გიორგი ლომსაძე, "Eurasianet"
მედიაზე ზეწოლა ყოველდღე ხდება, მაგრამ ეს პროცესი იშვიათად მოგვაგონებს სცენებს მძაფრსიუჟეტიანი თრილერიდან. სწორედ ასეთმა დრამამ შთანთქა ახლა საქართველოს მთავარი ოპოზიციური ტელეარხი “მაესტრო”.
ტელეარხების ხელმძღვანელთაგან ბევრი ვერ დაიკვეხნის ისეთ სისწრაფეს და მოხერხებულობას, რომელიც ეროსი კიწმარიშვილმა, წარმოსადეგმა, შუახნის კაცმა გამოავლინა. “მაესტროს” მმართველი კომპანიის დირექტორმა და ოდესღაც საქართველოს ელჩმა რუსეთში, კიწმარიშვილმა მთასვლელის საოცარი ნიჭი გამოამჟღავნა და 30 ნოემბერს თბილისში, ტელევიზიის ღობეზე თანმხლებ პირებთან ერთად გადაძვრა. მისია ამოუცნობია.
ამის შემდეგ ჯგუფი ”მაესტროს” შენობაში გამაგრდა. რა წამს არხის დღის ცვლის ჟურნალისტებმა ეს თავდასხმა შენიშნეს, საპასუხო მოქმედება დაიწყეს და საეთერო სტუდიაში გამოიკეტნენ.
„რატომ?“ იკითხავთ თქვენ. ეს კითხვა უპასუხოდ დარჩება. მიზეზი, როგორ სჩანს, ყველასთვის უცნობია. (როგორც ის, თუ რატომ ვერ შევიდოდა კიწმარიშვილი შენობის შესასვლელიდან?)
ამ მოვლენებს დაძაბული წინააღმდეგობა მოჰყვა. გამწარებულმა კიწმარიშვილმა ტელეარხის მთავარი პროდუსერი, თანამფლობელი და დამფუძნებელი მამუკა ღლონტი და სხვა აღმასრულებელი მენეჯერები სამსახურიდან გააგდო. საპასუხოდ ღლონტმა ”მაესტროსა” და კიწმარიშვილის ფირმას შორის დადებული კონტრაქტი გააუქმა.
და აი რა მდგომარეობა მივიღეთ: ღობეზე გადამძვრალი კიწმარიშვილი და მისი ხალხი უარს აცხადებენ კომპანიის მფლობელები შენობის მათთვის განკუთვნილ ნაწილში შეუშვან, ხოლო საეთერო სტუდიაში ღლონტი და მაესტროს ჟურნალისტები გამგრდნენ და კიწმარიშვილს თავის შტაბბინაში არ უშვებენ. „კარი მუდმივად ჩაკეტილი გვაქვს“ განუცხადა ღლონტმა Eurasianet.org-ს „ის (ანუ კიწმარიშვილი) იქაა, 15 კაცთან ერთად, მაგრამ აქ ვერ შემოაღწევს.“
არასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიცია მედიაადვოკატირებისთვის“ ცდილობს დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკებებზე დაიყოლიოს და ტელეარხის ჩვეული საეთერო რეჟიმი აღადგინოს. ჯერჯერობით საქმე წარუმატებლად მიდის.
საშველად ღლონტმა პოლიციას მოუხმო და ისინიც მაესტროს შესასვლელთან ფხიზლად მორიგეობენ, მაგრამ შენობიდან არც ერთ მხარეს არ აძევებენ. ჟურნალისტები და პოლიტიკოსები კი რიგ-რიგობით მიდიან სტუდიის შენობასთან და მაესტროს თანამშრომლებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.
როგორც ყოველთვის საქართველოში, მედია ბრძოლებისას პოლიტიკას ამ დრამაშიც დიდი როლი უკავია. კრიტიკულად განწყობილი ტელეარხი, რომელსაც ოპოზიციის მხარდამჭერი მეპატრონეები ჰყავს, ცნობილია მთავრობისადმი თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით და შინაურული სტილის ინტერვიუებით იმ პირებთან, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკრიტიკებენ.
მათ შორისაა მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ადრე ”მაესტროს” შესყიდვაც მოინდომა და კიწმარიშვილის დრამატულ გადაძრომამდე ერთი დღით ადრე, არხს ხანგრძლივი ინტერვიუც მისცა. ინტერვიუში ძირითადად ფსიქოლოგიის შესწავლაზე და ფსიქოანალიტიკოსებთან გატარებულ დროზე საუბრობდა.
ივანიშვილმა ღიად გააკრიტიკა არხის მენეჯერი და განაცხადა, რომ ის არასანდო პოლიტიკური მოთამაშეა. ეს შეფასება როგორც ხედავთ კიწმარიშვილს სულაც არ ესიამოვნა, მაგრამ ნუთუ მხოლოდ ამიტომ აიღო „მაესტრო“ შტურმით?
შეიძლება მიზეზი სხვაა, მაგრამ კონსპირციის თეორიის მოყვარულები, სასწრაფოდ ჩაებნენ საქმეში და აცხადებენ, რომ ამ არეულობაში მთავრობის ხელი ურევია.
თუმცა მოვლენების ასე შემობრუნება ოდნავ გაზვიადებულია. ჰო, კიწმარიშვილი ოდესღაც ეროვნული მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელი იყო და სხვა დანარჩენებივით სააკაშვილთანაც ძმაკაცობდა, მაგრამ უკვე დიდი ხანია ოპოზიციურ ხედვას იზიარებს, ისევე როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა საქართველოს ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს. მთავრობას დავალებებისთვის ეს ბიჭი დიდად არ გამოადგებოდა.
მოკლედ, ”მაესტროს” მორევში გარეული ვერც ერთი პირი ვერ გვაძლევს საღ ახსნა-განმარტებას იმის თაობაზე, თუ რა უცნურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. იქნებ ივანიშვილის ფსიქოანალიტიკოსი მეგობრები დაგვეხმარონ?
foreignpress.ge
870
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85