საქართველომ ორი დატუსაღებული ისრაელელი ბიზნესმენი შეიწყალა

საქართველომ ორი დატუსაღებული ისრაელელი ბიზნესმენი შეიწყალა



რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს ბრალი ედებოდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვის მცდელობაში.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ჰუმანური მოსაზრებებით, პარასკევს ორი ისრაელელი ბიზნესმენი შეიწყალა. ეს ორი ბიზნესმენი ფინანსთა მინისტრის მოადგილის მოქრთამვის მცდელობის გამო სასჯელს იხდიდნენ.

ორივეს, რონ ფუქსსაც და ზეევ ფრენკელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ისინი თელ-ავივში პარასკევს შუადღეს ჩაფრინდნენ. აეროპორტში მათ ნათესავები და მეგობრები შეეგებნენ. ფოტოსურათებზე ორივეს შვებამოგვრილი და გაღიმებული სახეები აქვთ.

”იმის განცდა, რომ შინ დავბრუნდით, მშვენიერია,” უთხრა ფუქსმა Channel 10 News-ს. ”მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს არაჩვეულებრივ ოჯახს, ჩემს განსაკუთრებულ მეგობრებს ისრაელში და მთელ მსოფლიოში, ქვეყნის პატივცემულ პრეზიდენტს, სიმონ პერესს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში, განუწყვეტლივ მუშაობდა ჩვენი გათავისუფლებისთვის და არ ნებდებოდა.”

ფუქსსა და ფრენკელს აპრილში თბილისის სასამართლომ შვიდი და ექვსნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმის სახით ასობით ათასი დოლარის გადახდა დააკისრა.

ისინი 2010 წელს სპეცოპარციის მეშვეობით დააკავეს. ისინი ეჭვიმიტანილნი იყვნენ იმაში, რომ ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, 5 მილიონი დოლარი ქრთამად შეაძლიეს, რათა მას დაეჩქარებინა 100 მილიონი დოლარის გადახდა. ეს თანხა კომპენსაციის სახით ემართა საქართველოს მთავრობას.

კომპენსაცია უნდა გადახდილიყო იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა კონტრაქტი ნავთობისა და აირის სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც ამ ორს ეკუთვნოდა. ბრიტანულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ბიზნესმენები, ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან იმ შეხვედრის შემდეგ, რომელსაც თურმე პოლიცია ფარულად იწერდა, მაშინვე დააპატიმრეს. შეხვედრის ჩანაწერი ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს.

პოლიციამ რეიდი ჩაატარა იმ რესტორანში, სადაც ორივე ბიზნესმენი იმყოფებოდა. ორივე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ უდანაშაულონი არიან. ისინი ამბობდნენ, რომ პატიმრობის მიზანი იმ ვალიდან ყურადღების გადატანას ისახვდა მიზნად, რომელიც საქართველოს მთავრობას ემართა.

პერესმა სააკაშვილს დაურეკა და ”მთელი გულით გადაუხადა მადლობა” შეწყალებისთვის.

”მე ვიცი, ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა,” უთხრა მან. ”ეს კეთილშობილი ჟესტი იყო და მე უზომოდ პატივს ვცემ მას.”

პერესმა განაცხადა, რომ ეპიზოდი ამოწურულია და ისრაელსა და საქართველოს შეუძლიათ ”დაუბრუნდნენ კარგ და ღრმა კავშირებს, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.”

პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, სააკაშვილმა პერესს უთხრა, რომ პატივს სცემდა მას, როგორც მსოლიო ლიდერს და ”საქართველოს დიდ მეგობარს”.

”ეპიზოდი მძიმე და არასასიამოვნო იყო ორივე მხარისთვის და მე ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი დასრულდა’, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მანამდე, სანამ ორი ბიზნესმენი თელ-ავივში ჩაფრინდებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ისრაელში მიიწვია. ვიზიტი ორ კვირაში უნდა შედგეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განცხადებით, მოწვევა მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ურთიერთობათა დაბრუნებას იმ დონეზე, რომელიც არსებობდა ზემოხსენებულ ეპიზოდამდე.
foreignpress.ge