კახი კალაძე: “ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობით იმედი არ გამიცრუვდება!”

კახი კალაძე: “ბიძინა ივანიშვილთან მეგობრობით იმედი არ გამიცრუვდება!”

მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენისა და მეცენატის პრესსამდივნოს ცნობით, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია 11 დეკემბერს, ფილარმონიაში გაიმართება. ვინ იქნებიან “ქართული ოცნების” ავანგარდში? - ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მოარული ცნობით, ზემოხსენებული საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი სახე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ცნობილი ფეხბურთელი კახი კალაძე იქნება, თუმცა “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში კალაძე ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს... მაშ ასე, აპირებს თუ არა პოლიტიკაში ფეხისმოკიდებას, რატომ გადასცა თავისი ბანკის 10 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს და რა პროვოკაციებს ელოდება ხელისუფლებისგან კახი კალაძე?

კახი, მოდით, თავიდანვე გკითხავთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა არის თუ არა თქვენთვის ქართული ოცნება?
- ბატონო ვანო, მეც თავიდანვე გეტყვით, რომ აქ ჩემზე, როგორც ერთ პიროვნებაზე, არაა ლაპარაკი, რადგან ბატონი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ საქართველოში ჩამკვდარი პოლიტიკური პროცესები გამოაღვიძა და ხალხიც გამოფხიზლდა - სხვანაირად შეხედა სამყაროს, მომავლისა თუ სამართლის ზეიმის რწმენა გაუჩნდა და ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა.

ამის შესახებ სხვებსაც უკითხავთ, მაგრამ პირდაპირ მითხარით: იქნებით თუ არაქართული ოცნებისსახე?
- „ქართული ოცნების“ სახე ის ღირსეული ადამიანები და ჭეშმარიტი მამულიშვილები იქნებიან, ვინც ნამდვილად ფიქრობს ერთიან, დემოკრატიულ და ძლიერ საქართველოზე, ვისაც სწამს და სურს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა იყოს.

შეიძლება, ვცდები, მაგრამ პოლიტიკაში, სპორტისგან განსხვავებით, უიღბლო ხართ. ყოველ შემთხვევაში, „ვარდოსნებთანთავდაპირველად მეგობრობდით, მერე, ზურაბ ნოღაიდელს დაუმეგობრდით... ივანიშვილთანაც ხომ არ გაგიცრუვდებათ იმედები?
- მეცინება...

რატომ?
- იმიტომ, რომ მართლაც, ძალიან უმუშავია „ვარდოსნების“ “ჯიბის მედიას”. ბატონო ვანო, „ნაციონალები“ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის 90%-ს, მათი მეც მჯეროდა და გვერდით ამოვუდექი - რაც კარგი იყო, ვაქებდი, რაზეც კრიტიკას იმსახურებდნენ, ვეუბნებოდი. ზურაბ ნოღაიდელთან მანამდე ვმეგობრობდი, სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა... საერთოდ, მეგობრებს პარტიული კუთვნილებით არ ვირჩევ და არც ვკარგავ... ნოღაიდელი „კალა-კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე 4 თუ 5 თვის განმავლობაში გახლდათ, სააკაშვილის პრემიერ-მინისტრი კი, 3 წელი იყო და პრეზიდენტმა, ნაყოფიერად გაწეული მუშაობისთვის, დააჯილდოვა კიდეც. როდესაც ბატონმა ნოღაიდელმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა, იქ შეწყდა ჩვენი საქმიანობა. რამდენი წელია, ვამბობ, რომ ერთი ფაქტი, განცხადება, წერილი, ინტერვიუ, ან გამონათქვამი მაინც დამიდონ, რომლითაც რომელიმე პოლიტიკურ ძალას, მათ შორის, ნოღაიდელს მხარი დავუჭირე. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ვერც დადებენ!
რაც შეეხება ბატონ ივანიშვილთან მეგობრობას, ნამდვილად ვიცი, რომ იმედი არ გამიცრუვდება, რადგან ეს ადამიანი სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულია და ჩვენი თვალთახედვა ერთმანეთს ემთხვევა.

რა ამის პასუხია და, როგორც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ მედიაში ერთი ამბავი ატყდა, კალაძე პრეზიდენტობას აპირებსო. მესმის, რომ პოლიტიკაც, სპორტის მსგავსად, ერთგვარი აზარტია, მაგრამ რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში ჩართვა?
- ახლა 33 წლის ვარ, რამდენიმე წლის წინ კი, ბევრად ახალგაზრდა ვიყავი და თავისთავად გამორიცხულია, რომ ჩემგან ასეთი რამ წამოსულიყო. ყველას კარგად ახსოვს, ეს აზრი ვისგანაც წამოვიდა და ტელევიზიით ვინც გაახმოვანა.
რაც შეეხება პოლიტიკაში ჩართულობას, ზოგიერთს რატომღაც ჰგონია, რომ რადგან ფეხბურთელი ხარ, მხოლოდ ფეხბურთი უნდა ითამაშო და არ უნდა გაღელვებდეს, თუ რა უჭირს შენს ხალხსა და ქვეყანას. ამ ადამიანებს უნდათ, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე საუბარი და მსჯელობა მხოლოდ მათი მხრიდან იყოს და ეს თემები, პრაქტიკულად, პრივატიზირებული აქვთ. თუ ქვეყნის მოქალაქე ხარ - გტკივა ქვეყნის პრობლემები და იხდი გადასახადებს, ვფიქრობ, იმის უფლებაც გაქვს, რომ შენი აზრი გამოხატო. სხვა თემაა, რომ ამ აზრის გამოხატვას ერთი მუჭა ხალხის გაღიზიანება მოჰყვება, მაგრამ არა უშავს. წლებია, ქართველი ხალხი ამ ერთი მუჭა ადამიანებისგან გაღიზიანებული და შეურაცყოფილია, მაგრამ მათ ყურიც არ შეუბერტყავთ.

რა მოტივით გადაეცითპროგრეს ბანკის“ 10 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, ანუ ეს ხომ არაა ერთგვარი პრევენცია, რომ ბანკი არ გაკოტრდეს და ფინანსური წაგება არ ნახოთ?
- არა, ეს სუფთა ბიზნეს-გარიგებაა - ბატონმა ივანიშვილმა შეიძინა „პროგრეს ბანკის“ აქციები. გაკოტრება ისედაც არ გვემუქრებოდა - მართალია, ახალგაზრდა ბანკი ვართ, მაგრამ საკმაოდ უპრობლემო, მოგებაზეც ვმუშაობთ და ეს დოკუმენტაციითაც დასტურდება. ძალიან კარგი კოლექტივია, ჩვენ უკვე გავუძელით ომს, ეკონომიკურ კრიზისს და ამჟამად ვუძლებთ ეროვნული ბანკის შემოტევას (იცინის).

ქართული სპორტული სამყარო და, საერთოდ, საზოგადოება იქნებ, მაშინ უნდა გამოფხიზლებულიყო, როცა რამდენიმე წლის წინ, რუსთაველის გამზირზე, სპორტსმენებს სასტიკად გაუსწორდნენ?
- მხოლოდ სპორტსმენებს კი არა, ეს რეჟიმი ყველა სფეროს შეეხო... ალბათ, გახსოვთ, სამღვდელოებაზე განხორციელებული რამდენიმე მძლავრი შეტევა, არაფერს ვამბობ პროფესორ-მასწავლებლებსა და მედიცინის მუშაკებზე განხორციელებულ ვითომ „რეფორმებზე“, რამაც ეს დამსახურებული ხალხი საყვარელი სამსახურის გარეშე დატოვა. გამოფხიზლება მაშინ იყო საჭირო, როცა ახალგაზრდებს კანონზე მაღლა მდგომი ხალხი ფიზიკურად უსწორდებოდა.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის სახელით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ?
- ყველამ იცის, რომ დეპუტატობა თავის დროზე „ნაციონალებმა“ შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა თან ფეხბურთი ითამაშოს და თან დეპუტატი იყოს?! ეს ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა და ამიტომ არ ვიკადრე! როცა ხალხის მიერ არჩეული დეპუტატი ხარ, კეთილი, უნდა, ინებო და, ამ ხალხთან ერთად ჭირიც გაიზიარო და ლხინიც. საერთოდ, ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ თვალი რაღაც თანამდებობასა თუ რეგალიაზე მრჩებოდეს. ბევრისთვის დეპუტატობა შეიძლება, მიმზიდველია, მაგრამ წარმოუდგენელია, იტალიაში ფეხბურთს თამაშობდე და თან დეპუტატი იყო. პარლამენტში არაფრისმაქნისი ფიტულები ისეც ბევრი ჰყავთ.

ახლა კი, მოდით, ყველაფერი დროს მივანდოთ და ნუ დავემსგავსებით მედიის ზოგიერთ მარჩიელ საშუალებას, ან პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც ხელისუფლებაში თავისი გუნდით დარჩენას 30 წლის განმავლობაში ვარაუდობდა.

ხელისუფლების მხრიდან პირადად თქვენს მიმართ ელოდებით თუ არა პროვოკაციას?
- ამ რეჟიმისგან კარგს რომ არ ველი, ფაქტია, დანარჩენი კი, მათ სინდისზე იყოს, თუ, რა თქმა უნდა, შერჩენიათ.

წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, რატომ არ მოსდის ხელისუფლებას კახი კალაძე თვალში, ანუ რა გახდა საბაბი, რის გამოც თქვენი დაპირისპირება დაიწყო?
- ჩასაფრებულის პოზიციიდან არასოდეს მილაპარაკია და იმასაც ავღნიშნავ, რასაც კარგს აკეთებენ, მაგრამ თვალი არც ნაკლოვანებებზე დამიხუჭავს. ეტყობა ზოგიერთი უნაკლოა და კრიტიკას ვერ იტანს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ქალბატონ ინგა გრიგოლიას გადაცემაში, სააკაშვილს თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება თავიდან უნდა ჩატარებულიყო. აი, აქედან დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ღია ბრძოლა. სხვებივით არ შემიძლია, ადამიანს ველაქუცო და შავზე ვუთხრა, რომ თეთრია. სათქმელი უნდა ითქვას - სამართალმა უნდა იზეიმოს. აი, ესაა ქართული ოცნების ერთ-ერთი მიზანი და ეს ოცნება, ქართველთა ერთად დგომით, აუცილებლად ასრულდება.