– ამას ყველაფერს ძალიან მალე ვნახავთ.

ნუგზარ წიკლაური: მიმდინარეობდა კახეთის განვითარების პროექტი, თბილისის განვითარების, ქუთაისის განვითარების და პრაქტიკულად საქართველოს ყველა კუთხე მოიცვა ამ აღმშენებლობითმა სამუშაოებმა, ინფრასქტრუქტურულმა დიდმა პროექტებმა.

რაც შეეხება სამეგრელოს, რომელიც არის ოკუპაციის ხაზთან, ეს რეგიონი იყო ერთგვარი ჩიხი, სადაც ვერ ხერხდებოდა დიდი საინვესტიციო პროექტების განხორციელება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძლიან სწორი მიმართულება არის ზუგდიდის განახლების დიდი პროექტები და ასევე ახალი ქალაქი შავი ზღვისპირეთში, რომელიც ბუნებრივად დააკავშირებს ანაკლიას აჭარის კურორტებთან და ფოთთან.

ძალიან საყურადღებოა ისიც, რომ მისი სახელი - ლაზიკა არის ისტორიული გზაგასაყარი თანამედროვე სამეგრელოს და თანამედროვე აფხაზეთის საზღვრის. ამიტომ ეს ისტორიული მიმართებაც არის ძალიან სწორი და ვფიქრობ, რომ ის მიიპყრობს არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრები მეგრული წარმოშობის ქართველი ბიზნესმენების ყურადღებას, ასევე ძალიან ბევრი ლაზის, რომელიც ამ ადგილიდან არცთუ ისე შორს, თურქეთში ცხოვრობენ და იქნება ინვესტიციების და დასაქმების კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა და ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასახარი უნდა იყოს.

სახელი ვინ მოიფიქრა?

– არ ვიცი, ვინ მოიფიქრა, მაგრამ ნამდვილად კარგი სახელია იმიტომ, რომ მთელი ბერძნული ტრადიცია არის ლაზიკის დაძახება. სხვათა შორის, გუბაზ მეფე, რომელზეც სულ არის ლაპარაკი, ის არის ლაზი და არა ეგრისის მეფე. ის არის ლაზიკის მეფე.

იქ ასე იყო, რომ ზღვისპირას მცხოვრებ ქართველებს ეძახდნენ ლაზებს, ხოლო მთაში მცხოვრებლებს უფრო ჭანებს ეძახდნენ. ამიტომ, როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე მიმდინარე პოლიტიკური მომენტის გათვალისწინებითაც მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა.

გიგი წერეთელი: ამ წლების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ გაკეთდა, რომლის წარმოდგენაც რთული იყო და რომლის რეალიზებაც ან ძალიან შორეული პერსპექტივა ჩანდა ან აბსოლუტურად არარეალური, მაგრამ ცხოვრებამ დაგვანახა ამ 2004 წლიდან მოყოლებული, ბევრი ჩანაფიქრი განხორციელდა. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ეს ჩანაფიქრიც განხორციელდება. ეს არის ძალიან დიდი, მე ვიტყოდი, ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომელიც არ იქმნება ერთი ასწლეულისთვის. ამასთან, გარდა მისი პრაქტიკული მნიშვნელობისა, თუნდაც დღევანდელ ვითარებაში ეს არის ურბანული საკითხები, დასაქმების საკითხები და ა.შ. ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს სწორედ ზღვისპირეთში, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ახლოს ასეთი ტიპის მართლაც გრანდიოზული პროექტის განხორციელებას.

დღეს, შესაძლოა, ამის წარმოდგენა რთულია, მაგრამ ისევ ვამბობ, რომ თუ არსებობს იდეა, არის გუნდი და გამართლებაც საჭიროა, რადგან გარემო პირობებიც უნდა ქმნიდეს ამის საშუალებას, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი საქმე იქნება, რაც შეიძლება გაკეთდეს და მართლაც არის ძალიან სარიოზული ეროვნული იდეა, რის ირგვლივაც შეიძლება საზოგადოება იყოს ერთიანი.