"რეზონანსისა" და "ვერსიის" მასალების მიხედვით
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და ჟურნალისტებმა გუშინ, ღამის 11 საათზე აპარატურით ხელში ტელეკომპანიის შენობა დატოვეს. ღლონტმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ ტელეკომპანიის შენობას, სადაც ეროსი კიწმარიშვილი დარჩა, მოსალოდნელი პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ტოვებდნენ. "მაესტრო" მაუწყებლობას ამჟამად რადიო "მაესტროდან" ახორციელებს. როგორც ღლონტმა გუშინ განაცხადა, კიწმარიშვილთან დავას სამართლებრივ ჭრილში გააგრძელებს და და სამომავლო გეგმებზეც დღეს ისაუბრებს. კიწმარიშვილს განცხადებით, "მაესტროს" ყველა აქტივი მას ეკუთვნის და ტელეკომპანია თავის საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმება ამაში და მიი ხელმძღვანელობით ხომ არ იგეგმება "მაესტროს" ბრენდის ქვეშ ახალი ტელეარხის შექმნა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მაესტრო" ლტოლვილობაში / კიწმარიშვილი ცარიელ შენობაში დარჩა, ღლონტი და ჟურნალისტები მაუწყებლობას რადიო "მაესტროდან" აგრძელებენ.
"მამუკა ღლონტის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ტელევიზიის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადება კიწმარიშვილისთვის სრული მოულოდნელობა იყო. როცა ღლონტმა თანამშრომლებთან ერთად ტელევიზია დატოვა, "მაესტროს" მაუწყებლობა დაახლოებით ერთი საათით შეწყდა და ღლონტის რადიოში მისვლისთანავე განახლდა. კიწმარიშვილმა ღლონტის საქციელს პროვოკაცია უწოდა. კოალიცია "მედია ადვოკატირების" მიერ ორგანიზებული 4-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ საღამოს 11-ის ნახევარზე ეროსი კიწმარიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავით პაიჭაძის გადაცემა "დიალოგებში", პირდაპირ ეთერში ჩაერთო და განაცხადა, რომ მოლაპარაკება ვერ შედგა. შემდეგ, ამავე პირდაპირ ეთერში მამუკა ღლონტმა ტელევიზიის დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ახლა გვქონდა მოლაპარაკებები ეროსი კიწმარიშვილთან, რომელიც ფიასკოთი დამთავრდა. ჩვენ ვიყავით მზად გარკვეულ დათმობებზე წავსულიყავით, მაგრამ კიწმარიშვილმა მოინდომა "ან ყველაფერი ან არაფერი". ამიტომ მოლაპარაკება ვერ შედგა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ გავწყვიტეთ ურთიერთობა მმართველ კომპანიასთან და რომ კიწმარიშვილი აქ არის შემიჭრილი ძალით. ამის შესახებ ჩვენ პროკურატურასაც მოვმართეთ. მქონდა მოლაპარაკებები ჩემს კოლეგებთან, ჟურნალისტებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ტელევიზია დავტოვოთ, ვინაიდან ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ აქ მოეწყოს პროვოკაცია და ამას შეეწიროს რომელიმე ადამიანი ან მოხდეს თავპირისმტვრევა და ლეწვა, რასაც მოჰყვება ასევე სამოქალაქო დაპირისპირება. ეს კი ხელისუფლებას ხელს აძლევს იმისთვის, რომ აქ გამოაცხადოს კომენდანტის საათი ან რაღაც ამგვარი. ამის თავიდან ასაცილებლად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტების სრულმა შემადგენლობამ, დამფუძნებლებმა დავტოვოთ ეს შენობა, რომ ეროსი კიწმარიშვილს არ მივცეთ საშუალება მოაწყოს პროვოკაცია", - განაცხადა ღლონტმა პირდაპირ ეთერში და დასძინა, რომ თუ ხელისუფლებას თუ გადაწყვეტილი აქვს ტელევიზიის დახურვა, ამის გაკეთება მოუწევს არა უფორმო, არამედ ფორმიანი ადამიანებით", - დასძენს გამოცემა.
"შემდეგ პირდაპირ ეთერში ისევ კიწმარიშვილი ჩაერთო და აღნიშნა, რომ მამუკა ღლონტმა დაბნეული თანამშომლები გაიყვანა ტელევიზიიდან. - "ღლონტმა გაიტაცა ტექნიკა, შტატივები და გამოაცხადა, რომ ამას პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად აკეთებდა. ფაქტობრივად, მან თავად მოაწყო პროვოკაცია და გამოაცხადა, რომ მიდის "მაესტროს" შენობიდან, მუშაობას კი სხვა ადგილიდან გააგრძელებენ - მე როგორც მართვის კომპანია, ვახორციელებ მართვას, ყველა აქტივი, რაც არხს გააჩნია, ჩემი მოზიდულია და გავაგრძელებ საქმიანობას. პატიოსან მომლაპარაკებლებთან ერთად მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი დამერწმუნებინა ღლონტი, რომ არ მოეხდინა კონფრონტაცია, მან კი ყველაფერი გააკეთა ისტერიული სიტუაციის შესაქმნელად", - განაცხადა პირდაპირ ეთერში ეროსი კიწმარიშვილმა. კოალიცია "მედია ადვოკატირების" წევრი ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ტელევიზიაში ფიზიკური დადაპირისპირების საფრთხე არსებობდა. მისივე თქმით, მას არ აქვს უფლება მოლაპარაკების დეტალები გაახმოვანოს" - წერს სტატიის ავტორი.
"თუკი ხვალ იქნება ორივე მხარის სურვილი, ისინი შეხვდებიან ისევ არასამთავრობო ორგანიზაციის ტერიტორიაზე და გაგრძელებენ საუბარს. მთავარია, რომ დაპირისპირება თავიდიაბნ ავიცილეტ და ფიზიკურ ძალადობამდე არ მივედით და სწორედ ამიტომ დატოვა მამუკა ღლონტმა ტელევიზია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტელევიზიაში ფიზიკური დაპირისპირების საფრთხე არსებობდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელისო ჩაფიძე.
"ალბათ მიმდინარე პროცესს ფარული მოლაპარაკებების სახე აქვს. ფაქტი ერთია - ადამიანები, რომლებიც ლამის ორი წლის მანძილზე კმაყოფილნი იყვნენ არხის ფუნქციობით, ყველას გვიმტკიცებდნენ, რომ კიწმარიშვილი არა მხოლოდ "მაესტროს", არამედ თავისუფალი სიტყვის გადამრჩენელია და რომ არა იგი, მაესტრო" ვერ იარსებებდა, ვერ დაარიგებდა ხელფასებს, ვერ გადაიხდიდა იჯარას, ვერ დაფარავდა ტექნიკურ ხარჯებს და ა.შ. დღეს კიწმარიშვილს უპირისპირდებიან", - აცხადებს "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი გიორგი თარგამაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "თუ ეროსის ფულზე იყო დამოკიდებული "მაესტროს" არსებობა, მასთან დაპირისპირებაში რომ შედიხარ და იცი, ამ ფულს ვეღარ მიიღებ, არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილისგან რაღაც გარანტიები გაქვს?" / რატომ არაა "მაესტრო" "იმედი 2" .
"მთელი ამ დროის განმავლობაში კიწმარიშვილის არც შინაგან და არც გარეგან სამყაროში ფუნდამეტური ცვლილებები არ მომხდარა. მედია-პოლიტიკასა და მენეჯმენტურ შეხედულებებშიც იგივეა და გარეგნულადაც, არც წვერი გაუპარსავს, არც საყურე ჩამოუკიდებია. ეროსი არის მარად ეროსი - ე.ი. შეიცვალა რაღაც სხვა, გაჩნდა ახალი ფაქტორი და შესაბამისად, პრეტენზიები ეროსის მიმართაც. აქამდე მისით კმაყოფილმა დამფუძნებლებმა, ახლა ძალიან თამამად გაილაშქრეს იმ კაცის წინააღმდეგ, ვინც ბოლო 2 წლის განმავლობაში ფინანსურად ინახავდა და აცოცხლებდა ამ არხს. ამ დროს, ეროსი ამტკიცებს, რომ მოლაპარაკება ივანიშვილთან შემდგარია და მილიარდერმა არხის დამფუძნებლებთან ურთიერთობა მოაგვარა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თარგამაძე.
"ისმის კითხვა - თუ ეროსის მიერ მოტანილ ფულზე იყო დამოკიდებული "მაესტროს" არსებობა დღემდე, ეროსისთან ასეთ დაპირისპირებაში რომ შედიხარ და იცი, ამ ფულს ვეღარ მიიღებ, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რაღაც ალტერნატივა გაქვს? დამფუძნებლები არ არიან ისეთი უჭკუო ადამიანები, რომ ასეთ დაპირისპირებაში ფეხი შედგან, თუ ფეხის მოსაკიდებელი ადგილი სხვაგან არ აქვთ. ხელისუფლება რომ იყოს დაინტერესებული "მაესტრო" ეთერში არ გავიდეს, ახლა "მაესტრო" ეთერში არ იქნებოდა. კიწმარიშვილისა და ხელისუფლების მიერ ამ აქტის ერთად დაგეგმვის აუცილებლობას, უბრალოდ, ვერ ვხედავ. კიწმარიშვილი იბრძვის თავისი 4,5 მილიონისთვის. ადრე არავინ ეკითხებოდა, ფული საიდან მოიტანა. კაცს ჩაუდევს თანხები არხის ფუნქციონირებისთვის და ახლა ხედავს, რომ მის გარეშე რაღაც გარიგებები უკვე შენდგარია და თავად ამ სიტუაციიდან "მოტეხილია", - დასძენს რესპონდენტი
"ერთადერთი ადამიანი, ვისაც ღიად აქვს მზაობა კომპანიის შეძენისა, ივანიშვილია. ეროსი კი არა მარტო ამ 4,5 მილიონს მიიღებს, თუ დაასაბუთებს, რომ ამ მოცულობის თანხა მართლა არხშია ინვესტირებული, მიიღებს კომპენსაციასაც, რადგან მომავალი წლის ნოემბრამდე, ხელშეკრულებით არხის მართვა შეუძლია. თუმცა ეს იურისტებისა და სასამართლოს გასარკვევია. ეჭვი არ მეპარება, კიწმარიშვილს ექნებოდა მცდელობა, ეს თამასა გაეზარდა და ამის მერე მისულიყო მოლაპარაკებებზე ივანიშვილთან. თუმცა ამ ეტაპზე გამოვრიცხავ, რომ ღლონტსა და კიწმარიშვილს შორის შეთანხმებული თამაში შედგა - მეტი არგუმენტი იმ ვერსიას აქვს, რომ ორივე მხარე დამოუკიდებლად ცდილობდა ივანიშვილისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას. ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი არაჯანსაღია", - დაასკვნის გიორგი თარგამაძე.
841
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85