“ეკო-ფუდის” კარაქი “ნუგეშში” და უნუგეშო მომხმარებლები

“ეკო-ფუდის” კარაქი “ნუგეშში” და უნუგეშო მომხმარებლები


რამდენად შეესაბამება სტანდარტებს “ეკო-ფუდის” კარაქი? როგორ პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს მაღაზია “ნუგეში”? იცავენ თუ არა საქართველოში პროდუქტის ეტიკეტირების მოთხოვნებს? სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ჩატარებული სპეციალური ლაბორატორიული კვლევის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მხრივ მდგომარეობა ძალიან სავალალოა.

2011 წლის 9 ნოემბერს სურსათის ცხელი ხაზის ტელეფონზე შევიდა საჩივარი, რომელშიც მომხმარებელი იტყობინებოდა, რომ ვაზისუბანში (მე-3 მკ_რ-ნი) მდებარე “ნუგეშის” ჯიხურში შეიძინა “ეკო-ფუდის” კარაქი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ვარგისიანობის ვადა გასული არ ჰქონდა, გაფუჭებული აღმოჩნდა. 
საჩივრის გადამოწმების მიზნით 10 ნოემბერს მითითებულ მაღაზიაში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის თანამშრომლებმა შეიძინეს “ეკო-ფუდის” კარაქი, რომელიც ანალიზისთვის ლაბორატორიას ჩაბარდა. 

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის მიხედვით, პროდუქტის მახასიათებლები (ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები და მჟავური რიცხვი) კარაქისას არ შეესაბამება.
ამავე დროს, პროდუქტის ეტიკეტის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო პროდუქტის ეტიკეტირების მოთხოვნები. კერძოდ, პროდუქტის ეტიკეტზე არ არის მითითებული მისი დამზადების თარიღი, არის მხოლოდ ვარგისობის თარიღი და ეტიკეტზე არასწორადაა მითითებული პროდუქტის დასახელება. 

კერძოდ, ეტიკეტზე მითითებული შემცველობის მიხედვით 100 გრამი პროდუქტი შეიცავს 55 გრამ ნაღების კარაქს და 20 გრამ მცენარეულ ცხიმს. ასეთ პროდუქტს არ შეიძლება ერქვას კარაქი არც საქართველოს ეროვნული სტანდარტის მიხედვით და არც “ჯორჯიან-ეკოსთვის” 2006 წელს დამტკიცებული მეწარმე სუბიექტის სტანდარტის მიხედვით. ამ სტანდარტში მითითებულია, რომ მცენარეული ცხიმის შემცველ პროდუქტს “კომბინირებული კარაქი” ჰქვია.

“კოდექს ალიმენტარიუსის” საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, კარაქი არის რძისგან ან რძის პროდუქტებისგან მიღებული ცხიმ-წყლის ემულსიაა, რომელშიც რძის ცხიმები 80%-ს ან მეტს შეადგენს. იგივე განმარტებას აძლევს კარაქს ევროკავშირის 299_114 რეგულაცია.

ორივე განმარტების მიხედვით, ნამდვილ კარაქში მცენარეული ცხიმი ან რამე სხვა, რძის ცხიმისგან განსხვავებული ცხიმი არ უნდა იყოს. პროდუქტს, რომელშიც რძის ცხიმთან ერთად სხვა ცხიმიც არის შერეული, ევროკავშირის რეგულაციით შერეული სპრედი ჰქვია.
საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება სურსათის ისეთი ეტიკეტირება, რომელმაც სურსათის ბუნებასა და იდენტურობასთან დაკავშირებით შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი. ამ შემთხვევაში ეს მოთხოვნა დარღვეულია. იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს, პროდუქტს უნდა ერქვას “კომბინირებული კარაქი” ან თუნდაც “სპრედი” (იგივე მარგარინი) და არა “კარაქი”.

შესაბამისი წერილები გაეგზავნა მეწარმეს, მაღაზიასა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, თუმცა რეაგირება არც “ეკო ფუდს” მოუხდენია, არც სურსათის სააგენტოს და მაღაზიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

არადა, მომხმარებელი მეტად რთულ ვითარებაშია ჩავარდნილი. ჰგონია, რომ ნამდვილ პროდუქციას ყიდულობს, ენდობა ეტიკეტზე დატანილ მონაცემებს, სინამდვილეში კი მოტყუებული რჩება. ვიზუალური დაკვირვებით კი კარაქის ხარისხის განსაზღვრა ძალიან ძნელია. 

საერთოდ, ჩვეულებრივ, მოყვითალოა, ისე კი, მუქი ყვითელიდან თითქმის თეთრამდე მერყეობს. ბუნებრივად მისი ფერი ცხოველის საკვებზეა დამოკიდებული. მაგალითად, მთის ბალახნაჭამი ძროხის კარაქი გაცილებით ყვითელია. თუმცა, დღეს ფერიც კომერციულ საკითხად არის ქცეული და გასაფერადებლად სხვადასხვა დანამატს, მაგალითად, კაროტინსაც მშვენივრად იყენებენ. ამ უკანასკნელის გარეშე კი მარგარინი თეთრი ან თითქმის თეთრია.  
სხვათა შორის, ფერის მიმცემი აგენტების დამატების აკრძალვით მრავალი ქვეყანა ცდილობდა, საკუთარი რძის მრეწველობა დაეცვა. ახალმა ზელანდიამ, მაგალითად, მსგავსი კანონი მხოლოდ ახლახან გააუქმა.