რას და რამდენს დაუთმობს ხელისუფლება ბიზნესს

რას და რამდენს დაუთმობს ხელისუფლება ბიზნესს


დიდი ხანი არ არის, რაც პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური კურსი გამოაცხადა, ხოლო ხელისუფლებამ გარკვეულწილად აღიარა, რომ საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით სერიოზული პრობლემები იყო. საინტერესოა, შეიცვლება თუ არა რამე ამ მხრივ, თუნდაც არჩევნების რეჟიმში მყოფი და შეფიქრიანებული ხელისუფლების მხრიდან. 

საპარლამენტო ოპოზიცია ფიქრობს, რომ ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული შეთავაზებები არ ყოფილა. რამდენადაც სწრაფად იმოქმედებს ხელისუფლება და მარწუხებს უფრო მოუშვებს, მით უფრო სწრაფად დაიწყება ეკონომიკის გამოცოცხლება.

“ჯერჯერობით შეიცვალა ფინანსთა მინისტრი, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობა, რომელიც საბჭოური პროკურატურის შემართებით იბარებდა ბიზნესმენებს და ემუქრებოდა. დღეს ეს ყველაფერი უფრო რბილი ფორმებით ხდება. 

ამის პარალელურად ადგილი აქვს რამდენიმე ისეთი ტიპის ინიციატივას, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის პოლიტიკის კონტექსტში ვერ ჯდება. მაგალითად, საგადასახადო მონიტორების თემა, რომლებიც, ფაქტობრივად, ბიზნესკომპანიებისა და საწარმოების მუდმივი მეთვალყურეები უნდა იყვნენ; ანდა მიდგომა, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის არა პრევენციას, არამედ პროვოცირებას ითვალისწინებს.  

კანონმდებლობა 25 000 ლარის ოდენობის გადაცდენაზე პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გულისხმობს. ამიტომ კომპანიების უმეტესობა ავტომატურად ექცევა საფრთხის ქვეშ.

ჩვენ მოვითხოვთ, სისხლის სამართლებრივი დეკრიმინალიზაცია მოხდეს, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ. ადამიანი, რომელსაც დაუმტკიცდება, რომ გადასახადი დამალა, პასუხისმგებლობისაგან ვერ გათავისუფლდება. ბიზნესკომპანიამ, კანონით დადგენილ ფარგლებში, საკუთარი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ პროკურატურასა და საგადასახადო ორგანოებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, სისხლის სამართლებრივი დევნით ეს კომპანიები გააკოტრონ. რა არის ჩვენი ამოცანა, ბიზნესში შიშის დამკვიდრება თუ ეკონომიკის ამუშავება?” - აცხადებს დეპუტატი გიორგი თარგამაძე. 

ბიზნესმენები რომ აქამდე საკმაოდ დიდი წნეხის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი, ამას მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძეც ადასტურებს. იგი თვლის, რომ რაღაც ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო როგორც საგადასახადო, ისე სხვა კანონმდებლობის კუთხით.

“ყველა ბიზნესმენი საკუთარ თავზე აგებს პასუხს. ბიზნესში, ზოგადად, არსებობს გამჭვირვალობისა და ამა თუ იმ საკითხზე ღიად საუბრის პრობლემა, მაგრამ მე ამის პრობლემა ნამდვილად არ მაქვს. მთლიანობაში საგადასახადო და ბიზნეს გარემო სრულად იძლევა იმის საშუალებას, რომ მასზე მუშაობა გაგრძელდეს მისი გაუმჯობესებისკენ. სრულყოფილი არსად არაფერია. გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია, მაგრამ კიდევ სერიოზული მუშაობაა საჭირო როგორც საგადასახადო, ისე სხვა კოდექსების კუთხით, თუ გვინდა, რომ მუდმივი პროგრესის რეჟიმში ვიყოთ”, - აცხადებს “კომერსანტ.ჯი”-სთან საუბრისას გიორგი ისაკაძე.

იგი თვლის, რომ საშიშროება, რომ ნებისმიერ გადაცდომაზე ბიზნესთან მიმართებაში ბიზნესმენი შეიძლება დატუსაღებული იყოს, უნდა მოიხსნას. ეს არის ფაქტორი, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს, ზოგადად, სიტუაციაზე. ამ მუხლის ამოღებით კი საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი გადაიდგმება ნდობის გაუმჯობესებისა და გაღრმავებისკენ.

“მოხარული ვარ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ბევრ შემხვედრ ნაბიჯს ვხედავ, დაწყებული ფიქსირებული გადასახადის პროექტის დონეზე საუბრიდან დამთავრებული სისხლის სამართლის დევნის ამ მუხლის ამოღების კუთხით. ეს შეხვედრები გაგრძელდება, რაც იმის დასტურია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი არის ხელისუფლებისათვის თემა, რომელიც კონკრეტულ კანონებად და გადაწყვეტილებებად უნდა იქცეს, რათა ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს”, - ამბობს ისაკაძე.