ახლავე გადადგეთ ჯობია
“ახალი მემარჯვენეების მუდმივმა თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ 18 ნოემბერს გამართულ პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ თუ იგი ვერ შეძლებს “ახალი მემარჯვენეების” დაბრუნებას პარლამენტში, გადადგება.
ბატონო დავით! შეგიძლიათ თქვენი განზრახვა ახლავე მოიყვანოთ სისრულეში, რადგან არავითარი შანსი პარლამენტში თქვენი და თქვენი მეგობრების მოხვედრისა, არ არსებობს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ნაციონალთა პარტიულ სიაში ჩაეწერებით... ამას თავადაც უნდა ხვდებოდეთ.
იაფი ქართული საზარბაზნე ხორცი
ამერიკა და ნატოს წევრი ქვეყნები დიდ მადლობას უხდიან სააკაშვილის ხელისუფლებას ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გამო. რატომაც არ გადაუხდიან! საბაზრო ეკონომიკის “მგლებმა” კარგად იციან ანგარიში. ავღანეთში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი აშშ მთავრობას 15 ათასი დოლარი უჯდება ყოველთვიურად, ოფიცერი კი – გაცილებით მეტი. ქართველი ჯარისკაცი კი 3000 (დოლარი თუ ლარი) ჯდება და ამასაც ბოლომდე არ აძლევენ ქართველი უფროსები. დაღუპული ქართველი ჯარისკაცი მთავრობას 10 ათასი ლარი უჯდება თავისი კომპენსაციით, ამერიკელი ჯარისკაცი კი – ათჯერ მეტი. იაფი ქართული საზარბაზნე ხორცით ისინი ფულსაც ზოგავენ და თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლესაც, მაშინ როცა ისედაც შემცირებულ ქართველობას ვიღაც თალიბებთან საბრძოლველად გვწირავენ და გენსაც გვიკარგავენ...
ამასთან, მუსულმანურ სამყაროსთან გადაკიდებაც ძვირი დაგვიჯდება მომავალში.
ერთი ხელით გვეხმარებიან, მეორეთი - გვძირავენ
არავინ არ უარყოფს აშშ-ს მიერ აღმოჩენილ ფინანსურ და ტექნიკურ, ასევე სამხედრო-დიპლომატიურ დახმარებას საქართველოს მიმართ. არც ისაა დასამალი, ამას ჩვენი ლამაზი თვალებისთვის არ აკეთებენ. მათ თავიანთი კონკრეტული ფინანსური და სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ საქართველოში და ამ მიზნების მისაღწევად ხშირად ფეხებზე გვიკიდებენ და სამარეს გვითხრიან. სწორედ აშშ-ს მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებამ და ამის გასაკეთებლად მოკავშირეების იძულებამ განსაზღვრა გაცოფებული რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, რაც საქართველოსთვის ზურგში ლახვრის ჩაცემის ტოლფასი იყო. ამას კი აი, რა უძღოდა წინ: აშშ-ს და ნატოს მიერ სერბეთის ქალაქებისა და მართლმადიდებლური ეკლესიების დაბომბვის შემდეგ ამერიკამ კოსოვოში, ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ ადგილას, საიდანაც კონტროლდება მთელი ბალკანეთი და იქ გამავალი ნავთობ და გაზსადენები, კემპ-ბონდსტილის უზარმაზარი სამხედრო ბაზა ააგო (სულ აშშ-ს მსოფლიოში 724 სამხედრო ბაზა აქვს, რუსეთს - 10-მდე) 7200 ჯარისკაცით. სერბიამ შემდგომში უარი უთხრა აშშ-ს ამ ბაზისთვის ვადის გაგრძელებაზე, ამის გამოც დასაჯეს იგი ამერიკელებმა და კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობით აქ ფაქტიურად სამუდამოდ დაიკანონეს ეს ბაზა.
დასავლეთიდან ნატო-აშშ-ევროკავშირის მიერ შევიწროებულმა რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობასთან ერთად აქ განალაგა ორი დიდი სამხედრო ბაზა ზუსტად 7200 (3600+3600) ჯარისკაცით.
თვალი თვალის წილ, კბილი ბილის წილო-ნათქვამია. რუსეთზე მოქნეული ხელი ისევ ჩვენ მოგვხვდა ყბაში. ასე “გვეხმარებიან” ხანდახან ჩვენი ამერიკელი ძმები.
ახალი ძველის ნაცვლად
“ზარაფხანამ” ახალი აქცია წამოიწყო – ძველი გამოუსადეგარი ოქროულობის ჩაბარების სანაცვლოდ მომხმარებელს ახალ ნაკეთობებს სთავაზობენ ფულის დამატებით. საქართველოს მოსახლეობას უკვე გაუჩნდა სურვილი, რომ ზარაფხანის ინიციატივას მიბაძოს – ძველი გამოუსადეგარი მთავრობა თავიანთ პატრონებს ჩააბაროს და ახალი მიიღოს, თუნდაც ამისთვის ცოტაოდენი დამატებაც დასჭირდეს – ამასაც როგორღაც გადაიტანს.
რა საერთო აქვთ პროსტიტუციას და პოლიტიკურ პროსტიტუციას
ამას წინათ ერთ-ერთი სამთავრობო არხის თოკ-შოუში (100 გრადუსი c) გაიმართა ცხარე მსჯელობა პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით. პროსტიტუცია მართლაც უძველესი პროფესიაა, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ყველა ქალი ამას ფულის გულისთვის არ აკეთებს (ასეთია ალბათ მეძავთა 10%). ერთ-ერთი გამომსვლელი აღნიშნავდა, რომ მეძავთა უმრავლესობას ეს საქმე ფულის იოლად შოვნის და ცხოვრების უკეთესად მოწყობის უმთავრეს გზად მიაჩნია, რომ ისინი თავს არ იკლავენ სწავლით და შრომით, არ რცხვენიათ ამის.
ყოველივე ამან მეორე უძველესი პროფესია – პოლიტიკოსობა გამახსენა. ჩვენთან პოლიტიკური პროსტიტუცია დიდი ხანია ლეგალიზებულია. პოლიტიკა აქ, პროსტიტუციასავით, სერიოზულ ბიზნესად იქცა, სადაც მოსახვედრად და დასამკვიდრებლად არავითარი განსაკუთრებული კრიტერიუმები არაა საჭირო – არც განათლება, არც კულტურა, არც ზნეობა, არც თავმოყვარეობა, არც პასუხისმგებლობა - საკმარისია ვიღაცას ამოეფარო და ცოტახანი მანც ერთგულად ემსახურო ან რომელიღაც ქვეყნის აგენტი გახდე, რომ ცხოვრებასაც კარგად მოიწყობ და ბავშვობის ყველა ოცნებასაც აისრულებ – სიმდიდრე, ძალაუფლება, პრესტიჟი არ მოგვაკლდება. რა უშავს მერე თუ ხანდახან “პროსტიტუტკას” დაგიძახებენ...
არადა პოლიტიკა ნამდვილად არააა ბინძური საქმე, თუ ბინძური ხალხი არ მიეტმასნება მას.
ცივილიზაციის მიერ გახელებული დედლები
გახსოვთ ალბათ, ასე უწოდებდა კონსტანტინე გამსახურდია თავის ერთ-ერთ პერსონაჟს, მეტისმეტად ემანსიპირებულ ქალბატონს “დიონისოს ღიმილში”. ასეთმა ქალბატონებმა წალეკეს დღეს მთელი საქართველო. ამ პრეტენზიულ და “ყოვლისმცოდნე”, ზნეობასთან საკმაოდ მწყრალად მყოფ დიაცებს მრავლად წააწყდებით ცხოვრების ყველა სფეროში – პარლამენტით და მთავრობით დაწყებული და ჟურნალისტიკისა და მუსიკალური სფეროს მიმდევრებით დამთავრებული. ეს მცირემცოდნე და დიდი ამბიციების მქონე ქალები ადვილად ახვევენ თავბრუს უკანონო გზით გამდიდრებულ ახალ ქართველებს და უცხოელებს, აქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ მათნაირ ფულიან პოლიტიკოსებს, პირველ რიგში კი მმართველებს. როცა დაინახეს, რომ ასეთ ქალებს ჩვენთან დიდი გასავალი აქვთ, მათი მსგავსი ქალბატონები სხვა ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან. მაგალითად, როგორც ერთი სააგენტო იტყობინება, საქართველოში თითქმის ერთი წელია სტუმრობს “ცნობილი” უკრაინელი მომღერალი ივანა მელაი, რომლის “სტუმრობაც” მის მომწვევებს საქართველოს მთავრობიდან უკვე 500 ათასი ლარი დაუჯდათ თურმე, ცხადია ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე (აბა თავის ფულებს ხომ არ დაახარჯავენ ასეთ ქალებს).
აფსუს, რად არ ვარ მეფე გიორგი!