რატომ აღარ მთავრდება „კრედიტ-ინფოს“ რეორგანიზაცია?

რატომ აღარ მთავრდება „კრედიტ-ინფოს“ რეორგანიზაცია?

ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებით „კრედიტ-ინფოში“ უკვე სამი თვეა ინფორმაცია არ ქვეყნდება, თუმცა „შავ სიაზე“ საკუთარი ინფორმაცია აქვთ ბანკების ასოციაციაში, სადაც ირწმუნებიან, რომ აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა თითქმის 25 მილიონით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები უკვე მერამდენე თვეა მოგებაზე გადიან, საბანკო სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა რეკორდულად იზრდება.

 

აგვისტოში ვადაგადაცილებულმა სესხებამ 226 მილიონ 863 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 25 მილიონით მეტია.  აგვისტოში ბანკების საერთო მოგება 71 მილიონი ლარი იყო, რაც ივლისის მაჩვენებელს 12 მილიონით აღემატება.

ბანკების ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ 25-მილიონიანი მატება არანაირად არ შეიძლება განგაშის საფუძველი გახდეს, რადგან ბანკების საკრედიტო პორტფელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ასოციაციის განმარტებით, იგივე საკრედიტო პორტფელი წლის დასაწყისთან შედარებით წმინდა სესხების მიხედვით გაზრდილია 4.5-დან 5,2 მილიარდ ლარამდე, ანუ საშუალოდ თვეში 1.75%-ით, რაც პოსტკრიზისული პერიოდისათვის კარგი მაჩვენებელია.

 

ბანკების ასოციაციის გარდა ურჩ გადამხდელთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება პრაქტიკულად, შეუძლებელია. კრედიტ-ინფოში „შავ სიაზე“ ინფორმაცია უკვე 3 თვეა აღარ ქვეყნდება. ბოლო მონაცემები კი მხოლოდ პირველი ივნისით თარიღდება, როდესაც ურჩი გადამხდელების საერთო რაოდენობამ 316 594 შეადგენდა.

 

უცნობია თუ რამდენიმე ერთეულით გაიზარდა ან შემცირდა „შავ სიაში“ მოხვედრილთა რაოდენობა ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეში, რამდენადაც „კრედიტ-ინფოს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ინფორმაციის ნახვა უკვე შეუძლებელია.

 

ორგანიზაციაში ამას მაშინაც და დღესაც რეორგანიზაციით ხსნიან და აცხადებენ, რომ მომავალში საიტზე ნეგატიური და პოზიტიური სესხების დეფინიცია აღარ მოხდება და მხოლოდ საერთო მონაცემები გამოქვეყნდება.

 

სრული ინფორმაციის არარსებობის გამო იმის შეჯამება თუ რა სიტუაციაა სესხების გასტუმრებასთან დაკავშირებით, რთულია, თუმცა როგორც ექსპერტები აცხადებენ, სიტუაცია მძიმეა და კრედიტების დაფარვა მოსახლეობას სულ უფრო და უფრო გაუჭირდება.

 

ამასთან, ქართველი ექსპერტები უკვე დიდი ხანია შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური კრიზისი მსოფლიო ფინანსური კრიზისიდან დამოუკიდებლად აღმოცენდა და რუსეთის აგრესიის გარეშეც მიაღწევდა სერიოზულ მასშტაბებს.

 

ქართული კრიზისის პირველი ნიშნები, დაახლოებით, 2 წლის წინათ, 2008 წლის მაისში გამოჩნდა, როდესაც ადგილობრივი ბანკების უმრავლესობამ, მიმდინარე საკრედიტო ბუმის ფონზე, ერთხმად გააძვირეს კრედიტები და შეზღუდეს ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა. სწორედ იმ დროს გამოჩნდა, რომ ბანკები უკვე გრძნობდნენ მოსალოდნელ საფრთხეს და საკრედიტო პოლიტიკა გაამკაცრეს.

 

ამის შემდეგ იყო აგვისტოს ომი, რომელმაც ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების პროცესი, ფაქტობრივად, გააჩერა. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გაღვივება, რის შემდეგაც ქართულ ბანკებს ძალიან გაურთულდათ მსოფლიო ფინანსური ინსტიტუტებიდან რესურსების მოზიდვა, შესაბამისად, შეიზღუდა ბანკების აქტივობა. წამყვანი ბანკების უმრავლესობამ, პრაქტიკულად, შეაჩერა კრედიტების გაცემა. ეს ომგამოვლილი ეკონომიკისთვის მომაკვდინებელი დარტყმა აღმოჩნდა.

 

ეკონომიკის უმძიმეს მდგომარეობაზე, უპირველეს ყოვლისა, მეტყველებს ის ფაქტი, რომ კრედიტინფოს „შავ სიაში“ ისეთი ადამიანების სია, რომლებიც ადრე აღებულ კრედიტებს ვერ ფარავენ, ფაქტობრივად, ყოველ დღე იზრდება. ბოლო მონაცემებით, რომელიც კრედიტ-ინფოს ინტერნეტ-გვერდზე დევს და, რომელიც პირველი ივნისით თარიღდება, ნეგატიური სესხების საერთო რაოდენობამ 316 594 შეადგინა; მათ შორის უკვე დაფარული - 126 972 (40.10%) რაც შეეხება პოზიტიური სესხების საერთო ოდენობას, ის 1 180 690 შეადგენს, საიდანაც უკვე დაფარულია 683 290.

 

იმის გარკვევას, თუ რა მდგომარეობაა სესხების დაბრუნებასთან დაკავშირებით, კომერციულ ბანკებში კომენტარს არ აკეთებენ. უფრო მეტიც, ბანკებში ამას „კონფიდენციალურ ინფორმაციას“ უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ „პრობლემური სესხების ეფექტურ ამოღებაზე აქტიურად მუშაობენ“.

 

კრედიტ-ინფოს ჩანაწერებში „შავი სიის“ ზრდას არ გამორიცხავს ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა. მისი თქმით, პროცესი დიდი ხნის დაიწყო და წლის ბოლოსთვის უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს. ამასთან, როგორც ელიავა აცხადებს, სიტუაციას საერთაშორისო დახმარებების შეწყვეტაც გამოიწვევს.

 

იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ბანკებმა საკრედიტო აქტივობა გაზარდეს (გაიცემა როგორც ბიზნეს, ასევე სამომხმარებლო სესხები), დაუბრუნებელი კრედიტების რაოდენობა მაინც მატულობსჩემი აზრით, ბანკებმა ახალი კრედიტების გაცემა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ იმედი აქვთ ამით იმ ზარალს აინაზღაურებენ, რაც წინა გაცემული კრედიტებისგან მიადგათ“, –ამბობს ლია ელიავა.

 

თავად კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში კი ურჩი გადამხდელების, ანუ მათი რაოდენობა, ვინც სესხს ვერ იხდის, აუცილებლად გაიზრდება. მიუხედავად გრანტებისა, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, ხდება საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება, რაც თანდათანობით კლავს ბიზნესს.

 

კრიზისი, რომელიც მსოფლიოში ჯერ კიდევ არ აღმოფხვრილა, ჩვენთან სულ უფრო ღრმად შემოდის, - დასძინა ელიავამ.