ტყის ახალი კოდექსი, რომელიც სულ მალე იხილავს დღის სინათლეს და რომელსაც ასევე მალე დაამტკიცებენ, დიდი განსჯის საგანი გახდება. როგორც ჩანს, მოსახლეობას კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას უწესებენ, ხოლო ე.წ. ინვესტორებს უფრო ფართო უფლებებს აძლევენ.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი დაცვის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, ახალი “ტყის კოდექსი” პარლამენტში 2-3 თვეში იქნება ინიცირებული. მისი თქმით, პროექტი ჯერ მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს, ამიტომ ის შეიძლება შეიცვალოს და დეტალებზე საუბარს აზრი არ აქვს. ზოგადად, მინისტრმა ახალი ტყის კოდექსის შესახებ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ავსტრიული მოდელია და გულისხმობს ტყეების იჯარით გაცემას და ა.შ.
ახალი პროექტით შემოდის ტყის ტრადიციული გამოყენების ზონები. კერძოდ, ეს იქნება ადგილები, სადაც სოფლის მოსახლეობას ტრადიციულად გამოჰქონდა ხოლმე ფიჩხი პირადი მოხმარებისთვის და ახალი პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ეს უფლება კვლავ ექნებათ. თუმცა, ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობამ ამ ზონებიდან ჭარბი რაოდენობის ფიჩხი გამოიტანოს, დაასაწყობოს და შემდეგ გაყიდოს. “ამ პროცესზე სერიოზული მონიტორინგი განხორციელდება”, - აღნიშნავს ხეთაგური.
მინისტრმა ისაუბრა ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლითაც სახერხეებს მხოლოდ ფირნიშდადებული მორების გადამუშავება შეუძლიათ. მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს სახერხის რეგისტრაცია ძალიან მარტივია, რადგან საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია და მეტი არაფერი. თუმცა როგორც მინისტრმა თქვა, აკრძალულია ე.წ. ველოსიპედის ჯიშის სახერხეები, რომელთა სხვადასხვა ტერიტორიაზე გადატანა და გადმოტანა შეიძლება.
დაახლოებით თვის ბოლოს ჩამოვა აპარატურა, რომლითაც მეტყევეებს მორებისთვის შესაბამისი ფირნიშების დარტყმა შეეძლებათ. დღეს კი ფირნიშების ნომრებს მეტყვეები ცენტრალურ ბაზას მესიჯებით გადასცემენ. აპარატურის ამოქმედების შემთხვევაში კი, როგორც ხეთაგური ამბობს, ინფორმაცია ცენტრალურ ბაზას ავტომატურად მიეწოდება.
რაც შეეხება საკუთარ ეზოში მოჭრილი ხის დახერხვის შესაძლებლობას, ასეთ შემთხვევაში მოსახლეს შეუძლია მოიწვიოს მეტყევე, რომელიც მის მოჭრილ ხეს დაარტყამს ფირნიშს ყველანაირი ანაზღაურების გარეშე და ამის შემდეგ შეეძლება სახლში მოჭრილი ხის სახერხეში მიტანა და გადამუშავება.
მოკლედ, ეს არის ის გახმაურებული ნიუანსები, რომელიც ახალ “ტყის კოდექსში” აისახება. სასაცილოა, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ფიჩხის თემით აპელირებს და ეზოებში ხის მოჭრაზე ბარიერებს აწესებს, როდესაც საქართველოს ტყეები უმოწყალოდ იჩეხება. არის სოფლები, სადაც ტყე საერთოდ აღარ დარჩა, მის ადგილას კი გადამხმარი მინდვრებია გადაჭიმული.
საკუთრივ გაჩანაგებული ტყეების აღდგენაზე ხეთაგური მხოლოდ ახლა აკეთებს განცხადებას. აგვისტოს ომიდან სამწელიწადნახევრის შემდეგ, მინისტრი პირობას იძლევა, რომ ბორჯომის ხეობაში გადამწვარი ტყის ფართობზე ახალი ნერგები დაირგვება.
მინისტრის ინფორმაციით, შესაბამის პროექტს ხელისუფლება სხვადასხვა ფონდების დახმარებით ახორციელებს, რისთვისაც საჭირო თანხები უკვე გამოყოფილია. ხეთაგურის თქმით, 1 მლნ 300 ათასი ნერგი უკვე გამოყვანილია და მომავალი წლიდან, მას შემდეგ, რაც ტერიტორია დამუშავდება, გადამწვარი ტყის ადგილას გადაირგვება.
რაც შეეხება გადამწვარ ტყეს, იქ არსებული საშეშე მასალა მოიჭრება, დასაწყობდება და მოსახლეობას, კერძოდ კი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს დაურიგდება. “ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა, რომელთა 72%-ს აღნიშნული ტერიტორიიდან გამოტანილი ხე არ სურს. შესაბამისად, თუ მოქალაქეს შესაბამისი ბილეთი ექნება აღებული და მონიშნული ექნება ტყეკაფში შესაბამისი ხეები, დაზიანებულ ხეს ვეღარ მიიღებს”, - აღნიშნა ხეთაგურმა.
აღსანიშნავია, რომ რუსების მიერ ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენაზე საუბარი აგვსტოს ომის დასრულებისთანავე დაიწყო და ამ მიმართულებით საერთაშორისო დონორებმა თანხებიც კი გამოყვეს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრმა უშფოთველი სახით განაცხადა, რომ გადამწვარი ტყის ხელოვნურად განაშენიანებას მთავრობა არ აპირებდა. მინისტრის აზრით, ტყე თავისით უნდა აღმდგარიყო. შესაბამისად, ამ მიმართულებით არც თანხები გამოიყოფოდა და არც სამუშაო შესრულდებოდა.
მართლაც, 3 წელიწადზე მეტია ბორჯომის ეროვნულ ტყე-პარკში ერთი ნერგიც არ დარგულა და რატომ უნდა ენდოს საზოგადოება სიტყვაზე ენერგეტიკის მინისტრს, გაუგებარია.
1061
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85