ქართველი ხალხის უბედურება ქვეყანაში დამკვიდრებული უსამართლობა და მარტო ადამიანის უფლებების დარღვევა კი არ არის, რაც, თავის თავად, საკმაოდ ძნელად ასატან და ღირსების შემლახავ გარემოს ქმნის, ამას ემატება უმძიმესი ეკონომიკური კრიზისული მდგომარეობა, რომელიც ქართული საზოგადოების ფუძეს, ქსოვილსა და უჯრედს – ქართულ ოჯახს წელში წყვეტს, შლის, კატასტროფულად ამცირებს და სრული განადგურებით ემუქრება.
ეს არის მთავარი უბედურება, თორემ საქართველოს პრეზიდენტად შერაცხულ პიროვნებას დიქტატორ პინოჩეტივით ჩილეს მსგავსად, ან მმართველი ნაციონალური მოძრაობის მთავრობას ერთპარტიული ხელისუფლების მქონე სინგაპურივით ეკონომიკური აღმავლობისა და აღმშენებლობის გზაზე რომ ჰყავდეს ქვეყანა და საკუთარი ხალხი კი მატერიალურად წელში გამართული, დაპურებული, გამრავლებულ–გალაღებული, მაშინ ამგვარი მძაფრი საპროტესტო განწყობა ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დიდ უმრავლესობაში არც იქნებოდა, ისევე როგორც ეს არ იყო ადრე არც პინოჩეტის მიმართ და ამჟამად არც სინგაპურის მთავრობის მიმართ არ არის.
ამას იმ გაგებით არ ვამბობ, რომ ხალხი მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობით კმაყოფილდება და დემოკრატიული უფლებები არანაირად არ აღელვებს, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი შინაგანად გრძნობს, რომ თუ ის მატერიალურად ნორმალურ მდგომარეობაშია, მისი და მისი შვილების საკუთრება ხელშეუხებელი და მის მომავალს საფრთხე არ ემუქრება, მაშინ პოლიტიკური უფლებების მოპოვება დროის საკითხია, ადრე თუ გვიან მას მაინც მოიპოვებს და ამისთვის ხელისუფლების წინააღმდეგ თავდაუზოგავ ბრძოლას, რომელმაც შეიძლება ქაოსი და მეტი უბედურება მოიტანოს, არ თვლის საჭიროდ.
საქართველოში აღნიშნული ქვეყნებისგან სრულიად განსხვავებული ვითარებაა. სხვადასხვა გაანგარიშებით ქვეყანაში სიღატაკის ზღვარს მიღმა მილიონიდან მილიონ ნახევრამდე ადამიანია, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედია. სწორედ ამის შედეგია, რომ დემოგრაფიული სტატისტიკა ქართველი ერისათვის გამანადგურებელ სურათს გვიშლის წინ.
ამ რამდენიმე დღის წინ ამავე საიტზე ბატონ ვაჟა შუბითიძის სტატია დაიბეჭდა დემოგრაფიული პრობლემების შესახებ, რომელსაც ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან, წესით, განგაშის ზარები უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამიტომ, მიზანშეწონილად მივიჩნიე ეს სატკივარი უფრო რომ გავიცნობიროთ, ის ბასრი ციფრები, რომლებიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენს ეროვნულ სხეულზე, კიდევ ერთხელ მოვიყვანო: შობადობა შემცირდა 1990 წელთან შედარებით თითქმის 2–ჯერ და იგი გაუტოლდა გარდაცვლილთა რაოდენობას. ამგვარი შეფარდება თუ კვლავ გაგრძელდა, დაღუპულთა რაოდენობა ბევრად გადააჭარბებს ახლაშობილთა რაოდენობას. გარე მიგრაციის შედეგად, რაც გამოწვეულია ცხოვრების დაბალი დონით და უმუშევრობით, პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსახლეობა თითქმის 1,5 მილიონით შემცირდა. საყურადღებოა, რომ ქორწინების გარეშე დაბადებულთა წილი იყო 2000 წელს 39%, 2006 წელს – 54,4%, 2007 წელს 43,9%. მაშასადამე, ყოველი მეორე ბავშვი საქართველოში ქორწინების გარეშე იბადება, რაც ბევრად ამცირებს სხვა შვილების გაჩენის შესაძლებლობას. არადა, იგივე დემოგრაფები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში ამჟამად ცხოვრობს 3 მილიონ ნახევარზე ოდნავ მეტი ადამიანი და და არა 4 მილიონ ნახევარი, როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიმტკიცებს და თუ მშობლები 2 შვილს იყოლიებენ, მაშინ საქართველოს მოსახლეობა 50 წელიწადში 1 მილიონით შემცირდება, ხოლო 1 საუკუნეში - 2,5 მილიონით. საჭიროა მინიმუმ 3-4 შვილის ყოლა, რათა სრულიად არ გადავშენდეთ.
ამ ციფრებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ რეჟიმის პირობებში საქართველოს უქართველებოდ დარჩენა ემუქრება. დემოგრაფიული პრობლემებს ეს ხელისუფლება არ აღიარებს. უფრო მეტიც, მან მრავალშვილიანად 5 შვილიანის ნაცვლად 7 შვილიანი ოჯახი მიიჩნია და ამით დახმარების გარეშე დატოვა ჯერ კიდევ არსებული თითებზე ჩამოსათვლელი მრავლაშვილიანი ოჯახები, თუმცა ეგ დახმარებაც, რაც თვეში თითო ბავშვზე 5 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საკუთარი თანამემულეების მხოლოდ აბუჩად აგდებაა. ამას ემატება მშობიარობის საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურა, რომელიც ხარისხიანობის მიხედვით 500–დან 1000 ლარამდე მერყეობს, არადა, კარგად გვახსოვს საპრეზიდენტო არჩევნების წინ უფასო მშობიარობისა და ახლაშობილებზე 1000 ლარიანი დახმარებების საჩვენებელი სპექტაკლები, რაც არჩევნებში საკუთარი გამარჯვების განაღდების შემდეგ ურცხვად იქნა მივიწყებული.
სააკაშვილი და მისი პროპაგანდისტები ქვეყნის მითიური აღმშენებლობის შესახებ უკანონოდ მისაკუთრებული სატელევიზიო არხებითა და სხვა მედიასაშუალებებით იმდენ სიცრუეს ლაპარაკობენ, რომ ღმერთო მაპატიე და, ასე მგონია, რომ ამ გვამებში ჯოჯოხეთიდან გებელსის სულის რეინკარნაცია განხორცილელდა და ახლა ჩვენზე ატარებს ექსპერიმენტებს. ნუ დავიზარებთ, ქვემოთ ჩავიკითხოთ გებელსისეული პროპაგანდის ინსტრუქციები და ნათელი გახდება ნაცპროპაგანდის ამოცანები და მათი მიღწევის მეთოდები: „პროპაგანდა უნდა იყოს რაც შეიძლება ბევრი, დღისითა და ღამით. ის არ უნდა წყდებოდეს, ვერავინ უნდა მოასწროს იმის გააზრება რას ეუბნებიან. ყველა გზავნილი პრიმიტიული უნდა იყოს, რათა ყველაზე ჩამორჩენილმაც უცებ აითვისოს და რაც უფრო ბევრი მოისმენს, მით უფრო იძულებული იქნება ყველა გაყვეს უმრავლესობას.პროპაგანდა უნდა იყოს მარტივი, ცხადი და ერთფეროვანი. ლოზუნგები უნდა იყოს ყოველი მხრიდან და მეორდებოდეს ყოველი პროპაგანდის ბოლოს. არანაირი ყოყმანი, არავითარი სხვადასხვა ვარიანტები და განსხვავებული აზრი, ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, ამას მათ მაგივრად სხვები გააკეთებენ, მათ მხოლოდ ინფორმაციად უნდა მიიღონ თუ რა არის მათთვის კარგი, და დარწმუნდნენ რომ რაც ხდება არის გარდაუვალი. პროპაგანდა უნდა ხდებოდეს მხოლოდ გრძნობებზე და არა გონებაზე, მართვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ ემოციებზე. შოკი და ტყუილი---მთავარი პრინციპებია სრულყოფილი პროპაგანდისა. პატარა ტყუილს არავინ დაიჯერებს, საჭიროა შოკისმომგვრელი და გაუგონარი ტყუილი, ისეთი რომლის გააზრებაც ძნელია. ფაქტები უნდა იყოს არა შელამაზებული, არამედ გაუგონრად დამახინჯებული, უსინდისოდ განსხვავებული, ისეთი რომ მასამ ვერ დაიჯეროს რომ ასეთი რამ შესაძლებელია“.
კონკრეტულად კი, ნაცპროპაგანდა თავს გვახვევს ყოვლად აშკარა სიცრუეს, რომ თითქოს კორუფცია საქართველოში დაამარცხეს და მთავრობის წევრები იმდენად უმანკონი და წმინდანები არიან, რომ ანგელოზის ფრთებით დაშხუილობენ ზეცაში. ამის საწინააღმდეგოდ კი ჯერ კიდევ შემორჩენილი სამართლიანობისთვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები და პრესა თვალსაჩინოდ გვიჩვენებენ ათობით მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეებსა და ძვირადღირებულ მანქანებს, რომლებიც ხელისუფლებაში გაცვეთილი ბოტასებით მოსულმა ბიჭ–ბუჭებმა რამდენიმე წელიწადში საკუთარი ხალხის ძარცვის ხარჯზე შეიძინეს. ამ რეალობას ადასტურებს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მსოფლიო ბანკისა და ამერიკული ფრედომ ჰოუსის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო კორუფციის მასშტაბებით მსოფლიო რეინტიგში 68–ე ადგილზეა, ხოლო ზემოთნახსენები სინგაპური, რომელსაც საოცნებო ნიშანსვეტად მიიჩნევს თანამედროვე არშემდგარი აღმაშენებელი, საპრიზო მე–3 ადგილზეა დამკვიდრებული, ხოლო ჩილე, რახან ვახსენეთ, მივუთოთოთ მისი ადგილიც, ამ რეტინგში 21–ე ადგილზეა.
საკუთრების უფლებათა დაცვის ინდექსის მიხედვით, საქართველო სამარცხვინო 113–ე ადგილზეა, ხოლოს ჩვენი მთავრობის ცოდვით სავსე სინგაპური მე–8 საპატიო ადგილს იკავებს. საკამათო არ არის, რომ საკუთრების უფლების დაცვა ბიზნესის განვითარების მთავარი პირობაა, რომლის გარეშე ჩანასახშივე სასიკვდილოდ არის გამეტებული ქვეყანაში ბიზნესის ხელშეწყობის ყველანაირი პროგრამა.
საკითხავია, 113–ე ადგილისთვის მაინც რატომ გაგვიმეტეს იმ ქვეყნების ორგანიზაციების ექსპერტებმა, რომელთა ლიდერები საქართველოს მთავრობას დემოკრატიულს და რეფორმატორულს უწოდებენ? მაგრამ როცა მახსენდება სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხალვაშის საკუთრებაში არსებული განადგურებული კომპანიები, ჩინოვნიკების მიერ დატაცებული ამ კომპანიების ავტომანქანები და დიღმის გზაზე გადამწვარი საწყობები, ამასთან ერთად, სამშენებლო კომპანიის „ცენტრ პოინტის“ 6 000–მდე აშკარად დაყაჩაღებულ –გაძარცვული მეანაბრე, რომლებსაც საერთო ჯამში 300 მილიონამდე აშშ დოლარი ამოაცალეს ჯიბიდან, ხოლო სამართალს ამ ქვეყანაში ვერ პულობენ და უფრო მეტიც, ამ აფიორის ერთ–ერთი სულისჩამდგმელი რუსუდან კერვალიშვილი საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერია, რომელიც სარკეში დაყენებული სანდომიანი იერით მაღალ იდეალებზე გვესაუბრება, იმის ნაცვლად რომ მან და რჩეულიშვილების ბანდამ ციხეში ხეხონ ნარები, ამის შემდეგ მადლობა უნდა ვუთხრათ ამ რეიტინგის შემდგენლებს, რომ 193–ე ადგილზე არ მოგვსვეს, ბოლოდან პირველ ათეულში.
ქვეყანაში საინვენსტიციო ოაზისის შესახებ პიარითაც ლამის ტვინი აგვიდუღონ ნაცების ჰალსტუხიანმა ჩინოვნიკებმა გილაურის მეთაურობით. უცხოური გრანტიჭამიაობიდან გამოყოლილი უცხოელთა მიმართ მონური ფსიქოლოგიის მიუხედავად, როცა საქმე ბობოლა ნაცების მონოპოლიზირებული ბიზნესის ინტერესებს ეხება, საზღვარგარეთული კომპანიებიც უკანონობის მსხვერპლნი ადვილად ხდებიან. მარტო ავსტრიულ კომპანიასთან „შირნჰოფერთან“ დაკავშირებული ისტორიაც საკმარისია ამის დასამტკიცებლად. ცნობილია, რომ აღნიშნული ფირმის ადგილობრივი ხორცის წარმოების ბიზნესი შეაჩერეს, რათა ინდოეთიდან გაყინული კამეჩის უხარისხო ხორცის შემოტანის მონოპოლია არ დარღვეულიყო. სიგარეტების ფაბრიკა „პირველის“ უცხოელ ინვესტორთა გადაგდებაც აქტივში აქვს ნაციონალურ სამართალს. ამას ემატება რუსეთთან მუდამ საომარი რიტორიკა, რომლის რეზონანსი ყველაზე მეტად აფრთხობს უცხოელ ინვესტორებს. ეს ყველაფერი კი იწვევს უცხოური ინვესტიციების რაოდენობის ისეთ სიმცირეს, რომ ეკონომიკა სრულ კოლაფსშია, რის გამოც უმუშევრობა და სიღატაკე მძვინვარებს ქვეყანაში.
2004 წელს საქართველოში შემოვიდა 499.1 მლნ აშშ დოლარი ინვენსტიცია, ვარდების რევოლუციის მიმართ საერთაშორისო დადებითი განწყობის პიკის წელს, 2007–ში ამ ინვესტიციებმა 2 014.8 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო 2010 წელს 814 მილიონ დოლარამდე ჩამოვარდა, ანალოგიურად 2011 წლის პირველ კვარტალში 173.7მილიონი დოლარი, ხოლო მეორე კვარტალში 203.4 მილიონი დოლარი შეადგინა. სრული რეგრესი სახეზეა. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ, რასაც ნაცხელისუფლება ინვესტიციას უწოდებს, ეს უფრო სახელმწიფოს უძრავ–მოძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის შედეგად შემოსული კაპიტალია, ანუ ქართული სავაჭრო ფლოტის, ფოთის პორტის, ბათუმის აეროპორტის, თბილისის წყალმომარაგებისა და გაზმომარაგების სისტემების, ელექტროსადგურებისა და სხვა სტრატეგიული დარგების უცხოელებისათვის გადაცემის შედეგად ბიუჯეტში ჩარიცხული თანხებია, რომელთაგან უმრავლესობას ქართველი მეწარმეები და სპეციალისტები მშვენივრად ამუშავბდნენ და უძღვებოდნენ, მაგრამ შეუზღუდავი კოსმოპოლიტურ –ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით უცხოელ;ებს ყოველგვარი განსჯის გარეშე გადაეცა. ხოლო, რასაც ჰქვია საქართველოში უცხოური კაპიტალდაბანდებებით ახალი საწარმოების შექმნა და მოსახლეობის მასობრივად დასაქმება, ამგვარი ინვესტიცია თითებზე ჩამოსათვლელიც კი არ განხორციელებულა.
ყოველივე ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო საქართველოს ეკონომიკა ბოლო ორი–სამი წლის მანძილზე ერთ ადგილს ტკეპნის და არც არანაირი საიმედო პერსპექტივა არ ჩანს. ეს კარგად ჩანს სტატისტიკური მონაცემების მოყვანითაც, რომელიც ყველაზე უტყუარ საბუთს წარმოადგენს ქართული ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის წარმოსაჩენად. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რაოდენობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მაჯისცემის მთავარი განმსაზღვრელია, 2010 წელს საქართველოში შეადგინა 11 მილიარდ 670 მილიონი დოლარი, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 2629 დოლარი. რუსეთში, რომლის ეკონომიკურ კრახსა და დაშლაზე ხშირად გაჰყვირიან ნაცპროპაგანდისტები, იმავე წლის მონაცემებით მშპ–მ შეადგინა 2 ტრილიონ 218 მილიონი დოლარი, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 15 806 დოლარი. სხვაობა მეტად შთამბეჭდავია. სხვათა შორის, უცხოური ინვესტიციების მხრივაც რუსეთი საკმაოდ მოწინავე პოზიციებზეა. 2010 წელს 300,1 მილიარდი დოლარის ინვესტიციები ჩაიდო, საქართველოში 814 მილიონი დოლარი, რაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უდრის რუსეთისთვის 2140 დოლარს, საქართველოსთვის კი მაქსიმუმი 200 დოლარს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ საქართველოდან შიმშილსა და უმუშევრობას გაქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთში ეძებს და პოულობს თავის სარჩენ გზებს.
რუსეთს რომ თავი გავანებოთ, ტერიტორიითა და მოსახლეობით ჩვენი მსგავსი ხორვატიის, რომელმაც 1993 წელს დამანგრეველი ომი გადაიტანა სერბიასთან, მშპ 82 მილიარდ 407 მილიონიო დოლარია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 18 575 დოლარი. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორისაც საქართველო ერთ–ერთი ყველაზე ჩამორჩენილია ეკონომიკის განვითარების მხრივ. მაგალითად ლიტვის მშპ შედადგენს 60 მილიარდ 314 მილიონ დოლარს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 17 940 დოლარს.
რომ არ გვისაყვედურონ ხელისუფლების თავგადაკლულმა მომხრეებმა, მაგალითებად ევროკავშირში დამკვიდრებული რესპუბლიკები რატომ მოგყავსო, გადავხედოთ ჩვენი მეზობელი სომხეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელიც ტერიტოტიითა და მოსახლეობითაც საქართველოზე ბევრად პატარაა. მისი მშპ 19 მილიარდ 827 მილიონი დოლარია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე 6 000 დოლარი. სხვაობა აქაც საკმაოდ მაღალია. აზერბაიჯანთან საქართველოს შედარება კი, სრული უსუსურობის გამოხატულებაა – მშპ 94 მილიარდ 318 მილიონი დოლარი, ერთ სულ მოსახლეზე 10 340 დოლარი.
კიდევ ორიოდე ციფრს მოვიყვან, რომლებიც ქართული ეკონომიკის სისუსტეს უსვამს ხაზს. 2011 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7322 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, აქედან ექსპორტი 1739 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 5583 მლნ. აშშ დოლარი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში 3845 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტსა და იმპორტს შორის ამგვარი უარყოფითი სავაჭრო სალდო, თითქმის 25% – 75%–ზე, წარმოადგენს საქართველოში უმუშევრობისა და სიღატაკის ერთ–ერთ მთავარ მიზეზს. ეს ნიშნავს რომ სხვა ქვეყნების პროდუქციას ვასაღებთ, ანუ სხვის წარმოებას ვუწყობთ ხელს, ხოლო საკუთარი გაჩერებული გვაქვს.
ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ავკარგიანობას აშკარას ხდის საგარეო ვალების მიმართ მისი დამოკიდებულება. 2011 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალი 7 მილიარდ 55 მილიონი ლარია. 2011 წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ 500 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის 10-წლიანი ობლიგაციების ემისია განახორციელა ევროპის ბაზრებზე. ამით მთავრობამ გადაფარა 2008 წლის ევროობლიგაციები 417 მლნ აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო საგარეო ვალი 83 მლნ დოლარით გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით, 2008 წელს საქართველოს საგარეო ვალი მშპ–სთან მიმართებაში 21%–ს შეადგენდა, 2009 წელს – 31,4%–ს, 2010–ში – 38%–ს, 2011 წელს კი – 40 %–მდე გაიზარდა. 2012 წლის ბიუჯეტში შიდა და გარე ვალის მომსახურებაზე 580 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ამ მოცულობის თანხა განათლებაზე არ იხარჯება. ვალებში ყველაზე მეტის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტს 2013 წელს მოუწევს. ამ წელს საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის, ქვეყანას 1 მილიარდ ლარზე მეტი ექნება გადასახდელი. აქედან უდიდესი ნაწილი, 500 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით 800 მილიონი ლარი) სწორედ ევროობლიგაციების გამოშვების შედეგად მოზიდული დავალიანებაა. ევრობონდების საპროცენტო განაკვეთი 7.5%-ია, რაც იმდენად მაღალია, რომ მისი აღება არანაირად არ არის გამართლებული.
საპენსიო რეფორმის მედიით გავრცელებულ ვერსიაში, 2012-2013 წლებში საპენსიო პაკეტის ეტაპობრივი ზრდაა გაწერილი. საბოლოოდ 2013 წლის ბოლოდან დაპირებული 100-დოლორიანი პენსია მხოლოდ გაჭირვებულ მოსახლეობას შეხვდება. ზოგიერთი წყაროებით ცნობილი ხდება, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან პენსია ყველა იმ ადამიანს, ვისაც იმ დროისთვის საპენსიო ასაკი მოუწევს, აღარ დაენიშნება – მას მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფები მიიღებენ. დანარჩენებზე თანხა სავალდებულო დანაზოგებიდან განაწილდება, რაც შესაძლოა, დაპირებულ 100 დოლარზე ბევრად ნაკლები იყოს.
არადა, ამ არასახარბიელო ფონზე საქართველოში გამოჩნდა სისხლით და მსოფლმხედველობით ქართველი კაცი, რომელიც მზად არის ქვეყნისთვის ყველაზე საჭირო წარმატებული ბიზნესის კეთების დიდი ნიჭი, გამოცდილება და უცხოეთში ნაშოვნი თავისი მილიარდები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარებაში დააბანდოს. ჩვენ წარმოდგენილიც კი არა გვაქვს ეკონომიკურად რამხელა ნახტომის გაკეთება შეუძლია საქართველოს, თუ მას მიეცა იმ გეგმების განხორციელების საშუალება, რომლებზეც თავის წერილებში ისაუბრა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენი ფანტაზია, შესაძლოა, ასე ადვილად ვერც წვდებოდეს თუ რამდენია მილიარდი დოლარი და რა ამოცანების განხორციელებაა ამ თანხით ხელმისაწვდომი. მოკლედ, ერთ გაანგარიშებას გავაკეთებ.
ექსპერტების გათვლებით საქართველოში ერთი სტაბილური სამუშაო ადგილის შექმნას 10 000 დოლარის ინვესტირება სჭირდება. მაშასადამე, მილიარდი დოლარით 100 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა შეიძლება. ანუ, ოჯახებიანად მინიმუმი 400 ათასი კაცის სოციალური დაკმაყოფილება. 2 მილიარდით შესაბანისად 200 ათასი სამუშაო ადგილის შექნა და 800 ათასი კაცის უზრუნველყოფა. ამას გარდა, ქვეყანაში თუ შეიქმნება ხელშემწყობი ბიზნეს გარემო, ფაქტია, რომ საერთო ჯამში აღნიშნულ თანხაზე ბევრად მეტი კაპიტალდაბანდება დაიძვრება საქართველოში ჩასადებად მარტო უცხოეთში მცხოვრები მდიდარი ქართველების მხრიდან, რომლებსაც დღეს ამ ბანდიტური ხელისუფლების გამო აქეთ გამოხედვაც კი არ უნდათ. ამას დავუმატოთ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც იმ ქვეყანაში შედიან, სადაც საკუთარი კაპიტალის დაცულობის გარანტიებს ხედავენ და შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველო ეკონომიკურად „აზიური ვეფხვების“ მსგავსად რამდენიმე წელიწადში სრულიად რეალურია, რომ „კავკასიის ვეფხვად“ მოგვევლინოს და ეკონომიკის დარგში ახალი „ვეფხისტყაოსანი“ დაიწეროს.
სააკაშვილი რომ მართლა პატრიოტი იყოს და ეს ქვეყანა გულწრფელად უყვარდეს, მაშინ ამ დიდ კაცს სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლას კი არ დაუწყებდა და ამით მტრად კი არ მოევლინებოდა ქვეყანას, არამედ, ორვადიანი საპრეზიდენტო მმართველობის ისედაც დასასრულის ჟამს საკუთარი ნებით გადასცემდა ხელისუფლებას და გზას დაულოცავდა ქვეყნის რეალური აღმშენებლობის რთულ გზაზე. ამ ნაბიჯით კი თვითონაც ღირსეულ ადგილს დაიკავებდა ისტორიაში.
ჯერ–ჯერობით კი, ამ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალს ხელისუფლება ქართული მიწა–წყლის გაყიდვით ცდილობს. ხე–ტყის დიდი ნაწილი ყოველგვარი ინვენტარიზაციის გარეშე მრავალი ათეული წლით უცხოლებზეა გადაცემული, რაც ეროვნული დანაშაულის ტოლფასია, რადგან ბევრ ადგილას უკვე მოტიტვლებული ფერდობებია დატოვებული და ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს დიდი ეკოლოგიური კატასტროფა ელოდება, რომლის ნიშნები ამ ბოლო წლებში ბევრჯერ გამოვლინდა.
უკვე რამდენიმეჯერ განხორციელდა სხვადასხვა რეგიონებში სოფლის მოსახლეობის საძოვრების ხელაღებით გაყიდვა, რაც ამ მოსახლეობის საშიმშილოდ გამეტებას ნიშნავს. საბოლოო შედეგი კი იქნება ამ მოსახლეობის მიერ მამა–პაპეული საცხოვრებელი ადგილების მიტოვება, რაც, არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების ანტიქართული პოლიტიკის მიზანი იყოს. ამ ეჭვს აძლიერებს საქართველოს მიწებზე ბურების ჩამოსახლების საზოგადოებისგან ფარული ღონისძიებები. ამ პროცესს საქართველოს მთავრობა ორგანიზებულად უწყობს ხელს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის მხარეში ბურებს უკვე გადასცეს 3000 ჰექტარი ნაყოფიერი მიწები მათზე ათეულობით ოჯახის დასასახლებლად.
დაგეგმილია დიდი რაოდენობით უცხოელთა შემოყვანა და საქართველოში დამკვიდრება. კანონმდებლობით, სოფლის მეურნეობის მიწების გაყიდვა აკრძალულია საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე, მაგრამ პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება საკუთარი ნება–სურვილით ნებისმიერი რაოდენობის ნებისმიერ პირს მიანიჭოს ქვეყნის მოქალაქეობა და იგი ამ უფლებას საკმაოდ ხშირად იყენებს. ცნობილია, რომ 2004 წლიდან დღემდე მან უკვე გადასცა საქართველოს მოქალაქეობა 32 ათას კაცს. ჯერ არავის გაურკვევია თუ რამდენია აქედან ქართველი, თუმცა, კარგად ვიცით, რომ მოქალაქეობა კანონმდებლობით ავტომატურად ერთმევა საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც პარალელურად სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდება. გაჭირვების გამო, იძულებით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული ქართველები ამ კანონით მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობას კარგავენ და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მათ შორის უდიდესი ქართველი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილიც აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ათასი რჯულის გადამთიელს, რომელმაც არც ენა იცის ქართული, არც ქვეყნის ისტორია, კულტურა და ადათ–წესები, ნაცპარლამენტის მიერ დამტკიცებული მოქალაქეობის მიღების შერბილებული კანონმდებლობით საქართველოში 6 თვიანი ყოფნის შემთხვევაში, სურვილი თუ გაუჩნდა, ქართულ პასპორტს ახუტებენ გულში.
ცნობილია, რომ 1829 წელს საქართველოს მთავარმართებლის პასკევიჩის მიერ თურქეთიდან ჯავახეთში გადმოსახლებული 30 000 სომეხი 150 წლის შემდეგ 300 ათასად იქცა, ღმერთმა კარგად ამყოფოთ ამ მიწებზე, თუ იქ მოქმედ სხვადასხვა სეპარატისტულ დაჯგუფებებს არ აჰყვებიან და ოსური და აფხაზური სეპარატიზმის მსგავსად ზურგში დანას არ ჩაგვარტყამენ, თუმცა, მათმა მოძმეებმა აფახაზეთში ბაგრამიანის ბატალიონის სახით ქარველების ხოცვით რომ გამოიჩინეს თავი, ეს მაინც გულში ხინჯად გვიდევს.
ახლა წარმოვიდგინოთ, ღმერთმა დაგვიფაროს და სააკაშვილის ხელისუფლება კიდევ 20 და მეტი წლით თუ დარჩა სათავეში, ხომ უფრო აიმღვრევა ქართული ეროვნული სადინარი? ეგ კაცი მოქალაქეობის გაცემის ტემპს, სავარაუდოდ, არ შეაჩერებს, ჰოდა, კიდევ 4 ხუთწლედში, მინიმუმი, ერთი 100 ათასი უცხოელისთვის საქართველოს კარიბჭის გახსნას მოასწრებს. ამას ემატება ის, რომ გამრავლების მაღალი ტემპების მქონე ერების წარმომადგენლები მოდიან უმეტესად ჩვენს სტუმართმოყარე ქვეყანაში და ახლა ხომ არც ისე იშვიათობაა ინდოელების, ჩინელების, აფრიკელების ( სომხები და აზერბაიჯანელები ისედაც მრავლად გვყავს) ხილვა, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენივე დოყლაპიობით ისე ცოტანი გავხდებით, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში ჩვენსავე ქვეყანაში სანატრელი გაგვიხდება თანამემამულესთან შეხვედრა. მერე, ჩვენი ეროვნული სიამაყის გრძნობას, რომელიც გენეტიკურად თან გვდევს, ჩვენი შვილები რომ არ მოიშლიან, ამაში დარწმუნებული ვარ და ბედის უკუღმართობით ეროვნულ უმცირესობად ქცეულთ, ამის გამო მოგვიწყობენ ერთ კარგ ბართლომეს ღამეს და ვიცი, ბანალური ჭეშმარიტებას ვიტყვი, მაგრამ ახლა თუ არ ვთქვი, აბა როდის ვთქვა – ეს ქვეყანა, რომელსაც ათასობით წლის მანძილზე თაობიდან თაობა მტერთან დიდძალი სისხლის ღვრის ფასად ინარჩუნებდა და თავის მოდგმას გადასცემდა, 21–ე საუკუნეში მისი შვილების წინდაუხედაობით, მცონარობით, ეროვნული მაჯისცემის დასუსტებითა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიების გაუაზრებელი მონური თაყვანისცემის წყალობით ქრთველთათვის დაკარგული საარსებო სივრცე გახდება, რომელსაც ვეღარასოდეს დაიბრუნებს, რადგან მსუყე ლუკმასავით გადაყლაპავს და მოინელებს ამ მიზნით შემართული ძალიან ბევრი გადამთიელი.
წერილი მინდა დავასრულო ჩვენი უკვდავი ავტორიტეტის, საქართველოს სულიერი მამის ილია ჭავჭავაძის სიტყვებით, რომელიც საუკუნის სიღრმიდანაც კი ყველაზე მძაფრად ეხმიანება საქართველოს დღევანდელ გასაჭირს. მისი სურათი სააკაშვილს სამუშაო კაბინეტში საპატიო ადგილას აქვს დაკიდებული, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ვაი, რომ მისი დანატოვარი იდეებიც დაკიდებული აქვს, ან ყველაზე ცუდად ესმის ჩვენი დიდი წინაპრის სულიერი ტკივილებისა. ამიტომ ამ სიტყვებს ისევ მათ გამგებს შევახსენებ: „ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო– რა, – შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული–კი თან გაგვიტანს, ფეხ–ქვეშიდამ მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს, სახსენებელი ქართველისა ამოიკვეთება და ჩვენს მშვენიერ ქვეყანას, როგორც უპატრონო საყდარს, სხვანი დაეპატრონებიან“.