ახლა ვითარება ჭადრაკის პარტიას ემსაგავსება, ერთ სვლას ივანიშვილი აკეთებს, მეორეს - ხელისუფლება

ახლა ვითარება ჭადრაკის პარტიას ემსაგავსება, ერთ სვლას ივანიშვილი აკეთებს, მეორეს - ხელისუფლება


რას შესთავაზებს პრესის გამავრცელებლებს პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი და, სავარაუდოდ, რა რეაქცია ექნება ბიზნესმენის წინადადებებზე ხელისუფლებას; ასევე იმაზე, სავარაუდოდ, როგორ შეაფასებს ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებეთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ გაგზავნილ მასალებს, "ინტერპრესნიუსი" ცესკ-ოს ექსხელმძღვანელს, ნანა დევდარიანს ესაუბრა. 

- ქალბატონო ნანა, მერიის გადაწყვეტილებამ გაზეთების ჯიხურების აღების შესახებ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. შემფასებელთა უმრავლესობა გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პრესის გამავრცელებლებს უახლოეს დღეებში შეხვდება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ივანიშვილის აქტივობის შეზღუდვას ცდილობს, რა შეიძლება შესთავაზოს ივანიშვილმა პრესის გამავრცელებლებს?

- ივანიშვილი თვეზე მეტია, პოლიტიკაში მოვიდა და, შესაბამისად, მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკოსის ნაბიჯია. მან პოლიტიკოსის ის ნაბიჯი გადადგა, რომელიც უნდა გადაედგა. მითუმეტეს, როცა ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველაზე დიდი ნდობა აქვს. მან სულ რომ არაფერი გააკეთოს, მისი პრესის გამავრცელებლებთან შეხვედრა, პრესისა და პრესის გამავრცელებლებისთვის სოლიდარობის დაფიქსირება უკვე პოლიტიკური ნაბიჯია. რასაც ჯიხურებთან დაკავშირებით ხელისუფლება აკეთებს, სხვა არაფერია, თუ არა ბეჭდური მედიის გაკონტროლების მცდელობა. ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა რომ ნდომოდა, არც სამარშრუტო ტაქსებისა და არც ხორცის მონოპოლიებს არ შექმნიდა. 

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რა შეუძლია გააკეთოს ივანიშვლიმა. მას შეუძლია, გამავრცელებლებს ალტერნატიული სამსახურის შექმნა შესთავაზოს. შეიძლება, ამ გამავრცელებლებთან ერთად აუქციონში მონაწილეობის სურვილი გამოთქვას და ეჭვი მეპარება, ამ აუქციონში მას ვინემ მოუგოს. ახლა ხელისუფლება იმ ფაზაშია, როცა უნებლიეთ თავისთვის უარესს აკეთებს და თავისსავე დასასრულს აჩქარებს. უგულავამ სასაცილოდ გაიხადა თავი, როცა განაცხადა, თითქოს ივანიშვილის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში დასაქმებული ვინმე ხუხუა პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს სამსახურიდან. ეს ამ ხელისუფლების ხელწერაა. თუ შევარდნაძის დროს სახელმწიფო სტრუქტურაში ოპოზიციონერის მუშაობა შეიძლებოდა, დღეს თუ ხელისუფლების მიმართ მონურად მორჩილი არა ხარ, წარმოუდგენელია, რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვინმე სადმე გააჩერონ. აშკარაა, რომ ხელისუფლებას პიარის მანქანა გაუფუჭდა. ის ხერხები, რომლითაც ხელისუფლება პიარის კეთებას ცდილობს, აღარ მუშაობს. ამიტომ, ჯიხურებთან დაკავშირებით ხელისუფლების კომენტარები მხოლოდ ხელისუფლების გაფუჭებული პიარის მანქანიდან გაგონილ აზრებად უნდა აღვიქვათ. ხელისუფლება არ სჯერდება ტელევიზიების ტოტალურ კონტროლს და ახლა პრესაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. 

- საარჩევნო სიების დასაზუსტებლად პრეზიდენტის ბრძანებით სახელმწიფო კომისია შექმნა, რომელსაც "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს. კომისია ბოლომდე დაკომპლექტებულიც არ იყო, რომ მას უნდობლობა არა ერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოუცხადა. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს კომისია მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი საარჩევნო სიის პირველი ივლისისთვის მომზადებას?

- მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა. ხელისუფლების ტერმინს "გონივრულ ეჭვს" გამოვიყენებ და ვიტყვი - მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რათა ამ მიმართულებით საქმის კეთების ილუზია შექმნას. პრობლემის შექმნის შემთხვევაში კომუნისტებმა იცოდნენ კომისიის შექმნა. ასეთი კომისიები დინჯად და ტაატით ქმნიდნენ გარკვეული მიმართულებით ხელისუფლების მუშაობის ილუზიას. ხელისუფლებას საარჩევნო სიის გასწორება რომ უნდოდეს, ეს ორი კვირის საქმეა. 2003 წლამდე საარჩევნო სიის დაზუსტება შინაგან საქმეთა სამინიტროსა და იუსტიციის სამინისტროს საქმე იყო. ჩვენი ხელისუფლების მიერ შექმნილ სისტემაში მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას აკეთებს. მაგალითად, ციხეების უფროსი შეიძლება იყოს განათლების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი შეიძლება გახდეს ფინანსთა მინისტრი. ასეთ ვითარებაში, თუ ვის დაევალება სიების გასწორება, მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან მათი პირობითი სახელი შეიძლება იყოს - მიშა პირველი, მიშა მეორე, მიშა მესამე და ასე შემდეგ. რომელი მიშა გააკეთებს ამომრჩეველთა არაზუსტ სიას, მნიშვნელობა არა აქვს. სააკაშვილს რომ ჰკითხო, თურმე საქართველოს მოსახლეობამ იბარტყა. 2003 წელს რევოლუციონერები იძახდნენ, ამომრჩეველთა სიაში 3 მილიონ 200 ათასის ყოფნა ბევრიაო და გაკვირვებას გამოთქვამდნენ. ახლა იმავე სიაში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველი გვყავს. 

- თქვენი ლოგიკით, მამუკა კაციტაძე "მერამდენე მიშაა"?

- "მემარჯვენეებმა" ისე იჩქარეს, რომ როცა მათ ხელისუფლებამ შეთანხმების პირობების მოფიქრებისთვის ვადა ორშაბათამდე მისცა, მათ ორშაბათის საღამომდე ვერ მოიცადეს და შეთანხმებას ხელი დილითვე მოაწერეს. გასაგებია, რომ "მემარჯვენეები" ივნისში ვერანაირად ვერ ივარაუდებდნენ, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას მოინდმებდა, თორემ ამ გარიგებაზე თანხმობას არ განაცხადებდნენ. სიების დაზუსტების კომისიაში მამუკა კაციტაძის გამოჩენა ხელისუფლებასთან "მემარჯვენეების" წინა გარიგების მეორე სერია და გაგრძელებაა. 

- მომავალ პარლამენტში დეპუტატთა რიცხოვნობის 150-დან 190-მდე გაზრდის თემაზე თავიდან ბევრი ხმაური კი იყო, მაგრამ ამაზე ახლა პრაქტიკულად აღარავინ საუბრობს. ამ თემაზე 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად უჭერენ მხარს დეპუტატთა კორპუსის 40-ით გაზრდას. ამ დროისთვის რა ვითარება გვაქვს? ანუ, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა გადაწყვეტილია, თუ ეს საკითხი კვლავაც მხოლოდ სადისკუსიო თემად რჩება?

- ეს საკითხი ხალხის ნებით გადაწყდა და, შესაბამისად, ჩემი დამოკიდებულებაც არ შეცვლილა. ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან შევიდა გარიგებაში დეპუტატთა რაოდენობის 40-ით გაზრდის თაობაზე. ეს იმაზე იყო გათვლილი, რომ ხელისუფლებას მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლებოდა, ხოლო მასთან გარიგებაში შესული პარტიები სხვადასხვა რაოდენობით პარლამენტში მოხვდებოდნენ. პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, ხელისუფლებასა და მასთან გარიგებაში შესულ ოპოზიციის ნაწილთან ზაფხულში მიღწეულმა გარიგებამ აზრი დაკარგა, ვინაიდან ახლა სიმძიმის ცენტრი სწორედ ივანიშვილს უკავშირდება. ახლა ხელისუფლებამ თავისთვის განსაზვრული მანდატები უნდა მოიკლოს და მასთან გარიგებულების ინტერესები დააკმაყოფილოს, მაგრამ მისი კონკურენტი უკვე ისინი კი არა, ივანიშვილის გუნდია. ბუნებრივია, მათ შორის შეთანხმებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. 

სხავათა შორის, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ განვაცხადეთ, რომ თუ ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას დეპუტატთა რაოდენობის 190-მდე გაზრდის შესახებ, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს აუცილებლად შევიტანთ. ამ სარჩელის წაგება უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ივანიშვილი არ გამოჩდებოდა, ხელისუფლება არ გამორიცხავდა ამ სათუო გადაწყვეტილების ჯიკავ-ჯიკავით გატანას, მაგრამ ახლა ეს სრულიად გამორიცხულია და, რაც მთავარია, აზრიც აღარ აქვს. 

- შესაძლოა, სწორედ ამას უკავშირდება ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ თემაზე საუბარს თავს არიდებენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ შეიძლება, დეპუტატთა რაოდენობა კვლავაც 150 დარჩეს . . . 

- ჩემი აზრით, ხელისუფლებაში ახლა შექმნილ ვითარებაში მოქმედების ტაქტიკაზე კამათობენ. არჩევნებამდე თითქმის წელიწადია დარჩენილი. ახლა ვითარება ჭადრაკის პარტიას ემსაგავსება. ერთ სვლას ივანიშვილი აკეთებს, მეორეს - ხელისუფლება. ახლა იმის განსაზღვრა, რომელი გადაწყვეტილება იქნება ხელისუფლებისთვის უფრო სასარგებლო, ძალიან ძნელია. ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან დადებული გარიგების შესრულებას გადადებს და რაც შეიძლება გაწელავს. 

ხელისუფლებას იმას ვერ წაართმევ, რომ არჩევნების ჩატარების გამოცდილებით, პოლიტიკური კონიუქტურით თავის სასარგებლოდ რაღაცეებს მუდმივად ცვლიან. მართალია, ჯერ არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. იგივე ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ გადადგმული ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უკვე სასაცილოცაა. ამ ტაქტიკაში ძალიან ფრთხილი უნდა იყო, რომ არ წაააგო. ხელისუფლებამ ივანიშვილთან მიმართებაში გადადგმული ნაბიჯებით უკვე ისედაც ბევრი წააგო. დეპუტატთა რიცხოვნობის 190-მდე გაზრდისა, თუ 150-ის დატოვების საკითხს იქამდე გადადებს, რამდენი გადადების საშუალებაც ექნება და გადაწყვეტილებაც კონიუქტურის შესაბამისად იქნება მიღებული. ხელისუფლება ვითარებას ყურადღებით აკვირდება. ივანიშვილს კარგი სტარტი კი ჰქონდა, მაგრამ ახლა, თუ არ ჩავთვლით მის მიერ გაზეთის ჯიხურებთან დაკავშირებულ გამოხმაურებას და სოლიდარობის გამოცხადებას, მისგან არანაირ ინიციატივა არ ყოფილა. არ ვგულისხმობ საზოგადოებრივი მოძრაობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. 

როგორც ჟურნალისტი ჟურნალისტს გეტყვით, მე ჩემს პოლიტიკაში მოხვედრას ყოველთვის ვუყურებდი როგორც ხანგრძლივ შემოქმედებით მივლინებას. მივლინებიდან გაკვეთილებიც გამოვიტანე. პოლიტიკოსები განსაკუთრებული კატეგორიის ადამიანები არიან. დილით რომ იღვიძებენ იმაზე ფიქრობენ, რომ ახალი ამბავი შექმნან. პოლიტიკოსი მაშინ არის პოლიტიკოსი, თუ ყოველ დღე არის ტელევიზორში და გაზეთების ფურცლებზე, ძალიან ხშირად არის საზოგადოების ყურადღების არეალში და მის ყურადღებას იპყროს. პოლიტიკოსები ყურადღების მისაქცევად ხანდახან იგონებენ კიდეც ახალ ამბებს. ჯერჯერობით, ეს ტექნოლოგია ივანიშვილისაგან არ ჩანს. ივანიშვილი პოლიტიკის არსსა და დანიშნულებას ვერ გადააკეთებს. მან ისე უნდა ითამაშოს, როგორც ეს პოლიტიკოსს შეეფერება. ვგრძნობ, რომ მისი მხრიდან ინიციტივები შენელებულია. 

- პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განსახილველად ვენეციის კომისიას გადაუგზავნა. თქვენი აზრით, როგორი იქნება ოპოზიციის ნაწილთან შეთანხმებულ ქართულ წინადადებებზე ვენეციის კომისიის დასკვნა და თქვენი აზრით, თქვენ რა ცვლილებებს შეიტანდით მასში? მოგეხსენებათ, ამ ცვლილებებში იგულისხმება გასაჩივრების ვადის გაზრდა, სიების ადრეულად გამოქვეყნება, არჩევნების ორგანიზების მიზნით გუბერნატორების არჩევნებში აქტივობა, აიკრძალა ვიდეოკამერების გამოყენება და მარკირება და ასე შემდეგ . . . 

- ხელისუფლება მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის მომგებიან პირობებში ჩაყენებას. ეს ცვლილებებიც მხოლოდ ამას ემსახურება. ფორმალურად თუ შეხედავ, ხელისუფლება ვენეციის კომისიას ეუბნება - ჩვენ გავითვალისწინეთ შენიშვნები, საარჩევნო გამოცდილება და ამიტომ შეგვაქვს ეს ცვლილებები. საქართველოში მარკირება პირველად სწორედ 2003 წლის არჩევნებზე იქნა შემოღებული. მაშინ ახლანდელი სახელისუფლებო გუნდი აცხადებდა, რომ მარკირების გარეშე გაყალბებისგან თავის დაზღვევა შეუძლებელი იქნებოდა. გაუგებარია, დღეს რატომ აღარ გვეშინია კარუსელების, ანაც იგივე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების? 

ხელისუფლება ბევრს ისაუბრებს იმაზე, რომ რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულებმა არჩევნების ორგანიზებაზე აქტიურად უნდა იმუშაონ, მაგრამ სინამდვილეში თუ რას აკეთებენ არჩევნების დროს გუბერნატორები, ყველამ კარგად ვიცით. ისინი ღიად აწარმოებენ ზეწოლას სახელმწიფო მოხელეებზე, საჭიროების შემთხვევაში აშინებენ ხალხს და ასე შემდეგ. ახლა მინდა გავიხსენო ის ბრალდება, რომლითაც დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები 2003 წელს აპელირებდნენ და აცხადებდნენ, რომ ცესკ-ომ გააყალბა არჩევნების შედეგები. ეს ხომ დიდი სისულელეა, ვინაიდან არჩევნების გაყალბება ხდება ადგილებზე, საარჩევნო უბნებსა და ოლქებში და არა ცესკო-ში. თუ კომისიის წევრს, რომელიც ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელია, მას თანამდებობის ის პირი სამუშაოდან გაგდებით დაემუქრება, რომელიც მისი უფროსია, როგორ ჰგონიათ, ის კაცი თავისი ოჯახის კეთილდრეობას ანაცვალებს პარტიის ინტერესებს? ყველა ის შესწორება, რომელიც ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, ხელისუფლების მიერ მხოლოდ სათავისოდ იქნება გამოყენებული. 

ვთქვათ, გასაჩივრების ვადა გაიზარდა, მერე რა მნიშვნელობა ექნება მას, როცა სასამართლო თავისუფალი არაა და როცა საარჩევნო გარემო აბსოლუტურად არაჯანსაღია. მახსოვს, დღევანდელი ხელისუფლება მაშინ ბევრს გაჰკიოდა, რომ მათ სურდად თანაბარი საარჩევნო გარემო. ახლა რომ ვუკვირდები, სწორედ 2003 წელს იყო ყველაზე კონკურენტული გარემო და კონკურენტული არჩევნები. ჩვენმა საზოგადოებამ და სახელმწიფომ ერთი გუნდის სასარგებლოდ იმდენი რამ დათმო, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ ცვლილებებს, რომლებიც განსახილველად ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას გაუგზავნა.