"კვირის პალიტრისა" და "ვერსიის" მასალების მიხედვით
"პრესის გავრცელების სააგენტოებმა უკვე დაკარგეს ჯიხურების თითქმის ნახევარი - ყველამ კარგად იცის, რომ აუქციონში გამარჯვებული "ბიზნესმენისთვის" დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალის ნედლ გაზეთს. ჟურნალისტების ერთკვირიან მედიაპროტესტს თბილისი მერის უგულო დამოკიდებულება მოჰყვა და აი პირველი შედეგიც - საბურთალოზე"პლანეტა ფორტეს" ერთ-ერთი ჯიხური ონლაინ აუქციონზე 36 000 ლარად გაიყიდა! ეს აშკარა ნონსენსია, განა რა უნდა გაყიდონ ამ ჯიხურში ისეთი, რომ 36 ათასი ლარი ამოიღონ? რა ხდება სინამდვილეში, არის თუ არა ამ პრობლემის სათავე შესყიდვების შესახებ კანონში გაპარული ხარვეზები, რომელსაც ონლაინ-აუქციონზე დაფიქსირებული შეცდომების სახით ვიმკით, ან რა ხდება საერთოდ, ჯიხურების აუქციონზე?" - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ჯიხურების აუქციონი - თბილისის მერიის პოლიტაფერა! / "ვერსიის" მიმართვა გიგი უგულავას - ერთი დღით, "კრიკუნის" პროფესიაც შეითავსე!
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჯიხურების ონლაინ-აუქციონზე ფასის აწევა ხელოვნურად ხდებოდა და შემთხვევათა 99%-ში სწორედ "ნუგეში" (რომლის ჯიხურებიც გიგი უგულავას სახელს უკავშირდება) თამაშობდა ამ ფასით. აუქციონის მიმდინარეობისას უცბად ჩნდებოდა "ნუგეში", რომელიც მოულოდნელად ასწევდა ფასს და შემდეგ ქრებოდა! ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ამ ფასის გადახდა, მედია გამავრცელებლებისთვის არაადეკვატური და შეუძლებელი ყოფილიყო. ონლაინ-აუქციონი მიმდინარეობს "სწორად" - ანუ ზუსტად ისე, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ხელისუფლების ამონაცანა განისაზღვრა ნათლად - ამ ბაზარზე შემთხვევითი მოთამაშეები არ უნდა დარჩნენ და ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს!", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.
"აქ მნიშვნელოვანია პირველადი, მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც უკვე ჩატარდა, როდესაც ექსკლუზიურად მისცეს უფლებები დავით კეზერაშვილის "ვაით დისტრიბუშენს" და მონოპოლისტად აქციეს. აი, ამის შემდეგ ჩამოაცილეს ყველა ის კომპანია, რომელიც ამ მონოპოლიას პრობლემებს უქმნიდა. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ თურმე მონოპოლისტი არ გვყავს და ერთი მხრივ, ყველას აქვს შესაძლებლობა, მეორე მხრივ - ყველა ეს სუბიექტი თანაბარ პირობებში უნდა იყოს, ძალიან სასაცილოდ ჟღერს. თანაბარ პირობებში ვეღარ იქნები, როდესაც ეს პირობები ვიღაცისთვის უკვე განსაზღვრულია და მეორე მხრივ, არანაირ კონკურენციაზე არ არის საუბარი, როდესაც "ვაით დისტრიბუშენს" კანონის სრული დარღვევით 250 ჯიხურზე აქვს ნებართვა მიღებული...", - დასძენს თინა ხიდაშელის და შეკითხვას - "ფასის აწევ-დაწევასაც ვერავინ ვერ გააკონტროლებს და ესეც, ალბათ, მიზანმიმართულად არის არის ჩადებული კანონში, ხომ?" - პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ასეა. ჩვენ რომ გვეუბნებიან, ონლაინ-აუქციონი ღიაა, საჯაროა, ინტერნეტში შეხვალთ და ნახავთ - ჯერ ერთი ტყუილია, რომ თქვენ, მედიას, შეგიძლიათ გააკონტროლოთ აუქციონი, რადგან ვერაფერს ვერ გააკონტროლებთ, თუ წინასწარ არ ხართ დარეგისტრირებული როგორც აუქციონის მონაწილე: ჯერ უნდა დარეგისტრირდეთ, შემდეგ პირველადი შესატანი თანხა 50 ლარი უნდა გადაიხადოთ და უკვე უყურებთ აუქციონს, მაგრამ იცით, რომ ყოველი აუქციონი ცალკე ტარდება? მაგალითად, 1000 ჯიხურია, მაგრამ თითოეულზე ცალკე აუქციონი ცხადდება და 50 ლარი 1000-ჯერ უნდა გადაიხადოთ, რომ ამის მონიტორინგი შეძლოთ რაც ძალიან სასაცილოა! არადა სხვანაირად ვერ გაიგებთ, ვინ მოიგო, ვინ წააგო, ფასი ხელოვნურად ვინ ასწია და საერთოდ რა მოხდა ამ აუქციონზე - ამიტომ ეს ზღაპრები მოუყვნენ მათ, ვისთანაც ეს ყველაფერი გასდით... ხომ დებენ თავს, გამჭვირვალეები ვართო, მაშინ გვაცნობონ, რამდენი აუქციონი მოიგო "ნუგეშმა" და რამდენი "ვაით დისტრიბუშენმა", რატომ არ ქვეყნებენ ამ ინფორმაციას - ვრცელი განცხადება რომ გამოქვეყნეს რესპუბლიკელების ბრალდებებზე, სადაც ყველაფერზე ისაუბრეს იმის გარდა, რასაც განცხადებაში ვწერდი, ესაა პასუხი?"
ბეჭდური მედიის გავრცელება შეფერხდა, ათეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩა _ ეს ის შედეგია, რომელიც მერიის ახალმა "1000 ჯიხურის პროექტმა" უკვე გამოიღო. პრესის გავრცელების ჯიხურების დემონტაჟი უკვე მოხდა ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სასახლესთან, დიდუბეში საგამოფენო ცენტრთან, ორთაჭალაში ე.წ. "ციხეების" მახლობლად, დოლიძის ქუჩაზე... ამ დრომდე ჩატარებულ აუქციონზე გაყიდული ლოტების მნიშვნელოვანი ნაწილი პრესის ჯიხურების ადგილმდებარეობას "დაემთხვა". თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "გასაყიდი ჯერ კიდევ ბევრია", ალბათ "დამთხვევები" კიდევ იქნება", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით მერიის კორუფციული გეგმა / ანუ იჯარა "დილიხორით"/ თბილისის მერიას ჯიხურების ბაზარიც კი მხოლოდ პრივილეგირებული კომპანიებისთვის ემეტება.
"პრესის ჯიხურებისგან "გაწმენდილ" ტერიტორიაზე ახალი ჯიხურები ჯერ არ ჩაუდგამთ, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანიის ვინაობა უკვე ცნობილია. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ამ ჯიხურებში პრესა ნამდვილად არ გაიყიდება. 10-დან 17 ათას ლარამდე ფარგლებში ჯიხურების განთავსების უფლება კომპანია "კუმისი XXI"-მ შეიძინა, 22 ადგილს დაეპატრონა ასევე ქათმის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "კოდა", რომელმაც ასევე არარეალურად მაღალი საიჯარო თანხები დააფიქსირა - 10-დან 30 ათასი ლარის ფარგლებში. როგორც ჩანს, "კოდა" ამ ჯიხურში "ოქროს კვერცხების" რეალიზაციას თუ აპირებს, სხვა მხრივ გაუგებარია, როგორ უნდა ამოიღოს 6 კვადრატულ მეტრზე განთავსებული პროდუქციის რეალიზაციით იჯარის ამხელა ხარჯი, თუ რა თქმა უნდა, მერიამ აუქციონების დასრულების შემდეგ, კორუფციული სქემის კიდევ ერთი "კანონიერი" ბერკეტი არ აამოქმედა. ბოლო პერიოდში, მერიისთვის ეს არახალ და შეიძლება ითქვას, მუშაობის უკვე ჩვეულ სტილად იქცა. ფასადურად ყველაფერი თითქოს ცივილიზებულად ხდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"იმართება ელექტრონული აუქციონი, სადაც მონაწილეობის უფლება ყველა მსურველს აქვს და ამას თანაბარი კონკურენციის პირობებში ჩაყენებას ეძახიან. გამარჯვებულად ის ცხადდება, ვინც უფრო მეტს გადაიხდის - მიამიტური გამომეტყველებით გაიკვირვებენ თუ იკითხავ, როგორ შეიძლება ინდმეწარმის და მსხვილი ბიზნესის გათანაბრება, აღარაფერს ვამბობთ ისეთი დაბალი რენტაბელობის ბიზნესზე, როგორიც პრესის რეალიზაციაა. მერიამ წინასწარ იცოდა, რა შედეგებით დასრულდებოდა აუქციონი ყველაზე სარფიან ადგილებზე და რომ პრესა, დაბალი რენტაბელობის გამო, კონკურენციას ვერ გაუწევდა კვების პროდუქტების მწარმოებლებს. შესაბამისად, რაც უფრო მცირე რაოდენობით გაიყიდება ქალაქში დამოუკიდებელი ჟურნალ-გაზეთები ელიტარული კორუფციის მამხილებელი შინაარსის სტატიებით, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის, ხოლო მთავრობასთან დაძმობილებული ბიზნესების სახეიროდ, "მრავალაზროვნად" დაწერილი კანონი გარევაჭრობის მონოპოლიზების დიდ შესაძლებლობებს იძლევა", - განაგრძობს გამოცემა.
"ამის მაგალითია ამონარიდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ სულხან სალაძის კვლევიდან - "ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გარევაჭრობისა და თანხმობების გაცემა” (01.09.2011 წ.): "ხელშეკრულება, რომელსაც მერია აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს, კანონის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. ქონების სარგებლობის პირობებში წერია, ინფლაციის შემთხვევაში შესაძლებელია გადაიხედოს იჯარის საფასურის მოცულობა, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული ინფლაციის რა მაჩვენებელზეა საუბარი - ამის განსაზღვრა მთლიანად მესაკუთრეზე ანუ თბილისის მერიის სურვილზე იქნება დამოკიდებული. წერია, რომ ეკონომიკური პირობების ცვლილებების საფუძველზე მხარეები შესაძლებელია მორიგდნენ იჯარის ახალი საფასურის ოდენობაზე. რა იგულისხმება ეკონომიკურ ცვლილებებში, ვინ განსაზღვრავს, ან რა ტიპის პირობების ცვლილებაზეა საუბარი - ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებია, რომელიც ამ დოკუმენტით არ იკითხება. არ ვიცით, რა იგულისხმება ეკონომიკური პირობების ცვლილებებში და არც ის ვიცით, მერია რას მიიჩნევს იჯარის ოდენობის გადახედვის მიზეზად, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ მას აქვს სამართლებრივი ბერკეტი სურვილისამებრ დაწიოს იჯარის ოდენობა"- დასძენს გამოცემა.
"აქვე წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ მეიჯარე და მერია ვერ შეთანხმდებიან, ამ უკანასკნელს უფლება აქვს ხელახლა თავად განსაზღვროს ქონების სარგებლობის საფასურის ოდენობა და შეატყობინოს მოსარგებლეს. იმ შემთხვევაში თუ მოსარგებლე არ დათანხმდება, გადაიხადოს მერიის მიერ დადგენილი ახალი საიჯარო საფასური, ის ვალდებული იქნება დაცალოს მის სარგებლობაში არსებული ტერიტორია. ანუ რა გამოდის? მერიას მინიჭებული აქვს სრული უფლება სურვილისამებრ შეცვალოს აუქციონის პირობები! სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი დადასტურებული მაგალითი არსებობს იმისა, როდესაც მერია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს გარკვეულ კომპანიებს. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომელიც მოიცავს 2009, 2010 და ნაწილობრივ მიმდინარე წელსაც და მინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი გაგაცნოთ", - წერს სტატიის ავტორი.
"2010 წელს თბილისის მთავრობამ ქალაქში განსაზღვრა ზონები, სადაც აიკრძალა დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება გარევაჭრობის მიზნით. თუმცა, ამ წესების დადგენამდე ორი კვირით ადრე, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა გასცა რამდენიმე ასეული ნებართვა ორ კომპანიაზე - "ვაით დისტრიბუშენსა" და "ნუგეშზე". გაცემულ ნებართვებში მოექცა ის ტერიტორიებიც, რომლებიც შემდგომში აკრძალვის ზონებში შევიდა: მეტროსსადგურების ტერიტორია, ცენტრალური გამზირები, სკვერები, პარკები და თბილისის ისტორიული ნაწილი... რატომღაც აღმოჩნდა ისე, რომ პრივილეგირებული ჯიხურების ფორმა, დიზაინი შეესაბამა ერთნაირად, როგორც ძველი თბილისის ტერიტორიას, ასევე პერიფერიებს, რაც უნივერსალურობის თვალსაზრისით შეუძლებელია", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"2009 წლის 29 აპრილიდან 2011 წლის 14 ივლისის ჩათვლით, მერიის არქიტექტურის სამსახურში გარევაჭრობის ნებართვის მოთხოვნის 2 515 განცხადება შევიდა. აქედან, არქიტექტურის სამსახურმა 739 შემთხვევაში მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და აღმოჩნდა, რომ 433 თანხმობა წილად 11 კომპანიას ერგო. აქედან 185 ნებართვა მისცეს "ვაიდდისტრიბუშენს", 50 - "აუთდორჯის" და 85 - "ნუგეშს" (ამ პერიოდში მრავალი მიმართვის მიუხედავად, არც ერთი (!) ნებართვა არ გაიცა პრესის გამავრცელებლებზე - ავტ.). ყველა აღნიშნულ ჯიხურზე ვაჭრობის ნებართვა ერთი წლის ვადით არის გაცემული და მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში უმრავლესობას ნებართვის ვადა ამოეწურა. როდესაც მერია ამბობს, რომ ახალი პროექტის თანახმად ყველა იმ ჯიხურის დემონტაჟი მოხდება, რომელსაც ნებართვის ვადა ამოწურული აქვს, ჩვენ 11 ნოემბერს მივმართეთ არქიტექტურის სამსახურს და მოვითხოვეთ ახალი მონაცემები, ვის გაუგრძელეს ნებართვის ვადა და ვის არა, მაგრამ დღემდე არ წარმოუდგენიათ" - ამბობს სტატიის ავტორი.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მერია ამ შემთხვევაშიც უკვე გაკვალული გზით მიდის და "1000 ჯიხურის პროექტი" მხოლოდ ფარსია, რომელიც პრესის გავრცელების "უმტკივნეულოდ" მოსახრჩობად არის მოგონილი. გასულ კვირას, ამ თემას ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა და პრესის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს შეხვდა. მან სურვილი გამოთქვა, მხარი დაუჭიროს პრესის გავრცელებას. შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე ორიგინალური გზა პრესის გავრცელების სტიმულირებისთვის თბილისში, სხვა ქალაქებში და ასევე სოფლად. ამ პროექტების განხორციელებაზე საქართველოს პრესის ასოციაციამ უკვე დაიწყო ზრუნვა" - დასძენს სტატიის ავტორი.
951
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85