ნავთობკომპანიებმა საწვავის საცალო ბაზარზე სასურველი ფასი დააფიქსირეს და მსოფლიო ბაზარზე რაც არ უნდა მოხდეს, საწვავის გაიაფებას არ აპირებენ. არადა, უკვე 2 კვირაა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება მცირდება, და 1 ტონა ბენზინის ფასი დიდი ხანია 900 დოლარს ჩამოცდა. საბითუმო და საცალო ფასს შორის ამხელა სხვაობა არასდროს ყოფილა.
2011 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე ამგვარია: ბენზინი (A-92) - 893,5 დოლარი, ხოლო დიზელი (L-62) - 954.5 დოლარი. ასევე შემცირებულია ოპეკის კალათის ფასი - 109 დოლარამდე. ამ დროს კი, ქვეყნის საცალო ქსელში 1 ლიტრი “რეგულარის” ტიპის ბენზინი 2,1-2,15 ლარად იყიდება, ხოლო “პრემიუმისა” და “სუპერის” ფასი, შესაბამისად, 10-20 თეთრით მაღალია.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბინესმენთა ასოციაციის წარმომადგენლის მერამ ჯანიაშვილის განცხადებით, საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოჩვენებითი კონკურენციაა, ამიტომაც საწვავის ფასი ხელოვნურად, კარტელური გარიგებებით დგება.
“კონკურენციას რას უწოდებენ არ მესმის. კონკურენცია არის მაშინ, როდესაც კომპანიები ერთმანეთს ფასისა და მომსახურების გაუმჯობესებაში ეჯიბრებიან. ჩვენთან ერთი და იგივე საფასო პოლიტიკაა. მართალია 50 კომპანიაა რეგისტრირებული, მაგრამ ბაზრის თითქმის 90% ოთხ კომპანიას უჭირავს. აქედან გამომდინარე, დიდი მარჟით საქმიანობა გასაკვირი არ არის. დღეს საქართველოში ბენზინისა და დიზელის ფასის ისტორიული მაქსიმუმია, როდესაც სხვა ქვეყნებში, ისტორუილი მაქსიმუმი 3 წლის წინათ დაფიქსირდა”, -ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.
თუკი საბითუმო ფასის მიხედვით ბენზინის თვითღირებულებას გამოვითვლით, ნავთობკომპანიების სასარგებლოდ საკმაოდ სოლიდურ მარჟას მივიღებთ. 1 ლიტრი ბენზინის თვითღირებულება, დაახლოებით, 1,6 ლარია და იგი საცალო ქსელში მინიმუმ 2,1 ლარად იყიდება. ესე იგი მენავთობეები 50-თეთრიან მოგებაზე მუშაობენ, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
რაც ყველაზე მთავარია, საერთაშორისო ბაზარზე საწვავი 2 კვირაზე მეტია იაფდება, მაგრამ გაიაფების მსგავსი რამ თავში არავის მოსვლია. როგორც ჩანს, ნავთობკომპანიებმა ადგილობრივ ბაზარზე სასურველი ფასი დააფიქსირეს, მომხარებელიც შეაჩვიეს არსებულ რეალობას და მსოფლიო ბაზარზე რაც არ უნდა მოხდეს, გაიაფებას არც კი აპირებენ.
არსებობს კიდევ ერთი ხრიკი. თუკი ნავთობი გაიაფდა, საქართველოში ფასები უცვლელია, მაგრამ თუ გაიაფების შემდეგ ცოტათი გაძვირდა და საწვავი ძვირდება. შემდგომი გაიაფების დროს კი ფასი ისევ არ იცვლება; ანუ საბითუმო ფასების მერყეობისას ადგილობრივი ნავთობკომპანიები მარჟას მუდმივად ზრდიან.
აღსანიშნავია, რომ ფასის მატებასთან ერთად, საქართველოში ბენზინის მოხმარების მაჩვენებელი მცირდება. ამის მიზეზი არის, ის, რომ ავტომფლობელები, მაღალი ფასის გამო, იძულებულები ხდებიან ავტომანქანის ძრავა გაზზე გადაიყვანონ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებულია 620 ათასი ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავი, რაც 22 ათასი ტონით ნაკლებია 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (642 ათასი ტონა). კერძოდ, 2011 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 301 ათასი ტონა ბენზინისა (2010 წელს - 317 ათასი ტონა) და 318 ათასი ტონა დიზელის საწვავის (2010 წელს - 324 ათასი ტონა) იმპორტი შემოვიდა.
1260
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85